პროპაგანდამ რა ჰქმნა? — მასლაათი Chai Khana-ში
,,მასლაათი’’ იმ ადამიანების თავშესაფარია, ვინც დილემებს, გამოწვევებს, ფრუსტრაციას ებრძვის — სივრცე გულწრფელი, არაფორმალური დიალოგისთვის. ის ფიქრის, დაკვირვების და რეფლექსიის შესაძლებლობაა მსმენელისთვის. აქ მოსმენილი ხმები შეიძლება ძალიან გეცნოთ, თქვენთვის ახლობელი აღმოჩნდეს, ან პირიქით, სრულიად განსხვავებული კუთხით დაგანახოთ აქამდე განცდილი, თუ გაგონილი. ,,მასლაათი” დაპირისპირების და კამათის სივრცე არ არის, ის გაზიარების, გამხელის, უნიკალური გამოცდილების გაცვლის ადგილია.
ამ პოდკასტის ეს ეპიზოდი იმაზეა, რაზეც სახლში ვეღარ ლაპარაკობ, ან მეგობარს ვერ ეუბნები, იმაზეა, უცნობი ადამიანები ერთმანეთს რუსთაველის გამზირზე რომ გადაულაპარაკებენ ხოლმე დანანებით — მეც ასე ვარ, დედაჩემიც ასე ფიქრობს, მამაჩემს აღარ ველაპარაკები; მეგობარი ფეისბუქიდან წავშალე…
ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ქუჩაში მდგარი უცნობი ადამიანი უფრო ახლობელი გახდებოდა, ვიდრე ის, ვინც სახლში გველოდება, ვიდრე ისინი, ვისთანაც დაწყებით კლასებში დავმეგობრდით, ვიდრე ისინი, ვინც შვილები მოგვინათლეს…
ჩვენთვის, მილენიალებისთვის, მოუყოლიათ, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა საქართველოში 1991, 1992 წლებში, რომ ოჯახები დანგრეულა პოლიტიკური შეხედულების გამო, დიდი ხნის მეგობრები ერთმანეთს აღარ ესალმებოდნენ ქუჩაში, ნათესავები ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, მაგრამ კარგად ალბათ ვერ წარმოგვედგინა ეს კონფლიქტი, რომელიც ჩვენს დროში ალბათ უკვე გაცდა პოლიტიკური შეხედულებების ჭიდილს, იდეოლოგიურ დებატს, აზრთა სხვადასხვაობას. ეს არც თაობათა ბრძოლას ჰგავს.
ამ პოდკასტის სხვადასხვა ეპიზოდში თქვენ მოისმენთ ისტორიებს, რომლებიც შეიძლება მიამსგავსოთ იმას, რაც თქვენს სახლებში ხდება. ესაა პოდკასტი იმაზე, თუ როგორ შევწყვიტეთ ლაპარაკი ყველაზე ახლობელ ხალხთან, ჯერ ზოგიერთ პოლიტიკოსზე, მერე პოლიტიკაზე, მერე ქვეყანაზე და ბოლოს ყველაფერზე.
გააკეთე დონაცია