დიდხანს ვერც ბოროტება ძლებს | სინდისის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის, ოჯახი
ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
თბილისის მთავარ გამზირს მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველ საღამოს დღესაც კეტავენ. ამ პერიოდში წინააღმდეგობამ ინტენსივობის სხვადასხვა ფაზა გაიარა. ბოლო ორ წელში 100-ზე მეტი ადამიანია სისხლის სამართლის წესით დაკავებული.
ახალი შემზღუდავი კანონების აღსრულება „ქართულმა ოცნებამ” 17 ოქტომბრიდან დაიწყო. სახის დაფარვისთვის და გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. მათ შორის არიან: ჟურნალისტები, არტისტები, სტუდენტი, მორაგბე, გამომცემელი, მწერალი, რედაქტორი, პროგრამისტი.
რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათებლებს. ახალ გარემოში ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.
Chai Khana აგრძელებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გადაღებას. ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.
პაემანზე ვიყავი ქსანში. ისე ვნერვიულობდი პატიმარი გიორგი რომ უნდა მენახა, ვფიქრობდი, ალბათ, გარეგნობითაც შეცვლილია-მეთქი. ვერ ავიტანდი ამას. მაგრამ, არა, ჩვეულებრივი ოკმელაა. ისევ ისეთი ყოჩაღი. კარგი შვილი მყავს - ნინო ნოზაძე, გიორგი ოკმელაშვილის დედა
გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს. პროკურატურა მას 13 მაისის დილას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა და გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მე და ოკმელას ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. 2005 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს. 2008 წლიდან უფრო დავახლოვდით, 2010 წელს კი ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ჯვარი გერგეთზე დავიწერეთ. იქ ჰყავს გიორგის მოძღვარი. კარგი დღე იყო, მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ, ქორწილს ვერც დავარქმევ, მაგრამ ყველამ კარგად მოვილხინეთ. 15-16 წელია უკვე ერთად ვართ. 10 წელი შვილი არ გვყავდა, სულ ვმუშაობდით, ბევრს ვშრომობდით. მე არქიტექტორად ვმუშაობდი, ოკმელა რეკლამებს იღებდა. ბინა ვიყიდეთ, სტაბილური სამსახურები გვქონდა. ოკმელა ფუტკარივით მშრომელია. ყველაფერი, რაც გვაქვს, ჩვენი შრომით შევიძინეთ. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს, დღეს ფეხზე რომ ვდგავარ, მათი მხარდაჭერის დამსახურებაა. ფინანსურადაც ძალიან მეხმარებიან. სულ ცდილობენ, ნიკოლას არაფერი მოაკლდეს.
საჯაროდ სიყვარულის გამოხატვა არ უყვარს ოკმელას, ცალკე ძალიან მოსიყვარულეა. მხიარული ადამიანია. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვყოფილიყავი მასზე, რამე ისეთს მოიფიქრებდა, რომ მაშინვე მავიწყდებოდა და ჩახუტება მინდებოდა. ნასვამიც ძალიან საყვარელია, მაშინვე ბავშვი ხდება. მარტო ოკმელა კი არა, მთვრალი ოკმელა მენატრება.
მასთან დასვენებაც სასიამოვნოა, დალევაც და გართობაც.
***
ოკმელა როცა დააკავეს, ნიკოლა 3 წლის იყო. ჯერ კარგად ვერ ლაპარაკობდა. გიორგის იმაზე სწყდება გული, რომ იმ დროს არ არის შვილის გვერდით, როცა ის სამყაროს გააზრებას და შემეცნებას იწყებს. ამაზე ძალიან დარდობს. ყველა დარეკვაზე როცა ნიკოლას კითხულობს, ვუბოდიშებ ხოლმე, რომ მე ნიკოლას გვერდით ვარ და თვითონ არა.
მძიმე დღე იყო 13 მაისი. „რუსული კანონი” [ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიიღეს. ხალხმა მთელი ღამე პარლამენტთან გაათენა. მე დილის 6 საათისკენ მივედი, ერთმანეთი რომ ჩაგვენაცვლებინა. ოკმელას 11 საათისთვის გადაღება ჰქონდა, არ გავაღვიძე და მარტო წავედი. ჩვენი მეგობრებიც იქ იყვნენ. აუტანელი სიტუაცია დამხვდა. შავებში ჩაცმული სპეცდანიშნულების რაზმი იქით მხარეს და ჩვენ, ხალხი, აქეთ. სანამ გადაღებაზე წავიდოდა, ოკმელაც ჩამოვიდა. შავებში ჩაცმულები ტელეფონში იყურებოდნენ და სახეებს ათვალიერებდნენ, იქ შეკრებილების იდენტიფიცირებას ახდენდნენ, მერე თავიანთ ჯგუფში შეჰყავდათ და იჭერდნენ. ოკმელა რაგბისტია. ძალაც აქვს და ენერგიაც. ერთ მომენტში რამდენიმე სპეცრაზმელი ჯგუფს გამოეყო და ჩვენკენ წამოვიდა. ძირითადად პატარა გოგოები იდგნენ. გაწევ-გამოწევაში ერთ-ერთს ოკმელამ იდაყვი ჩაარტყა. მას ოკმელას სახე არ დაუნახავს ოღონდ, გვერდით იდგა შეტრიალებული.
ამის მერე დაიწყეს ოკმელას ძებნა. ვინც ამოიცნო, იმას არ მოხვედრია ოკმელას იდაყვი.
ყველას ნიღაბი ეკეთა, სახეზე ვერავის იცნობდი, მაგრამ ცხადად მახსოვს, ერთ-ერთმა თითი დაუქნია და უთხრა: აი, შენ ნახე რას გიზამ, შენ დედას მო****ვო. დაემუქრა.
იმ დღეს [13 მაისს] კანონი მიიღეს. საშინლად ემოციური დღე იყო. გაბრაზებულები ვიყავით. მეორე დღეს აქციები გაგრძელდა. მარშიდან სახლში დავბრუნდი. 13:00 საათი იქნებოდა. გიორგი უკვე სახლში იყო, ეზოში თეთრი ფერის შკოდა შევამჩნიე. ორი პოლიციელი იჯდა. კი გამკრა მაშინვე გულში, ესენი ჩვენ ხომ არ გვითვალთვალებენ-მეთქი. შეშინებული ამოვედი სახლში.
15-ში ნიკოლა ბაღში წავიყვანე, მერე პედიატრთან უნდა მიმეყვანა, ოკმელა სამსახურში იყო, გადაღებაზე მიდიოდა. ექიმთან რიგში დგომის დროს მირეკავს უცხო ნომერი, გამომძიებელი ვარ, თქვენთან გასაუბრება მინდაო. დაგელოდებით რამდენი ხანიც საჭიროაო. ოკმელასთან გადავრეკე მაშინვე, მაგრამ არ მპასუხობდა. ჩვენს საერთო მეგობარს დავურეკე, ადვოკატია და ვთხოვე, შენ ოკმელასთან მიდი სამსახურში და სახლში მე მივალ-მეთქი. მერე უკვე ჩემი ტელეფონი აღარ ჩერდებოდა, ყველა მირეკავდა, გაუგიათ, რომ ოკმელა დააკავეს. ექიმის რიგში ეს მე არ ვიცოდი.
სახლში მისულს ეზოში აურაცხელი რაოდენობის პოლიციელი დამხვდა. ჩვენი ბევრი მეგობარიც იქ იყო უკვე. ვითხოვდი, რომ მესამე „ნეიტრალური” ადამიანის თანდასწრებით დავეკითხე, ჩხრეკაზე რომ უნდა შემოსულიყვნენ, მაგაზე წარმოდგენა არ მქონდა. არ მომცეს უფლება. მერე საიას [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია] დავურეკეთ და მათი ადვოკატი მოვიდა.
სახლში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, ბავშვის სათამაშოებიც კი გადმოალაგეს, მაცივარი გამოაღეს, ნაგვის ურნაც გახსნეს. კიბეც კი მომთხოვეს, რომ ზედა თაროები შეემოწმებინათ. ტანსაცმელებიც გადმოყარეს. ვეუბნებოდი, რას ეძებთ მითხარით და მე თვითონ მოგცემთ-მეთქი. დანების კოლექცია აქვს ოკმელას, ვანახე, შორიდან შეხედეს და გამოვიდნენ.
ყველანაირი ტექნიკა გაიტანეს სახლიდან, მათ შორის, ბავშვის ელექტრო ძიძა. ტელევიზორი უბრალოდ ძალიან დიდია, თორე, ალბათ, ამასაც წაიღებდნენ. Wifi მოხსნეს, მოდემი წაიღეს.
ოკმელა სად იყო, არ მეუბნებოდნენ. მოგვიანებით დამირეკა ვიღაცამ და მითხრა: თქვენი ქმარი ამა და ამ მუხლით არის დაკავებულიო. აღარც მახსოვს ვინ იყო და რა მითხრა. საშინლად დასტრესილი ვიყავი.
***
ოკმელას სამსახურშიც ჩხრეკა ჩაატარეს და ტექნიკა სრულად წაიღეს. დღემდე არ დაუბრუნებიათ, არადა, ხომ მიუსაჯეს უკვე?!
ოკმელას დაკავების სცენაც რომ წარმოიდგინოთ: ლილოს ტერიტორიაზე გააჩერა საპატრულო პოლიციამ, ოფისში ბრუნდებოდა. რომ უთხრა გიორგი ოკმელაშვილი ვარო, საპატრულო პოლიციის 20 ეკიპაჟი მისულა. თავიდან გიორგის ეგონა, ნეტა, სხვა ვიღაცაში ხომ არ ვეშლებიო. მანქანაში რომ ჩასვეს, სარეკლამო ვიდეოებზე ეკითხებოდნენ, ოკმელას ეგონა, ალბათ, არასწორი რეკლამა გადავიღე და მაგაზე აღძრეს საქმეო.
9 თვე გრძელდებოდა სასამართლო პროცესები. ბოლომდე გაწელეს. ხან პროკურორი იყო ცუდად, ხან შვებულებაში გადიოდა სამი კვირით. მაინც მჯეროდა, რომ მოსამართლეში ადამიანობა გაიღვიძებდა, ადვოკატის სიტყვებს რომ მოისმენდა, გონება გაუნათდებოდა, ყველა პროცესს გულისფანცქალით ველოდებოდი. მაგრამ მალევე მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. ჩვენს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდით, ამიტომ სადაო არაფერი გაგვიხდია. ველოდებოდით სასჯელს, რომ, იქნებ, სალომე ზურაბიშვილს მოესწრო შეწყალება.
12 თუ 13 ოქტომბერს იყო ბოლო სასამართლო სხდომა. დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა ოკმელას. ჩვენი მეგობრები, გულშემატკივრები დარბაზში შევედით. მოსამართლეც შემოვიდა. წუთი-წუთზე უნდა დაწყებულიყო პროცესი. პროკურორი არ მოვიდა. ადვოკატს მოწერა, ცუდად ვარ და ვერ ვიქნებიო. ასეთი რამ თუ ხდება, წინა დღეს მაინც უნდა გავიგოთ. ადვოკატმა საჯაროდ ჰკითხა მოსამართლეს, რატომ არ ესწერება პროკურორი დღევანდელ სხდომასო. მოსამართლემ თანაშემწეს განცხადება გამოართვა, სადაც ეწერა, რომ პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი მივლინებაში იყო. დარბაზში სიცილი ატყდა.
პროცესი გადაიდო. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ნოემბერში დაგვიპრდნენ, მაგრამ არც ნოემბერში ჩატარდა. პროკურორი შეცვალეს. ახალმა დრო ითხოვა საქმის მასალების გასაცნობად. მოკლედ, იქამდე გადადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების იმედიც ხელიდან გამოგვაცალეს. 9 თვის მიწურულს, თებერვლის დასაწყისში გამოუტანეს განაჩენი და 5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ღია ტიპის დაწესებულებაში, რუსთავში.
ყველა ვტიროდით. მარინა კაციას ტირილი და მისი სახე დღემდე არ მავიწყდება. უმძიმესი დღე იყო.
თავს ვიმხნევებდი, 9 თვე ბავშვი არ ჰყავდა ნანახი, ახლა უკვე მსჯავრდებულია და 24-საათიანი პაემნით ვისარგებლებთ-მეთქი. მე და ნიკოლა ოკმელას ჩავეხუტებოდით. ეს წამება მაინც დასრულდებოდა.
გიორგიმ განცხადება დაწერა ციხის ადმინისტრაციის სახელზე და ითხოვა მისთვის ბიბლიოთეკით სარგებლობისა და სწავლების უფლება მიეცათ. რაღაც მნიშვნელოვანი უნდოდა გაეკეთებინა. ერთ ადგილზე ყოფნა არ შეუძლია. ახლაც ვერ წარმომიდგენია, წელიწადი და ექვსი თვე ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი როგორ ძლებს. ეს მისთვის უმძიმესი სტრესია.
***
ოკმელასთან ბადრაგი შევიდა პარასკევს, არც ვიცი საბუთს ხელი მოაწერინეს, თუ არა, მაგრამ სხვა ციხეში გადაიყვანეს. უთხრეს, რუსთავის ციხეში მიგვყავხარო, სინამდვილეში, ქსნის ციხეში მიიყვანეს. არც ოჯახთან დაარეკინეს, არც ადვოკატთან. საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე გიორგის მომეტებული რისკი განუსაზღვრეს და დახურლი ტიპის დაწესებულებაში მოათავსეს. გეგონება, ოკმელა ან ტერორისტია, ან სერიული მკვლელი. სირცხვილია.
ჩვენ ეს გავიგეთ ორშაბათს. პაემანი გვქონდა ჩანიშნული და გლდანში მისულებს, იქ აღარ დაგვხვდა. ადმინისტრაციამ არ იცოდა, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს გასაჩივრებული გვაქვს. 30 ოქტომბერს ჩაინიშნა სასამართლო. ჩვენს ქვეყანაში თუ ვერ ვიპოვეთ სამართალი, აუცილებლად წავიღებთ ამ საქმეს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში.
თავის სარეკლამო სააგენტოში გიორგი საინტერესო ახალ პროექტზე მუშაობდა. ვირტუალური ფროდაქშენი უნდოდა გაეკეთებინა, სადაც გადაღებისას არც ამინდი შეგიშლიდა ხელს და არც დრო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად იქნებოდი: საფრანგეთში, ამერიკაში, თუ ინდოეთში. უზარმაზარი ეკრანები უნდა გამოეყენებინა. არ დასცალდა. არადა, ძალიან ეამაყებოდა, რასაც ქმნიდა. ეს ტექნიკა ოკმელასავით დატყვევებული ჰყავთ რომელიღაც სარდაფში. არ აბრუნებენ.
***
შარშან ნოემბერში კიდევ რომ დაიჭირეს ხალხი, მათ ადვოკატებთან კომუნიკაცია დავიწყე. მათი ამბით დავინტერესდი. სასამართლო პროცესებზე სიარული დავიწყე: საბა მეფარიშვილის, ომარ ოკრიბელაშვილის. მინდოდა ჩემი გულისტკივილი ვიღაცისთვის გამეზიარებინა. თან მეთქვა, თქვენ გვერდით ვარ-მეთქი. პირველად მათი მშობლები გავიცანი. ერთმანეთს ვამხნევებდით. მერე უკვე აღარც მახსოვს ამდენი ადამიანი როდის და როგორ დავიმეგობრე. ერთგული, მართალი, მამაცი ხალხი გავიცანი. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. მათთან ერთად ბრძოლას საერთოდ სხვა ძალა აქვს. მარტო ჭამაც კი არ მიყვარს, ბრძოლა მით უმეტეს. ძალა რომ ერთობაშია ამის მწამს. ბევრს ვერ მოგვერევიან. დიდხანს ვერც ბოროტება ძლებს.
თავისუფალ უნივერსიტეტში და საქართველოს საავიაციო უნივერსტეტში ვასწავლი საინჟინრო გრაფიკას. 38 წელია პედაგოგი ვარ. ძალიან მიყვარს სწავლება, ბავშვებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა.
უკვე ასაკში ვარ, მაგრამ ჩემი სამსახურის გარეშე არ შემიძლია. თან მარტო დარჩენას და ცუდ ფიქრებს გავურბივარ. უნივერსიტეტს და ჩვენს რექტორს ძალიან ვემადლიერები, ოკმელას დაკავების დღიდან მხარში მიდგანან. ძალიან კარგი სტუდენტები არიან, ისინი მაძლებინებენ.
***
ჩემი შვილი მართალი და კეთილი ბიჭია. ჯიუტიც არის. რაგბმა ბევრი რამ ასწავლა - ერთმანეთის დახმარება და გატანა. ჰარმონიული, კარგი ოჯახი გვაქვს. ლაღად ვცხოვრობდით.
ოკმელა ბევრს მუშაობდა, სტუდენტობიდან რომ დაიწყო, არ დაუსვენია. პროფესიით კავშირგაბმულობის სპეციალისტია. მის ხასიათში მიზანდასახულობა მომწონს. რასაც ჩაიფიქრებს, აკეთებს. ასე შექმნა თავისი კომპანიაც. ჩვენ არაფერში დავხმარებივართ. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა. შვილების განათლებისთვის მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. სკოლის ფული რომ გადაგვეხადა, სულ დამატებით ვმუშაობდით მეც და ჩემი მეუღლეც. ჩემი ძმაც გვეხმარებოდა. ასე კი დავუდექით შვილებს გვერდით.
10 წლის მერე შეეძინათ შვილი, ბინაც იყიდეს თავიანთი შრომით. მოგზაურობდნენ. მოკლედ, ცხოვრება რომ აიწყეს, ზუსტად მაშინ დაიჭირეს. რატომ დაგვემართა ეს, არ ვიცი, პასუხს ვერ ვპოულობ. ამ დღეში რატომ ჩავვარდით. ხან იმედიანად ვარ, ხან ძალიან უიმედოდ.
***
გიორგის დაკავება ჩემმა მულმა შემატყობინა. მაშინვე მის სახლში წავედით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ და არც მინდა რომელიმე დედამ გამოსცადოს ის, რაც მე იმ დღეს გადავიტანე. ის დღე აღარც მახსოვს, წაშალა ჩემმა გონებამ.
ოკმელას დაჭერამ გამანადგურა. ერთ წელიწადში დავბერდი. წელს სამსახურში რომ გავედი, შარშანდელმა სტუდენტებმა ვეღარ მიცნეს.
ციხიდან მასთან ტელეფონზე ლაპარაკი მიჭირს. როგორც ვუპასუხებ, მაშინვე მეუბნება, დედა არ იტიროო. ვერ ვიკავებ თავს. ამიტომ მე არ მირეკავს ხშირად. პაემანზე კი ვიყავი ქსანში. არადა, ისე ვნერვიულობდი პატიმარი გიორგი რომ უნდა მენახა, ვფიქრობდი, ალბათ, გარეგნობითაც შეცვლილია-მეთქი. ვერ ავიტანდი ამას. მაგრამ, არა, ჩვეულებრივი ოკმელაა. ისევ ისეთი ყოჩაღი. კარგი შვილი მყავს.
აქციებზე ისეთი კარგი ხალხი გავიცანი, ახლობლები რომ მეგონა, ისინი დავკარგე. ღმერთი განსაცდელს რომ მოგივლენს, მაშინ ხვდები, ვინ ყოფილა შენი ერთგული და ვინ ფარისეველი. ამ მძიმე დროს ეს გამოვცადე.
აქტიური დედა არ ვარ. ვერ დავდივარ ყველგან, პატიმრების გაზეთებს ვერ ვარიგებ, არ შემიძლია. გულში ვიკლავ ამ დარდს. თან ამ დედებისაც მეხათრება, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ბუნების ვარ. ხალხსაც არ მინდა, თავი მოვაბეზრო. დღეს ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მედიაში ხშირად ამიტომ არ ვჩნდები.
ბავშვობაში ძალიან ვჩხუბობდით, მე ბუნტის თავი ვიყავი. ვერც კი ვიხსენებ, როდის შევწყვიტეთ ჩხუბი და დავმეგობრდით.
ინტერვიუზე არავის არ ვთანხმდები, როგორც კი გიორგიზე ლაპარაკს ვიწყებ, მაშინვე მეტირება. ჩემს ძმაზე რომ მეკითხებიან, უცებ ვერაფერს ვერ ვიხსენებ, ჩემმა გონებამ უარი თქვა. უბრალოდ ძალიან კარგი ბიჭია. ციხიდან რომ გამოვა, ისევ ისეთი კარგი იქნება.
მე როგორი ვარ, იცით? ყველაფერს შუბლით ვეჯახები, ვერავინ დამჩაგრავს. გიორგის დაჭერის ამბავმა მიმახვედრა, თურმე როგორი სუსტი ვარ გიორგის გარეშე. კიდევ კარგი, თამთა გვყავს. ის ძალიან ყოჩაღია.
ჩვენი ბავშვობა გაჭირვებას დაემთხვა. შუქი არ გვქონდა. დედა სულ მუშაობდა. სკოლაში ორივე მეორე სმენაში ვიყავით. წასვლამდე თმას გიო მვარცხნიდა ხოლმე. როგორც ვეტყოდი, ისე მიკეთებდა ნაწნავს.
ჩემთვის ხომ საუკეთესო ძმაა, მაგრამ მეგობრებისთვისაც რომ ასეთი ერთგული და კარგია, მაგით ვხვდები, რომ სუბიექტური არ ვარ მის შეფასებაში. იმხელა სამეგობრო ჰყავს. მეგობარს თუ რამეს დაჰპირდებოდა, სიტყვას არ გატეხდა. თვითონ საქმეს გაიფუჭებდა, მაგრამ მეგობარს არ დააღალატებდა.
დღეს ხომ ბევრისგან გაგიგიათ, მათ შორის პატიმრის ოჯახებისგან, რომ ამ პერიოდში ბევრი მეგობარი დაკარგეს, ოკმელას შემთხვევაში პირიქით, ყველა უკლებლივ დღესაც პროტესტშია, ვერაფერმა შეაშინათ.
აქციაზე ხშირად დავდივარ. ძალიან ცუდად რომ ვიგრძნობ თავს, მაგ დღეს აუცილებლად უნდა გავიდე. იქ კი არ ვამბობ ხოლმე ამას ხმამაღლა, მაგრამ ეტყობა იგრძნობა მაინც. გიორგის უახლოესი მეგობარი მოვიდა ერთხელ, ზურგზე ხელი დამადო და მითხრა: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიაო. მიშველა ამ გამხნევებამ.
***
წერილებს სულ ვწერ გიორგის, ძირითადად სისულელეებს. ჩემს გასაჭირს ვუყვები და იქიდანაც კი მეხმარება რაღაცებს მარტივად შევხედო.
***
სასამართლოზე მისი ნახვა ძალიან მიმძიმს. მშობლები არ დადიან პროცესებზე. ვერც წარმოიდგენთ, მათთვის ეს რა სტრესია. ოკმელას ბორკილებით დანახვა, წარმოუდგენელია.
გიორგი დედას არ ურეკავს ხოლმე, დედაჩემს მაშინვე ეტირება და ორივე ძალიან ნერვიულობს ამის გამო. თამთასთან სულ ხაზზეა. ან ჩემთან რეკავს, ან მამასთან.
სულ 2 წუთი აქვს ხოლმე და ამ 2 წუთში იმდენის თქმა მინდა. ნომერს ვცნობ უკვე და როცა ვეკითხები — რას შვები-მეთქი? მპასუხობს: სათევზაოდ ვარ, ან ფეხბურთს ვთამაშობო. იუმორს მაინც არ კარგავს. ისევ ასეთი მინდა, ციხიდან გამოვიდეს. და იქნებ, მალეც გამოვიდეს.
მჯერა, რომ სამყაროში სიკეთე ბრუნდება. ჩემი ძმა ისეთი კეთილია, რომ არ შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს. დროებითია ეს განსაცდელი და უნდა გავუძლოთ. საპირწონე ბედნიერება აუცილებლად დაუბრუნდება ჩემს ძმას. ველოდები ამ დღეს.
***
დაკავების ამბავი როცა შევიტყვე, სამსახურში, ფანჯარასთან ვიდექი და რომ იტყვიან ხოლმე — მუხლები მომეკვეთა — საკუთარ სხეულზე გამოვცადე. მუხლებს ვერ ვგრძნობდი საერთოდ. რომ დავურეკე და არ მიპასუხა, მაშინვე ყველაფერს მივხვდი. მერე უბრალოდ რაღაცები აღარ მახსოვს. მაგალითად ის, რომ ჩემს თანამშრომელს წავუყვანივარ ოკმელას სახლში.
***
მისჯის დღეს ვიტირე. მანამდე მაგრად მეჭირა თავი.
***
რუსთაველზე დგომა ჩემთვის იმედია. გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. ერთობაა. ახლაც რომ დაიჭირეს ხალხი, ზუსტად ისე განვიცადე, როგორც ჩემი ძმის დაკავება. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, ახლა რა გზას გადის ამ პატიმრის ოჯახი, მათაც, ალბათ, იმედი აქვთ, რომ 2 დღეში გამოუშვებენ. ან ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, რაღაც შეიცვლება… ეს განცდები ძალიან ნაცნობია და გული მეგლიჯება. ერთად დგომა მაინც უალტერნატივოა.
რომ იცი, მართალი ხარ და ამას ვერ ამტკიცებ, ეს ყოფილა ყველაზე დამთრგუნველი. გულწრფელად გეუბნებით, რომ ვიცოდე, დამნაშავეა ჩემი შვილი, გაბრაზებული ვიქნებოდი, ვიტყოდი, ღირსია, დედა და მამა შეარცხვინა, დაისაჯოს-მეთქი. არ გატყუებთ, ასე ვიტყოდი.