სვანები | მთების მცველნი
ავტორი: მანო სვანიძე

ეს ფოტო-ისტორია დაიბეჭდა Chai Khana-ს ფოტო წიგნში, 2021 წელს.
ვახტანგ ფილფანისთვის სვანური ქუდი არ არის მხოლოდ ქუდი, ის იდენტობაა ისევე, როგორც სვანური პოლიფონიური სიმღერა არაა მხოლოდ გატაცება, არამედ - მისია.
ვახტანგი სასიამოვნო შესახედაობის კაცია, მჟღერი, რიტმული ინტონაციით და როცა ის ლაპარაკობს, ანდა მღერის, აუცილებლად უსმენ.
„ცდას არ ვაკლებ იმას, რომ ყველა ბავშვს, ვისაც მუსიკის ნიჭი აქვს, წვდომა ჰქონდეს მუსიკალურ განათლებაზე”, - ამბობს ის და ხშირად მოგზაურობას სვანეთის სხვადასხვა სოფელში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად. ეძებს ლოტბარებს, გუნდისმეთაურებს.
„ლოტბარებს შეუძლიათ იმღერონ ყველა ხმაში და სხვებსაც ასწავლონ სიმღერა სხვადასხვა ხმისთვის. ეს ძალიან რთული, კომპლექსური უნარია. ასე ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი მუსიკა და შემდეგ თაობებს გადავცეთ”.
სვანეთში, საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ამ მაღალმთიან მხარეში, სადაც მისი წინაპრები უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ, ხუთი ათას მეტრიანი მწვერვალები სწვდება ცას და დაუჯერებლად მწვანე ხეობებში, რომელთაც გველივით დაკლაკნილი, რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი მდინარეები კვეთს, ბუდეებივითაა გაშენებული პატარა სოფლები. სვანური კოშკებია ის უძველესი საცხოვრებელი და სადარაჯო ნაგებობები, რომელთაც დღეს იუნესკო იცავს, წინათ კი სვანები მტრის გამანადგურებელი თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებდნენ.
საუკუნეების განმავლობაში მოშორებით, გარიყვით ცხოვრებამ სვანების კულტურა ხელუხლებლად შემოინახა თანამედროვე დროშიც. ზოგიერთი რთული სვანური ჰარმონია, რომელსაც ვახტანგის გუნდი ასრულებს, პრე-ქრისტიანული დროიდან მოდის. ხალხი მღეროდა შინ, მღეროდა მინდორში სამუშაოდ გასული, დღესასწაულზე, ომის წინ და გლოვის დროს და მღეროდა საკუთარ, სვანურ ენაზე, რომელიც კომპლექსური და უძველესი ენაა.
სვანურს ოთხი სამხრეთ კავკასიური ქართველური ენიდან ყველაზე გამორჩეულად მიიჩნევენ. ის ჩვ.წ.აღ.-მდე მეორე ათასწლეულით თარიღდება და დანარჩენი ენებისგან დამოუკიდებლად ვითარდება ამ ხნის განმავლობაში, ამიტომ ამ ენაში ბევრი არქაული ფორმაა შენარჩუნებული. დღეს სვანურ ენაზე დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ლაპარაკობს და იუნესკოს მიერ „საფრთხის წინაშე მდგომ” ენადაა აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ ლინგვისტები, ზოგადად, თანხმდებიან იმაზე, რომ სვანური დანამდვილებით არის ენა, ბევრი მას საქართველოში მაინც ქართულ დიალექტს ეძახის.
რადგანაც სვანურს არ ასწავლიან სკოლებში, ამიტომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ზეპირსიტყვიერებაა. თუმცა, სრულფასოვანი მოსაუბრეების რიცხვი მცირდება და ბევრი იმასაც შიშობს, რომ ქართულთან ასიმილაცია სვანურ ენას მთლიანად გააქრობს.
ვახტანგის თაობა სვანურს ყოველდღიურ ყოფაში კვლავაც იყენებს, მაგრამ რადგანაც მეტი ინტეგრაცია და კავშირები გაჩნდა დანარჩენ რეგიონებთან, რადგან მიგრაცია და ტურიზმი გამოცოცხლდა, ახლა ყოველდღიურ ყოფაში უფრო ქართული ჭარბობს. გარესამყაროსთან მეტ კონტაქტს რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება მოჰყვა, ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო დარჩა და აღარ გადასახლდა, მაგრამ ამ პროცესმა ასევე ავნო სვანურად მოლაპარაკე გარემოსაც - ის სივრცე, სადაც სვანური უნდა გაისმოდეს, უნდა ვითარდებოდეს და სიცოცხლეს ინარჩუნებდეს, ნელ-ნელა მცირდება.

ბევრი სოფელი ნელ-ნელა კვდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან ხალხი საცხოვრებლად ან მესტიაში, ან ბარის ქალაქებში ჩადის. 2014 წელს ეცერთან ახლომდებარე სოფელ უღვალში მხოლოდ ხუთი მუდმივი მოსახლე ცხოვრობდა.
ახალგაზრდა სვანები, მაგალითად, 30 წლის ლაშა კანწლიანი, იმედოვნებს, რომ ტურიზმი იქნება შესაძლებლობა სვანური კულტურის შესანარჩუნებლად. ლაშა თბილისში უნივერსიტეტში სასწავლადაა წასული, სადაც ფოტოგრაფიას ეუფლება, მაგრამ გეგმავს დაუბრუნდეს ეცერს - სოფელს, სადაც გაიზარდა და იქ გესტჰაუზი გახსნას. სვანური ენა ბავშვობიდან ესმის - მისი ოჯახის ყველა წევრი საუბრობს სვანურად და ამიტომ ქართული სკოლაში ისწავლა.
„არა მგონია, სვანური გადაშენდეს, მაგრამ ძალიან სევდიანია იმის ყურება, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ჩვენს ენაზე”.
ვახტანგისთვის ყველაფერს ნიშნავს ის, რომ შეძლოს და ათასწლოვანი სვანური კულტურა შეინარჩუნოს.
„ჩვენ, სვანები, ჩვენი კულტურის დარაჯები ვართ. უნდა დავიცვათ ის”.

30 წლის ლაშა კანწლიანი ცდილობს ეცერს რაც შეიძლება ხშირად ესტუმროს. დედაქალაქში გატარებული წლების შემდეგ, ის გეგმავს მაღალ მთაში დაბრუნდეს და ჰოსტელი მოაწყოს იმ მწვერვალების სიახლოვეს, რაც ძალიან უყვარს და ენატრება.

ლაშა მამას, გურამს ცხოველების მიხედვაში ეხმარება. საუკუნეების განმავლობაში სვანების მთავარი საქმიანობა ფერმერობაა.

ლაშა კუბდარს ამზადებს - სვანურ ცომეულს, რომელიც ხორცის, ხახვისა და სუნელების გულსართით მზადდება. კუბდარს ასევე უწოდებენ „კუბედს” - ეს სვანების ნაციონალური კერძია და საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

ლაშა და გურამ კანწლიანების ოჯახური ალბომი. ზოგიერთი ფოტოს ავტორია „მესურათე შაქრო” - ფოტოგრაფი, რომელიც სამეგრელოს ბარიდან 1970-80-იან წლებში ადიოდა სვანურ სოფლებში და საკვების სანაცვლოდ ოჯახურ პორტრეტებს უღებდა ადგილობრივებს. „გადაგვიღებდა ფოტოებს და შემდეგ ამოსვლაზე დაბეჭდილებს ამოიტანდა ხოლმე. ეცერში ყველა ოჯახშია მისი გადაღებული ფოტო”, - იხსენებს გურამი.

ლალი სხირტლაძე და მისი მეუღლე, ტონი ჰამერი საკუთარ სახლში, ეცერში. კანადელი ტონი სვანეთში პირველად 1999 წელს ჩავიდა და ერთი ნახვით შეუყვარდა ლალი. ახლა წყვილი სოფელში საკუთარ გესტჰაუზსა და პატარა მაღაზიას უძღვება. ტონი ასწავლის ინგლისურს და ბევრს წერს სვანური ყოფის შესახებ ფეისბუკის ჯგუფში Svaneti Renaissance, რომელსაც თვითონ მართავს და ეხება ყველაფერს, რაც სვანურია. ტონი ძალიან გულშემატკივრობს სვანურ ენასაც. „ზოგი „სეპარატისტს” მეძახის, რადგან ასეთ რეკლამას ვუწევ სვანურს, მაგრამ მართლა მინდა გავავრცელო ხმები მის შესახებ, რადგან არ მინდა, მოკვდეს”, - ამბობს ის. სვანებს ძალიან უნდათ, მათი ენა სკოლებში ისწავლებოდეს, დასძენს ტონი, მაგრამ ამას სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება.

43 წლის ლელა ჩართოლანს ძალიან ადარდებს სვანური ენის ბედი. შიშობს, რომ მისი მშობლიური ენა დავიწყებას მიეცემა. „სვანური ახალგაზრდა თაობაში უკვე აღარაა პოპულარული. ახალგაზრდა ოჯახებში სვანურად აღარ ლაპარაკობენ, მხოლოდ ქართულად მიმართავენ ერთმანეთს. და რადგანაც არც სკოლაშია სვანური ენის გაკვეთილები, გამოდის, რომ ბავშვებმა უბრალოდ არ იციან საკუთარი წინაპრების ენა. აუცილებელია, სვანური სკოლაში ისწავლებოდეს - ასე შევძლებთ და შევინარჩუნებთ მას”.

ლელა სვანურ ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოში” მუსიკოსია. სვანებს ყოველთვის სვანურ ენაზე ელაპარაკება. ყოფილი მასწავლებელია და დაფაზე სვანურ სიტყვებსა და ასოებს ხშირად წერს ხოლმე შესვენების დროს და ბავშვებს ამ სიტყვების სწორად გამოთქმაში ეხმარება. სვანური ენა სკოლაში არ ისწავლება და ბავშვები მას მხოლოდ სახლებში ისმენენ. სვანური სალაპარაკო ენაა და ძირითადად ქართულ ანბანს იყენებს, თუმცა, ქართული ენისგან არსებითად განსხვავებულია.

ვახტანგ ფილფანს ტრადიციული, მრგვალი და გუმბათის ფორმის სვანური ქუნდი ახურავს. ვახტანგი მთავარი ღერძია, როცა საქმე სვანური მემკვიდრეობის გაცოცხლებას ეხება მის თემში. „რიჰოს” გუნდის დირექტორიც ისაა - ყმაწვილობის წლებიდან ამ გუნდში მღერის. სიმღერის ნიჭი და სიყვარული მემკვიდრეობით მიიღო - ვახტანგის მამა ისლამი „რიჰოს” ხელმძღვანელი 50 წელზე მეტხანს იყო.