ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები კონსტიტუციას | გათავისუფლებული საჯარო მოხელეები
ფოტოგრაფი: ვახო ქარელი
პროევროპული აქციების პარალელურად, 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ათობით საჯარო სტრუქტურიდან 800-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული.
საჯახო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ყველაზე ხშირად სამუშაოს ვადის ამოწურვაა დასახელებული. გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ მათ პროფესიონალიზმს არ უწუნებდნენ, საქმეების უმრავლესობაში არ წერია, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევდნენ, ან ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ.
თავად საჯარო მოსამსახურეები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას თავიანთ საჯარო განცხადებებს უკავშირებენ, როცა მათ ღიად გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამის ხაზგასმა და განცხადების სახით გავრცელება მათ „ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის გამოსვლის შემდეგ მოუწიათ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა.
მათ, ვინც მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნა, 2 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძე ასე გამოეხმაურა: „საჯარო სამსახური თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად გადასული და ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი”.
კობახიძის განცხადებიდან მალევე ცვლილებები შედის „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში — საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხი მარტივდება, საჯარო მოხელეების დაცვის მექანიზმები სუსტდება. ინიცირებიდან 4 დღეში, პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს კანონს, რომელსაც იმავე დღეს აწერს ხელს პრეზიდენტი.
რეორგანიზაციის პროცესში საჯარო მოხელის გათავისუფლებისას, მისი მობილობა უწყების ვალდებულება აღარ არის. თუ სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ესეც არ ავალდებულებს უწყებას გაშვებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს მხოლოდ დაკარგული ხელფასი და 3 თვის კომპენსაცია ეძლევა.
ერთმანეთის სოლიდარობისთვის, შრომითი და სამოქალაქო უფლებების დაცვის და სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, ყოფილი საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის დაფუძნებაზე მუშაობენ:
„დასავლეთში და განსაკუთრებით ევროპაში სწორედ პროფესიული კავშირები ქმნიან სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ, ცოცხალ და აქტიურ ნაწილს. საერთო გამოწვევებით და იდეებით გაერთიანებული ადამიანები გაცილებით იოლად უმკლავდებიან დემოკრატიული საზოგადოებისთვის სისტემურ საფრთხეებს. ჭეშმარიტად თანადგომაზე დაფუძნებულ გაერთიანებას ბუნებრივად აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარიზმს”, - მიიჩნევს კახი სამხარაძე, რომელმაც 10 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში იმუშავა.
სასამართლოში საჯარო მოსამსახურეების ინტერესებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. ზოგიერთმა მათგანმა ინდივიდუალურადაც წამოიწყო სამართლებრივი დავა.
Chai Khana ამ ფოტო-ისტორიაში იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებსაც საჯარო უწყებებში მუშაობის ათეულმა წელმა კარიერულ ზრდასთან და ფასეულ გამოცდილებასთან ერთად, ინსტიტუციური მეხსიერებაც შემოუნახა.
ლევან კურცხალია, გათავისუფლებული საჯარო მოხელე
31 წელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში.
1994 წელს თავდაცვის აკადემიაში ჩავირიცხე. თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო, ფორმირების პროცესში. ყველას გვიჭირდა: სამხედროებსაც და მოქალაქეებსაც. კვება, ფორმა ყველაფერი ჭირდა. 1998 წელს დავამთავრე აკადემია და ამ წლიდან იწყება ჩემი სამხედრო კარიერა. ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განვითარდა, რადგან მაშინ ბევრი ადამიანი არ იყო, ვინც ინგლისური ენა იცოდა, მით უმეტეს, სამხედრომ.
2005-2006 წლებში ერაყის ოპერაციაში მივიღე მონაწილეობა. მოგვიანებით ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ სარდლობაში, იქ უფრო ანალიტიკური მიმართულებით ვმუშაობდი. ცენტრალური სარდლობა პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, მე ვიყავი სირიისა და ლიბანის მიმართულებით ექსპერტი. 2015 წლიდან თავდაცვის ატაშეს მოადგილედ ვმუშაობდი შეერთებულ შტატებში. ცოტა ხანს ატაშეს ფუნქციასაც ვასრულებდი.
2019 წელს დავბრუნდი საქართველოში და თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე. ეს იყო ჩემი ბოლო თანამდებობა.
რამდენიმე დღის წინ მივიღე ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
პირველი ქართველი ვარ, რომელსაც სამხედრო დიპლომატიის მიმართულებით სადოქტორო ხარისხი აქვს. ეს მეამაყება.
სამხედრო ატაშეს ძირითადი მოვალეობა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. სამხედრო ატაშე არის ინფორმაციის მიმღები და გამტარი პარტნიორ ქვეყნებთან. მისი მოვალეობაა ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის რესურსები მოიზიდოს.
მჯერა, რომ სამხედრო დიპლომატია დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს საერთაშორისო ურთიერთობებში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი და ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა პენტაგონთან. დიდი მიღწევა იყო, როცა 2018 წელს მათგან შეიარაღება გადმოგვეცა.
მახსოვს ჯორჯ ბუშის პირველი ვიზიტი საქართველოში, მაშინ ეროვნულ გვარდიაში ვმუშაობდი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიყავი. კარგად გავართვით თავი ყველა დავალებას და გამოწვევას. ამ ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა.
ცენტრალურ სარდლობაში როცა ვმუშაობდი, ჯილდოც გადმომცეს კარგი მუშაობისთვის. ის პროექტები, ალბათ, ახლაც საიდუმლოა, მაშინ გრიფით საიდუმლო ედო, 2011 წელს.
როცა ნატოს სამმართველოს უფროსი ვიყავი, პირველად ჩამოვიდა ჩვენთან ნატოს სამხედრო საბჭო 2015 წელს. პროტოკოლის ნაწილზე მე ვიყავი პასუხისმგებელი თავდაცვის სამინისტროდან.
სამხედრო სამსახური ისეთი სამსახურია, რუტინა არ გაქვს, სულ ახალი დავალებები, მიზნები და გეგმებია. დღის ბოლოს შედეგსაც ხედავ. ეს მთავარი „დრაივია”. თავდაცვის ძალები სხვანაირი ფუნქციის მატარებელი სტრუქტურაა, რუტინული საქმე არ გამოდის. ყოველ დილით გაქვს ამოცანა და საღამოს ამ ამოცანის შედეგს ელოდები.
„რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლება” მოგონილია. მინისტრმა მითხრა, რომ სამხედროების როტაციას გეგმავდა, თუმცა ეს როტაცია მხოლოდ ერთ კაცს შემეხო.
ორი სხვადასხვა დეპარტამენტის სამმართველო გააერთიანეს და უფროსად სამოქალაქო პირი დანიშნეს, მოადგილედ მას სამხედრო პირი დაუნიშნეს. ჩემი ადგილი აღარ აღმოჩნდა.
მინისტრმა შემომთავაზა, რომ კადრების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად გადავსულიყავი, მაგრამ ჩემი ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებია, ამიტომ პირდაპირ ვუთხარი, რომ პარაზიტირებას ვერ დავიწყებ-მეთქი. არც ხელფასი იყო ცუდი, უმუშევრად ყოფნას ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ვერ დავთანხმდებოდი. თუ სფეროს იცვლი, უნდა მოემზადო ამისთვის, უნდა ისწავლო, სხვანაირად არ შეიძლება.
1 მარტს გამოაცხადეს რეორგანიზაცია, 11 მარტს უნდა დასრულებულიყო. 11 მარტს ახალი საშტატო სტრუქტურა დაამტკიცეს და გამათავისუფლეს. სამხედრო პირს ის უპირატესობა აქვს, რომ რეორგანიზაციის, ან გათავისუფლების შემდეგ, მას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. სამხედრო კოდექსი გვეუბნება, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა უნდა შესთავაზო ასეთ დროს ადამიანს. თავდაცვის სამინისტროში განათლების მიმართულებაც არის, იქაც შეიძლებოდა ჩემი რესურსის გამოყენება. 4 თვე ველოდებოდი შემოთავაზებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გამომიშვეს.
მე ვარ ერთადერთი სამხედრო პირი, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. თუმცა, რეორგანიზაცია ბევრ სამოქალაქო პირს შეეხო, ვისაც სამხედრო წოდება არ ჰქონია. ძალიან განვიცდი მათ წასვლას სისტემიდან, რადგან ეს დიდი დანაკლისია თავდაცვის ძალებისთვის. ამ კადრებს რამდენიმე დღეში და თვეში ვერ გაზრდი. წლები დასჭირდება.
რეორგანიზაცია ზუსტად დაემთხვა პეტიციაზე ხელმოწერას, როცა 29 ნოემბერს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ღიად თქვეს, რომ ერთგულნი რჩებოდნენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებების. ამ განცხადებაზე ხელმომწერების ძირითადი ნაწილი დღეს სამსახურიდან გაშვებულია.
მათთან ერთად ინსტიტუციური მეხსიერებაც დაიკარგა ფაქტობრივად. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია ჩემთვის. უწყებაში სამოქალაქო გუნდი და სამხედრო პირები ერთმანეთს ვაძლიერებდით.
ნატოსთან ინტეგრაციის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებაზე ვინც მუშაობდა, ძირითადად, ის ხალხი გაათავისუფლეს.
არჩევნებამდე საზღვარგარეთ გადაყვანაც შემომთავაზეს, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამეტოვებინა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი, თან არ ვაკეთებდი ცუდად, რადგან მინისტრის საჯარო მადლობაც გამოცხადებული მქონდა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო „რეორგანიზაციის ფარგლებში” გათავისუფლების გადაწყვეტილება. მაინც მგონია, რომ პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
როტაცია ერთი თანამშრომლისთვის არ კეთდება. ამიტომ მაქვს უსამართლობის შეგრძნება და სამართლებრივი დავა დავიწყე. ახლა სარჩელს ამზადებს ადვოკატი.
ყველაზე დასანანი ახლა იმის ყურებაა, როგორ ხდება ყოველდღიურად ნატოსთან ინტეგრაციის, ორმხრივი თანამშრომლობის პროცესის ნიველირება.
თავდაცვის ძალების წვრთნები იქნება, შეიარაღება, თუ განათლება, საერთაშორისო თანადგომის გარეშე, ეს შეუძლებელია. ამის რესურსი სახელმწიფოს არ აქვს. პარტნიორები გვეხმარებოდნენ.
ევროკავშირის კრიტიკა - ეს უკვე მკაფიო გზავნილია ჩვენი პარტნიორებისთვის, რა გვინდა და საით მივდივართ. თუ არ შეიცვალა რიტორიკა, საბოლოოდ სრულ იზოლაციამდე მივალთ.
იზოლაციის შემთხვევაში, მხოლოდ მტერთან კი არ რჩები პირისპირ, ელემენტარულ გამოწვევებსაც ვერ გაუმკლავდები. თანამედროვე ტექნიკას არ მოგყიდიან, წვრთნებს შენთან ერთად არავინ ჩაატარებს. ჯარი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ყოველდღიურად კვება სჭირდება. ახალი შეიარაღება, ახალი დოქტრინა, წვრთნა - ამას ვგულისხმობ ზუსტად ,,კვებაში”.
ახალ გამოწვევას თუ გუშინდელი დღით ხვდები, რა თქმა უნდა, დამარცხდები. ამ მარცხს მხოლოდ მოწინააღმდეგესთან არ ვგულისხმობ, კრიზისულ სიტუაციას მათ შორის. ბუნებრივ კატასტროფას, მაგალითად. ყველა გამოწვევაში პარტნიორების იმედი უნდა გქონდეს. შენ თუ მარტო აღმოჩნდი, თან მოუმზადებელი, შედეგი სადამდე მიგვიყვანს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
ჩემი შვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მსახურობდა, 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად წამოვიდა სამსახურიდან. ჩემი შვილები საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდნენ. ეს არავისთვის დასამალი არ იყო. როცა სრულწლოვანია ადამიანი, რაც სწორად მიაჩნია, იმას აკეთებს, არავისგან ნებართვის აღება არ სჭირდება. ვერასოდეს ვერ ვეტყოდი ჩემს შვილს არ წახვიდე აქციაზე, შეიძლება მე ამისთვის დავისაჯო-მეთქი. არც გამიკეთებია და არც არასოდეს გავაკეთებ ამას.
ძალიან რთული ყოფილა, როცა ერთ დღესაც გეტყვიან, უნდა წახვიდეო. ცოტა დაბნეულიც ვარ. არც ნაწყენი და არც გაბრაზებული. დღეს იქნება, თუ ხვალ, ყველაფერს ადეკვატური პასუხი გაეცემა, ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ.
ძალიან ვეცდები, რომ საქართველოში ვიპოვო ჩემი სიმართლე.
სისტემამ არ უნდა დაჩაგროს არც სამხედრო მოსამსახურე და არც სამოქალაქო, რომელიც ათეული წელია პატიოსნად მუშაობს. არასამართლიანი მოპყრობა სამხედროებს არ უნდა შეეხოთ, იმიტომ რომ სამხედრო მოსამსახურეში, მის მომზადებაში, გაზრდაში, განათლებაში დიდი რესურსი იდება სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, მისი სამსახურიდან გაშვება ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი არ უნდა იყოს. ვგულისხმობ: პოლკოვნიკს, გენერალს, მაიორს.
მეგი ბენია, ყოფილი საჯარო მოხელე
10 წელი მუშაობდა საჯარო სამსახურში.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი სტაჟირება რომ დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2015 წელს. 6 თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს: თუ რუსული კარგად იცი, მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში გვჭირდება კადრი; თუ თანახმა ხარ, მოდიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
მალევე სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი და იქიდან დაბრუნებულმა, 2017 წელს უკვე სტაჟირება დავიწყე ნატოს დეპარტამენტში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციის სტრუქტურებში. მას მერე საჯარო სამსახურში ვარ. გამოცდები ჩავაბარე, უკვე თანამშრომელი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ზუსტად ამ დროს დაიშალა სამინისტრო. ამიტომ მოვხვდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ნატო-ს განყოფილებაში.
„გავრილოვის ღამეს” [2019 წლის 20-21 ივნისს] ჩვენ შსს-ში ვიყავით. მაგალითად, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შეუძლია 6 საათის შემდეგ ადგეს და აქციაზე წავიდეს, შსს-ს თანამშრომელს არავითარ შემთხვევაში ეს არ შეუძლია.
მაგ საღამოს თანამშრომლების საერთო ჯგუფში ჩემმა უშუალო უფროსმა მოიწერა: ვისაც გინდათ, გადით აქციაზეო. წავედი. ადგილზე პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს შორის გახარიას გადადგომა იყო. როგორც შსს-ს თანამშრომელმა უხერხულად ვიგრძენი თავი, ამიტომ მოვბრუნდი აქციიდან.
პარალელურად სულ ვცდილობდი სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავსულიყავი. 2019 წლის აგვისტოა და გამოჩნდა ადგილი. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს მესამე მდივნად დავინიშნე. მოგვიანებით, მეორე მდივნად დავწინაურდი და ამ პოსტზევე დავასრულე ჩემი დიპლომატიური კარიერა.
ამ ხნის მანძილზე მართლა ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ეს პათეტიკა არ არის. ზოგიერთი საკითხი ისეთი სენსიტიური იყო, რომ მათზე ხმამაღლა ახლაც ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობდით. სანამ პოლიტიკური „ლიდერშიპი” საშუალებას გაძლევს, იქამდე საქმეს აკეთებ.
ახალ მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილი] ჩვენ პეტიციით დავხვდით. 25 ნოემბერს დაინიშნა, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ კი, უკვე მზად გვქონდა პეტიცია და ხელმოწერები.
მანამდე ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებაზე ვმუშაობდი. გააუქმეს. ბოლოს ჩემი პორტფელი იყო: შავი ზღვის უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება დიპლომატიის ნაწილში, ჰიბრიდული სააფრთხეები, დეზინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის კონტექსტში — ლუგარის ცენტრთან დაკავშირებული დეზინფორმაცია იგულისხმება აქ. უსაფრთხოების საკითხებზე სიტყვით გამოსვლის ტექსტებსაც ვამზადებდი, მინისტრი იქნებოდა, მოადგილე, თუ სხვა თანამშრომელი. ანალიტიკურ მასალებზეც ვმუშაობდი.
მაგალითად, უკრაინაში ომი რომ დაიწყო, პირველ კვირაში არ არსებობდა Washington Post-ის და NY Times-ის მასალები. ავიღე უკრაინის ცარიელი რუკა, ტელეგრამსა და ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გავფილტრე და სამხედრო მოქმედებები რუკაზე დავიტანე. ხელით შემყავდა ეს მონაცემები. მერე ნელ-ნელა გაჩნდა ამ ინფორმაციის წყაროები.
ამერიკაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია რომ იცვლებოდა, დავწერე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო საგარეო პოლიტიკა ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ვთქვათ, რა როლი შეიძლებოდა ჰქონოდა ენტონი ბლინკენს. ეს შიდა მოხმარების დოკუმენტი იყო.
„რუსული კანონის” მიღების დროს რამდენიმე პროგრამა შეჩერდა. ჩვენ გვინდოდა კიბერდიპლომატიის ქვეყნად განვითარება, პირველი პროექტები ამ მიმართულებით სწორედ მაშინ შეგვიჩერდა. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიამ ზოგადად, თავისი ფუნქცია დაკარგა. ეგ იყო პერიოდი, როცა თანამშრომლებმა არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორ გვემოქმედა, რაღაცას ველოდებოდით. მოვლენების განვითარებას მივყვებოდით.
ცვლილებებს 28 ნოემბრამდე ველოდებოდი. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, მეგონა, დიდი საპროტესტო ტალღა აგორდებოდა. შევცდი, მაგრამ 28 ოქტომბრიდან ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე.
„რუსული კანონის” მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, ჩერდება თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან. უკვე თვალსაჩინოა პრობლემები: ახალ პროექტებს ვეღარ ვიწყებთ. ნომინალური როლი გრჩება სისტემაში. ახალ ინიციატივებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
როგორც ჯარი, თავდაცვა არ არსებობს საქართველოში ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, ასევე, ფართო უსაფრთხოების საკითხები არ არსებობს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ახლა ყველაფერი დაპაუზებულია. ფუნქცია აღარ მქონდა. აღარ იყო საქმე. ბოლოს ერთი სული მქონდა, მალე დასრულებულიყო. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია.
მე გათავისუფლებული საჯარო მოხელე არ ვარ, დავასწარი და წამოვედი.
როცა მივხვდი, რომ სიტუაცია იცვლებოდა, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა.
შემოთავაზება მივიღე და ვერ ვიტყოდი უარს, შემოსავლის გარეშე ვერ დავრჩებოდი.
16 ივნისს დავწერე განცხადება მხოლოდ ერთი წინადადებით: გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამათავისუფლოთ სამსახურიდან. საშინლად განვიცადე. 17 ივნისს უკვე ბრძანება გამზადებული იყო, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი სისტემაში რომ წავიკითხე. ჩემი თანამშრომლები 1 ივლისს გაათავისუფლეს. სამუშაო მეილზე წვდომა ჩვენ ყველას ერთ დღეს გაგვითიშეს. როგორც ჩანს, IT სამსახურს ერთიანი სია ჰქონდა გადაცემული. მეც მაგ ტალღაში მოვყვებოდი, რომ არ დამესწრო განცხადების დაწერა.
საკონსულოების და საელჩოების საშტატო ნუსხა გამოგვიგზავნეს მეილზე და აღმოჩნდა, რომ პირდაპირ იმ ადამიანების პოზიციები იყო გაუქმებული, ვინც პეტიციას ხელი მოაწერეს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულია 40 საჯარო მოხელე, 40-ივე პეტიციის ხელმომწერი.
რას ნიშნავს ამ ადამიანების სისტემიდან გაშვება, ამას ხშირად მოქალაქეები ვერ იაზრებენ. მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გავიხსენოთ. ეს კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამისთვის რა სამუშაოც არის ხოლმე გასაწევი, ვინ აკეთებს? — საჯარო მოხელე. ვინ სარგებლობს? — რიგითი მოქალაქე.
სულაც რომ ხვალ მთავრობა შეიცვალოს, იმ ზიანის გამოსწორებას, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიადგა, დიდი დრო დასჭირდება. პროცესის შემოტრიალება არ იქნება ადვილი. ის ადამიანები არიან სისტემიდან გაშვებულები, რომლებმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შექმნეს. ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად.
ჩემი მოტივაცია საჯარო სამსახურში მუშაობის და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის, რა იყო?! მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანას ვემსახურებოდი, თორე ხელფასი ძალიან დაბალია. პროფესიული განვითარებაც დიდი მოტივაციაა.
მუშაობა რომ დავიწყე, ჩემს პოზიციაზე ხელფასი 1100 ლარი იყო. ნელ-ნელა გაიზარდა, მაგრამ ინფლაციაც გაიზარდა ქვეყანაში. ბოლოს ჩემი ხელფასი 1700 ლარი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჩვენი ხელფასიდან გვეჭრებოდა.
ახლა თსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ: საერთაშორისო ურთიერთობებზე. ვცდილობ, აკადემიურ სფეროში გავაგრძელო მუშაობა, პუბლიკაციები დავწერო. შინაგანი ტრანსფორმაციის პროცესში ვარ. კვლევითი მიმართულება ძალიან მაინტერესებს.
ჩემი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან, არ უყვართ ომზე ლაპარაკი. რამდენიმე თვის წინ ბაძაჩემმა თავისი გამოცდილება გაიხსენა. დაახლოებით ჩემს ასაკში მოუწია ყველაფრის 0-დან დაწყება. ერთ დღეში დასრულდა მისთვის ყველაფერი. ახალი პროფესია უნდა ესწავლა. ეს რომ გავიაზრე, მერე ცოტა გამიმარტივდა ჩემი მდგომარეობის აღქმა. ესე იგი, ახალი არ არის, სხვასაც გამოუვლია იგივე.
ანა კომლაძე, გათავისუფლებული საჯარო მოხელე თბილისის მერიიდან
10 წელი მუშაობდა თბილისის მერიაში.
მერიაში მუშაობის დაწყებამდე გერმანულ კომპანიაში ვმუშაობდი 7 წელი, პროფესიით მთარგმნელი ვარ, გერმანული ენის ბაკალავრით, მაგრამ კულტურის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ვარ, ხელოვნება მიყვარს, პოეზია და ლიტერატურა. სანამ მერიაში მუშაობას დავიწყებდი, ჩემი ინიციატივით პოეზიის საღამოებს ვმართავდი ხოლმე.
2015 წლის 13 აგვისტოდან გავხდი მერიის თანამშრომელი. თავიდან კულტურის ობიექტების განყოფილებაში ვმუშაობდი, 2017 წელს კი კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილებაში გადავედი. ეს თავისუფალი პროექტების განყოფილებაა, სხვადასხვა ორგანიზაცია მოგვმართავს. უფროსი სპეციალისტი ვიყავი. ეს საქმე, რომელიც ძალიან მიყვარდა, სამსახურიც იყო და ჰობიც. ბევრი ადამიანი გავიცანი და დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ჩემს ვალდებულებებს. ჩვენთან არსებობს საჯარო მოხელის მუშაობის შეფასების სისტემა და ყოველთვის საუკეთესო შეფასება მქონდა.
ყველაზე ხშირად ჩვენთან იცვლებოდა კადრები, სულ გადინება იყო. სამუშაო საათების მიღმა, იმ ღონისძიებებზე დასწრებაც გვევალებოდა, რასაც ვაფინანსებდით. როგორც წესი, ეს ღონისძიებები, საღამოობით იმართებოდა და შეიძლება 10-11 საათამდე ვერ დასრულებულიყო. ადამიანებს დღე სამსახურში უწევდათ ყოფნა, საღამოს ღონისძიებაზე.
ინკლუზიური განათლების და ხელოვნების პროექტების პროგრამას მთლიანად მე ვკურირებდი. ორგანიზაციები მოგვმართავდნენ ერთჯერადი პროექტის დაფინანსებისთვის, მაგალითად, სპექტაკლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მონაწილეობით, გამოფენა, საქველმოქმედო საღამო, კონცერტი, ერთჯერადი ღონისძიება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, ნებისმიერი რამ, საიუბილეო საღამო, ქორეოგრაფიული საღამო, ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა, ამაზეც ვმუშაობდი. შემოსულ განაცხადებს ვეცნობოდი და კომისიაზე გასატანად ვამზადებდი. ზოგ პროექტს სრულად აფინანსებდა კომისია, ზოგს ნაწილობრივ, უარსაც ეუბნებოდნენ. დაფინანსების გადაწყვეტილებიდან ღონისძიების გამართვის დღემდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში.
როცა გამათავისუფლეს, ეს საქმე არავისთვის არ გადამიბარებია.
ყველაფერი 28 ნოემბერს პრემიერის შოკისმომგვრელი განცხადებით დაიწყო, როცა აიღო და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოქმედება შეაჩერა, სხვა რა ჰქვია ამას? ყველგან დიდი რეაქცია მოჰყვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო პირველი და ჩვენც არანაკლებ შევშფოთდით.
როცა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, თავიდან ვვარაუდობდით, რომ 40-50 ადამიანი შეგროვდებოდა, ამ მოლოდინით ვიყავით, მაგრამ დავინახეთ, რომ ხელმოწერები ემატებოდა და ემატებოდა, ქსელურად გავრცელდა ყველა სამსახურში და ხელმომწერი თანამშრომლების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. მართალია, მერმა ეს საბოტაჟად შეაფასა, მაგრამ ხელისმომწერი ადამიანები არც კი ვიცნობდით ერთმანეთს. ჩემი განყოფილებიდან ვინც მოაწერა ხელი, მე მხოლოდ იმათ ვიცნობდი.
30 ნოემბერს გავავრცელეთ განცხადება. პირველი ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი გაათავისუფლეს, ვის გვერდზეც პეტიცია გავრცელდა, სადღაც ორ კვირაში გაუშვეს. ამას მოჰყვა ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების გაშვება, ვისი გაშვების შესაძლებლობასაც კანონი მყისიერად იძლეოდა. შემდეგი ეტაპი იყო უკვე რეორგანიზაცია, რომელსაც წინაპირობა არ ჰქონია. პეტიციის გავრცელებამდე სიტყვა რეორგანიზაცია არც გაჟღერებულა.
გათავისუფლებამდე არავინ არ დამლაპარაკებია. 5 მარტს მაცნეზე როცა გამოქვეყნდა საშტატო ნუსხა, იქიდან გავიგე, რომ ჩემს განყოფილებაში ორი უფროსი სპეციალისტის შტატი აღარ არის. ჩემი განყოფილებიდან მე და ჩემი კოლეგა ვაწერდით ხელს პეტიციას, ადგნენ და 4-კაციანი განყოფილებიდან ეს ორი ადამიანი შეგვამცირეს.
რეორგანიზაცია ხომ ცვლილებას ნიშნავს? ჩემს სამსახურში არაფერი შეცვლილა — 5 განყოფილება დარჩა 5 განყოფილებად, უბრალოდ, კულტურის განყოფილებიდან 2 ადამიანი შეგვამცირეს და ერთიც განათლების განყოფილებიდან, რომელიც ასევე პეტიციის ხელმომწერი იყო. თუმცა ისეთებიც დატოვეს და არ გაუთავისუფლებიათ, ვინც პეტიციას ხელს აწერდა.
წნეხის და რეპრესიის სტრატეგიამ იმუშავა და მერიაში პროტესტი ჩაახშეს. სამწუხაროდ, თავიანთი ადგილების შენარჩუნება არჩიეს. მგონია, რომ თავს ცუდად გრძნობენ. რამხელა დისკომფორტია, როცა ხედავ უსამართლობას და იძულებული ხარ, შეეგუო, გაჩუმდე. როგორ უნდა დაესწრო კონცერტს, როცა იცი, რომ პარალელურად სასამართლო პროცესი იმართება, სადაც შენი შვილის თუ შვილიშვილის ტოლ ადამიანებს ციხეში უშვებენ. კონცერტს დაესწრნენ კი არა, ფეისბუქ სთორებიდან ვიცით, რომ ევროპაში ატარებენ შვებულებას, როცა ჩვენ აქ ევროპისთვის ვიბრძვით.
საჯარო სამსახური ნიშნავს სახელმწიფოს და ხალხის მსახურებას. საჯარო ინტერესი ადამიანის პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა მდგომი ინტერესია. საჯარო ინტერესი საერთო სარგებელია. ჩვენ კი რას ვუყურებთ, რომ ხელმძღვანელობა არის პარტიის ინტერესის გამტარებელი, ეს ვერ გაუმიჯნავთ.
ეს ვერტიკალი იმართება ზემოდან ქვემოთ, ასე წარმართეს საჯარო სამსახური, რომ ინიციატივა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩაკლეს ადამიანებში. შეუკრეს ხელ-ფეხი საჯარო მოხელეებს, რომლებიც ინიციატივის ნაცვლად, ელოდებიან დავალებებს, რასაც შეასრულებენ.
როცა საჯარო მოხელე მუშაობას იწყებს, ის დებს ფიცს, რომელიც ასე ჟღერს - ვაცნობიერებ საჯარო სამსახურში დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას და ვაცხადებ რომ ერთგულად ვემსახურები საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, დავიცავ საჯარო ინტერესს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ზაზა სოფრომაძე, გათავისუფლებული საჯარო მოხელე კულტურის სამინისტროდან
23 წელი მუშაობდა კულტურის სამინისტროში.
კულტურის სამინისტროში ვარდების რევოლუციამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დავიწყე მუშაობა. 2003 წლის დასაწყისიდან 2025 წლის 16 ივნისამდე ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში სამინისტროც იცვლიდა სახეს, სახელწოდებას, სხვადასხვა დარგი უერთდებოდა. თავიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა, თეატრალური სამმართველოს უფროსი ვიყავი, მაგრამ ამ ცვლილებებთან ერთად ჩემი პოზიციაც იცვლებოდა. ბოლოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებით პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ვიყავი.
მინისტრიც ბევრი შეიცვალა, ნამდვილად. თუ სწორად მახსოვს, 23 წელიწადში 11 მინისტრი შევიცვალე, იყვნენ მინისტრები ერთი წლით, რამდენიმე თვით, მინისტრები იყვნენ რამდენიმე წლითაც.
ყველა სამინისტროში არის უცვლელი სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, ეკონომიკური, საფინანსო, ტექნიკური, იურიდიული, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ამის გარდა, არის დარგობრივი სტრუქტურული ერთეულებიც, კულტურის სამინისტროს შემთხვევაში, ეს არის ხელოვნების დეპარტამენტი, რომელიც ხელოვნების დარგებს კურირებს. ეს სამსახურიც განიცდიდა სახეცვლილებას და სახელების ცვლილებას, მაგრამ დასაქმებული ადამიანები ძირითადად რჩებოდნენ თავიანთ პოზიციებზე, მათ ნაკლებად ეხებოდათ ეს ცვლილებები.
2010 წელს საკმაოდ მასშტაბური და მტკივნეული რეორგანიზაცია იყო სამინისტროში, ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს, გარკვეული ნაწილი დარჩა. მინისტრები და მათი მოადგილეები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შენარჩუნება, ვისაც ხანგრძლივი ინსტიტუციური მეხსიერება აქვთ. შეუცვლელი ნამდვილად არავინ არ არის, მაგრამ როცა ხისტად ხდება კადრების ცვლილება, გარკვეული ვაკუუმი იქმნება, რაღაც პროცესები ფერხდება და სამუშაო დინამიკას ხელი ეშლება. ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ახალბედები სწავლობენ და ოსტატდებიან.
სამინისტროში მუშაობისას ყველაზე მომხიბლავი თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა იყო. რეგიონული თეატრების განვითარების ხელშეწყობას გამოვარჩევდი, თეატრის მოწყობის სამართლებრივ ბაზაზე მუშაობას. ეს სფერო კანონით რეგულირდება და კანონის სხვადასხვა რედაქციაზე ვიმუშავეთ, რომ საბოლოოდ თეატრებს გამართულად შესძლებოდათ ფუნქციონირება.
რეგიონებში ბევრგან ჩამქრალი იყო თეატრალური ცხოვრება, პრინციპში, ბევრი თეატრი არც ფუნქციონირებდა, ისეთი ტრადიციული და დიდი ისტორიის მქონე, როგორებიცააა, მაგალითად, ჭიათურის და მესხეთის თეატრები. თეატრალურ ცხოვრებას ფართო პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი დატვირთვაც აქვს. სამინისტროს უცვლელი პრიორიტეტი იყო რეგიონული თეატრების ხელშეწყობა, მაგრამ ერთი ან ორი სპექტაკლის სადადგმო ხარჯით ხელშეწყობა არ არის თეატრის განვითარების ერთადერთი გზა და გამოსავალი. ამ სფეროს გარდაქმნა სჭირდება. გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ეს პროცესი არათანმიმდევრული იყო. ერთ წინადადებაში თუ ვეცდებით, გავაერთიანოთ, ეკონომიკური ნიადაგის არ არსებობა იყო მთავარი ხელისშემშლელი.
საჯარო სამსახურს აქვს თავისი ხიბლი — სტაბილურობა, ანაზღაურების ოდენობა კერძო სექტორისგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული შემოსავლებზე, სამუშაო გრაფიკიც სტაბილურია. ცხადია, ეს რუტინული და ერთფეროვანიცაა, მაგრამ ეჩვევი და ასე გროვდება ეს წლები. თავიდან ვფიქრობდი, რომ 10 წელი საკმარისია, მაგრამ ისე გავიდა ეს 10 წელი, მეორე ათწლეული და დაიწყო მესამე, თითქოს რამდენიმე წელი იყო სულ. ჩემი პროფესიაც არ არის მოთხოვნადი, თეატრმცოდნე ვარ, არჩევანი და ასპარეზი რომ მქონოდა, შეიძლებოდა, შემეცვალა სამუშაო ადგილი, მაგრამ ამანაც გამოიწვია ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა.
მე მაინც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კულტურის სამინისტრო უფრო დემოკრატიული სამინისტრო იყო. არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა სამინისტროებში, მაგალითად, ძალოვან უწყებებში, მაგრამ ეს ხიბლიც ჰქონდა ამ სამინისტროს.
თეატრის სფეროში პოლიტიკური წმენდა არ ყოფილა ნამდვილად, არც პრინციპულად მიუღებელი ნაბიჯები გადაუდგამთ, რაც იძულებულს გამხდიდა სამსახური დამეტოვებინა. რამდენიმე თვის წინ კანონში ცვლილება შევიდა: სამხატვრო ხელმძღვანელებს სახელწოდება შეეცვალათ და დირექტორები ეწოდათ. ამ პროცესში ერთადერთი თეატრის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, მუსკომედიის, რომელიც ახალი თეატრის სახელითაა ცნობილი [საუბარია დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე.რედ]. დიდი არჩევანი ისედაც არ არის. თეატრისთვის ამდენი კვალიფიციური კადრის მოძებნა, რეჟისორის, რომელიც როგორც შემოქმედებითად, ისე ორგანიზაციულად გაუძღვება თეატრს, არც ისე მარტივია. პოლიტიკური ნიშნით მისაღები იყო, თუ არ იყო, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობა ითვალისწინებდა კადრების დეფიციტს და არ ცვლიდნენ თეატრის ხელმძღვანელებს.
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ღირსების შემლახავი ზეწოლა არ ყოფილა არასდროს. მხოლოდ ერთი შემთხვევის გახსენება შემიძლია, 2012 წელს, მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა და იყო ერთგვარი მინიშნება „ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებთან თანამშრომლობაზე. მე მაშინვე ვიუარე და ამ უარის გამო, ანგარიშსწორება ნამდვილად არ მიგრძვნია. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას რაც შეეხება, ასეთი რამ უფრო ხდებოდა. პარტიულ, მასობრივ შეკრებებზე დასწრება სამივე ხელისუფლების დროს მახსოვს.
ამდენწლიანი საქმიანობა ჩემი გათავისუფლებით დასრულდა. გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, შტატის გაუქმების გამო გამათავისუფლეს.
რეორგანიზაცია 2025 წლის 31 მარტს გამოცხადდა და 16 ივნისს დასრულდა. წმენდა არ ყოფილა. მე რაც ვიცი, რეორგანიზაციის პროცესში სამსახურიდან პირადი გადაწყვეტილებით წავიდა ერთ თანამშრომელი და ნების გარეშე ერთი ადამიანი გამიშვეს.
საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი და ჩემს პოზიციას ღიად გამოვხატავდი. ამის გამო ხელმძღვანელობისგან შენიშვნა არ მიმიღია, მაგრამ თანამშრომლები, მეგობრები, კოლეგები კი შიშობდნენ რომ ასე მოხდებოდა.
აზრის გამოხატვას არასდროს ვერიდებოდი, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის რამდენიმე ფეისბუქ პოსტმა განაპირობა, რომელიც სამინისტროს მიღმაც მოხვდათ თვალში. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტები იყო. ისიც იცოდნენ, რომ აქციებზე დავდიოდი.
უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი, ასეთ სიტუაციაში აქამდე არ ვყოფილვარ. კრიტიკულ სიტუაციაში ბევრი რამ ჩანს უფრო ცხადად. დავინახე საზოგადოების იმ ნაწილის ინდიფერენტულობა, ვისთანაც წლების განმავლობაში პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებდა. პრეტენზია არ მაქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, მაგრამ ასეთი სიჩუმეც მიუღებელია. მე ასე არ მოვიქცეოდი.
საჯაროდ მხარდაჭერის გამოხატვა ხომ არ არის მხოლოდ? მეგობრების გარდა, კოლეგებიდან მხოლოდ რამდენიმემ თუ მომიკითხა ზარით ან მიმოწერით.
რისი უნდა ეშინოდეთ? რა უნდა უქნან კონკრეტულ ადამიანებს? მაგრამ თავს იკავებენ. ჩემი პრობლემა რა მოსატანია, როცა ამდენი უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანია ჩემზე გაცილებით უფრო შევიწროებული და უფლებადარღვეული.
გათავისუფლების შემდეგ ორი თეატრის ხელმძღვანელს მივმართე დასაქმების თხოვნით, პირდაპირი უარი არ უთქვამთ, თავი შეიკავეს და პერსპექტივაში დამპირდნენ, ვნახოთ, შეიძლება რაღაც გამოჩნდესო. ცოტა ხნის წინ კერძო კომპანიაში დავიწყე სტაჟირება, ჩემს სფეროსთან არ არის კავშირში, სავაჭრო ქსელია. რამდენად ავუღებ ალღოს და მოვერგები, ვნახოთ.
სასამართლოში შევიტანე სარჩელი, რომელიც წარმოებაში მიიღეს. განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის აღიარებას ვითხოვ. როცა უცერემონიოდ გიშვებენ სამსახურიდან, უფლებას და ღირსებას გილახავენ, უსამართლობის განცდას აჩენს.
სასამართლო დავისგან რას ველოდები? რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენას, როგორი წარმოდგენაც არ უნდა მქონდეს სასამართლო სისტემაზე, მიმაჩნია, რომ მაინც სამართლებრივი გზით უნდა შეეცადო ადამიანი სამართლიანობის აღდგენას.