მაისის ქრონიკები
ფოტოგრაფი: ლელი ბლაგონრავოვა, მარიამ გიუნაშვილი, თაკო რობაქიძე
სამი ფოტოგრაფის ფოტოობიექტივში აღბეჭდილი 2024 წლის მაისის ქრონიკა ასახავს იმ წინააღმდეგობის, სოლიდარობისა და პერსონალური გამბედაობის მაგალითებს, რაც საქართველოს მოქალაქეებმა „რუსული კანონის” წინააღმდეგ აჩვენეს.
ერთი წლის წინ, 2024 წლის 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონად აქცია. ამ გადაწყვეტილებას ხალხი უწყვეტად აპროტესტებდა თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. პროტესტის ნიშნად გაფიცულები იყვნენ უნივერსიტეტების სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
კანონის მიღებამდე 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბიეს. საპოლიციო ძალებმა მათ დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის კაფსულები. სხვადასხვა სატელევიზიო არხების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები დემონსტრანტებს. მსხვერპლებს შორის იყვნენ ქალები, ბავშვები, ჟურნალისტები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს იზოლატორებში. ათზე მეტმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ ეს დარბევა ასე შეაფასა:
„არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა”.
ფოტოპროექტი აერთიანებს სამი ფოტოგრაფის: თაკო რობაქიძის, ლელი ბლაგონრავოვას და მარიამ გიუნაშვილის, პერსპექტივას, რომელიც პროტესტსა და წინააღმდეგობაში გახვეული ქვეყნის ყოველდღიურობას გვახსენებს.