როგორ გაქრა ტვერელის ეკლესია თბილისის ხედიდან

ავტორი: ელენე ხაჭაპურიძე, მარიამ ნიკურაძე

23.11.23

21 წლის წინ ნინო ხაჭაპურიძის სახლის ფანჯრებიდან ტვერელის ეკლესია თითქმის სრულად მოჩანდა. მას შემდეგ, რაც 2002 წელს მისი სახლის მარჯვენა კუთხესთან ძველი თბილისური სახლის ნაცვლად მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ვერისა და მთაწმინდის შესაყარზე მდგარმა მრავალსართულიანმა კორპუსმა არამხოლოდ ტვერელის ეკლესიის ხედი გააქრო ნინოს ფანჯრებიდან, იგი თბილისის ძველი და ისტორიული უბნების ერთგვარ ბედისწერადაც იქცა. ორი დეკადის წინ ამ კორპუსით დაწყებულმა სამშენებლო ბუმმა ტვერელის ეკლესიის ხედი არამხოლოდ უბნის, ქალაქის იერსახიდანაც შთანთქა.

ორივე ფოტო გადაღებულია ნინო ხაჭაპურიძის მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში. პირველ ფოტოზე ჩანს ტვერელის ეკლესია ნინოს სახლის ფანჯრებიდან. მეორე სურათი ასახავს ვერასა და მთაწმინდაზე დაწყებულ სამშენებლო ბუმს, რომლის შედეგადაც ტვერელის ეკლესიის ხედი გაქრა. 

ნინო ხაჭაპურიძე* ვერაზე, გუნიას ქუჩაზე, თბილისურ ეზოში ცხოვრობს. ზუსტად მისი სახლის გვერდით, გუნიას ქუჩის #2-ში, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აგებული სახლი მდებარეობდა, რომელიც ვინმე ალექსანდრე კოსტინსკის ეკუთვნოდა. გასაბჭოების შემდეგ სახლი რამდენიმე ოჯახზე გადანაწილდა, ხოლო მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული მის სრულ დემონტაჟამდე და მრავალსართულიან კორპუსად ქცევამდე სახლს სამი ოჯახი იზიარებდა.

გუნიას ქუჩის #2-ში მდებარე სახლი მის სრულ დემონტაჟამდე. ნინო ხაჭაპურიძის არქივი

ნინომ კორპუსის მშენებლობის შესახებ 2002 წლის იანვარში შეიტყო. საქართველოში ჯერ არც „ვარდების რევოლუცია“ იყო მომხდარი და ქვეყანას კვლავ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და მისი მთავრობა მართავდა. შესაბამისად, თბილისი ინტენსიური სამშენებლო ბუმით არ იყო მოცული, რომელმაც მოგვიანებით ქალაქი ბეტონში მოაქცია. 

ნინო  გვიყვება, რომ მაშინვე გადაწყვიტა, უკანონო მშენებლობას სამართლებრივად დაპირსპირებოდა. მშენებარე კორპუსი მის ფანჯარას, საიდანაც მთაწმინდის და ტვერელის ეკლესიის ხედი იშლებოდა, სრულად აბნელებდა. ამას გარდა, მაშინდელი მოთხოვნით მრავალსართულიანი კორპუსი მის სახლს 6-15 მეტრამდე უნდა ყოფილიყო დაშორებული, რასაც კორპუსის დაგეგმილი მშენებლობა ასევე ვერ აკმაყოფილებდა. ნინომ სასამართლოში იჩივლა. სწორედ ამ სამართლებრივი ბრძოლის ფარგლებშია გადაღებული  ფოტოები, რომელიც სტატიას თან ერთვის, თბილისის ძველი უბნების ბედის ერთგვარ ფოტოდოკუმენტად იქცა.

გუნიას ქუჩის #2-ში მდებარე სახლის მშენებლობა, რომელმაც სრულიად დაფარა ნინოს ფანჯარა. 

ნინო ხაჭაპურიძემ სასამართლოს მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამაოდ. მოგვიანებით სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა, რომლის ფარგლებშიც,  2008 წელს საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნო დოკუმენტების გაყალბების ნაწილში, თუმცა ამ სტატუსს ნინოსთვის ვითარება არსებითად არ შეუცვლია. საქართველოში უშედეგო სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ ნინომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, საიდანაც სამწლიანი ლოდინის შემდეგ პასუხად მიიღო, რომ მის საქმეს ვერ განიხილავდნენ:

„მე არც სამართალწარმოება მესმოდა და არც კანონი ვიცოდი, გზადაგზა გავერკვიე. ყველა ეტაპზე, რამდენ მტკიცებულებასაც აღმოვაჩენდი, იმდენს ასწორებდნენ, ცვლიდნენ და ჩემს მიერ მოძიებული მტკიცებულებების უგულებელყოფა ხდებოდა.  საჭმლის ფულს ვიკლებდი, ეკონომიას ვაკეთებდი, რომ სამართლებრივი ბრძოლის საშუალება მქონოდა. არანაირი შედეგი, 10 წელი ვიარე წინ და უკან სასამართლოში.“

ნინო ხაჭაპურიძის ბრძოლის სახით თბილისის რიგითი მაცხოვრებლის მრავალწლიანი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. კორპუსი გუნიას ქუჩის კუთხეში მაინც აშენდა. ძველი თბილისის ისტორიულ უბნებში, როგორიც ვერა და მთაწმინდაა, უძრავ ქონებას მაღალი ფასი აქვს. შესაბამისად ახალ კორპუსშიც თბილისის მდიდარმა მაცხოვრებლებმა დაიდეს ბინა. ტვერელის ეკლესიის ხედიც მათი ფანჯრებიდან გადაიშალა, თუმცა მათი ხედიც მალევე შეიცვალა. უკვე ინტენსიურად დაწყებულმა სამშენებლო ბუმმა, ახალმა სასტუმროებმა და კორპუსებმა, მაყაშვილის ქუჩიდან თბილისის ხედი პირვანდელი სახით  გააქრო, ტვერელის ეკლესია კი ცემენტის კონსტრუქციებში მოაქცია.

გუნიას ქუჩის #2-ში მდებარე სახლი და მისი სრული დემონტაჟის შემდეგ აშენებული კორპუსი.

ნინო გვეუბნება, რომ იმ მდგომარეობის წარმოდგენა, რა მდგომარეობაშიც თბილისის ისტორიული უბნების, ვერის და მთაწმინდის, ეს მონაკვეთი აღმოჩნდა, ძნელად წარმოედგინა. მისი ხედვით, თბილისის ამ ნაწილმა სრულად დაკარგა ის მნიშვნელობა, რაც ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის და ქალაქისთვის ჰქონდა.

„გადასახედი იყო გადასარევი, რომანტიკული, ადამიანები სეირნობდნენ, სხდებოდნენ, მთელი თბილისი ჩანდა განათებული. ახლა ეს ხედი გაქრა, თან გზის პირის ასე ჩაკეტვა წარმოუდგენელია. ტვერელის ეკლესია საერთოდ გაქრა თვალთახედვიდან. ადრე ეკლესია გამოკვეთილად ჩანდა, როცა გავიხედავდი ფანჯრიდან, მზე ამოდიოდა ტვერელის თავზე, ისეთი ლამაზი იყო, დაგამუნჯებდა“.

ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ არსებული მშენებლობები, საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ამ ტერიტორიაზე 20 წლის წინ, მსგავს მშენებლობებს ვერ ნახავდით.

თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ბუმს ბევრნაირი დაზარალებული ჰყავს. პარადოქსულია, მაგრამ ნინო ხაჭაპურიძის მსგავსად დიდ ინვესტიციებს ისინიც ემსხვერპლნენ, ვინც თავიანთი ძველი სახლების მაღალსართულიან კორპუსებად ქცევას თავად დათანხმდნენ. 33 წლის მარიამ თოფურია უკვე 7 წელია, ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ იმ კორპუსის მშენებლობის დასრულებას ელოდება, რომელშიც ბინა უნდა მიიღოს. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანისა, და სამშენებლო კომპანიის, „MK დეველოპმენტი“, სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ გამოძიება მოამზადა სტუდიამ „მონიტორი“.

ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია 20 წლის წინ და ახლა. 

დავზარალდით როგორც მატერიალურად, ისე - მორალურად. მოთმინებას ყველანაირი ზღვარი ამოვწურეთ. უნდა მივმართოთ შესაბამის ზომებს. ვითხოვთ მშენებლობის დასრულებას დაუყოვნებლივ და ზარალის ანაზღაურებას კომპენსაციის სახით. მშენებლობის ხელმძღვანელობას ჩვენი პრობლემა არაფრად მიაჩნია. ვერანაირ ყურადღებას და პასუხს ვერ ვიღებთ მისგან“, - ამბობს მარიამ თოფურია. 

ანალოგიურ ვითარებაშია სოფო თურმანიძეც, რომელიც სასამართლოში ჩივის და ქირის კომპენსაციას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.  

ამას არ ველოდებოდით, რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით. ულამაზესი უბანი იყო, ისტორიული და ძველი იერსახე ჰქონდა. რადგან სანახაობრივი იყო ტურისტებიც მასობრივად ეტანებოდნენ, მაგრამ ახლა ბეტონში, ცემენტში და დაბინძურებაშია გახვეული.“

ტვერელის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია 20 წლის წინ და ახლა. 

თბილისის მერიამ „MK დეველოპმენტს“ მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, მეტიც: მას შემდეგ, რაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა, თბილისის მერიამ კომპანიას სამშენებლო ფართობი  664 კვ.მ-ით გაუზარდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთაწმინდაზე 1კვ.მ.-ის ღირებულება საშუალოდ 4 900 ლარია, გაზრდილი მშენებლობის ფართობის ღირებულება 3 მილიონს აჭარბებს.

თბილისის მერია კანონზე აპელირებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ, მშენებელი უფლებამოსილია, არქიტექტურის სამსახურს პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით მიმართოს. 

კორექტირება, რომელიც გულისხმობდა საცხოვრებელი ფართის ზრდას, განხორციელდა არსებული ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გათვალისწინებით“, - აცხადებენ მერიაში. 

რაც შეეხება მშენებლობის გახანგრძლივებულ ვადებს, თბილისის მერია ამ შემთხვევაშიც კანონზე აპელირებს:

კანონმდებლობა ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის დაცვით. რაც შეეხება თქვენს მიერ ხსენებულ, მშენებლობით დაზარალების ფაქტს, მხარეთა შორის შეთანხმება, წარმოადგენს კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, შესაბამისად საკითხი სცილდება არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას“, - აცხადებს მერია. 

„ქალაქის დამახინჯების ქრესტომათიული ნიმუში“

ტვერელის ეკლესია გერმანული წარმოშობის ინჟინრის, იოჰან დიცმანის, აშენებულია. ეკლესია ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რაც ნიშნავს, რომ სტატუსს სამართლებრივად იცავს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებს განსაზღვრავს.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ტვერელის ეკლესიის ირგვლივ არსებული მშენებლობის პროცესი ქალაქის დამახინჯების ქრესტომათიული მაგალითია. როგორც ცირა ელისაშვილი განმარტავს, ტვერელის ეკლესია თბილისის განაშენიანების ბოლო წერტილს წარმოადგენდა, რომლის შემდეგაც მთაწმინდის ფერდის სახით თბილისის გაუნაშენებული ტერიტორია იწყებოდა.

„ტვერელის ეკლესია იყო ის დასაცავი ფასეულობა, რომლითაც გამოირჩევა თბილისი და ეს გამორჩეულობა ნიშნავს არქიტექტურის მიმართებას ლანდშაფტთან. იმ „სიცარიელის“ დარღვევის უფლებას ძველი თბილისის არქიტექტორები საკუთარ თავს არ აძლევდნენ, ვინაიდან ლანდშაფტური გაუნაშენებლობის სარტყელი, განსაკუთრებით მთაწმინდის და სოლოლაკის მთების სახით, თავად წარმოადგენს დასაცავ ფასეულობას. ტვერელის ეკლესიის აზიდულობა და ერთადერთობა ქმნიდა იმ არქიტექტურულ სიმსუბუქეს, რომლის შემდეგაც ჰარმონიულად იწყებოდა მთაწმინდის ლანდშაფტის დაცვის ზონა.“

პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავდ, ამ უბნის განაშენიანება არ არის მხოლოდ არქიტექტურული პრობლემა, მას სოციალური განზომილებაც აქვს და უთანასწორობის, მსხვილი კაპიტალის დომინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის მაგალითიცაა, სადაც თბილისზე ხედი მხოლოდ იმ ადამიანების პრივილეგიაა, ვისაც ერთ კვადრატულ მეტრში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა შეუძლია. 

არის მაგალითი იმისა, როდესაც ქალაქის ხელისუფლება შეუსაბამო პროექტის ვიზირებით არღვევს მკვიდრი მოსახლეობის უფლებას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების თვალსაზრისით და იღებს ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას“, - ამბობს ცირა ელისაშვილი. 

მარცხნივ, ფოტო ტვერელის ეკლესიის დასაცავად გამართული აქციიდან.  მარჯვნივ, მთაწმინდაზე, ახალ გზავზე, სავარაუდოდ ახალი კორპუსის ასაშენბლად გამოყოფილი ტერიტორია.

Chai Khana-მ შეკითხვით მიმართა თბილისის მერიას, გვაინტერესებდა, მიიჩნევს თუ არა თბილისის მერია, რომ ტვერელის ეკლესიის სიახლოვეს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობით ზიანი მიადგა მთაწმინდის, როგორც ისტორიული უბნის, იერსახეს და ტვერელის ეკლესიას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რაზეც მერიიდან მოკლე წერილობითი პასუხი მივიღეთ, სადაც შეკითხვის პასუხად მხოლოდ ის წერია, რომ ამ კონკრეტული კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა კანონმდებლობის დაცვითაა გაცემული. 

თბილისის ქაოსური განაშენიანების კოლექტიური მსხვერპლი, თბილისის მცხოვრებლები, ძალისხმევას არ ზოგავენ და ტვერელის გადასარჩენად აქციებს მუდმივად მართავენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ამ ისტორიულ მონაკვეთს ახალი სამშენებლო ადგილები კვლავ ემატება.


*ელენე ხაჭაპურიძის მამიდა

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია