სინდისის პატიმრების ოჯახები | ირაკლი ქერაშვილი

ავტორი: თაკო რობაქიძე

15.04.25

Chai Khana ამ ფოტო-პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.

2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე, სისხლის სამართლის წესით 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან.  მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ „რეჟიმის ტყვეები”. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.

ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათებლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.

ამ ფოტო-პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რაც ყველაზე მეტად გვაშინებს — თავისუფლების დაკარგვა — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.

ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ პროექტად გააერთიანებს.

14 აპრილი, 2025. ქართული ენის დღე, პატიმრების მშობლების მარში

„არ მიჭირს არაფერი, ჩემს პრინციპებს ვუერთგულებ”

ეს 30 წლის ექიმის, სისხლის უანგარო დონორის, ირაკლი ქერაშვილის სიტყვებია. 

ირაკლი საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თერთმეტ ადამიანს შორის ერთ-ერთია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ირაკლი ქალების გარემოცვაში გაიზარდა. ბებია, დედა, და მის ცხოვრებაში ბავშვობიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

„10 წელია ემიგრაციაში ვარ. 2015 წელს იტალიაში ოჯახის ექიმად წავედი სამუშაოდ“.
ქეთევან ქვრივიშვილი, ირაკლის დედა, ექიმი

კლარა კილასონია, ირაკლის ბებო

„იტალიაში ვიყავი, როცა 6 დეკემბერს ირაკლი დააკავეს. ქეთუნამ დამირეკა და მითხრა, დედა, ირაკლი დააკავეს, სახლთან, მანქანით რომ მოვიდა, იქიდანვე აიყვანესო. ისეთი შოკი იყო, ემოციურად ისეთი მძიმე, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. არაგეგმიური შვებულება ავიღე და ჩამოვედი. ყველამ ძალიან მითანაგრძნო და ერთი თვით გამომიშვეს.

შევედი ციხეში, ვნახე ჩემი შვილი. ნაცემი არ არის. მადლობელი ვარ ამისთვის. მორალურადაც ძალიან მტკიცედ გამოიყურება. მეგონა რომ ნახავდნენ, უდანაშაულო იყო, მალევე გამოუშვებდნენ. მტკიცებულებებიც არ არის. მაგრამ ასე მარტივად არ ყოფილა თურმე საქმე.

რომ შევხდი, აქეთ დამაწყნარა. მე ძალიან ემოციური ვიყავი, ვტიროდი. არ მიჭირს არაფერი, ჩემს პრინციპებს ვუერთგულებ. არავითარ შემთხვევაში ჩემს ღირებულებებზე უარს არ ვიტყვიო — ასე გამოხატავს თავის პროტესტს”. 

„ირაკლის გამზრდელი ბებია ვარ. ძალიან მოსიყვარულეა. ახლა წავიკითხე მისი გამოგზავნილი წერილი. მწერს ბება-დედა ხარ ჩემიო. ეხლა მივხვდი, შენ რამდენ რამეს მასწავლიდი თურმეო. ქეთუნას ველოდებოდი სამზარეულოში, აღარ შემოდიოდა. მერე გაზთან დადგა და ჩქარა მითხრა, ირაკლი დააკავესო. ასეთი მწარე არაფერი გამომიცდია მგონი. 2005 წელს ძმა გარდამეცვალა, 2006-ში მეორე ძმა. მაგრამ ასეთი მწარე მაინც არ ყოფილა”. 

„მათემატიკა უყვარდა სკოლაში ძალიან. ამოცანებს ხსნიდა კარგად. საერთოდ, ყველა დედას თავისი შვილები ნიჭიერები და გამორჩეულები ჰგონია, ალბათ, მეც ასე ვარ, მაგრამ ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო ირაკლი. ქეთუნაც. მამაც ქირურგია. შეიძლება ამიტომ აირჩია ორივე შვილმა მედიცინა პროფესიად. სხვა პროფესია თითქოს არც განიხილებოდა. 

სისხლის დონორი რომ გახდა, ერთხელ ვუთხარი, იქნებ შენს ჯანმრთელობას გაუფრთხილდე-მეთქი. მიპასუხა: დედა, წარმოიდგინე, შენი შვილი რომ იყოს, ან შენი ახლობელი, სისხლი დასჭირდეს, შენ რა გენდომებოდაო. ვეღარაფერი ვუთხარი. თან როგორც ექიმს, ძალიან კარგად მესმის ამ პროცედურის მნიშვნელობა და ვამაყობ, რომ ჩემი შვილი ასეთი გულისხმიერია.

ირაკლის პლასტიკური ქირურგია აინტერესებდა. გრძელი და შრომატევადია მედიცინის შესწავლის, სპეციალიზაციის გზა. ამ დროს რომ ახალგაზრდა ექიმი ოთხ კედელს შორის არის გამომწყვდეული, მიუღებელია”.

ირაკლის გამოგზავნილი წერილები ციხიდან

ეს ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება მახარებს, ვინაიდან უდიდესი ჯილდოა პატრიოტი ადამიანისთვის სამშობლოსთვის ტყვეობა და ეს იშვიათი ხვედრია. მინდა, შენც ასე შეხედო.

ეს 4 თვე რაც აქ ვარ, სულ მედარდება იმ ადამიანების ბედი, ვისაც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ესაჭიროებოდეს ჩემი სისხლი.

Letter to European countries

I’m writing this letter from N8 penitential prison. I want you to open your eyes wider, because my country and its people need your support.

 

წერილი ევროპის ქვეყნებს

ამ წერილს N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გწერთ. მინდა, რომ ფართოდ გაახილოთ თვალები, რადგან ჩემს ქვეყანას და ხალხს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბება ჩამიკოცნე <3 აქ დიდ პატივს მცემენ და მაფასებენ. უთხარი ბებას, რომ შენი აღზრდის დამსახურებაათქო <3 <3 <3

დღეს გავარკვევ მგონი ვიდეო ქოლის პონტია და შეიძლება დავურეკო ქეთინოს.
მოკლედ, გამაგრდით, მალე გავიმარჯვებთ <3

ეხლა როდესაც ამ წერილს მიიღებ, სავარაუდოდ შემაბრუნეს საპატიმროში, არ იდარდო! ბევრს ვიმეცადინებ და ფუჭად არ დავკარგავ დროს! <3

ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში დანაშაულს. რა ჯგუფი იყო, არ ვიცი. არ იცნობდნენ დაკავებულები ერთმანეთს. უბრალოდ, რუსთაველის გამზირზე იდგნენ და აპროტესტებდნენ. რა გამოდის, რომ მთელი საქართველო, ვინც აქციებში მონაწილეობდა, ჯგუფის წევრი იყო და თავდასხმაში მონაწილეობდა?! ეს ხომ არ არის ლოგიკური? 

სასამართლო პროცესზე აღმოჩნდებიან ხოლმე გვერდიგვერდ. ასე გაიცნეს ერთმანეთი, გადაულაპარაკებენ ხოლმე ერთამენთს: ეს ონისეა, ეს რეზოა, ის ანდროა… 

9 აპრილი, 2025. პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ქეთი ქერაშვილი, ირაკლის და, ექიმი.

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. როგორ უნდა შეეგუო უდანაშაულო ადამიანის პატიმრობას. ერთადერთი, რაც მხნეობას და გამძლეობას გვაძლევს კონტექსტია, რის გამოც დაიჭირეს: თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის და პატრიოტული სულისკვეთებისთვის. აი, მხოლოდ ეს გვაძლებინებს. ყოველ დღე ვცდილობთ, რომ ნეტავ, ეს დღეც გადავაგოროთ. აუტანელია. 

ყოველ საღამოს აქციაზე ვდგავართ ოჯახის წევრები. პატიმრების დედებთან ძალიან დავახლოვდით.  ყველას ერთი სატკივარი გვაქვს, ერთად ვართ ბრძოლაში. ერთი გასაჭირი ყველას გასაჭირია.  საღამოს რუსთაველის გამზირზე გასვლა დიდი შვებაა. 

საღამოს სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს. ფიქრებმა აყოლა იცის და ძალიან ვითრგუნები. რუსთაველზე სხვა შემართებაა, მაფხიზლებს იქ ყოფნა. იქ გრძნობ, რომ უნდა იბრძოლო ბოლომდე. ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ისეთი ერთსულოვნებაა, რომ თითქოს შენ არ გაქვს უფლება, პესიმისტურად იყო. ხელი გვაქვს ერთმანეთზე ყველას ჩაკიდებული და ვიბრძვით ბოლომდე. ერთობა დიდი ძალაა. სრულიად უცხო ადამიანების თანადგომა იმდენს ნიშნავს თურმე, ვერც კი წარმოვიდგენდი”.

9 აპრილი, 2025. პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, აქციის მონაწილეებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ ღამის გასათევად. 

„ბევრს მოგზაურობდა, ბევრი რამ აქვს ნანახი, ამიტომაც  მისი მსოფლმხედველობა, თვალსაწიერიც ფართოა. მოვლენების კრიტიკული ანალიზი შეუძლია. ამიტომ იყო ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტიურად ჩართული საპროტესტო აქციებში. ძალიან აღელვებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. იმ კანონებს, რომლებსაც ქვეყანა იღებს, ვერაფრით შეეგუებოდა. ვერც ეგუებოდა”.

ირაკლიმ და ქეთიმ 11 აპრილს ციხეში იქორწინეს. ხელისმომკიდეებად ბადრაგები ჰყავდათ.

„ბევრი მეგობარი ჰყავს ირაკლის. უამრავ წერილს და ზარს ვიღებთ. რამე ხომ არ 
გვჭირდება, რამე ხომ არ შეუძლიათ ირაკლისთვის გააკეთონ. ერთი მესიჯი ასე იწყებოდა: არ ვიცი, თუ კიდე გახსოვარ ირაკლი, მაგრამ ბედნიერი და ამაყი ვარ, შენნაირი ნაცნობი რომ მყავსო. ეს დამოკიდებულება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. არასოდეს ცუდი არავისთვის გაგვიკეთებია, ყოველთვის პატიოსნად ვშრომობდით. თანადგომა ძალიან გვაძლიერებს. სხვანაირი ბრძოლისუნარიანები ვხდებით მხარდაჭერის შემდეგ”.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია