ციხიდან უფრო ძლიერები გამოვლენ ჩვენი შვილები | სინდისის პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის, ოჯახი
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.
2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. მე-8 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.
ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათებლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.
ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.
ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.
ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.
Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს.
,,ყველაფერი ისე მახსოვს, როგორც გუშინ. თითქოს დრო გაჩერდა ჩემთვის. ვერც ვიაზრებ, როგორ გავიდა 6 თვე. მაგრამ რომ ვუფიქრდები, ვახ, ნახევარი წელი გავიდა, და კიდევ არავინ იცის, როდის გამოვალ :დდდდ
მინდა, რომ ძლიერად იდგე. ამით არაფერი არ მთავრდება. დროებითია ყველაფერი. მზად ვარ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის. მთავარია, თქვენ იყოთ კარგად და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს”, - ფრაგმენტი ირაკლი მიმინოშვილის წერილიდან, რომელიც დედას გამოუგზავნა ციხიდან.
19 წლის ირაკლი მიმინოშვილი ერთ-ერთია იმ 11 ადამიანს შორის, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დედას დამსახურებაა მთლიანად, როგორიც არის დღეს იკა. ჩვენთვის დედა სამაგალითოა, მებრძოლი და შეუპოვარი.
პატარაობიდანვე მხიარული და მოუსვენარია ირაკლი. დღესაც, სასამართლო პროცესზე, უცებ სკოლაში მეგონა თავი, მშობელთა კრებაზე, მოსამართლე ირაკლის აჩერებდა, სკამზე ვერ ისვენებდა.
სულ ვმუშაობდი. ირაკლის პატარა ასაკში მოუწია პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება.
ბავშვობიდანვე ვერ ეგუებოდა უსამართლობას. აქციებზეც ამიტომ დაიწყო სიარული. ირაკლი კობახიძის განცხადების მერე, მაშინვე რუსთაველზე გაიქცა თავის დასთან და შეყვარებულთან ერთად.
4 დეკემბერს წაიყვანეს. სამსახურში ვიყავი, ჩემი შვილის ახლობელმა რომ დამირეკა, პოლიციაა თქვენთან სახლში მისული და არავინ უღებს კარსო. მაშინვე რეკვა დავიწყე, მაგრამ არავინ მპასუხობდა, არც მეზობელი. გამოვვარდი სამსახურიდან. ეზო სავსე ყოფილა პოლიციელებით.
ირაკლი ძლივს გააღვიძეს. ლიზას ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყია, მაგრამ მაშინვე წაურთმევიათ ტელეფონი. მობილურები, კომპიუტერი წაიღეს სახლიდან. ვთხოვდი, გზაში ვარ, 10 წუთი არ წაიყვანოთ-მეთქი. იზოლატორში მობრძანდითო, მიპასუხეს. ადვოკატმაც ვერ მოასწრო სახლში მოსვლა. სასამართლოს უწყისი დამხვდა ოთახში მაგიდაზე.
შოთა თუთბერიძემ მოინახულა წინასწარი დაკავების იზოლატორში, ნაცემი არ იყო. ამის გამო მადლობელი ვიყავი.
მეორე დილას ტანსაცმელი და საჭმელი წავუღე. 6 დეკემბერს პირველი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. დაბნეული ყოფილა ირაკლი, ეგონა რაღაც გაუგებრობაში მოჰყვა და გაათავისუფლებდნენ საქმის მასალებს როგორც კი გაეცნობოდნენ. ირაკლი დაკავებულებიდან არავის არ იცნობდა, ნანახიც კი არ ჰყავდა.
წინა საღამოს შკოდის მარკის ავტომანქანა შევამჩნიე ეზოში. მაშინვე თვალში მომხვდა. პოლიციის ფორმა არ ეცვათ, მაგრამ მივხვდი, ძალოვანები რომ იყვნენ.
სასამართლოში ერთმანეთის დასანახად მივდივართ, თორემ განაჩენი ვიცით, რაც იქნება.
თუ ცოტა ხალხია დარბაზში, გულდაწყვეტილები არიან პატიმრები. თვითონ მაინც მხნედ არიან და აქეთ გვამშვიდებენ.
4 დეკემბრის მერე, მეგობრების უმრავლესობა დავკარგე. 14 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ჩემი მეგობრები ჩემთვის დიდი იმედი იყვნენ. ირაკლის დაკავების მერე, ზოგი საერთოდ გაქრა, არც კი მოვუკითხივარ. მაგრამ აქციებზე იმდენი ახალი მეგობარი შევიძინე, რომ ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ერთ სიტყვაში ვერც ჩავატევ, როგორ მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან და როგორ ვაძლიერებთ ერთამენთს. ძალიან ახლობლები ვართ უკვე ერთმანეთისთვის. ერთი დიდი ოჯახი რომ წარმოიდგინო. ამ განსაცდელს მარტო ვერც გავუძლებდი.
უამრავი უცხო ადამიანისგან ვიღებ მხარდაჭერის წერილებს სოციალურ ქსელში, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც. თვალებით მანიშნებენ ხოლმე თანაგრძნობას. ამას ხომ ვერც წარმოვიდგენდი, რომ სრულიად უცხო, უცებ ძალიან ახლობელი გახდებოდა ჩემთვის?!
უკვე ვიცით, როგორ დასრულდება ეს პროცესები. შევეგუეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქიდან უფრო ძლიერები გამოვლენ ჩვენი შვილები. ამ უსამართლობისთვის ყველამ მინდა პასუხი აგოს. 11 პირის პროცესს დავესწარი და მოსამართლესთან სამართლიანობის ქალღმერთი თემიდას პატარა ქანდაკება რომ დგას, ისიც აღარ იდგა.
ჩვენი შვილები უკან არ იხევენ, არ ეშინიათ, მართლები არიან და იმიტომ. მე კი, ძალიან გაბრაზებული ვარ. რთულია ამის გაძლება.
ადვოკატების ძალიან მადლობელი ვარ. ბიჭებს თავიანთი შვილებივით და მეგობრებივით იცავენ.
მე და იკა ბევრს ტყუპები ვეგონეთ, სულ ერთად ვიყავით, ერთად ვთამაშობდით. ყველგან ერთად დავდიოდით. ყოველთვის თბილი, ცოცხალი, ლაღი და მხიარული იყო. ჩვენ ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით.
დედას თუ გავაბრაზებდით, მეუბნებოდა ხოლმე, სამსახურიდან მოსულს სიურპრიზი დავახვედროთო. კვირაში რამდენჯერმე ხდებოდა ეს ოღონდ.
შრომა არ ეზარებოდა. შრომის ფასიც იცოდა. რადგან კულინარია ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა, რესტორნებში დაიწყო მუშაობა. დილის 6 საათზე დგებოდა ზამთარშიც და ველოსიპედით მიდიოდა ხოლმე სამსახურში. რადგან დედამ მარტომ გაგვზარდა, სულ ცდილობდა, ფინანსური პასუხისმგებლობები თავის თავზე აეღო.
აქციებზეც ერთად დავდიოდით. სახლში რომ მოგვაკითხეს, არ ვიცოდი, რომელი მივყავდით. წინა ღამით აქციიდან ორივე გვიან დავბრუნდით სახლში და გვეძინა.
კარზე ბრახუნი დაიწყეს, თან ყვიროდნენ. უცებ გამოვფხიზლდი მე. ჩაცმა არ მაცალეს, ღია ფანჯრიდან ფარდა გადაწიეს. ვისაც მოვასწარი, მივწერე, ადვოკატს დაუკავშირდით და მოვიდეს-მეთქი. დამცინავი კომენტარები ჰქონდათ, სახლში რომ შემოვიდნენ, იკას უთხრეს, ამაზე კარგ პირობებში კი მიგვყავხარო. თან დაგვცინოდნენ.
გადაღება დავიწყე და მაშინვე მხრებში მწვდნენ. გამაგდებინეს ხელიდან მობილური. ყველაფერი ჩამოგვართვეს, კომპიუტერიც. დედა სახლში არ იყო და ვნერვიულობდი, როგორ გავაგებინო ეს ამბავი-მეთქი.
ვეკითხებოდი, რის საფუძველზე აკავებთ, მუხლი მითხარით-მეთქი. სასამართლოში გაარკვევთქო, მპასუხობდნენ.
ახლა ჩვენთვის ცხოვრება გაძლება და ბრძოლაა.
არავინ არ უნდა დავტოვოთ მერე დაუსჯელი. ამ თვეებში რამდენი რამე წაართვეს და დააკარგვინეს ჩვენს პატიმრებს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება ყველას ყველა დროს ექნება, მაგრამ ჩვენ სულ ფხიზლად უნდა ვიყოთ.
ნინი ექსეულიძე, 23 წლის
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობ, 24-საათიან ცვლაში. მეც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გამო, რასაც სასამართლო პროცესებზე ვხედავ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. აკადემიური ავიღე [სტუდენტის სტატუსი შევიჩერე]. ვიფიქრე, მერე გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ აღარ მგონია ამ პროფესიას დავუბრუნდე. არადა, ბავშვობიდან იურისტობაზე ვოცნებობდი. სიმართლის დაცვა მომწონდა.
მე და ირაკლიმ ერთმანეთი კლუბში გავიცანით და მაშინვე მივხვდით, რომ ერთნაირები ვიყავით. რაღაც კავშირი ვიგრძენით და თურმე ორივეს კარგა ხანს გაგვყვა ეს განცდა. 2023 წლის ბოლო იყო. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით და გაგვიხარდა.
ფეხით სიარული გვიყვარდა ორივეს. დილის 6 საათამდე გვივლია მთელ ქალაქში ფეხით. არ გვბეზრდებოდა ერთად ყოფნა და ყველა ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შეიძლება პათეტიკურად ისმინება ახლა ეს, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა. სალაპარაკო სულ გვქონდა. ერთმანეთს ვამხიარულებდით.
ყველა ცუდ სიტუაციაში ორივეს კარგის დანახვა და გამორჩევა შეგვიძლია. ძალიან თბილი, ყურადღებიანი და ერთგულია ირაკლი.
საღამოს ერთად გავდიოდით რუსთაველზე აქციაზე. სანამ აქცია არ დაიშლებოდა, იქ ვიყავით ხოლმე. გაზითაც მოვწამლულვართ, ერთხელ კაფეში ვიმალებოდით. ირაკლის გაზის ყუმბარა ხელში და ფეხში მოხვდა. იმ ღამეს უცხო ადამიანები დაგვეხმარნენ, მოგვასულიერეს, შეგვიფარეს. ერთხელ მახსოვს, ბალახებში ვიმალებოდით რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომ იქაც არ ვეპოვეთ სპეცრაზმს. მაშინ ძალიან შემეშინდა. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს გავურბოდი თან. ომის დროს ხომ გეშინია, მტერმა არ დაგიშაოს რამე, ახლაც ზუსტად იგივენაირად მეშინოდა. რობოკოპი იმ მომენტში ჩემი მტერი იყო, ყველაფერს დამიშავებდა.
პანიკური შეტევა დამემართა, ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. ტრავმა მივიღე. იმ ღამის მერე, დილით ტირილით ვიღვიძებდი. აქციებზე სიარული მაინც არ შემიწყვეტია.
4 დეკემბერი რომ თენდებოდა, გვიან დავიძინეთ, ტელეფონით ერთმანეთს გამთენიამდე ველაპარაკებოდით. ირაკლის ჩაეძინა, მე მაინც ვერ ვიძინებდი, შფოთვა მქონდა. რაღაცას ვგრძნობდი ეტყობა.
შუადღეს, 3-ს აკლდა 2 წუთი რომ მომწერა, პოლიცია დამადგა სახლშიო. გაღვიძებულზე ეს მესიჯი დამხვდა. ვურეკავდი და მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო.
ლიზამ, ირაკლის დამ გამაგებინა, რომ წაიყვანეს. მაინც მჯეროდა, რომ სიმართლე გაირკვეოდა. ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან, არადა მხოლოდ ჩემთან ერთად დადიოდა აქციაზე. ვინც დაჭერილები არიან, საერთოდ თვალით არ გვყავდა ნანახი მანამდე.
ყველა პროცესზე მაინც იმედით მივდიოდი, მაგრამ სულ ტყუილად. 7 თვე გავიდა უკვე.
დაკავებამდეც უთქვამს, ცოლად უნდა მოგიყვანოო. მაშინ მეღიმებოდა ამაზე.
დაკავების მერეც, ინსტაგრამზე ყოველ დღე ვწერ მესიჯს. უპასუხო წერილებია, მაგრამ დღე არ გამომიტოვებია. ნახატებსაც ვუგზავნით ერთმანეთს ციხეში. მასთან კომუნიკაციის ყველა საშუალებას ვიყენებ.
ცოლობა რომ მთხოვა პროცესზე, შოკში ჩავვარდი. იმ დღეს ჟურნალისტები ინტერვიუს ჩაწერას რომ მთხოვდნენ, უარს ვეუბნებოდი, ვერ ვიაზრებდი ჯერ ამ ამბავს. ისედაც, ყველა სასამართლო პროცესი ემოციურია ხოლმე ჩემთვის. მაგ დღესაც თავი ძალიან მტკიოდა.
მაისში მოვაწერეთ ხელი ციხეში. ალბათ 5 წუთით ვნახეთ ერთმანეთი. 5 თვის შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს შუშის ბარიერის გარეშე. ბადრაგებმა მალევე გაიყვანეს.
დაკავების მერე შევპირდით ერთმანეთს, რომ ეს განცალკევება ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს დააკლებდა
ირაკლის ჩემთვის უთქვამს, შენ გარეთ რადგან მელოდები, ეგ მაძლებინებსო.
ბავშვობაში და მერეც, პოლიტიკაზე ლაპარაკს რომ იწყებდნენ ოჯახში ან ნაცნობებში, არ ვუსმენდი ხოლმე. არ მაინტერესებდა. რაღაც მომენტში, უცებ მივხვდი, რომ რაც ჩემს ქვეყანაში ხდება ბოლო წლებში [2019 წლის აქციები] უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკა. ვეღარ ვიტყოდი, აპოლიტიკური ვარ და ამაზე რეაქცია ვერ მექნება-მეთქი. ჩემთვის ძალიან ფუნდამენტურ რაღაცებს შეეხო: თავისუფლებას, სამართლიანობას…აქციებზე სიარულიც ამიტომ დავიწყე.
ახლაც არ ჩამიქნევია ხელი. უსამართლობის დამარცხების მჯერა, სხვათა შორის, მე და ირაკლი ამაშიც ძალიან ვგავართ ერთმანეთს. სხვის დაჩაგვრას ვერ ვიტანთ.
აქციაზე ირაკლის გარეშე სიარული მიჭირს. პირველად მისი ფოტო პარლამენტის წინ ნაძვისხეზე რომ დავინახე, ძალიან განვიცადე. მთელი ღამე ფოტოს ვერ მოვშორდი. ძირს ვიჯექი. თითქოს, გვერდიგვერდ ვისხედით ნაძვისხის წინ.
ბევრი მიფიქრია, მაგრამ პასუხი ამ დრომდე ვერ ვიპოვე: რატომ დაიჭირეს მაინცდამაინც ირაკლი?!