სიკვდილთან შეჯახება: დაკრძალვის ტრადიციები დასავლეთ საქართველოში
ავტორი: მარიამ მენთეშაშვილი
ფოტო ისტორია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
სიკვდილი საბოლოო გამოცდილებაა, რომელსაც ადამიანები გავდივართ. Მიუხედავად მისი გარდაუვალობისა, სიკვდილი არაერთ კულტურაში დღემდე ტაბუდადებულია. Ხშირად ნებისმიერ ფასად ვცდილობთ მის შენიღბვას; ვარიდებთ მზერას მაშინაც კი, როცა მას ცხოვრება პირდაპირ გვახვედრებს.
Ზუსტად მახსოვს ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ სიკვდილთან მიმართებით ჩემი აღქმა სხვებისგან განსხვავდებოდა. Სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, ლექციების შემდეგ პაბში დავსხედით მეგობრები. ერთ-ერთი ინგლისელი მეგობარი იხსენებდა ტრავმას, რომელიც აფრიკაში მოგზაურობის დროს, ქათმების დახოცვის შემსწრემ მიიღო. Მისი მოსმენისას, გონებაში ბავშვობისდროინდელი სცენა ამომიტივტივდა, როცა ზაფხულის არდადეგებზე, სიღნაღში, ბებიაჩემი მშვიდად ამზადებს სადილს, მე კი დაკლული ქათმების თავებით ვთამაშობ. Მაშინ გავიაზრე, რომ სიკვდილი, როგორც მოვლენა, ჩემთვის ნაცნობი იყო, განსხვავებით ჩემი ინგლისელი მეგობრებისგან.
ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ დატოვებულ ფოტოალბომებსა და ჩანაწერებში დავიწყე ქექვა. Საბჭოთა სქელტანიანი ფოტოალბომის უკანა გვერდზე საიდუმლოდ გადანახული შავი კონვერტი აღმოვაჩინე. კონვერტში გადამალულ ფოტოზე პატარა კუბოში ჩასვენებული სულ რამდენიმე წლის გოგონაა გამოსახული. კუბო ყვავილებშია ჩაფლული და ზემოდან სამი ქალი დაჰყურებს. Მათ შორის ჩემი დიდი ბებია, მარიამი ამოვიცანი. ფოტოს უკანა მხარეს კი ბებიაჩემის მიერ გაკეთებული წარწერაა: ,,ჩვენი მესამე და, ირა.” ეს კადრი რაღაცნაირად ამედევნა, იმდენად, რომ შემეშინდა ფოტო საქართველოში არ დაკარგულიყო და ლონდონში წავიღე თავისივე კონვერტში საიმედოდ გადამალული. ცხადი იყო, რომ ეს ფოტო პროფესიონალი ფოტოგრაფის გადაღებული იყო, რომელიც სავარაუდოდ, ოჯახმა სპეციალურად დაკრძალვისთვის დაიქირავა. Ძალიან დამაინტერესა, რატომ გადაწყვიტეს ამ დღისა და მაინცდამაინც ამ მომენტის ფოტოზე აღბეჭდვა და რატომ ინახავდა მას ბებო 70 წელი. აღმოვაჩინე, რომ Ჩემი ოჯახი არ იყო ერთადერთი, რომელმაც სიკვდილის ფოტოზე აღბეჭდვა გადაწყვიტა. Საქართველოს ეროვნულ არქივში სიკვდილის შემდეგ გადაღებული უამრავი ფოტო ინახება, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ სიკვდილი ჩვენთან საერთო/კოლექტიური მოვლენაა და არა მხოლოდ ცალკეული ოჯახის პირადი, მძიმე განსაცდელი.
Საქართველოს ეროვნული არქივის ამ ფოტოზე აღბეჭდილია გლოვის სცენა, დასავლეთ საქართველოში, სამტრედიაში. გარდაცვლილის გარშემო ოთხი ქალია შეკრებილი. Საქართველოში დაკრძალვის რიტუალის გადაღება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება პოპულარული. ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებისა და საჯარო მოხელეების დაკრძალვის ცერემონიალის გადაღებით; ჩვეულებრივი ოჯახებიც ქირაობდნენ ფოტოგრაფს, რომ გარდაცვლილ ახლობელზე მეხსიერება სამუდამოდ შეენახათ. Როგორც წესი, ამ დროის ფოტოები გადაღებულია მიცვალებულის კუბოსთან, რომელიც ამ ფოტოებს სიკვდილის დოკუმენტირების ტრადიციული ხერხისგან განასხვავებს. გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
Მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვა ჭიათურაში, 1918. ამ ფოტოების ციფრული ასლები დაცულია მიულსების საოჯახო არქივში. ისინი საქართველოს ეროვნულ არქივს 2013 წელს, ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის მხარდაჭერით გადაეცა.
დაკრძალვა ჭიათურაში, 1918. ფოტოში მამაკაცი დაკრძალულია ტრადიციული ქუდით, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია გავრცელებული.
Საქართველოში დაკრძალვის რიტუალი გარდაცვლილის სხეულს საჯარო ყურადღების ცენტრში აქცევს. დანაკარგის ტვირთს და განსაცდელს ოჯახის წევრებთან ერთად, კოლექტიურად იზიარებენ ახლობლები და მეზობლები. Სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალების უმეტესობა ადამიანების სახლებში იმართება, სადაც მიცვალებული 5 დღე (მაქსიმუმ) მისაღებ ოთახშია დასვენებული. Სამეგრელოში დაკრძალვის დღე სამშაბათი, ხუთშაბათი ან შაბათი უნდა იყოს. სოფლებში მეზობლები მგლოვიარე ოჯახის პატივისცემის ნიშნად, სახლში ტელევიზორსაც კი არ რთავდნენ.
Სამეგრელოში სიკვდილთან დამოკიდებულება კიდევ უფრო საკრალურია. Საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით, აქ სიკვდილს მეტი ვიზუალური ელემენტით წარმოაჩენენ და ამით თითქოს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მიცვალებულს. საფლავებზე ხშირად შეხვდებით, მაგალითად, ავტომობილის სანომრე ნიშანს, იმის აღსანიშნავად, რომ გარდაცვლილს ეს საქმიანობა განსაკუთრებით უყვარდა. Სამეგრელოში გატარებული კვირის მანძილზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ორ მგლოვიარე ოჯახს შევხვდი. Სამეგრელოში უფროსი თაობა დაკრძალვის დღეს კამერებს მიჩვეულია. 90-იან წლებში ისინი ვიდეოგრაფებს ქირაობდნენ პროცესის აღსაბეჭდად.
Სოფლის მოსახლეობას ჩემი იქ ყოფნის მიზეზებს რომ ვუხსნიდი, ბევრმა მწუხარებაც კი გამოთქვა დაკრძალვის წეს-ჩვეულებების ცვლილებასთან დაკავშირებით. Წარსულში, მაგალითად, ხშირი იყო გარდაცვლილისთვის სახლის წინ ეზოში ყვავილებისგან ფანჩატურის გაკეთება. დღეს ამას სულ რამდენიმე ოჯახი თუ იმეორებს პატარა სოფლებში. უმრავლესობა დაკრძალვის საორგანიზაციო თუ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაქირავებულ კომპანიებს ანდობს.
ქართული საფლავის მთავარი მახასიათებელი გარდაცვლილის ფოტო გამოსახულებაა. Ბოლო წლებში საფლავებზე შავ-თეთრი გამოსახულებების ნაცვლად, ფერადსაც ვხვდებით. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ისიც კი მითხრა, დღეს უფრო მდიდრული არჩევანიც არისო: ქვის ნაცვლად გამოსახულების მინაზე დატანა. ქართულ კულტურაში მოვლილი საფლავი ოჯახის ღირსებად ითვლება.
Საცხოვრებელი სახლის უკან, პატარა ხის კონსტრუქციასთან მეზობლები და სტუმრები იყრიან თავს. მიცვალებულის ოჯახისთვის თანხას აგროვებენ.
Სამეგრელოში ღვინოსთან ერთად ხშირად შეამჩნევთ საფლავის ქვასთან დატოვებულ მანდარინებს. აღდგომის შემდგომ საფლავზე გასვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს ოჯახის წევრები ერთად აწესრიგებენ იქაურობას და მიცვალებულის პატივისცემისა და ხსოვნის ნიშნად, სანთელსაც ანთებენ.
Სოფელ ლიაში ოჯახი დაკრძალვის დღისთვის იკრიბება. ხალხიც იწყებს მოსვლას. Საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც როგორც წესი, მიცვალებულს გარშემო უვლიან, სამეგრელოში ოჯახის წევრები ოთახის ცენტრში რჩებიან. სამძიმარზე მისული ხალხი კი სასახლეს გარშემო კი არ უვლის, პირდაპირ ჭირისუფალთან მიდის და თანაგრძნობას გამოხატავს. ოჯახი მათ საჭმლითა და სასმლით უმასპინძლდება.
ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც შორი გზიდან მოდიან, დაკრძალვის დღეს სოფელში დილას ადრე ჩამოდიან. Სახლის უკან, სეფაა გაშლილი, ანუ სუფრა სტუმრებისთვის. Საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სამეგრელოში სუფრაზე, როგორც წესი, მენიუდან ამოღებულია ხორცი. ამით თავშეკავებასა და მწუხარებას გამოხატავენ. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლები და სტუმრები ქელეხში მიდიან, სადაც უფრო დიდი სუფრაა გაშლილი. ეს შეკრება დღის ბოლომდე გრძელდება.
სოფელ ფახულანში, სკოლის შენობასთან ახლოს სასაფლაოა, რომელშიც მანქანის ფორმის ძეგლს შორიდანვე მოკრავთ თვალს. Სამეგრელოში სასაფლაოებზე მიცვალებულთა ბიუსტებს ხშირად ნახავთ, თუმცა ეს ძეგლი, თავისი უნიკალურობით, განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა მთელს რეგიონში.
Რუბენ შონია, 1960-იან წლებში ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა გარდაიცვალა. მეგობრებმა მისთვის უკანასკნელი საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტეს და საფლავზე მანქანის ძეგლი აღმართეს. ამ ძეგლის დამზადებას 6 თვე დასჭირდა.
ფოტო-პროექტი მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2024
ფოტო-პროექტი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.
განსაკუთრებული მადლობა ბესიკ არახამიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრს კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.