ქუჩაში ძალადობიდან Stand-Up სცენამდე | ნატა ტალიკიშვილის ამბავი

ჟურნალისტი: გიორგი ბასხაჯაური, , ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
25.07.23
თემა: LGBTQI+

Ნატა ტალიკიშვილი წლებია ქართული ქვიარ აქტივიზმის ერთ-ერთი ლიდერია. დღეს იუმორით და ამბების გაზიარებით ცდილობს ქვიარ ადამიანების სატკივარი დიდ აუდიტორიამდე მიიტანოს. კლარა ბარის კამერულ გარემოში ნატა აუდიტორიას საქართველოში მცხოვრები ლგბტქ(ი) თემის რთულ და სახიფათო ყოველდღიურობაში მიუძღვება. 

თავიდან საშინლად ვნერვიულობდი, არ მეგონა თუ გამომივიდოდა, მაგრამ აუდიტორიამ კარგად მიმიღო, რამაც მთელი პროცესი გაამარტივა.“

ნატასთვის, ტრანსგენდერი ქალისთვის, რომელიც შეფ-მზარეულიც იყო და აქტივისტიც, „სთენდაფერობა“ ახალი პროფესიაა. თბილისში პოპულარული კლუბის „ბასიანი“ მფლობელს, ნაჯა ორაშვილს და ქვიარ აქტივისტს, გიორგი კიკონიშვილს,  შოუს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კლუბში მყოფ ადამიანებთან ნატას კომუნიკაციას დააკვირდნენ. 2022 წელს კლარა ბარი  სწორედ ნატას შოუმ, სახელწოდებით - „ნატა დამიძახე“ გახსნა.

„ხალხის რეაქცია, ჩემკენ მომართული ყურადღება, აპლოდისმენტებისა და სიცილის ხმა სრულიად ახალი მოვლენის დასაწყისზე მიგვანიშნებდა. კლარა ბარის კონცეფციაც ეს არის - იყოს სივრცე, რომელიც სოციალიზაციაზეა ფოკუსირებული და არა გართობაზე, მუსიკაზე,“ იხსენებს ნატა. 

საქართველოში, სადაც ჰომოფობია ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და ლგბტქ(ი) თემი დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულისგან დაცული ისევ არ არის, შოუმ ნატას აქტივიზმის განსხვავებული გზა დაანახა. ახალი შესაძლებლობა მისცა ქართველი ქვიარ თემისთვის უკეთესი ცხოვრების მოთხოვნის მუხტის გასაჩენად. 

ნატა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა სოფელში, ნორიოში,  ბებოს და პაპას მხარდამჭერ გარემოში იზრდებოდა. მათი გარდაცვალების შემდეგ, როცა 15 წლის იყო, ნათესავმა სახლი გაუყიდა და უსახლკაროდ დატოვა.

ჩემი გენდერული იდენტობა იმდენად პატარა ასაკში გავაცნობიერე,  რომ გაზიარების თანმდევი შიშიც კი არ მქონია. ბებო და პაპა თავიდანვე მგულშემატკივრობდნენ და ცდილობდნენ  ჩემს მხარდაჭერას.  მათი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიღებაში დამეხმარა. მათი სიკვდილის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანები, ვისაც მეგონა, ვუყვარდი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ. როცა იქ დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის სახლიდან ნივთები მიტაცებული დამხვდა.

2006 წელს ნატამ თბილისში გადასვლა გადაწყვიტა. ეს ის დროა, როცა ქვიარ თემს საქართველოში ყოველდღიურად ავიწროებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. პოლიციაც კი ძალადობრივად ექცეოდათ და ამის გამო, არც არავინ ისჯებოდა. თბილისში ცხოვრების პირველი დღეები ნატამ ქუჩაში გაატარა, სანამ ორ უფროს ტრანსგენდერ ქალთან ერთად არ დაიწყო ცხოვრება. ყველაფერი რთულად მიდიოდა, ნატას თავი სექს სამუშაოთი გაჰქონდა და იმასაც მიხვდა, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ გადაარჩენდა. 

„თბილისში ჩამოსვლისთანავე  მივხვდი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე იყო, არავის ნდობა არ შემეძლო. ფეხზე წამოდგომა თვითგადარჩენის ინსტინქტმა შემაძლებინა, სექს-სამუშაოში ჩავერთე და დამოუკიდებლად ვირჩენდი თავს. თემის შიგნითაც ხშირად ვუპირისპირდებოდით ერთმანეთს. ყველას ლიდერობა, უპირატესობის დამტკიცება უნდოდა. სისგენდერი ქალები, რომლებიც ცირკთან მუშაობდნენ, მტრებად აღგვიქვამდნენ და მათთან გამკლავებაც გვიწევდა.”

ნატა იხსენებს იმ დროს, როცა სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერ ქალებს, ყველა მხრიდან ექსპლუატაციას უწევდნენ: პოლიცია, პოლიტიკური ჯგუფები და კაცები, რომლებსაც სისგენდერი ქალები მათზე თავდასხმისთვის გზავნიდნენ. 

„აგრესიისგან განსაკუთრებით დაუცველები თემის ის წევრები იყვნენ, ვისაც ოჯახში ‘ქამინგაუთი’ არ ჰქონდათ გაკეთებული. ანუ, ოჯახში მათი იდენტობის შესახებ არ იცოდნენ და იძულებულები იყვნენ, ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრათ. მათი დაშანტაჟება, მანიპულირება და იძულებით სექსში ჩართვა კრიმინალური ჯგუფებისთვის იოლი იყო.” იხსენებს ნატა. 

ყველა და ყველაფერი დავკარგე და აღარაფერი მქონდა დასაკარგი, ვერაფრით შემაშინებდნენ. ქამინგაუთი გაკეთებული მქონდა, თანაც არასრულწლოვანი ვიყავი და პოლიციის დაცვის ბერკეტს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვისაც ბევრად უფრო ეფექტიანად ვიყენებდი. ჩემ გვერდით იყვნენ ტრანსგენდერ ქალები, რომლებსაც მუდმივად სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ და გეები, ვისაც დამცირების ატანა უწევდათ. საკუთარი თავის თუ სხვების დასაცავად მუდმივად ბრძოლა მიწევდა, ამიტომ ის წლები კარგად აღარც მახსოვს. ჩემი მოგონებები გაფერმკრთალდა.”

ქუჩაში ცხოვრების დროს მიღებული ჭრილობები ნატას სხეულს დღემდე ატყვია. ამ დღეებმა ასწავლა, რა მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა. პოლიციასთან ურთიერთობისას კი, თურმე აუცილებელია პირდაპირი იყო. მხოლოდ ასე მოგაქცევენ ყურადღებას და მოქმედებასაც აიძულებ. 

შერჩევითი მიდგომა ცალკე პრობლემაა — ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, ქუჩაში გავიდეთ და პოლიციაში თავდასხმის შესახებ ცალ-ცალკე დავრეკოთ, შენ უთხრა, რომ ჟურნალისტი ხარ, მე კი — ტრანსგენდერი ქალი, დავინახავთ, რომელ შემთხვევაზე ექნებათ სწრაფი რეაგირება.”

2019 წელს თბილისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ცხადყოფს, რომ18 რესპონდენტიდან 11-ს, ვისაც პოლიციასთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონია, პოლიცია უკლებლივ ყველას დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად მოექცა.

2021 წელს ორგანიზაციის „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2016 წელთან შედარებით, ლგბტქ(ი) ადამიანებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურად იცვლება. მაგალითად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თემის წევრების სამართლებრივ თანასწორობაზე საუბარს „პროპაგანდას“ და „საკუთარი ცხოვრების სხვებისთვის თავს მოხვევას“ უწოდებდა, ხუთ წელიწადში 66.5 %-დან 55.9%-მდეა შემცირებული. დადებითი დინამიკის მიუხედავად, საფრთხე კვლავ რეალურია.

Მაისისა და ივლისის თვეებში ქვიარების მიმართ გამოვლენილი ჰომოფობია პიკს აღწევს, განსაკუთრებით კი პრაიდის კვირეულში, რომელიც ივლისის პირველ კვირას აღინიშნება. Წელს ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა მათი შეკრება ჩაშალეს. 2021 წელს ძალადობრივი ჯგუფები პრაიდის კვირეულის გაშუქების დროს ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუსჯიათ, მხოლოდ რამდენიმე თავდამსხმელს წაუყენეს ბრალი. გარდა ამისა, პრო-რუსული ჯგუფის ,,ალტ-ინფოს” წევრები განაგრძობენ ძალადობრივ მოწოდებებს და ღიად ემუქრებიან მათ, ვინც “გარყვნილების პროპაგანდას” ეწევა. Ბოლო თვეებში კერძო ბიზნესიც თავდასხმის ობიექტები გახდა ,,პროპაგანგის” გავრცელებისთვის. 

ამ ბრძოლაში განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანები ცდილობდნენ უსაფრთხო სივრცის პოვნას. Მათთვის სამსახურის პოვნაც გაცილებით რთულია. არ აქვთ ფული ჰორმონოთერაპიისთვის, თმის მოცილებისთვის, პლასტიკური ქირურგიისთვის. ეს მათთვის ფუფუნებაა, თუმცა ზოგიერთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიზუალურად საკუთარ გენდერთან გაუცხოება არ ჰქონდეთ. ამ პროცედურების საშუალო ფასი 12 000$-დან 20 000$-მდე მერყეობს.

თბილისში გაზრდილმა ბევრმა ტრანსმა ქალმა, ვისთანაც ნატა მეგობრობდა, ან ქვეყანა დატოვა, ან მოკლეს. მათთვის მხარდაჭერის არცერთმა სერვისმა არ იმუშავა. Მაგალითად, ნატას მეგობარი  საბი ბერიანი, 23 წლის ტრანსგენდერი ქალი 2014 წლის 11 ნოემბერს მოკლეს თბილისში. კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, 2016 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა ამავე წლის 14 ოქტომბერს მიყენებული დაზიანებების შედეგად. 

,,გლოვის დროც არ გვქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. Სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ გადარჩები. Როცა საბი მოკლეს, თურქეთში ვიყავი, ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ კიდევ უფრო რთული იყო, როცა ზიზი მოკლეს. ექსპერტიზის ბიუროში ვიყავი, მე ჩავასვენე. იქიდან გამოსულმა, ყველა ემოცია დავბლოკე. Ჩანთაში მაშინვე წიწაკის სპრეის ძებნა დავიწყე. Ბოლო 15 წელია წიწაკის სპრეით დავდივარ ყველგან, როგორი მშვიდობიანი ადგილიც არ უნდა იყოს.”

2016 წელს ნატამ გადაწყვიტა ქვიარ თემის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეთანამშრომლა და იმ ადამიანებს დახმარებოდა, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. Ნატა ამბობს, რომ თავისი პირადი გამოცდილება ძალიან დაეხმარა უკეთ გაეგო მათთვის. 

,,Მე ვიცი, როგორია ქუჩაში ცხოვრება, როცა შენ გვერდით არავინ არის და ვერც ოჯახს დაეყრდნობი. ყოფილა შემთხვევა, როცა ძალიან იმედგაცრუებულიც დავრჩენილვარ, მაგრამ თვალის დახუჭვა ვარჩიე მაინც, რადგან კარგად მესმის ამ ადამიანების.”

Ნატამ მუშაობა ორგანიზაცია “იდენტობაში’ დაიწყო, მაგრამ მისი მისვლიდან მალევე,  ორგანიზაცია დაიშალა. Შემდეგ მან მუშაობა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში კოორდინატორად დაიწყო. Წლების განმავლობაში გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ქალები, რომლებსაც ეხმარებოდა, ვერ ვითარდებოდნენ, რადგან გამუდმებით გადარჩენისთვის უწევდათ ბრძოლა. Მთელ ენერგიას და რესურსს ამაზე ხარჯავდნენ. 

,,Როგორ უნდა იფიქრო საკუთარი თავის განვითარებაზე, როცა სულ საარსებო მინიმუმის გამომუშავებაზე ფიქრობ?! კითხულობს ნატა. “გაცილებით რთულია მოერგო სხვადასხვა სამუშაო განრიგს, როცა სექს-მუშაკი ხარ, თან პარალელურად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და მოტივაციის ნაკლებობას უნდა გაუმკლავდე. გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც გაჩერების და დანებების საშუალებას არ მოგცემს. ზოგიერთი ტრანსი ქალი, რომელიც სხვა სამსახურშია, ისეთ დაბალ ხელფასს იღებს, რომ იძულებულია ისევ სექს-სამუშაოს დაუბრუნდეს.” 

Ნატას, როგორც ქვიარ აქტივისტს, პირად გამოწვევებთან ერთად, სხვებზე ფიქრი და ზრუნვაც უწევს. ხშირად ეს მას სხვა აღარაფრისთვის უტოვებს სივრცეს.

,,ინგლისურის სწავლა დავიწყე, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ ამის რესურსი არ მქონდა, ამიტომ შევწყვიტე. Სხვებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა შეუძლებელს ხდის შენს პირად ცხოვრებას და თვითგანვითარებას. ყოველთვის დგება ის დრო/მომენტი, როცა შენთან ურთიერთობა აღარავის უნდა. ეს ჩიხს ჰგავს.”

Ნატა ამბობს, რომ რომანტიკულ ურთიერთობებზე მეტად, მათთვის გაცილებით რთულია ადამიანებთან მეგობრობა, ნდობის მოპოვება და ხშირად ეს ურთიერთობები გულწრფელობისგან სრულიად დაცლილია.

,,Შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენ ოჯახის წევრებთან არ გვაქვს ურთიერთობა, სითბო სულ გვაკლია. ამიტომაც ადვილად ვპატიობთ მათ, ვისგანაც ცოტა ყურადღებას მაინც ვგრძნობთ. ასეთი ურთიერთობები გულწრფელი არ არის, პარტნიორი სულ ცდილობს შენს გამოყენებას. მაგალითად, ჩემთვის სექსი ნაკლებად მნიშვნელოვანია. Მე ვეძებ მოკავშირეს, რომელსაც ჩემს ემოციებს გავუზიარებ, პასუხისმგებლობებსაც ერთად გავიზიარებთ და ყოველთვის მე არ ვიქნები მხარდამჭერისა და მზრუნველის როლში. თუმცა, ასეთი ჯერ ვერ მიპოვია.”

Ნატა ახერხებს, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს, სხვადასხვა სამსახურში და პროექტზე ერთდროულად მუშაობს. ასეთი რეჟიმი რთულია და პირადი ცხოვრებისთვის დროს აღარ უტოვებს.

“თავის გადასარჩენად Ბევრს ვმუშაობ, ანაზღაურება კი, ძირითადად, დაბალია. ეს არასამართლიანია. თუმცა, ბევრს ამდენიც შეიძლება არ ჰქონდეს. დროებითი საცხოვრებელი, რომელიც ქვიარებისთვის არის, ისიც კი არ ითვალისწინებს ტრანსი ქალების საჭიროებებს. Რა უნდა გააკეთონ მათ, თუ ღამე ვერ იმუშავეს? არ არსებობს სპეციალური სერვისები, რომლებიც ტრანს ქალებს ისე გააძლიერებდა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლებოდათ.”

ლგბტქ(ი) ორგანიზაციებს შორის დაპირისპირება და განხეთქილება თემს ასუსტებს. Როდესაც ღონისძიებებია დაგეგმილი, ერთმანეთის იდეებს, მოსაზრებებს, საჭიროებებს უნდა ვისმენდეთ. თემის წევრებმა პროცესებისგან გარიყულად არ უნდა იგრძნონ თავი. Საფრთხეებსაც ადეკვატურად უნდა ვაფასებდეთ, რომ არავის სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დავაყენოთ.

მრავალწლიანი აქტივიზმის შემდეგ, ნატამ გადაწყვიტა განსხვავებული გზა მოეძებნა ქვიარ ადამიანების უფლებების დასაცავად. აქტივიზმში ისე აქტიურად აღარ არის ჩართული. 

,,Პროგრესი ნელია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ შევძლებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ ტრანსს აღარ შეეშინდება, რომ ქვას ესვრიან. Ჩემი ოცნებაა საკუთარი სახლი მქონდეს, თუნდაც სადმე სოფელში, სადაც ნაკლები ხალხია,”ამბობს ნატა.

Მაგრამ მანამდე, ნატა სცენას და ამბების გაზიარების ძალას იყენებს ქვიარ თემსა და საზოგადოებას შორის ხიდის გასადებად.

,,გაუთავებელი ტირილი არ შემიძლია, სიცილს რა სჯობია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩემი ამბების საჯაროდ მოყოლის შემდეგ, აღმოაჩენდა, რომ თურმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. Ზოგიერთს ძალიან რცხვენოდა საკუთარი გამოცდილების გაზიარების, მაგრამ ჩემმა მონოლოგებმა გაათამამა და გაიხსნენ,”ამბობს ნატა. Მისი პერფორმანსები, როგორც წესი, დაუგეგმავი და სპონტანურია, ამიტომ ხშირად არც ახსოვს ხოლმე დიალოგები.

,,სადისკუსიო თემებს თითქმის არასოდეს ვგეგმავ. ყველა ამბავი ჩემი პერსონალური გამოცდილებაა, ან ჩემს მეგობრებს გადახდენიათ… მოკლედ, სალაპარაკო ყოველთვის არის. Სწორედ ასე იბადება დიალოგიც.

სტატია მომზადებულია Unit-ის მხარდაჭერით, რომელიც ლგბტიქ + თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელს აერთიანებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია