წყალი არ მწყურია ისე, როგორც მათეს ჩახუტება | სინდისის პატიმრის, მათე დევიძის, ოჯახი

$item->name

Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.

2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან.  მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.

ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათელბლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.

ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.

ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს.

ერთობის მარში აშშ-ს საელჩომდე - "მადლობა მეგობარს!"
11 მაისი, 2025

ევროპის დღე - 9 მაისის საერთო სახალხო მარში, 2025

ევროპის დღე - 9 მაისის საერთო სახალხო მარში, 2025

,,დედამ სახლში წადიო, ალბათ, გულმა უგრძნო და მე დებილმა რა ვუთხარი იცი? ,,გავიმარჯვებთ სახელოვნად” და ქე ვარ გამომწყვდეული, თითქოს სერიული მკვლელი ვყოფილიყავი :D ნერვიულობით არ ვნერვიულობ, მაგრამ ვღელავ, რაც ძალიან ნორმალურია. აქ ერთმა ბიჭმა მასწავლა: კარგადა ვართ, მაგრადა ვართ, ციხეში ვართ”. :D

2024 წლის 19 ნოემბერს მათე დევიძემ მეგობრებთან ერთად ღამე გაათია კარავში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციაზე იყო გაშლილი. დილითვე უნივერსიტეტთან ბევრი პოლიციელი გამოჩნდა და კარვების დაშლა დაიწყეს. იმ დღეს პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა.

მათე დევიძე ერთადერთია 19 ნოემბერს დაკავებულ დემონსტრანტებს შორის, რომლის წინააღმდეგაც საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა. ის ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. მოგვიანებით კი, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. პროკურატურა მას სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათეს 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

მათე ახლა 21 წლისაა. დაბადების დღე საპატიმროში ჰქონდა.

„არ მახსენდება, ერთხელ მაინც უხეშად ეთქვა რამე, ეუზრდელა ჩემთან. წყალი არ მწყურია ისე, როგორც მათეს ჩახუტება გულში. მარტო მის გათავისუფლებას ვნატრობ, მეტს აღარაფერს”, ეთერ მჭედლიშვილი, მათეს ბებო.

„მე და მათე განუყრელად ერთად ვიყავით. წელიწადი და 4 თვეა ჩვენ შორის განსხვავება. ტყუპებივით გავიზარდეთ”, ელენე დევიძე, მათეს და.

პატარაობიდანვე ძალიან გულკეთილი იყო მათე. სიყვარულით სავსე ბავშვია. საშინლად მენატრება უკვე. ლაპარაკიც კი მიჭირს. 

მათეს დაკავება ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ახლობელმა დამირეკა და მკითხა: დაიჭირეს მათე და ხო არ გამოუშვესო?

გავგიჟდი. ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ჩემს შვილზეც ვინერვიულე. ერთი წელია სამუშაოდ პოლონეთში წავიდა. იქ რომ გაიგებდა, რა დაემართებოდა. ისიც ძალიან ემოციურია.

არადა, წინა დღეები სოფელში ჩემთან იყო. ეზოს საქმეში მომეხმარა. ბლოკები იყო გადასატანი და კოხტად დამილაგა. მითხრა, ბებო, ახლა თბილისში წავალ ორი დღით და მერე ისევ შენთან ჩამოვალო. აღარ დასცალდა.

წერილში მწერს: ბებო, მაგას მოვიფიქრებდი, რომ ოდესმე შენ აქციაზე დაგინახავდიო.

მე ვუპასუხე: ბებო, იქ დიდ მუხტს ვგრძნობ და თბილისში რომ ჩამოვალ, ყოველთვის გავალ-მეთქი. აქ რომ ვიყო, ყოველ დღე ვივლიდი ალბათ. ერთ დღეს არ ჩავაგდებდი. არც ვიღლები, იმდენს დავდივარ. ფეხებიც არ ამტკივდა. როგორ მომემატა ეს ძალა, არც კი ვიცი.

არ ინერვიულოო მეხვეწება წერილში. დედას ურეკავს, ელაპარაკება. ელენესაც. ჩემს სახეზე ეტყობა ხედავს და გრძნობს ყველაფერს, რა დღეში ვარ.

ყველა პროცესზე დავდივარ.

აქეთ მამხნევებს, არ ინერვიულო ბებო, ყველაფერი კარგად დამთავრდებაო.

ელენეს ეუბნება, უთხარი ბებოს, გაიცინოსო. თვითონ გვაიმედებს.

მისი ციხიდან გამოგზავნილი წერილი ფანჯარასთან მიდევს. გავლა-გამოვლაში ვკითხულობ და სულ მის გათავისუფლებაზე ვლოცულობ.

დედამ სახლში წადიო, ალბათ, გულმა უგრძნო და მე დებილმა რა ვუთხარი იცი? ,,გავიმარჯვებთ სახელოვნად” და ქე ვარ გამომწყვდეული, თითქოს სერიული მკვლელი ვყოფილიყავი :D ნერვიულობით არ ვნერვიულობ, მაგრამ ვღელავ, რაც ძალიან ნორმალურია.
აქ ერთმა ბიჭმა მასწავლა: კარგადა ვართ, მაგრადა ვართ, ციხეში ვართ”. :D

რა სასიხარულოა, მაგრამ სასამართლოზე მისვლა მიხარია. ციხეში მე ვერ ვნახულობ. მამა და ელენე შედიან ხოლმე. რაღაც საბუთი მჭირდება თურმე, რომ ნება დამრთონ. ამიტომ, მხოლოდ სასამართლო დარბაზში ვხედავ ჩემს მათეს.

ისე მინდა ხოლმე ავდგე, მივიდე და ჩავიხუტო. ვერც კი ველაპარაკები. თვალებით, ტუჩებით ცდილობს თვითონ დაგველაპარაკოს. ისეთი ძნელია ეს ჩემთვის. სულ თვალცრემლიანი გამოვდივარ სასამართლოდან. ნეტა, რა იქნება?!

იქნებ გაამართლონ. 7 წელი როგორ უნდა გაუშვან ციხეში. სამი პოლიციელი როგორ უნდა ეცემა ამ პატარა ბიჭს?!

კი მოიქნია ჯოხი (შენიშვნა: მათეს აღწერით, ხელში მას არა ჯოხი, არამედ მუყაოს გადახვეული ტრანსპარანტი ეჭირა), ვნახე ვიდეოში, მაგრამ ისე როგორ მოხვდა ეს ჯოხი პოლიციელს, რომ 7 წლით ციხისთვის გაიმეტონ.

ბალღობიდან მუსიკა უყვარდა გაგიჟებით, განსაკუთრებით გიტარა. ცეკვაზეც დადიოდა. და-ძმას ერთად ჰქონდათ კონცერტები თელავში. ერთად უკრავდნენ ფანდურსაც. ჩემთან სოფელში რომ მოდიოდნენ, ფანდური სულ მოჰქონდათ და კიბეზე ჩამომსხდრები მღეროდნენ. მეზობლები სიმღერით ხვდებოდნენ ხოლმე, შვილიშვილები რომ მყავდნენ სტუმრად.
ველოდები დღეს, როცა მათე სოფლის კარებს შემომიღებს.

ეს დროშა მათეს აქციებზე დაჰქონდა.

მათე თელავში, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. დასთან დაკავებამდე ორი კვირით ადრე ჩავიდა, უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და პარალელურად, რეპეტიციებზე სიარული უნდოდა.

ელენე, მათეს და, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, სოციალურ მუშაობას სწავლობს.

მოგვიანებით სხვების დაკავებებიც დაიწყეს, და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი და არც მათე იყო მარტო. პატიმრების ოჯახებმა ერთმანეთი გავიცანით და ერთად შევუდექით გოლგოთას.

მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი ძალაა. ერთმანეთის გარეშე, ცალ-ცალკე ასეთი ძლიერები არ ვიქნებოდით. გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს მოვერევით. რთული გზაა, მაგრამ გავიმარჯვებთ.

მათე გვეუბნება, რომ ჩვენ გარეთ ბრძოლა და რუსთაველზე დგომა არ უნდა შევწყვიტოთ.

მათე კარგად უკრავდა ყოველთვის. მუსიკა განსაკუთრებით უყვარს. ქართულ ცეკვაზეც ერთად დავდიოდით. პატრიოტიზმი ჩვენ ქართულმა ცეკვამ და ხალხურმა სიმღერამ გვასწავლა. სხვათა შორის, ერთობისა და ერთგულების ფასიც მაქედან ვიცით.

ბავშვობაში ჯიუტი იყო, სიმართლის მოყვარული. სკოლაშიც კარგად სწავლობდა.

არ მახსოვს, დედასთვის ვინმეს ეთქვა - მათე უზრდელიაო. 

ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. სულ გვეიმედება ერთმანეთი. 

მათეს ნახატები ციხიდან. 

„ხატვა ციხეში გაიხსენა მათემ. ბავშვობაში კი ვხატავდით ორივე, მაგრამ ბოლო დროს ფანქარი ხელში აღარ სჭერია”, ელენე დევიძე

მათე დევიძის წერილი გაზეთიდან - პოლიტპატიმრების წერილები საქართველოს მოქალაქეებს

ე ერთ პატარა ხის ნავში აღმოვჩნდი, რომელიც დიდმა ტალღებმა დიდ ოკეანეში შეითრია, აქეთ-იქით ახეთქებს და გადარჩენის გზას არ უტოვებს. ჩემს ნავს ნელ-ნელა ნახვტერები უჩნდება. წყალი არც ისე ბევრი, მაგრამ ჩასაძირად საკმარისი რაოდენობა შემოდის. მე კი ვცდილობ, ჩემი დახეული ტანსაცმლით ეს ნახვრეტები ამოვავსო. არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებს, არ ვიცი, რა მანძილს გამატარებს…

ცას რომ ვუყურებ, ამინდის გამოკეთების იმედი არ მაქვს, პირიქით, შავი ღრუბელი უფრო და უფრო შავდება. დღისით კიდევ არა უშავს, რაღაც მაინც ჩანს. ღამეა საშინელება. უკიდურესი წყვდიადი. უდიდესი ფიქრების ტალღა, რომელსაც შებრალების უნარი არ გააჩნია. ყველაზე მტანჯველი მაშინაა, როცა ზედ მივლის, მაყირავებს, მაგრამ როგორღაც ვსწორდები და ვცდილობ, შემდეგ დარტყმას მეტი ძალისხმევით დავხვდე.

იმედი არ მაქვს ამ წარღვნის დასრულების, მაგრამ იმედი მაქვს, ის გემი, რომელიც ჩემგან მოშორებით დაცურავს, შეამჩნევს ჩემს ფართხალს, დაინახავს, რომ მეტი აღარ შემიძლია. მასთან მიახლოების ყველა გზა ვცადე. მაგრამ ეს თვალუწვდენელი აღრიალებული ოკეანე თავისი ბობოქარი ტალღებით ყველა შანსს ხელიდან მაგდებინებს.

არ მესმის, რატომ სჭირდება ასე ჩემი გაქრობა ამ სამყაროდან. რატომ ცდილობს წაშალოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე მყვარებია, რატომ უნდა შემირყიოს ის რწმენა, რომელმაც აქამდე მომიყვანა. რატომ სურს, დამიკარგოს თავისუფლების წყურვილი, რომლისკენაც ასე ძალიან მივისწრაფვით მე და ჩემი დასახიჩრებული, მრავალუბედურებაგანცდილი ნავი. იმედი მაქვს, შემამჩნევს.
ნელი სვლით, მაგრამ მაინც მოცურდება და განთიადთან ერთად ჩემს ფიქრებსაც გაანათებს და გააგრძელებინებს არა გადარჩენის, არამედ განვითარების გზის ძიებას, რომელიც ერთ დღეს შეწყდა…

როცა მათე დაიჭირეს, მე სახლში ვიყავი. დედამ დილას 9-ის ნახევარზე დამირეკა. მათეს ველაპარაკებოდი და უცებ გამითიშა ტელეფონიო. მთხოვა, იქნებ მოიკითხო, მე ვეღარ ვუკავშირდებიო. ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. რატომღაც მჯეროდა, რომ არ დააკავებდნენ. ვიფიქრე, ალბათ, ტელეფონი აქვს დასატენი, მეთქი.

ფეისბუქზე, ჯგუფ „დაიტოვეში” (პროტესტის ამსახველი საჯარო ჯგუფი) შემთხვევით ვნახე, რომ მათე დაკავებულია და მისთვის ადვოკატს ეძებენ. პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამერეკა, ან რა უნდა მექნა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მოინახულა ადვოკატმა მათე დიღმის იზოლატორში. მან გვითხრა, რომ ნაცემი არ იყო. მაშინ ამოვისუნთქე. გვეგონა, რომ მათე ადმინისტრაციული წესით დააკვეს და 48 საათში გამოუშვებდნენ. მე და მამა მივედით 48 საათის შემდეგ იზოლატორთან. ჯერ გამოშვება დააგვიანეს და მერე დავინახეთ, რომ კართან 2-3 პოლიციელი დახვდა და გვერდით შენობაში, პოლიციის განყოფილებაში შეაბრუნეს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე საქმის კვალიფიკაცია შეცვალეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს.

არავინ გვეუბნებოდა ადგილზე, რატომ არ უშვებდნენ. მე და მამა გავწამდით. დაკითხვაზე ჰყოლიათ გამომძიებელთან, ადვოკატის გარეშე. დაკითხვის შემდეგ, გამომძიებელმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ მათეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. ეს ინფორმაცია ახალი შოკი იყო ჩვენთვის. 

მეორე დღეს წაუყენეს ბრალი. მალევე დანიშნეს სასამართლო. ჟურნალისტებისა და ჩემ გარდა, ვერავინ მოასწრო პროცესზე მოსვლა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას მერე კი დავდივართ პროცესებზე.

სახლშიც ჰქონდა მათეს აპარატურა. ან სარეპეტიციოში უკრავდა, ან სახლში. შესაბამისად, ან სახლში იყო, ან სარეპეტიციოში. საათობით შეეძლო მარტოს დაეკრა.

თელავიდანაც გიტარით ჩამომაკითხა აქ. სულ მაგას მეუბნება ციხეში რომ ვნახულობ, ჩემი გიტარა მენატრებაო.

პროცესზე მითხრა, რამდენიმე ახალი მელოდია მიტრიალებს თავში და როგორც კი გამოვალ, უნდა ჩავწეროო. მეც ძალიან ველოდები.

შევპირდი, რომ გამოხვალ, ახალ გიტარას მე გიყიდი-მეთქი.

მათეს გამოგზავნილი ქაღალდის გემები ელენეს.

ელენე მათეს მოსანახულებლად გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

6 თვე გავიდა უკვე. ყველა ნახვაზე ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად გაზრდილია თითქოს.

შემართება ჯერ არ დაუკარგავს. ბრძოლის განწყობაზეა.

ყოველ შაბათს დედა მათეს ზარს ელოდება. შაბათობით თვითონ ისვენებს იქ. სულ მთხოვს, თუ სადმე მათეს ფოტოს ან ვიდეოს გადავაწყდები, გავუგზავნო.

პროცესიდანაც მას ვწერ ხოლმე. მუდმივად ხაზზეა ის საათები.

მათესთან მაბარებს ხოლმე: არ ინერვიულოსო.

მამაც ძალიან განიცდის, მედიებში არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის ესწრება მათეს სასამართლო პროცესს. პაემანზეც დადის. უპირობო მხარდაჭერას უცხადებს მათეს. ძალიან კარგად იაზრებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას. 

არადა, მამასთვის უკითხავთ: რა უნდოდა მათეს აქციაზეო?!

ჩემთვისაც უთქვამთ: რისთვის დადიხართ აქციებზეო?!

კიდევ ვერ იაზრებენ ადამიანები, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად.