N8 დაწესებულება, 7 ფურცელი | სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას, ოჯახი
ავტორი: თაკო რობაქიძე

Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.
2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.
ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათელბლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.
ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.
ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.
ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.
Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს.

თბილისში, 5 მაისს, „ერთობის მარში” გაიმართა.

მონაწილეები ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ.

„აქციებიდან დაბრუნებულს რაღაცნაირი მუხტი ჰქონდა. ამბობდა, ბოროტება არასოდეს არ იმარჯვებს, სიკეთე იმარჯვებსო. როცა იქნება, ჩვენც გავიმარჯვებთო. მე ახლაც მჯერა მაგის”, - მარინე აფციაური, ნიკა კაციას დედა.
ნიკა კაციას გამოძიება 14 გრამი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნიკა პროფესიით ჟურნალისტია.
ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რიგითი ჯარისკაცი ვიყავი. ქვეყნის ისტორიის არც-ერთ მნიშვნელოვან თარიღს არ გამოვკლებივარ. ბუნებით მეამბოხე ვარ. არ ყოფილა მთავრობა, ვის ოპოზიციაშიც არ ვყოფილვარ.
1978 წელს, როცა მოქალაქეები ქართულ ენას ვიცავდით, აბიტურიენტი ვიყავი. მჯერა, რომ ძალა ახალგაზრდებშია. მათ სხვა ენერგია აქვთ. მაშინ ვიბრძოლეთ და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შევუნარჩუნეთ.
1989 წლიდან უფრო აქტიურად ჩავები საქვეყნო საქმეში. ეროვნული მოძრაობა დაიწყო და მე ორი პატარა ბავშვით, მესამეზე ფეხმძიმე, ყოველ საღამოს გავდიოდი რუსთაველის გამზირზე. 8 აპრილსაც იქ ვიდექი. როცა პატრიარქი მოვიდა და მოგვიწოდა, გადავინაცვლოთ ქაშვეთის ეკლესიასთან, საფრთხე რეალურიაო, მაშინაც ბავშვებთან ერთად იქ ვიყავი. ისეთი მუხტი იყო, შიში საერთოდ არ იგრძნობოდა. ტანკებს ვუყურებდით და არ გვჯეროდა, რომ ისინი ჩვენკენ წამოვიდოდნენ. დავრჩით რუსთაველზე. ღამე ბავშვები ვეღარ ძლებდნენ, მეც მიჭირდა უკვე ფეხზე ყოფნა და წამოვედით. გამთენიისას მოხდა ის, რაც მოხდა. მე ნამდვილად ვერ გამოვიქცეოდი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რუსთაველზე დავბერდი. მაგრამ იგივე მოთხოვნა თუ მექნებოდა 35 წლის შემდეგ, რასაც მაშინ ვითხოვდი, და ამას დაემატებოდა ჩემი შვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ჩემი შვილებიც, ალბათ, ოჯახის გამოცდილებიდან გამომდინარე, მეამბოხეები გამოვიდნენ. ჩვენი დევიზი იყო: სიმართლე და სამართალი! ახლაც ხომ ამისთვის ვიბრძვით.
ენის მოჩლექით არასოდეს ველაპარაკებოდი ჩემს შვილებს. როგორც ზრდასრულებს ისე მივმართავდი ხოლმე. ,,ბავშვია და არ ესმის” - ამ ფრაზის ახლაც არ მჯერა. თუ რამეზე არ მეთანხმებოდნენ, სულ ვაძლევდი კამათის შესაძლებლობას: გვემსჯელა, აეხსნათ. ზოგჯერ მე ვტყუოდი და ბოდიში მომიხდია. თავისუფლების სიყვარულით გავზარდე ჩემი შვილები. თავისუფლების ფასი იციან.


2025 წლის 22 აპრილი, თბილისის საქალაქო სასამართლო
ძალიან გულწრფელია ნიკა. ადამიანები უყვარს. ხისტია სიმართლის თქმაში. ნაჯახივით იცის თქმა, არ დაფიქრდება.
მისი ეს გულწრფელობა სასამართლო დარბაზშიც ძალიან იგრძნობა. მისი სიმართლე თითქოს კედლებს ანგრევს, ისეთი ენერგეტიკაა ხოლმე სხდომაზე. არ გაჩუმდება ნიკა. მხნედაც მაგიტომ არის. მართალია და ეს აგულიანებს.
მე ოჯახი დამენგრა. ნიკამ ოჯახის ტვირთი თავის თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს უმცროს შვილსა და ნიკას შორის 7 წელია სხვაობა, შემიძლია ვთქვა, რომ მას მამობა გაუწია. თან სწავლობდა, თან მუშაობდა. რომ ვამბობდი, დაიჩაგრა-მეთქი, ბრაზდებოდა. თქვენზე ზრუნვა რატომ არის ჩემი დაჩაგვრაო და გავჩერდი მერე. ლაშა ნიკას გაზრდილია. ისეთი მზრუნველი იყო, რომ მერე ბებიებსაც აღარ ანდობდა ხოლმე თავის ძმას.
მსახიობობა უნდოდა თვითონ. მაგრამ ბაბუამისმა ჟურნალისტობა ურჩია. ბაბუა, ზენონ კაცია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა. რეჟისორი, დოკუმენტური ფილმების ავტორი და მეტყველების პედაგოგი იყო პირველი არხის ჟურნალისტებისთვის. სანამ ბაბუამისი ცოცხალი იყო, ნიკას არასოდეს უმუშავია მაუწყებელში.
ტელეკომპანია ,,იმედზე” ასეთი პროექტი იყო - ,,დუბლი 2”. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა. მიიღო კონკრუსში მონაწილეობა და შეარჩიეს. დუბლი 2-ის პირველი თაობა იყო ნიკა.
მერე დაიწყო უკვე მუშაობა საზოგადოებრივ მაუწყებელში. გადაცემების ,,ჩვენი პარლამენტი” და ,,თავისუფალი ტრიბუნა” წამყვანი იყო. GDS-ის მთელი გუნდი დესანტივით რომ გადასხეს პირველ არხზე, მაშინ დახურეს ნიკას ორივე გადაცემა.
მას მერე უკან-უკან წავედით. უმუშევარი დარჩა. ფინანსურად გაგვიჭირდა.
ნიკა 7 დეკემბერს დააკავეს. სულ აქციაზე იყო. მე არ დავყავდი აქციაზე, შენ ხელს შემიშლიო. ვერ ირბენ, ამიტომ მეც დავზარალდები და შენცო.
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს თავს რომ დაესხნენ, ზურგზე რომ შეახტნენ და ურტყამდნენ, მე და ნიკა ერთად ვუყურებდით პირდაპირ ეთერში. გავგიჟდით. ნიკამ ძალიან განიცადა. იმ დღეს უფრო მოგვიანებით აპირებდა აქციაზე გასვლას, მაგრამ მაშინვე გამზადება დაიწყო, თან ვიღაცას ურეკავდა ტელეფონზე. მემგონი, ჯერ საავადმყოფოში გადაწყვიტა წასვლა და მერე აქციაზე. ჩაკეტა კარები და წავიდა. ტაქსში ჩაჯდა თუ არა, ტაქსით მოიტაცეს. 115-ე სკოლამდე ატარეს, მერე სხვა მანქანაში გადასვეს. სოფელ გლდანში დააკავეს. დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და „რიჟიკას” ეძახდნენ.
1-ის ნახევარზე ღამე კარზე დამიკაკუნეს. ვინ ხართ-მეთქი. პოლიციიდან, ნიკუშასთან გვინდა გასაუბრებაო. არ არის სახლში, გარედან ვარ ჩაკეტილი და კარებს ვერ გაგიღებთ-მეთქი. კარგი, ნიკუშა მოვა და ის თვითონ გააღებსო. ეს ცუდად მომხვდა ყურში. უცხო ადამიანი რატომ მოიხსენიებდა ნიკუშათი, არ მესიამოვნა. მერე მივხვდი. Facebook-ზე ამოქექილი ჰქონდათ ყველაფერი და იქ ასე უწერია: ნიკუშა ბედნიერი კაცია. არ მეუბნებიან, რომ ნიკა ამ დროს დაკავებულია.
გასაღების გადატრიალების ხმა გავიგონე, ჩაუტყდათ გასაღები კარში. ამ დროს უკვე ვეჩხუბები. ფანჯრიდან ვიყურები. 6-ნი იდგნენ სადარბაზოსთან. მოკლედ, კარიდან ვერ შემოდიან. ამ დროს გავაღე ფანჯარა. გისოსები აქვს და ვუთხარი: გავხსნი ამ გისოსებს, მოიტანეთ კიბე და ისე შემოდით-მეთქი. მემგონი ამ სიალალემ ძალიან დააბნიათ.
არ შემოვიდნენ.
მერე უკვე ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა სადარბაზოსთან. სახეზე ვერავის ვხედავდი. ისე იდგნენ, რომ სადარბაზოს სენსორიც არ ანთებულიყო. ნიღაბი არც ერთს არ ეკეთა, მაგრამ ბნელოდა და სახეზე ვერცერთს ვერ ვხედავდი.
შუაღამისას მატყობინებს გამომძიებელი, თქვენი შვილი დაკავებულია. ბრალად ედება ნარკოტიკების შეძენა-შენახვაო. გავგიჟდი, ხომ არ გააფრინეთ-მეთქი. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ამ გამომძიებლის სახელი და გვარიც არ მახსოვს. მორალურად გავნადგურდი. ბრალდებაზე ძალიან ვინერვიულე.
ნიკა როცა ლაპარაკობს, არასოდეს იტყვის - მე. სულ იძახის - ჩვენ. მეც არ მინდა ხოლმე ,,ჩემი შვილის” თქმა, ,,ჩვენი შვილები” არიან გამოკეტილები. არც მხოლოდ დედებზე მომწონს აქცენტი. ოჯახის წევრები: ცოლები, დები, ძმები, ნაკლებად იბრძვიან?!
მშობლების ერთიანობა განსაკუთრებულია. ამ უსამართლობასთან მარტო გამკლავება ურთულესია. შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ საერთოსთვის გაერთიანება მოვახერხეთ და ეს კავშირი უძვირფასესია.
ნიკა ასე მეუბნება: ნახე, იმაზე ადრე გამოვალთ, ვიდრე თქვენ გგონიათო. მართლები ვართო! სულ მრავლობითში ამბობს, არასოდეს მხოლობითში.
ახლა ამბობენ: ვიღაცას გამოუშვებენო. უკვე ყველაფერს ეჭვით ვუყურებ, ჩვენი მშობლების ერთიანობის დაშლა ხომ არ უნდათ-მეთქი. თუ სიმართლეა, გამოუშვან. გულწრფელად გავიხარებ, მივალ და მივულოცავ მისი ოჯახის წევრებს და ისევ გავაგრძელებ ჩემი შვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას. მშობლების ერთობაში არ არსებობს ბზარი გაჩნდეს. ამას ვერ მიაღწევენ.
მე მოწმე ვარ და სხდომებზე დასწრების უფლება არ მაქვს. კარის სარკმლიდან ვუყურებ ხოლმე პროცესს. ნიკა როცა საუბრობს, ვგრძნობ, როდის ბრაზდება ხოლმე.
წერილებში მწერს: ვცდილობ, ვიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, ზრდილობიანიო.

„მე ნიკას მაგალითზე გავიზარდე. მომწონდა, რომ თეატრში იყო, მომწონდა, რომ სცენაზე იდგა. მომწონდა, რომ მღეროდა. თითქოს მე მის გზას მივსდევდი მერე”, - ლაშა კაცია
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ხასიათი კარგად ვიცი, ასეთი შინაარსის წერილებს მაინც არ ველოდი. შიში მაინც მქონდა, რომ შიგნით არ გატეხილიყო. რავიცი, ციხეში რა ხდება, ხომ? ამის გამოცდილება ჩვენ ხომ არასოდეს გვქონია. არ გატყდა! ზეწოლის მიუხედავად, არ დანებდა!



მის წერილებს რომ ვკითხულობ, მეტირება. არადა, აქამდე ჩემი ცრემლი კაცს არ უნახავს, მაგრამ ახლა მივეცი ჩემს თავს ამის უფლება.
გული მიჩუყდება, რუსთაველზე რომ გავდივართ, იმდენი უცხო ადამიანი მოდის, გეფერება, თანაგრძნობას გიცხადებს. მადლობას გეუბნება ასეთი შვილების გაზრდისთვის. არ მინდა ჩემი ცრემლები სისუსტედ ჩამითვალონ. არ არის ეს სისუსტე. ხან გული მიჩუყდება, ხან ვბრაზდები. მთავრობა ჩვენივე მორალით გვამარცხებს თითქოს. ჩვენ ისეთს ვერაფერს ჩავიდენთ, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. არ გავცდებით კანონის ჩარჩოებს. სხვანაირად მოქცევა არ შეგვიძლია. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ.
სამივე შვილი კარგად სწავლობდა. ნიკა მე-2 კლასშიც და მე-10 კლასშიც თუ რამე გასაპროტესტებელი იყო, თამამად ამბობდა, არ ერიდებოდა.
ფორტეპიანოზე დაკვრა ნიკამ თვითონ ისწავლა. 7-8 წლის იქნებოდა. სმენით უკრავდა, შეეძლო მელოდიისთვის მოესმინა და მერე აეწყო ფორტეპიანოზე. გრიბოედოვის თეატრში საბავშვო თეატრი იყო - ,,ენკი-ბენკი”. იქაც დადიოდა და ბევრ რამეს სწავლობდა: ვოკალს, სასცენო ხელოვნებას, მეტყველებას… მსახიობობდნენ, მოკლედ. სპექტაკლებს დგამდნენ.
ერთხელ სკოლაში დირექტორის სახელზე განცხადება დაწერა: თუ შეიძლება, დროებით გამათავისუფლებით გაკვეთილებიდან, სპექტაკლებზე ვმუშაობთ და სკოლისთვის ვერ ვასწრებ სათანადოდ მომზადებას და ეს ენერგია იკარგებაო. სპექტაკლსაც აკლდებაო. განცხადებაში ასევე ეწერა, მე პროგრამას არ ჩამოვრჩები, ვიმეცადინებ და ჩავაბარებ ყველა საგანს მერე პედაგოგებსო. სკოლაში დამიბარეს. მადლობა გადამიხადეს ასეთი შვილისთვის. თან ეცინებოდა დირექტორს.
ყველა სასკოლო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. თვითონაც იყო ორგანიზატორი. ამ ღონისძიების ბილეთებს 50 კაპიკად ყიდდა. მაშინ გაჭირვების წლები იყო და ცხადია, ეს სკოლასაც ეტყობოდა. შემოსული ფულით ბავშვებმა საკლასო დარბაზისთვის ფარდები შეიძინეს, მაგნიტოფონი და მიკროფონი იყიდეს. სცენა მოაწყვეს.
გამიმართლა მათი დედა რომ ვიყავი. კაციებს სკოლაში ყველა ცნობდა. წელგამართული შევდიოდი ხოლმე სკოლაში.
სამი მთავარი ღირსება აქვს ჩემთვის ნიკას: ერთგულია, პრინციპულია, ნიჭიერია. გამოუსწორებელი ოპტიმისტია კიდევ.
ეს ტყუილად არ უწერია Facebook-ზე: ნიკუშა ბედნიერი კაცია.
რა მიყვარს ძალიან ჩემი ძმის ხასიათში, იცით?
სასამართლოზე ახლობელი თვალებით რომ ეძებეს, რომ გაამხნევოს, ის აქეთ ამხნევებს. სულ ღიმილიანი შემოდის პროცესზე. დაატყვევეს, მაგრამ ბედნიერება ვერ წაართვეს.
ახლა ციხეში ფიქრისთვის ბევრი დრო აქვს. მგონია, რომ ამ რთულ პერიოდსაც თავის სასიკეთოდ გამოიყენებს.
9 აპრილს პირველად გავიაზრე, რომ ნიკუშა ციხეშია. მანამდე ეგ შეგრძნება არ მქონდა. ილუზიებს არ ვიქმნი. ვიცი, რომ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. მარტო ნიკუშასთვის არა, ყველა პოლიტპატიმრისთვის უნდა ვიბრძოლოთ და კიდევ მათთვისაც, ვინც ჯერ ვერ ხვდება, რა საფრთხე გვემუქრება და რა რეალობაში გავიღვიძეთ. ეს ქვეყანა ხომ მარტო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის და კიდევ 50 პატიმრისთვის არ მინდა. რა სიკეთეებიც ევროპულმა მომავალმა უნდა მოიტანოს, ყველა მოქალაქისთვის მინდა მე. სამწუხაროდ, ყველას ყურამდე ინფორმაცია და სიმართლე ვერ მივიტანეთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.