ქართველი აზერბაიჯანელები და გაზაფხულის ზეიმი

ფოტოგრაფი: ხატია ნიქაბაძე
19.03.23

დადგა ნოვრუზი. “ღმერთი ერთია,” ამბობს ორუჯ იუსუბოვი, ეთარის მეუღლე და დილის რიჟრაჟზე თავის შინაურ ცხოველებზე იწყებს ზრუნვას.

“ბედნიერები ვიყავით.”

“ბავშვებივით ნაჭრისგან ვაკეთებდით ლამპარს. გამოვაძვრენდით საიდანღაც ძველ ფარდაგებსა და ნაკუწებს და ბურთივით დავამრგვალებდით. ზოგი ასე შეკრულ ბურთს იჭერდა, სხვები მავთულს ახვევდნენ. მერე ნავთში ამოვავლებდით, ავანთებდით და თავს ზევით ვიტრიალებდით ყვირილით: “ნოვრუზ! ნოვრუზ! მოგვეცით ჩვენი ნოვრუზი!”

“უფროსები გამოდიოდნენ სახლებიდან და ტკბილეულობას, ფხვიერ ბისკვიტებსა და კვერცხებს გვაძლევდნენ. ჩვენ კი მაინც ვაკაკუნებდით მეზობლებისა და ნათესავების კარზე და კიდევ მეტ ტკბილეულს ვითხოვდით. იქიდან სახლებში ნამცხვრებით, კანფეტებით და კვერცხებით სავსე ჩანთებით ვბრუნდებოდით. მშობლები გვსაყვედურობდნენ ხოლმე, აქამდე სად იყავითო! ჩვენ კიდევ ერთი ჟრიამულით ვპასუხობდით, - სად და ტკბილეულობის შესაგროვებლად.”

“სადღაა დღეს ლამპრები. მხოლოდ კოცონი ინთება. ხალხი ბორბალზე ხტება და სურვილს უთქვამს, რომ მათი ტკივილი და სადარდებელი გაქრეს, ჯანმრთელობა, სიკეთე და დღეგრძელობა მოგვიტანოს ახალმა ნოვრუზ ბაირამმაო, ოცნებობენ.”

“ახლა ბავშვებს მოსწონთ პაპაღადთი. მეზობლის ან ნათესავის სახლს ქუდს ესვრიან, ის კი ამ ქუდს კანფეტებით სავსეს უბრუნებს. წინათ დიდი ბიჭები და გოგოები ფულს აგროვებდნენ, თევზსა და ხორცს ყიდულობდნენ და გამთენიამდე ქეიფობდნენ, ცეკვავდნენ და ლაღობდნენ. გოგოები კიდევ ცალკე, მკითხაობისთვის იკრიბებოდნენ.”

“ბედნიერები ვიყავით.” 

ბავშვობიდან შემორჩენილი ნოვრუზის - ახალი დღის - მოგონებები იეთერ იუსუბოვასთან ყველაზე ძვირფასია გასახსენებლად. მაშინდელივით, ახლაც, ყოველი წლის მარტში, მაშინ, როცა დღის შუქი მატულობს, ჰაერი ახლად აყვავებული მცენარეების სურნელით იჟღინთება, მისი სოფელი ირგანჩაი, სადაც დიდი აზერბაიჯანული თემი სახლობს, მოლოდინით ივსება. ნოვრუზი გაზაფხულის მოსვლის დღესასწაულია. 

21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობას, მილიონობით ადამიანი ბალკანეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე და იქიდან ცენტრალურ აზიამდე - სამიათასწლიან ტრადიციას აცოცხლებს და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. მართალია, ნოვრუზი უფრო მეტად მუსლიმებით მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში აღინიშნება, მაგრამ ის რელიგიას, კულტურებსა და ეროვნებებს სცდება. დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეტანილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელსაც იუნესკო ადგენს. 

ნოვრუზ ბაირამი ახალი დღის დღესასწაულად ითარგმნება და ის ცენტრალური მნიშვნელობისაა აზერბაიჯანელი ქართველებისთვისაც. ეს საქართველოში მცხოვრები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობის ჯგუფია, რომელიც მთელი მოსახლეობის შვიდ პროცენტს წარმოადგენს. ტრადიცია ასეთია - სადღესასწაულო აღნიშვნას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრება, იმის დასტურად, რომ ქვეყნის ძალა და ერთობა მის მრავალფეროვნებაშია. 

ოთხი კვირა, რომელიც ნოვრუზს უძღვის წინ, რიტუალებითა და ზეიმებით მიმდინარეობს. ეს დღეები ერთად ყოფნის, ოჯახური შეკრებებისთვისაა. ადამიანები ახალ ტანსაცმელს იკერავენ, ან ყიდულობენ. ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, ერთმანეთთან სტუმრად დადიან მეზობლები და ნათესავები, ბავშვები კი მოუთმენლად ელიან ტკბილეულსა და საჩუქრებს. 

იეთერისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულია, რომელსაც დრო ვერ ახუნებს. მას დღესაც ბედნიერება მოაქვს. 

ეთარი და მურაზი - მისი სამი შვილიშვილიდან ერთ-ერთი - დილის საქმეებს იწყებენ. ეთარი ქათმების გამოკვებაზე ზრუნავს, ბავშვები სკოლისთვის ემზადებიან.

მზადება პურის გამოსაცხობად ირგანჩაის ხუთი სათემო თონიდან ერთ-ერთში. ეს საზიარო თონე პატარა ოთახშია განთავსებული და სოფლის მცხოვრებლების ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციას წარმოაჩენს, რაც გაზიარებას, თემის ერთიანობას გულისხმობს. ოჯახები ქვის ღუმელებს ეზოებში აშენებენ და ყველას შეუძლია მისვლა და იქ პურის ცხობა, თუ ბოლოს, თონის მეპატრონეს სანაცვლოდ ახლად გამომცხვარ პურს არგუნებენ. ტრადიციის მიხედვით, ღუმლის გასაწმენდად ბატის ბუმბულს იყენებენ, ამავე ბუმბულით ფერთხავენ ფქვილს და ღუმლიდან გამოღებულ პურებს.

ფირფიტასავით თხელ ცომს ეთარი შორგოღალის მოსამზადებლად აბრტყელებს. ეს ფუნთუშა ნოვრუზ ბაირამის სუფრას ყველა ოჯახში უნდა ამშვენებდეს. შორგოღალს მრგვალი ფორმა აქვს და მზეს განასახიერებს. 

ეთარის რეცეპტი ასეთია:  კარაქით, ვანილით, მარილითა და კვერცხით მოზილეთ ცომი. დატოვეთ ამოსაფუებლად. დააგუნდავეთ თორმეტ ბურთად და თითოეული მათგანი გააბრტყელეთ უთხელეს დისკოებად. დაახვავეთ ასე მრგვალ ფირფიტებად დაყოფილი ცომი და მოაპკურეთ გამდნარი კარაქი. შემდეგ, დისკოები ზოლებად დაჭერით და თითოეულ მათგანზე, დაახლოებით შუაგულში, ნიგვზის, შაქრისა და მიხაკის გულსართი დადეთ. შემდეგ, ერთი ბოლოდან მეორისკენ გრაგნილივით აახვიეთ თითოეული ზოლი და ფუნთუშა ერთი მხრიდან ასე შეკარით. მოაფრქვიეთ თავზე დაფხვნილი ძირა და გამოაცხვეთ.

ბავშვებს სამანით - გაღვივებული ხორბლით გადაპენტილი ლანგრები უჭირავთ. მწვანე ჯეჯილი ხვავისა და ბარაქიანი მოსავლის სიმბოლოა. თეფშზე გაღვივებული ხორბლის მარცვლები მალე ნოვრუზის სუფრას დაამშვენებს.

მურაზი, ეთარის ნაბოლარა შვილიშვილი, დღესასწაულს სულმოუთქმელად ელოდება. ნოვრუზის დადგომამდე, წინ კიდევ ერთი ღამეა.

ეთარი სასტუმრო ოთახში ცეკვავს. ამ ფოტოზე 21 მარტი, ნოვრუზის დღე დგას. ეს დღესასწაული საბჭოთა კავშირში, ძირითადად, აკრძალული იყო, მაგრამ აზერბაიჯანული ოჯახები მაინც იცავდნენ ტრადიციას და სახლებში ზეიმობდნენ.

ოთხ სამშაბათს, რომლებიც 21 მარტს უძღვის წინ, ხალხი მომცრო კოცონს ანთებს და ზედ ხტება. გადახტომის დროს, როცა ცეცხლის ალს თავზე გადაევლებიან, სურვილს უთქვამენ, კარგ და ბედნიერ წელიწადს, დარდის გარეშე. ამ სამშაბათებს სადღესასწაულო პერიოდში ჩარშანბას ეძახიან. თითოეული მათგანი ბუნების ოთხ სხვადასხვა ძალას აღნიშნავს: წყალს, ცეცხლს, მიწასა და ქარს.

ეთარის შვილიშვილები ლაილე და მურადი გაზაფხულის მზიან დღეს საპნის ბუშტების გაბერვით ერთობიან.

ირგანჩაის სკოლა, სადაც დაახლოებით 400 მოსწავლე სწავლობს, მთელ იმ მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. შენობა 1926 წელს აშენდა და 1987 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარეს. სკოლაში სწავლება აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზეა.

ირგანჩაის სომხეთის საზღვრამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებს. ეთარს ტკბილად ახსენდება ის დრო, როცა პატარაობაში იქით მხარეს გადასვლა და თავის სოფელში გადმოსვლა თავისუფლად შეეძლო. “მახსოვს, ავტობუსები და მანქანები დადიოდნენ მარნეულში, თბილისში, ანდა დმანისში. ასევე, იმ მთების გადაღმა, სომხეთშიც. კიდევ ის მახსოვს, რომ ელექტროენერგიაც იქიდან მოგვეწოდებოდა. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთის ბავშვებს ვნათლავდით, სარძლოებს სომხეთში ვეძებდით, ერთმანეთთან სტუმრობა და მიმოსვლა გვქონდა. იქით მხარეს თივის შესაგროვებლადაც გადავსულვართ, ბევრი აზერბაიჯანელიც იქით ცხოვრობდა. ეგ დრო წასულია. ურთიერთობა გაწყვეტილია, საზღვარი ჩაკეტილია და ჩვენს საქონელსაც საზღვართან მიახლოების უფლებას არ ვაძლევთ.”


ტექსტი: მონიკა ელენა


ეს ფოტოამბავი "ქართველი აზერბაიჯანელები და გაზაფხულის ზეიმი"  შესულია Chai Khana-ს მიერ გამოცემულ პირველ ფოტო წიგნში "მთელის ნაწილაკები."

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია