ქართველები უკრაინული დროშის მიღმა

ფოტოგრაფი: მარიამ მუმლაძე

03.04.23

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქართველებს ბევრი ტრავმა განუახლა. იმდენად მტკივნეულად ნაცნობი აღმოჩნდა, ისე ახლოს მოვიდა, რომ პირდაპირ ჩვენს სახლებში შემოიჭრა, ჩვენი ოთახების აივნებიდან გადმოიფინა. ხშირად ვსეირნობდი ქუჩებში ფეხით და სადაც უკრაინის დროშა შემომხვდებოდა, გაუცნობიერებლად  ფოტოებს ვუღებდი, მეგობრებს ვუზიარებდი, მათ შორის ჩემს უახლოეს უკრაინელ მეგობარსაც, რომელთან ერთადაც საზღვარგარეთ სწავლის დროს ვცხოვრობდი. 

ცოტა ხანში ჩემს ონლაინ გალერეაში ისე მომრავლდა ფასადის ფოტოები უკრაინის დროშებით, რომ მივხვდი, მასზე ცალკე ამბავი უნდა მომეყოლა. მივხვდი, რომ მხოლოდ ექსტერიერის ფოტოები აღარ იყო საკმარისი და კიდევ უფრო მეტად მაინტერესებდა ვინ იყვნენ ადამიანები ამ ყვითელი და ლურჯი ნაჭრის მიღმა. Ზოგი შენობა ძველი იყო, ზოგიც ახალი, მაგრამ ფერების ეს კომბინაცია ყველგან უცვლელი მხვდებოდა - თავისუფლების ლურჯი და ენერგიული ყვითელი, როგორც Pantone-მა თავის ფერთა სისტემაში მოიხსენია. ამ ფასადების უკან ნამდვილი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სახლებიდან ასე ღიად და თამამად უჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს.

მეც ჩემი წილი სითამამე გამოვიჩინე: ზოგ გმირს პირდაპირ ქუჩიდან, დაუკითხავად მივადექი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ თანამოაზრე დამხვდებოდა. ზოგიერთს საერთო მეგობრების დახმარებით  მივაგენი, ზოგიც კი თემატური ფეისბუქ ჯგუფებიდან აღმოვაჩინე. 

სწორედ ამ აივნებისა და ფანჯრების შემხედვარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველებში მხარდაჭერისა და პროტესტის გამორჩეული ტალღა იბადებოდა. ეს ყველაფერი კი ფოტოამბად ავკინძე, რომლის გაზიარება მგონია, რომ ერთ ადამიანს მაინც სხვაგვარად გაუცოცხლებს ფასადებს მიღმა ისტორიას,და ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო მეტი დროშაც გამოჩნდეს ჩვენს ფანჯრებსა და აივნებზე.

ანანო ყიფიანი, ტელეოპერატორი, 30 წლის

(ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი)

ომი რომ დაიწყო, დროშა სახლში არ მქონდა, ამიტომ დიდი ფორმატის ქაღალდი ავიღე, დავხატე და აივნის მოაჯირზე მივამაგრე. კონკრეტულ სახელს ვერ მოვუძებნი იმ გრძნობას, რომელიც ომის დაწყებისთანავე დამეუფლა. ბრაზი, შიში, სასოწარკვეთა - ყველაფერი ერთად. ამას ემატებოდა სირცხვილის განცდაც. გინდა როგორმე მათ ხმა მიაწვდინო. უთხრა, გამაგრდით, თქვენთან ვართო. სახელმწიფოს შეჰყურებ, რომ შენი სახელით გამოხატოს თანადგომა, მაგრამ შენი მთავრობა დუმს და ამის გამო  ძალიან გრცხვენია. ამიტომ გავცვივდით ქუჩაში, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გვეყვირა. ისე ხმამაღლა, რომ მათი დუმილი გადაგვეფარა. ვახერხებთ ამას? ეს კითხვა დღემდე მაწუხებს.

ამ ზაფხულს უკრაინელ ბავშვებთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ერთმა კარგმა ორგანიზაციამ მათთვის საზაფხულო ბანაკები მოაწყო. იქამდე, თითქოს, ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი.  როცა ეს ბავშვები და მათი მშობლები ახლოს გავიცანი, პირადად მოვისმინე რა გამოიარეს, უფრო მტკივნეული გახდა ჩემთვის ეს ამბავი. მჯერა, რომ ჩვენი თავისუფლების ბედიც იქ, სადღაც ბახმუტთან წყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრინის გამარჯვებით და დიდი ბოროტების დამარცხებით დასრულდება. მერე კი, ალბათ, ჩენც გვეშველება.

ლალი კეკუა, პროგრამისტი, 36 წლის

(ბარათაშვილის ქუჩა)

მარტი უკვე დაწყებული იყო, ორი დროშა შევუკვეთე და როგორც კი მომიტანეს, სახლის ორივე მხარეს მაშინვე გადმოვფინე. წვიმიანი დღე იყო, მაგრამ კარგად მახსოვს, უამრავი რუსი ტურისტი დადიოდა ჩემი სახლის არკის ქვეშ. ჩემგან ეს იყო მხარდაჭერის ფორმა და ბრაზის გამოხატვა ერთდროულად, თან უმწეობის შეგრძნების გადაფარვას ვცდილობდი. სოციალურ ქსელში რომ ავტვირთე ფოტოები, ჩემმა მეგობრებმაც მალევე გააზიარეს თავიანთი დროშების ფოტოები -  ზოგმა საქართველოდან, ზოგმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მე მყავს რუსოფილი და პუტინის მოტრფიალე მეზობელი, რომელიც რამდენიმე თვე დროშის ჩამოხსნას მთხოვდა. მაგრამ დღემდე თავისი ფანჯრიდან ამ დროშის ყურება უწევს. უკრაინის დროშა სულ მახსენებს იმ ერის არსებობას, რომელიც ჩვენ ნაცვლადაც იბრძვის თავისუფლებისთვის, ჩემთვის ის ერთგვარი გმირობის სიმბოლოა. ერთი წლის თავზე თითქოს ემოციები ისეთი მძაფრი აღარ არის, თუმცა ისიც მგონია, რომ ახლა უკრაინის გამარჯვების იმედი უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ომის დასაწყისში. დროშის ჩამოხსნაზე არც მიფიქრია, ეს არის ჩემი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, პოლიტიკური განაცხადიც. მე უკრაინის მხარეს ვარ და არ ვიზიარებ ჩვენი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას. Ბოლო წელს განსაკუთრებით ბევრი რუსი მეზობელი მყავს და ეს მათთვისაც გზავნილია - აქ უკრაინის მხარდამჭერები ცხოვრობენ! უკრაინის მხარდამჭერ აქციებსაც სულ ვესწრებოდი. ჩემს მეორე სახლში რაღაც პერიოდულობით ცხოვრობდნენ ლტოლვილები უკრაინიდან. Როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. თუ თარჯიმანი, ან სადმე გაყოლა სჭირდებათ, სულ მზად ვარ.

ნიკა დანელია, გიდი, 25 წლის

(აბაშიძის ქუჩა)

უკრაინის დროშა ომის დაწყებიდან მალევე  გამოვფინე, სოლიდარობის გამოხატვა მინდოდა. ისინიც დაგვხმარებიან, როცა ჩვენ გვიჭირდა. Მახსოვს იმდროინდელი შეგრძნებები - სიამაყისა და პასუხისმგებლობის განცდა. თან ვაკეში ვცხოვრობ და რადგან ამ უბანში ბევრი რუსია, მინდოდა, ყოველ ჯერზე როცა ჩემს სახლთან გაივლიდნენ, დროშა დაენახათ და სცოდნოდათ, რომ უკრაინელებს მხარს ღიად ვუჭერთ. 

შეიძლება ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია. მეზობლებისგან არც შენიშვნა მიმიღია და არც კომპლიმენტი. დიდი კომუნიკაცია არც გვაქვს ერთმანეთთან. თუმცა, ჩემს ქუჩაზე რამდენიმე კორპუსზე შევნიშნე გადმოფენილი დროშა და ძალიან გამიხარდება, თუ მოტივაცია მე მივეცი.

ეს დროშა მუდამ მახსენებს, როგორი მამაცები არიან უკრაინელები, როგორ შეიკრნენ ერთ მუშტად და დაიცვეს თავიანთი ქვეყანა. Სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ამ დროშის ჩამოხსნას არ ვაპირებ. 

გარდა ამისა, Მოხალისეც ვიყავი და ჰუმანიტარულ დახმარებაშიც მივიღე მონაწილეობა, ასევე, ციფრულ მედიაში ვცდილობ ჩემს მეგობრებს და გამომწერებს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდო და ამ გზით ვებრძოლო რუსულ პროპაგანდას. ონლაინ სივრცეც ხომ ერთგვარი ბრძოლის ველია.

სესილია ბუთხუზი, ბარ მენეჯერი, 33 წლის

(გოგებაშვილის ქუჩა)

ზუსტად დღე არ მახსოვს, მაგრამ ომის დაწყების მერე ჩემი დროშა სამსახურში წავიღე და როცა რუსებმა ჩამოსვლა დაიწყეს, ფანჯარაზეც გავკიდე. მალევე, ჩემს ეზოში რუსებმა ორი სახლი იქირავეს. სახლიდან ყველა გამოსვლაზე მინდა, ამ დროშას ხედავდნენ ქართული ლეგიონის სტიკერთან ერთად და ახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ. დროშაზე პროტესტი არავის ჰქონია. მარტო რუსებს კი არა, ყველა მეზობელს, ჩემი ჩათვლით, სულ უნდა ახსოვდეს, რა ხდება ჩვენგან არც ისე შორს და ვინ არის მტერი. 

Ბარი, სადაც ვმუშაობ (იგულისხმება დედაენის ბარი), მუდმივად ურიცხავს ფულს უკრაინულ ფონდებს. საქველმოქმედო, კულტურული და გაცნობითი შეხვედრებისთვის სივრცეს ვუთმობთ და როგორც შეგვიძლია ვეხმარებით უკრაინელ ხალხს.

მარიამ ჩხაიძე, ხელოვანი, 28 წლის; გელა გავაშელი, ბიზნეს ადმინისტრატორი, 26 წლის

(გლდანის მერვე მიკრორაიონი)

ზუსტად მახსოვს, მეგობრებთან ერთად მულენ ელექტრიკში (კაფე) ვიყავი, ჩვეულებრივი საღამო იყო, ვლაპარაკობდით, ვიცინოდით და უცებ გამოაცხადეს, ომი დაიწყოო. Შეგვეშინდა, გავბრაზდით, შეგვრცხვა - ყველაფერი ერთად. ომი დაიწყო და ჩვენ რას ვაკეთებთ აქ?! როცა ირგვლივ ამდენი ადამიანი იღუპება, კარგად ყოფნისაც გერიდება, მაგრამ ცოტა დრო გადის და ძალაუნებურად ეჩვევი. დროშის გამოფენა სოლიდარობის გამოხატვაც არის და პოზიციის დაფიქსირებაც. ეს ამბავი ერთ ქვეყანას სცდება და სინამდვილეში, ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. Რუსეთ-უკრაინის ომი ვერავის უნდა ტოვებდეს გულგრილს. 

ამ დროშის დანახვა ყოველდღიური სევდა და გახსენებაა იმისა, რაც ჯერ კიდევ ჩვენ შორიახლოს ხდება. ერთი წლის შემდეგაც სოლიდარულები ვართ, უბრალოდ, თითქოს შევეჩვიეთ უკვე და ემოციებიც ისეთი ძლიერი აღარ არის.

რუსიკო კობახიძე, ფილოლოგი, 59 წლის

(პეტრიწის ქუჩა)

როდის გადმოვფინე უკრაინის დროშა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს ემოცია: რაღაც მაინც უნდა გამეკეთებინა, რომ ასე უმწეოდ არ მეგრძნო თავი. მთელი დღეები  უკრაინის ჰიმნი, „ჩერვონა კალინა“ მქონდა ხმამაღლა ჩართული. ალბათ, ჩემს პუტინისტ მეზობლებს ნერვები ეშლებოდათ, მაგრამ ვერაფერი გამიბედეს.

მგონია, რომ თითოეული ადამიანის მხარდაჭერა აძლევდა ძალას უკრაინას. ჩვენი უძილო ღამეები, ჩვენი გადმოფენილი დროშები, სამკლაურები, გულსაბნევები, რომლებსაც იქ, ბომბების წვიმაში მყოფი ადამაინები ვერ ხედავდნენ, მაგრამ გრძნობდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს ენერგია მათთან მიდიოდა. ეს დროშა ჩემთვის თავისუფლების, თავგანწირვისა, გაუტეხლობისა და სიყვარულის სიმბოლოა. 

ერთი წელი გავიდა, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ომის დაწყების დღიდან ამ ამბით იყვნენ მოცულები, არაფერი შეცვლილა. ყველა ელოდება გამარჯვებას. ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარს უკრაინა და ჩემთვის მათი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. დროშის გარეთ გამოტანა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ, ერთი ადამიანის სოლიდარობა; ეს ერთიანობის შეგრძნებაც არის იმ ხალხთან, რომელიც თავგადაკლული ებრძვის რუსულ იმპერიას. 

უკრაინელი ლტოლვილებისთვის მოწყობილ ბანაკში ორჯერ ვიყავი. ბავშვებს საჩუქრები ჩავუტანე და საღამომდე დავრჩი. ველაპარაკებოდი, ვამხნევებდი, მადლობებს ვუხდიდი. მათი მშობლებიც გავიცანი. ერთმა ბავშვმა თავისი ნახატიც მაჩუქა, რომელიც მაშინვე ჩემს კედელზე დავკიდე. უკრაინის პრეზიდენტის მიმართვებსაც ყოველდღე ვუსმენ.

სალომე ნიკოლეიშვილი, ციფრული მარკეტერი, 33 წლის

(ზემო ვეძისის დასახლება)

2022 წლის მარტში ან აპრილში აივნიდან გადმოვკიდე დროშა, რომელიც მანამდე აქციებზე, პარლამენტის წინ დაგვქონდა ყოველდღე. Შიში და ბრაზი არ მქონია, მხოლოდ სიამაყეს ვგრძნობდი. აღფრთოვანებული ვიყავი უკრაინელი ხალხით. ერთი მხრივ, მხარდაჭერას გამოვხატავდი, მეორე მხრივ, აქ ჩამოსული რუსებისთვის მინდოდა მკაფიო გზავნილი ყოფილიყო, რომ საქართველო უკრაინას უჭერს მხარს. დროშის ჩამოხსნაზე სიტყვაც არავის დასცდენია. ერთმა მეზობელმა მახსოვს, მომიწონა კიდეც ეს ჟესტი.

ეს დროშა ყოველდღე მახსენებს, რომ თუ გარეთ ცუდი ამინდია, თუ რამე ძალიან მაწუხებს, თუ უხასიათოდ ვარ, არსებობს ქვეყანა, რომელშიც ადამიანებს, ყოველდღიური პრობლემების მიღმა, რაკეტები აწვიმთ და სასტიკ ომში არიან. Მაინც უძლებენ, დგანან და იბრძვიან. ქალაქში გამოფენილ დროშებს ისევ ვხედავ; ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ისევ ყოველდღიურად ადევნებენ ამ ომს თვალს, ფრონტიდან ამბებსაც გვაწვდიან. თუმცა,  ისიც შესამჩნევია, რომ ნელ-ნელა მაინც ვცდილობთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს დავუბრუნდეთ. 

სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, იქამდე ჩემს აივანზე ეს დროშა იფრიალებს. და როცა გაიმარჯვებს, მერე ხომ მით უმეტეს. ეს ჟესტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განაცხადია.  არავითარი “მშვიდობას ვუსურვებ ორ მოძმე ერს” და მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადება, არამედ პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - სლავა უკრაინე!

2022 წლის აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში, ერთ კვირაში, ჩემს FB-ზე, 50 000 ლარი შევაგროვე და ომს გამოქცეულ უკრაინელებს დავეხმარე. ამ ფაქტით ჩუმად გულში ძალიან ვამაყობ ხოლმე. ომის დაწყებიდან ოთხ დღეში ვრცელი ინტერვიუც ჩავწერე სამხედრო ჟურნალისტთან. საყოველთაო პანიკის ფონზე, მინდოდა საინფორმაციო ომში დავხმარებოდი უკრაინას. თბილისში ჩამოსულ უკრაინელ აქტივისტებს საჭირო ადამიანებთან დაკავშირებაში ვეხმარებოდი. სხვა ჯერ არაფერი გამიკეთებია, თუმცა, იმედი მაქვს, რამე კარგს კიდევ მოვაბამ თავს.

ჩემი და ჩემი მეზობლის აივნის სახურავები ერთად უკრაინის დროშას ქმნის და ეს ორივეს ძალიან გვახარებს.

გიორგი ადეიშვილი, არტისტი, 24 წლის

(მიცკევიჩის ქუჩა)

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ომის დაწყებიდან, დაახლოებით, 1-2 კვირაში გამოვფინე დროშა. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური მხარდაჭერის გამოხატულებაა, შეიძლება მცირედია, მაგრამ სოლიდარობას აჩვენებს და სულ არაფერს, ხომ სჯობს?  დროშის გარეშეც კარგად მახსოვს, რას წარმოადგენს რუსეთი და რა გზას გადის ახლა უკრაინა, მაგრამ სიმბოლოები მაინც სხვანაირი სიცხადით გვახსენებს ხოლმე ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. 

თეო თავდიშვილი, მკვლევარი, 32 წლის

(ერისთავის ქუჩა) 

ომი რომ დაიწყო, პირველი გრძნობა, რაც დამეუფლა, ბრაზი იყო. უფრო მოგვიანებით, პროტესტისა და უსუსურობის შეგრძნება, რომ ვერაფერს ვცვლიდი. იმდღესვე აქციაზე წავედი, ბევრი ჩემნაირად გაბრაზებული ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე. სახლში რომ მოვედი, სამეზობლოს ჯგუფში ინიციატივა დამხვდა - დროშები გამოვფინოთ, სოლიდარობა გამოვხატოთო. სამწუხაროდ, სულ ესაა, რასაც ამ გმირი ხალხის მხარდასაჭერად ვახერხებთ: უკრაინული სიმბოლიკა აივანზე, ავტომობილში; საპროტესტო აქციები; ჰუმანიტარული დახმარება…

ომის დაწყებიდან მალევე ჩემს უბანში რუსები გამოჩდნენ, რუსულნომრებიანი ავტომობილებით. ვხედავ, რომ არ სიამოვნებთ უკრაინული დროშების დანახვა. თვითონ ხომ ჰგონიათ, რომ ჩვენ ყველა ფეხქვეშ უნდა გავეგოთ. 

დილით რომ გაიღვიძებს და ფანჯრიდან გამოიხედავს, პირველი რასაც დაინახავს, უკრაინული დროშებია. მერე გაახსენდება თავისი ქვეყნის “გმირობა” და გაბრაზდება, მისი დილა უსიამოვნოდ დაიწყება. დროშას, ცხადია, არ ჩამოვხსნი და აქ იქნება ომის დასრულებამდე. იქამდე, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს. უკრაინა კი აუცილებლად გაიმარჯვებს!

ლაშა ქამადაძე, გაყიდვების მენეჯერი, 32 წლის

(ნუცუბიძის ქუჩა)

რუსეთის უკრაინიში შეჭრიდან და ომის დაწყებიდან მალევე გამოჩნდა აივნებზე გადაფენილი დროშები თბილისში. მეც მომინდა, მაგრამ ჩემ გარშემო უკვე ამოწურული იყო მარაგი, ამიტომ აქ ვერ ვიყიდე და თურქეთიდან გამოვიწერე. ამანათი 6 მარტს ჩამოვიდა. Სახლში ასვლაც ვერ მოვითმინე, მანქანაშივე გავხსენი. უფრო დიდი ზომის იყო, ვიდრე ველოდი. დიდი ოთახის აივანი გადაწყდა გამოსაფენად, ყველა დაინახავდა, შიგნითაც და გარეთაც. მერე საცხოვრებელი შევიცვალეთ და ახალი სახლის აივანსაც ამშვენებს უკრაინული დროშა. Რა ამინდიც არ უნდა იყოს, დილით, პირველ რიგში, მაგას ვამოწმებ და ვასწორებ. ქარი თუა, მით უმეტეს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ მომზადებას. 

პირველ ემოციებს რომ ვიხსენებ, შემართება მქონდა, რუსეთზე გამარჯვების წყურვილი, მაგრამ უკრაინის დამარცხებისაც მეშინოდა. Მაშინ ხომ ჩვენც დავმარცხდებოდით.  გაბრაზებული ვიყავი. Მგონია, რომ დღეს, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების ქცევა ცოტათი მაინც თუ განსხვავდება ომამდე დასასვენებლად ჩამოსული რუსი ტურისტის ქცევისგან, სწორედ ამ სოლიდარობის დამსახურებაა. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა საჯაროდ გამოხატა.

ვფიქრობ, რომ ჩემმა საქციელმა სხვებიც წაახალისა. ჩემს საცხოვრებელ კორპუსში, მეზობლების აივნებზეც გამოჩნდა დროშები. Შეიძლება უბრალო დამთხვევაც იყო, არ ვიცი. 

Რადგან დროშა გარეთ არის, ხშირად ისვრება, სველდება, თოვლი ედება, მაგრამ მაინც თავის ადგილზეა და მტრის გულს ეკლად ესობა. არც კი განვიხილავ მის ჩამოხსნას. გული მწყდება, რომ უფრო დიდი აივანი არ მაქვს და უკრაინის დროშის გვერდით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს ვერ ვკიდებ. სანამ ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება არ გაფორმდება ამ ომში, მანამდე არც ჩამოვხსნი. 

ომში მყოფი ქვეყნის დროშის გამოფენა პოლიტიკური აქტია.

სალომე სამუშია, 28 წლის, დიპლომატი, აქტივისტი

(თამარაშვილის ქუჩა)

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აივანზე უკვე მქონდა უკრაინის დროშა გაფენილი. ჩემს საცხოვრებელ კორპუსში პირველები ჩვენ ვიყავით, მაგრამ მალევე შემომიერთდნენ მეზობლებიც. ძალიან კარგ ემოციას იწვევს უკრაინის დროშებით მორთული მთელი კორპუსი. 

პირველ რიგში, ეს დროშა მე მაძლიერებს. აივანზე გავდივარ, ვუყურებ და ვფიქრობ, რამ უნდა შემაშინოს?! Ჩემი პოზიცია ჩემი ქვეყნის პოზიციის გამომხატველიც არის. ომის დაწყებიდან დღემდე 35 ადამიანი შევიფარე სახლში. Მათგან ზოგს სამსახურის პოვნაშიც დავეხმარე და სულ მზად ვარ ამ ხალხს გვერდში დავუდგე.

Მაია ალასანია, 50 წლის, მხატვარი

(ჭავჭავაძის გამზირი)

როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ყველას, ვისაც 2008 წლის ომი ახსოვს, ჩვენ, უფროს თაობას კი სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომიც, გაგვიახლდა ტკივილი, შიში, გაბრაზება.  ამას განიცდის ადამიანი, როცა თავისი პატარა ქვეყანა უზარმაზარ მონსტრს ებრძვის თავისუფლებისთვის. ამ დროს ახლობლებს კარგავ და მომავალიც ძალიან ბუნდოვანია. 

მხარდაჭერაში პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული, ჰუმანიტარულ ტვირთს მეც შევმატე ჩემი პატარა წვლილი, Როგორც შემეძლო ფინანსურადაც ვეხმარებოდი მათ.

ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო უკრაინის დროშების გაყიდვა და მეც მაშინვე შევიძინე. ეს იყო ჩემი პროტესტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და რწმენის ნიშანი რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

Მაგდა მამუკაშვილი, იურისტი, 31 წლის

(პოლიტკოვსკაიას ქუჩა)

ომის დაწყებისთანავე, მე და ჩემმა მეგობარმა ნინო ბაისონაშვილმა, სხვა გულანთებულ გოგოებთან ერთად, დავიწყეთ კამპანია “გამოფინე უკრაინის დროშა.” მის ფარგლებში ცნობილ ადამიანებსაც ვთხოვეთ ვიდეომიმართვები ჩაეწერათ. ეს იქნებოდა სოლიდარობის ჟესტი. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და განცდები. ამით რუსებსაც ვაჩვენებთ, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს.

ომი რომ დაიწყო, უკრაინის დროშას უკვე ვეღარ იშოვიდი. ვერც მე მოვასწარი ყიდვა, ამიტომ სამკერვალოს დავამზადებინეთ და ჩემს უბანში თვითღირებულების ფასად გავყიდეთ. მოგვიანებით, ვინც სურვილი გამოთქვა, ყველას მივაწოდეთ. Მარტის დასაწყისიდან უკრაინის დროშა ჩემს აივანზეც არის გამოფენილი.

ეს იყო სულ მცირედი, რაც შეგვეძლო ამ გმირი ხალხის მხარდასაჭერად გამოგვეხატა. Მეზობლები მადლობას მიხდიდნენ  და ვგრძნობდი, რომ რაღაც საამაყოს ვაკეთებდი, პატრიოტულს, მეგობრულს, ადამიანურს.

მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდექით. არასდროს მიფიქრია, დროშა ჩამომეხსნა, ეს ფერები - ყვითელი და ლურჯი-  თითქოს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩემი პატარა გოგო ხშირად ხატავს უკრაინის დროშას საქართველოს დროშის გვერდით და ამ დროს ძალიან ამაყი ვარ ხოლმე. ყოველთვის, როცა ამ ორ ფერს დაამთხვევს, მეუბნება, დედა ნახე, უკრაინის დროშის ფერებიაო. გავა დრო და მშობლები მოვუყვებით შვილებს ამ ომზე, დროშის გამოფენის მნიშვნელობაზე, სოლიდარობაზე  და დიდ მეგობრობაზე, რაც უკრაინასა და საქართველოს აკავშირებს.

Მადონა გობრონიძე, 28 წლის, იურისტი; გიორგი დანელია, 32 წლის, ეკონომისტი

(შუამთის ქუჩა) 

როცა ომის დაწყების შესახებ გავიგე, უცბად მოზღვავებული ბრაზი ვიგრძენი, ერთდროულად უსამართლობისა და უსუსურობის შეგრძნებასთან ერთად.

ძალიან ცოტა რამ შემეძლო თანადგომის გამოსახატად, მაგალითად, უკრაინის დროშის გამოფენა; უკრაინის დროშის ფერებში კერამიკის გულსაბნევების ტარება, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის ვიყიდე და დღემდე ორივეს ტანსაცმელს ამშვენებს. მალევე, ტილოზე ყვითელ და ლურჯ ფერებში მტრედი დავხატე და ჯონ ფილფოტ კურანის სიტყვები მივაწერე “the price of freedom is eternal vigilance “- "თავისუფლების ფასი მარადიული სიფხიზლეა."

ეს დროშა ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა. Მას რომ ვუყურებ, მჯერა, ამ ერის თავისუფლებისა და გამარჯვების.

სანდრო სიამაშვილი, არქიტექტორი, 24 წლის; ალექსანდრე ყიფიანი ფოტოგრაფი, 23 წლის

(ყაზბეგის გამზირი)

დროშა მეგობარმა გვაჩუქა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. დეფიციტში იყო და ჩვენ ვეღარსად ვიშოვეთ. პირველი რამდენიმე კვირა მუდმივ რეჟიმში ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს და იმ შემზარავ სტატისტიკას, რომლის მიღმაც ამდენი ტრაგედია იყო. გაბრაზებულები ვიყავით. Მათ შორის ჩვენი მთავრობის მიმართაც. როგორ შეგვიძლია რუსეთთან ურთიერთობა ისე განვაგრძოთ, თითქოს არაფერი მომხდარა? ჩვენ უფრო ფართოდ გავუხსენით საზღვრები მათ. ამის გამო, ჩემს რამდენიმე მეგობარს ბინის დაცლა მოუწია, ფასები კატასტროფულად გაიზარდა. Ჩვენ ყოველდღიურად გვიძვირდება ცხოვრება. აივანზე გადმოფენილი დროშა ომის მუდმივი შეხსენება და იმ სისასტიკის არდავიწყება, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის.

მარინა ქებაძე, კავშირგაბმულობის სპეციალისტი, 68 წლის

(ზურაბ ჟვანიას მოედანი, თბილისი)

აივანზე უკრაინის დროშა ამ მებრძოლი ხალხის საპატივცემულოდ მაქვს გადმოკიდებული. Მის გვერდით საქართველოს დროშაა. ჯერ საკუთარ დროშას ვცემთ პატივს მე და ჩემი ოჯახი. Ძალიან მეამაყება უკრაინელი ხალხი, როგორი მებრძოლები და შეუპოვრები არიან. Მიწა-წყლის დასაცავად არაფერს და არავის უშინდებიან.

68 წლის ქალი ვარ. რა აღარ გამომივლია და გამომიცდია ცხოვრებაში. ხრუშჩოვის დრო, როცა შავი პურის რიგში ვიდექი; 90-იანები, როცა ნავთის რიგში ვიდექი და სახლში შეშის ღუმლით ვთბებოდით. მესამე შვილი 1990 წელს გავაჩინე. ამ დროს ჩემი უფროსი ბიჭი უკვე 12 წლის იყო. აღარ ვაპირებდი შვილის გაჩენას, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ერთი ქართველი კიდევ გამეჩინა ქვეყნისთვის. ასე დაიბადა თამუნა, რომელსაც ეს სახელი  9 აპრილს დაღუპული თამუნა ჭოველიძის საპატივცემულოდ დავარქვი.

თენგო გოგოტიშვილი, ეკონომისტი, 44 წლის

(ჭონქაძის ქუჩა) 

დროშა ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გამოვფინე აივანზე. ეს იყო ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინელი ხალხის მიმართ. თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე ვცხოვრობ და აქ ბევრი ტურისტი დადის. გამიხარდება, თუ ქუჩაზე ჩამვლელელბი თვალს მოჰკრავენ, გაეღიმებათ და ჩემი სახით თანამოაზრეს დაიგულებენ აქ. ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ევროპულ ოჯახს. 


ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია