ქვეყანას მოვივლით და სიმართლეს დავამტკიცებთ | სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის, ოჯახი

ქვეყანას მოვივლით და სიმართლეს დავამტკიცებთ |  სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის, ოჯახი

Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.

2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან.  მე-9 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.

ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათებლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.

ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.

ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

აშკარაა, ჩვენი ნახვები და შეხვედრები დასასრულს უახლოვდება, გული არ გაიტეხოთ. თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრისმეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მით უმეტეს, გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ,  გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავიც შეგაყვარეთ ჩემო თანამებრძოლებო. 

იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის მოგების იმედი და რწმენა - იყავი ის ერთი ადამიანი ყოველთვის შენ!!! - ფრაგმენტი გიორგი მინდაძის წერილიდან, რომელიც დედას გამოუგზავნა ციხიდან.

გამოძიება გიორგი მინდაძეს 29 ნოემბრის პროევროპულ აქციაზე ფეიერვერკის სროლას ედავებოდა. საქმე 353-ე პრიმა მუხლით აღიძრა – პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 3 ივლისს 5 წელი მიუსაჯა.

ნანი წულაია - გიორგი მინდაძის დედა
დაწყებითი განათლების პედაგოგი

წარმოშობით წალენჯიხიდან ვარ. მთის კალთის ძირას, მდინარის რაკრაკში გაზრდილი. წალენჯიხიდან სიყვარულის გამო წამოვედი. სურამში ვისვენებდი და იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მაშინვე მომეწონა, 26 წლის ვიყავი, ის 33-ის. დავქორწინდით, რუსთავში დავიწყეთ ცხოვრება. 30 წელია, თბილი, ტკბილი ოჯახი გვაქვს. 

აქამდე საწუწუნო არაფერი მქონდა. ჩემი ქმარი აზოტის ქარხანაში მუშაობს, მე უბანში მაღაზია გავხსენი. გიორგი ძალიან მეხმარებოდა მის მართვაში. ისე ვიყავით, შაბათ-კვირა თავი როგორ გაგვერთო და დაგვესვენა, მაგაზე ვფიქრობდით. უცებ ყველაფერი თავზე დაგვემხო.

გიორგი მინდაძის მხარდამჭერი აქცია რუსთავში
06.07.2025

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმში
1.08.2025

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმში
1.08.2025

ჩემმა შვილმა ის უსამართლობა ვერ აიტანა, რასაც საქართველოში ბოლო წლებში ხედავდა. იმ დღეს ლექციიდან სახლში არ წამოსულა, აქციაზე დარჩა. დღეს ციხეშია. 

5 წელი მიუსაჯეს. არც მაშინ შემშინებია და არც ახლა შევუშინდები. ვიცი, რომ უფრო მალე გამოვა იქიდან. ასე მკარნახობს ჩემი გული და სინდისი.

გიორგი ჩემი კარის მეზობლის შვილია. მისი ბიოლოგიური დედა 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებამდე დავიტოვე გიორგი. ბავშვის გაზრდაში ვეხმარებოდი მარტოხელა გოგოს. მერე გულის პრობლემა შეექმნა, ოპერაციისთვის ფულის შესაგროვებლად გამზრდელი მამიდა თურქეთში წავიდა, თვითონ იტალიაში. გიორგი ძიძასთან უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ არ გამოვიდა. ეს ამბავი რომ გავიგე, ჩემს ქმარს ვთხოვე, ჩვენ მოვუაროთ-მეთქი. გიო წლის და რვა თვის იყო. თავიდან უარი მითხრა. ამის გამო უსიამოვნებაც გვქონდა. ბოლოს ერთ წელზე შევთანხმდით. ამ ხნის მანძილზე გიოს ოჯახი ფულს ყოველთვიურად გვიგზავნიდა. გიო ბაღშიც მე წავიყვანე, სკოლაშიც. აღარ დავცილებივართ ერთმანეთს. რა ინტერესიც ჰქონდა, ყველგან დამყავდა: მუსიკაზე, ცეკვაზე, სიმღერაზე. ხალხურ საკრავებზე დაკვრაც ისწავლა. რაც შემეძლო ყველა პირობა შევუქმენი. დამოუკიდებელ ადამიანად გავზარდე.

ეს ერთადერთი სათამაშოა, რომელიც გიოს ბიოლოგიური დედისგან საჩუქრად დარჩა, ამიტომ განსაკუთრებით უფრთხილდებიან მას ოჯახში.

გიოსთვის არაფერი დაგვიმალავს. დედამისი იტალიაში ერთად გავაცილეთ. მაშინ კი სულ პატარა იყო, მაგრამ როგორც კი ცოტა მოიზარდა, ყველაფერი მოვუყევი. სანამ დედა ცოცხალი იყო, სულ გვქონდა მასთან კავშირი. ვიდეოთვალით ვანახე, როგორ წავიყვანე პირველად გიო სკოლაში. მინდობილობა მქონდა მისგან. იტალიიდან რომ ჩამოვიდა, გიო მე-6 კლასში იყო. 

ოპერაცია ვერც მოასწრო გოგომ, წინა დღეს ინფარქტით გარდაიცვალა. 32 წლის იყო. სახელმწიფომ მეურვის სტატუსი მომანიჭა. სრულწლოვანი რაც გახდა გიო, არანაირი სტატუსი აღარ მაქვს. დედად არ ვითვლები, ციხეში ვერ შევდივარ. 8 თვეა გიო ციხეშია და პაემნის უფლებითაც არ მისარგებლია. მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. 

სულ იმას მეკითხება: წამალს ხო სვამ, ხომ კარგად ხარო?! იცის, რომ დიაბეტი მაქვს, გულში სტენტი დამჭირდა.

ძალიან თბილი და მოსიყვარულე შვილია გიო.

ერთ დღეს მახსოვს ვუთხარი, გიო, ბებია ჩამოდის-მეთქი. 40-მდე სიცხემ მისცა იმ საღამოს. ექიმთან წავიყვანე. აღმოჩნდა, რომ ნერვიულობის გამო გახდა ცუდად. შეეშინდა, რომ შეიძლებოდა ერთამენთს დავშორებოდით. მაშინ მივეცი პირობა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. ამ მწარე თვეებს თუ არ ჩავთვლით, პირობა შევუსრულე.

გიო დამთმობი, გულუბრყვილო და კეთილშობილია. ამაში დედა შენ გგავარო, მეტყოდა ხოლმე. შრომისმოყვარე და საქმიანია. კარგი მეგობრებიც ვართ მე და გიო.

მე-9 კლასში მითხრა: რამდენიმე საგანი: ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური ენა უფრო საფუძვლიანად უნდა ვისწავლო და დამეხმარე, სამედიცინო ფაკულტეტზე მინდა ჩავაბაროო. ვიცი, რამდენწლიანი სწავლა და მუშაობა სჭირდება ამ პროფესიას, ამიტომ არ გამიხარდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მას თუ უნდა, ხელს შევუწყობ-მეთქი. პირველივე წელს ჩაირიცხა დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში. სტაჟირებას გადიოდა რუსთავის კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგის ოპერაციებს დაესწრო და ისე დააინტერესა, მაგას ავირჩევო, გადაწყვეტილი ჰქონდა. ახლა რა სურვილით გამოვა ციხიდან, ეგ აღარ ვიცი უკვე.

ამ პერიოდში ბევრი ახლობელი დავკარგე. არ მითანაგრძნეს. მაგრამ არ ვნანობ, სამაგიეროდ, იმდენი ახალი მეგობარი და მხარდამჭერი შევიძინე, მადლობელიც კი ვარ. რუსთაველზე მდგარი ხალხი მართლა ერთი დიდი ოჯახია ჩემი.

ჩემს დაბადების დღეს მიუსაჯეს გიოს, მოსამართლემ განაჩენი იმ დღეს გამოუტანა. სული გამიმწარდა კი არა, გავიყინე იქვე. მაგრამ რუსთაველზე რომ წამოვედი, იქ ჩემს თავს ვუთხარი: ახლა უნდა გადარჩე-მეთქი! ამდენი კარგი ხალხი გვერდით სხვა დროს სტუმრად არ მეყოლებოდა. 

გიო თვითონ მხნედ იყო, აქეთ გვამშვიდებდა. მოგვიწოდა, იბრძოლეთ ბოლომდე, ახლა სხვა ბიჭების განაჩენების დროც მოვა და მათი დედები გაამხნევეთო.

დედები გაჩერებას არ ვაპირებთ, ხელჩაკიდებულები ვართ, მთელ ქვეყანას მოვივლით და ჩვენს სიმართლეს მაინც დავამტკიცებთ.

გიოს მშობლები: ნანი და მურმანი

29 ნოემბერს გიორგი ღამით აქციაზე დარჩა. 3 საათი იქნებოდა ალბათ, მომწერა: დედა, ტელეფონი მიჯდება და არ ინერვიულოო. დილას დაბრუნდა სახლში, სულ სველი, სხვისი ტანსაცმლით. ისეთი დაღლილი იყო, საჭმელიც ვერ ჭამა. მაშინვე დაწვა. 

მაგ დღეს მე და ჩემმა ქმარმა ჩვეულებრივ ვიმუშავეთ. საღამოს ახლობელმა წილკანში წაგვიყვანა სტუმრად, გიოც წამოვიდა. იმ ღამეს იქ დავრჩით. პოლიციამაც იქ მოგვაკითხა. ფორმა არ ცმიათ. სამნი შემოვიდნენ სახლში. გიოს ტელეფონი მაშინვე წაართვეს. მეც ამიკრძალეს გადაღება. ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. ერთი ის ვუთხარი: ბავშვს ხელი არავინ დააკაროთ-მეთქი. მანქანით გავყევით უკან. პოლიციელები არაფერზე არ მპასუხობდნენ. მუხროვანში გეტყვიან ყველაფერს, იქ მიდითო. ადვოკატის ძებნა დავიწყე. მუხროვანში არავინ არაფერი იცოდა, მცხეთაში გაგვაგზავნეს. იქაც არ ჰყავდათ მიყვანილი. მცხეთიდან ისან-სამგორის განყოფილებაში წავედით. იქ უკვე ისეთი სასოწარკვეთილი და გამწარებული შევედი, განყოფილების მოადგილემ რომ დამინახა, ახლავე გავარკვევ ყველაფერსო, დამპირდა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. წინ და უკან დავდიოდი ეზოში. ამასობაში, გზიდან ფეისბუქის ჯგუფ დაიტოვეში” დავწერე, გიო აიყვანეს-მეთქი. იმდენი შეტყობინება მივიღე, ისეთი თანადგომა გამოიჩინა სრულიად უცხო ხალხმა. ამ ჯგუფში უნახავს ჩემი წერილი ადვოკატსაც და მირეკავს, ახლა მივდივარ დიღმის იზოლატორში თქვენი შვილის სანახავდო. ვახტანგ მთიულიშვილის ისეთი მადლიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კვირაში სამჯერ ნახულობდა პატიმარს ციხეში. დღეს ხო უკვე მსჯავრდებულია გიო, მაგრამ დღესაც იგივეს აგრძელებს. 

სამი დღე ჰყავდათ იზოლატორში. სულ იქ ვიჯექით მე და მამამისი. ორი კვირა წყალსაც კი ვერ ვსვამდით. მერე ნელ-ნელა ზრუნვაზე გადავერთე. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო გიოსთვის და იმ პერიოდში დაკავებულებისთვის.

ნანიმ ეს საათი პატიმრების პორტრეტებით სპეციალურად დაამზადებინა მშობლებისთვის.

ნანის სურსათის მაღაზია რუსთავში

ნანის სურსათის მაღაზია რუსთავში

უბნის ბავშვები ნანის სურსათის მაღაზიაში ხშირად სტუმრობენ.

რუსთავში გიოს მხარდასაჭერ აქციაზე ჩასულ მოქალაქეებს ნანი ხილით უმასპინძლდება

მინდა მოგილოცო დედების დღე, მართალია პირველი 3 მარტია, პირველი დედების დღე, რომელსაც შვილის გარეშე ხვდები, მაგრამ ეგ არაფერი. იმის იმედი, რომ სხვა დღეებს შვილთან ერთად შეხვდები, არ არის გადაწურული.

ვიცი, რაც აქ ვარ, ბევრი ვინერვიულე და სხვაც ვანერვიულე. მაგრამ არაფერი შეცვლილა, გარდა თმებში ჭაღა თმის ღერების რაოდენობა. ამიტომ, შენც არ ინერვიულო. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი გაივლის.

აშკარაა, ჩვენი ნახვები და შეხვედრები დასასრულს უახლოვდება, გული არ გაიტეხოთ. თითოეული ადამიანის თვალები და ყველაფრისმეტყველი გამოხედვა არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან და მით უმეტეს, გულიდან. ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიკეთოა, რადგან აღმოგაჩინეთ, გაგიცანით, შეგიყვარეთ და თავიც შეგაყვარეთ ჩემო თანამებრძოლებო. 

იბრძოლეთ იქამდე, სანამ ერთ ადამიანს მაინც ექნება ამ ბრძოლის მოგების იმედი და რწმენა - იყავი ის ერთი ადამიანი ყოველთვის შენ!!!

სჯობს უდებური იყო და ყველაფერი იცოდე, ვიდრე ბედნიერი და გაბრიყვებული.

 

არავისზე დაგწყდეს გული ვინც ჩამოგშორდა, ან ჩამოგშორდება. რადგან როცა ეს ხდება, ჩანს, რის გამო შეუძლიათ გაქციონ ზურგი.

სალამი დე, ეს წერილი გაამრავლე რაც შეიძლება, და 3-ში იმ ხალხს დაურიგე, ვინც იქ იქნება. ეცადე, ყველამდე მივიდეს ეს წერილი. ბევრი მოვა, ვიცი. მალხაზის თხოვე, ვიცი არ დაეზარება ჩემთვის.

პ.ს. მახოს თხოვე, ოდნავ მუქად დაბეჭდოსრა ასოები, არ გაწყდეს.

უკანა ნახატი კი, დარბაზში რომ დაჯდებით, ჩამოატარებინე.

დარწმუნებული ვარ, იცნობენ კადრს.




ამ 5 წელსაც გადავიტან. მე და მურმანი ბედნიერი და ამაყი მშობლები ვართ. ციხიდან როცა გამოვა, გიო სწავლასაც გააგრძელებს და შრომასაც.