სინდისის პატიმრების ოჯახები | ზვიად ცეცხლაძე

$item->name

Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.

2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან.  მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.

ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათელბლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.

ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.

ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს.

„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა. მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. ვიბრძვით გამარჯვებამდე",-19 წლის ზვიად ცეცხლაძე.

ზვიადი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.

იგი 4 დეკემბრის საღამოს დააკავეს თბილისში. ოფიციალური ბრალის მიხედვით, პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზურა ცეცხლაძე, ნარგიზ დავითაძე - ზვიად ცეცხლაძის მშობლები

მშობლები რომ ამ ბრძოლაში პირველ ხაზზე ვდგავართ, ჩვენს შვილებს ძალიან მოსწონთ ეს. მათთვის მორალურადაც მნიშვნელოვანია. არც დედები დავთმობთ, არც მამები და არც შვილები.

მე და ნარგიზმა თანაცხოვრება რომ დავიწყეთ, რთული წლები იყო საქართველოში. 90-იან წლებში ყველაფერი ჭირდა. ნარგიზს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავდა, ორ ობოლ დისშვილს ზრდიდა კიდევ. ზვიადი ჩვენი საერთო შვილია. 5 შვილი გავზარდეთ. ხუთივეს უმაღლესი განათლება მივეცით. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და ნარგიზმა შევძელით, რომ წესიერი, პატიოსანი ადამიანები გაგვეზარდა. დამოუკიდებლად ახერხებს დღეს ყველა ცხოვრებას და მადლობა ღმერთს ამისთვის. ზვიადის დაბადებამ ჩვენი ცხოვრება მაშინაც კი გაცილებით ხალისიანი და ბედნიერი გახადა. 

ჩემთვის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოს უახლესი ისტორიის ორი გამორჩეული ფიგურა იყო. ზვიადს პირადადაც შევხვედრილვარ. 90-იანი წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩემი ოჯახი აქტიურად მონაწილეობდა, ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ვიყავით.

სულ ვამბობდი, თუ მეყოლება ბიჭი, ზვიადს დავარქმევ-მეთქი. თუ ორი ბიჭი მეყოლებოდა, იქნებოდნენ ზვიადი და მერაბი. როცა ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა და გვითხრეს, ტყუპებს ელოდებითო, მაშინვე შევურჩიეთ სახელები. მაგრამ  ერთი ცოცხალი ვერ დაიბადა – ის, რომელსაც მერაბი ერქვა. ზვიადი გადარჩა.

ზვიადი ძალიან წესიერი და ზრდილობიანი იყო, სულ მასზე უფროს ბავშვებთან უყვარდა ურთიერთობა. სწავლაზე ხვეწნა და შეხსენება არ სჭირდებოდა. წიგნი უყვარდა. სწავლის პარალელურად, ანსამბლში ცეკვავდა. გიტარაზე, სალამურზე, ჩონგურზე უკრავდა. სკოლაში მათემატიკა უყვარდა განსაკუთრებით. ბათუმში, კომაროვის სკოლაში სწავლობდა. ყველას ეგონა, რომ ტექნიკურ მიმართულებას გაყვებოდა, მაგრამ მან პროფესიად იურისტობა აირჩია. მახსოვს, სკოლაში ძალიან გაუკვირდათ. 

პროფესიის არჩევაში თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი, ამიტომ ჩვენ მის არჩევანში არ ჩავრეულვართ. ახლა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ზვიადმა. თუ ასე აქტიურად უნდა ჩართულიყო პოლიტიკაში, კანონების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან დაკავებული ვიყავი, სულ ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან დღეს ზვიადდთან ვიყავი. სკოლაში თუ კონცერტი ჰქონდა, ყველა საქმეს გადავდებდი და არ გავაცდენდი. თვითონაც ისეთი გამოხედვა იცოდა, თუ ვერ დამინახავდა, შეიძლება არც ლექსი ეთქვა და არც ეცეკვა. არაფერს შეასრულებდა. თვალებით მეძებდა. ძალიან ვეცადე, რომ ყველა მისი ემოცია, ღიმილი, სიცილი, თუ ტკივილი გამეზიარებინა. მშობელთა კრებებზეც სულ ერთად დავდიოდით. არც ერთი არ გამიცდენია. მასწავლებელი გვეუბნებოდა, ერთი მშობლის მოყვანა მიჭირს, თქვენ სულ ორნი დადიხართო.

ჩვენ მადლობას გვიხდიან ზვიადის გაზრდისთვის, მე კი ვამბობ ხოლმე, რომ ზვიადმა გაგვზარდა ჩვენ.

მის ხასიათში რა მომწონს, იცი? ხშირად უნდა უთხრა, მიყვარხარ.
თუ ცოტა დრო გავა და არ ეტყვი, ჩაგივლის და გეტყვის: მამა, მეც მიყვარხარ.
დედა, მადლობა, მეც მიყვარხარ.
ძალიან თბილია. ჩახუტება უყვარს. დიდ სიყვარულში გაიზარდა.

13-14 წლის რომ გახდა, მაშინ მასში მოჭარბებულად გაიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ. მეც ასე ვზრდიდი. ბავშვობაში სულ ვუყვებოდი ეროვნულ მოძრაობაზე, იმ პერიოდის გმირებზე, ეროვნული მოძრაობის ისტორიაზე, პირველ რესპუბლიკაზე, ქაქუჩა ჩოლოყაშვილზე. ჩვენ ვზრდიდით დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების შესახებ ისტორიით. მოკლედ, ზღაპრების ნაცვლად, თვითონაც უკვე ამას ითხოვდა ჩემგან. მეც ვუყვებოდი ხოლმე რომელ საუკუნეში იყო ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდი, მერე რა მოხდა, როდის დაპატარავდა, ვინ მიითვისა ჩვენი ტერიტორიები…

ჩემთვის, მამისთვის ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო როცა მითხრა, ჩემს თანატოლებში ეროვნული სულისკვეთება უნდა გავაღვიძოო. მართლაც შექმნა ასეთი ჯგუფი - დაფიონი. დაფიონი ,,ალიონს” ნიშნავს. თვითონ ასე ამიხსნა: ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა სტაგნაციაა, ამ სახელმა განთიადი უნდა შემოიტანოსო. მერე მომეწონა უკვე მეც სახელი. 

პირველი აქცია რომ დააორგანიზა 16 წლის იყო, იუნკერთა ხსოვნის დღეს. თვითონ შეკრიბა მოზარდები, თვითონ იშოვა მეგაფონი. ამბობს ხოლმე, პირველად ჩემს დაანონსებულ აქციაზე ვიყავიო. 

ერთ-ერთი დიდი აქცია ბათუმის პორტში გამართა, როცა იქ რუსული საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე” გაჩერდა რამდენიმე საათით. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ. მთელი ქალაქი აამხედრა ზვიადმა და „დაფიონმა”, თბილისიდანაც შემოუერთდნენ. გემმა იმავე საღამოს დატოვა ბათუმი. 

პირველად მაშინ გავიგე, რომ ზვიდმა ასე კარგად იცოდა რუსული ენა. რუსულად მიმართავდა ხალხს.

ბრძოლის შემდეგი ეტაპი იყო „რუსული კანონის” წინააღმდეგ დაწყებული აქციები. როცა პირველად პარლამენტში წარადგინეს, მაშინ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა. ზვიადი ჯერ სრულწლოვანი არ იყო და ჩვენგან ნებართვის გარეშე წამოვიდა ბათუმიდან თბილისში აქციაზე. მეორედ ინიცირების დროს უკვე მთელი დოკუმენტი წავიკითხე. თვითონ რუსული კანონი მოიძია, დავსხედით ერთად და მუხლების მიხედვით შევადარეთ. თითქმის სრულ თანხვედრაში იყო ქართული კანონპროექტი და რუსული კანონი. ფაქტობრივად ზვიადმა დამიმტკიცა, რომ მართალი იყო. პირველად მაშინ მოვუხადე მას ბოდიში. ამის მერე ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა.

„აგენტების კანონის” წინააღმდეგ ბრძოლაში ზვიადმა სხვა ახალგაზრდებიც შემოიკრიბა. მათი გაერთიანება 2024 წლის 19 აპრილს ეროვნული გმირების მემორიალთან ფიცით დაგვირგვინდა. ფიცის ტექსტი გმირთა მემორიალისკენ მიმავალ გზაზე, სიარულისას ზვიად ცეცხლაძემ დაწერა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.

ᲕᲤᲘᲪᲐᲕ! ᲕᲤᲘᲪᲐᲕ! ᲕᲤᲘᲪᲐᲕ!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!

სითბოს და სიყვარულის გამოხატვა ზვიადმა გვასწავლა ჩვენ. დათმობაც მან გვასწავლა. რაღაცებზე თვალის დახუჭვაც.

გაზეთს გამოსცემს ციხიდან. ორი ნომერი უკვე დავბეჭდეთ. ყველაფერს თვითონ აკეთებს, ჩვენ უბრალოდ ვაციფრულებთ და გარეთ ვბეჭდავთ.
ტექსტი, შინაარსი, ფოტოები, მიმართვები სულ თავისია. ხელით ხატავს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ამბროსი ხელაია თავისი ხელით ჰყავს დახატული.

როგორც მამა სულ ვნერვიულობდი ამ მძიმე ბრძოლაში ასე აქტიურად რომ იყო. დიდი ტვირთია და ამის ზიდვა გამოცდილ, გამოწვრთნილ ადამიანსაც კი უჭირს, მით უმეტეს, თინეიჯერს. ჯერ 20 წლისაც არ არის ზვიადი და უკვე ციხეშია.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას 2028 წლამდე, ზვიადი ძალიან გააბრაზა. ეს მისთვის კულმინაცია იყო. ამ დღეს ბათუმში ვართ.  27 ნოემბერს მე მამა გარდამეცვალა. 29 ნოემბერს დავკრძალეთ და ამ დღესვე თბილისში დაბრუნდა ზვიადი. 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე აქციებზე წინა ხაზში იდგა.

30 ნოემბერს ლაივი ჩართო, ხალხს ასწავლიდა როგორ დაეცვა თავი გავეშებული პოლიციისგან. სწორედ ეს ვიდეო აქვს პროკურატურას მის საქმეში მთავარ მტკიცებულებად. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არის იმის მტკიცებულება, როგორ უწევს ზვიადი ორგანიზებას დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა მიზანიც ხელისუფლების დამხობაა. 19 წლის ზვიადს ამ ბრალდებას უყენებენ — სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას, კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას.

ჩვენც მაშინვე თბილისში წამოვედით. ნაქირავებ სახლში ყველაფერი ამოტრიალებული დაგვხვდა. ახლა თბილისიდან ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის. მე და დედამისმა ზვიადის ადგილი დავიკავეთ ქუჩაში. თვითონ ციხიდან იბრძვის, ჩვენ გარეთ. ზვიადი ძალიან უკომპრომისოა. მისი წერილები, საჯარო მიმართვები ამის დასტურია. შემართებით და მხნედ არის. 

ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით სიტუაცია არ გახდეს უკონტროლო. არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა მოძრაობა შევქმენით და ბოლომდე ერთად ვიბრძოლებთ. საპატრიარქოსაც ვთხოვეთ ხელისუფლებასთან შეხვედრა, დალაპარაკება, ერის შერიგება. გაღრმავებულ პოლარიზაციაში თავისი როლი შეასრულონ. მე მგონია, რომ ქვეყანაში პროცესების მშვიდობიანი განვითარების რესურსი ჯერ კიდევ არის.

2024 წლის ივლისში ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა და ,,ქართულ ლეგიონს” შეუერთდა. 

„ერთ-ერთ წერილში მომწერა, ბოდიში შენი ცრემლებისთვის, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ასეო. მადლობა მას ამ სიყვარულისთვის”, ნარგიზ დავითაძე. 

მე ტელევიზიებში რომ მიწვევენ, ამას ვამბობ ხოლმე: ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ და მერე გამოვიყვანოთ ჩვენი შვილები ციხიდან-მეთქი.