განეიტრალება | სამოქალაქო საზოგადოება დღეს
ავტორი: მარიამ ჯაჭვაძე
„ახლა უნდა გაგაცნოთ 24 წლის რაბილ ისმაილი, რომელმაც სწავლის პარალელურად, მისი დრო და ძალისხმევა სამოქალაქო აქტივიზმისკენ მიმართა და ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი პროექტით და ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. დააფუძნა სათემო თეატრი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენაზე დგამენ სპექტაკლებს და საერთო პრობლემებზე ხელოვნების ენით საუბრობენ”, - ეს ტელეკომპანია „იმედის” 2020 წლის 29 ნოემბრის სიუჟეტის გამხსნელი საკადრო ტექსტია. ამ ვიდეოში ის თავის მაყურებელს „უცნობ გმირს” აცნობს, მისაბაძ, სანიმუშო, სამაგალითო ადამიანს, რომლის აღმოჩენასაც ტელეკომპანია ყოველ კვირა ამავე სახელწოდების გადაცემაში ცდილობდა.
რაბილი წარმოშობით ბოლნისიდან არის. მან სამოქალაქო პლატფორმა ,,სალამი”, მეგობრებთან ერთად, 2019 წელს თემში რეალური ცვლილებებისთვის დაარსა. ქართველი აზერბაიჯანელების ხმა, წუხილი და გასაჭირი დღის წესრიგში უნდოდა მოხვედრილიყო. ამ საქმისთვის მან 50-ზე მეტი აქტიური ადამიანი შემოიკრიბა.
„იმედის” სიუჟეტშიც ასე გრძელდება:
რაბილი და მისი მეგობრები ჩადიან კონკრეტულ სოფლებში და ადგილობრივებს ეხმარებიან იურიდიულ თუ სხვა პროცედურულ საკითხების გარკვევაში და სოფლის პრობლემების ცენტრში გახმოვანებით კონკრეტულ შედეგებსაც აღწევენ. ახალგაზრდები ხედავენ, რომ მათ ერთმანეთისთვის, თემისთვის, ქვეყნისთვის საქმის კეთება შეუძლიათ.
ერთ დროს ქვეყნის „უცნობ გმირს” 2024 წლიდან საქმის კეთება ფაქტობრივად აეკრძალა. რასაც რაბილი და მისი მეგობრები ქვემო ქართლის მხარეში საქმიანობდნენ, ბოლო ორ წელში საქართველოში მიღებულმა კანონებმა, გაუმჭვირვალე, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ სამუშაოდ მონიშნა.
„2023 წელსვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „აგენტების რეესტრში” არ დავრეგისტრირდებოდით, რაც არ უნდა მოხდეს. ეს პრინციპული გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღეთ, როცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და კიდევ 7 ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. ჩვენ მათი პარტნიორი ორგანიზაცია ვიყავით. ისინი რომ დააყადაღეს, შეუძლებელი გახდა მუშაობის გაგრძელება და დავხურეთ ოფისი. გავჩერდით. ოფისი აღარ გვქონდა, ხელფასები აღარ გვქონდა, გრანტს ვერ მივიღებდით”, მიხსნის რაბილ ისმაილი.
„სალამის” ბედი ათობით სამოქალაქო ორგანიზაციამ გაიზიარა საქართველოში.
მიმდინარე წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევა „ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავტორიტარიზმის წნეხის ქვეშ : რეპრესია, წინააღმდეგობა და ბრძოლა გადარჩენისთვის” მოამზადა:
2024-2025 წლებში მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სისტემური და ყოვლისმომცველი კრიზისის წინაშე დააყენა. გამოკითხული 100 რესპონდენტის [100 სამოქალაქო ორგანიზაციის] მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა, განურჩევლად მათი წლიური ბიუჯეტის, მოცულობის, თუ მუშაობის გეოგრაფიული არეალისა, დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე - ვკითხულობთ რაოდენობრივი კვლევის შედეგებში.
დოკუმენტის ნარატიულ ნაწილში კი წერია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები მათი არსებობის მანძილზე პირველად დადგნენ ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. კვლევა ამ ორგანიზაციების მდგომარეობას 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის ვითარებით აღწერს. ამ პერიოდში უკვე მიღებულია კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. „რუსული კანონი”, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA], ე.წ. „აგენტების კანონი” და „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები. ამ უკანასკნელით, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემაც კი აიკრძალა.
ახალმა საკანონმდებლო ჩარჩომ პატარა სათემო ორგანიზაციები განსაკუთრებით დააზიანა. რა საქმით იცნობდა საზოგადოება, მაგალითად, ორგანიზაცია „სალამს”?
მათი მხარდაჭერის პირველი კამპანია 25 წლის სკოლის მასწავლებელს ეხმიანებოდა გარდაბნის რაიონის სოფელი კალინინოდან. ჰამიდ სადიკოვმა თავისი ყოფილი მოსწავლის, 19 წლის გოგოს მოტაცების ამბავი საჯარო სტატუსით გააპროტესტა, რის გამოც ის ადგილობრივებმა სოფლის მოედანზე იძულებით გაიყვანეს და ბოდიში მოახდევინეს. ამ დროს ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტში გაუვრცელეს.
მე ჰამიდი ვარ!
ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! - ამ შინაარსის ვიდეოთი „სალამმა” მხარი დაუჭირა მასწავლებელს, ეს იყო განაცხადიც ხმამაღლა დაეწყოთ ლაპარაკი ისეთ მწვავე საკითხებზე, რაც აზერბაიჯანელთა თემს აწუხებდა. მაგალითად, ბავშვთა ადრეულ ქორწინებაზე.
რაბილი იხსენებს, რომ საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეოს, მეორე დილას 100 000 ნახვაზე მეტი ჰქონდა. მედიასაც გაუშუქებია ეს ამბავი. სწორედ მაშინ შემოიკრიბეს ბევრი ახალგაზრდა.
„სალამის” კიდევ ერთი გახმაურებული კამპანია „გვარი დამიბრუნე” იყო, რომლითაც ითხოვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარებიდან რუსული და საბჭოთა პერიოდის კვალი წაშლილიყო და დაბოლოებები: -ოვ, -ევ ჩამოშორებულიყო.
პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების ინიცირებისთვის 120-მა მოხალისემ 27 000 ხელმოწერა შეაგროვა:
„ბევრი ქართველი გვიჭერდა მხარს. ეროვნული საქმე იყო. ამ თემაზე, სხვათა შორის, უნივერსიტეტებში რამდენიმე კონფერენცია ჩატარდა. ეს ქეისი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოშიც შეიტანეს. 27 000 ხელმოწერა რომ შევაგროვეთ. სამოქალაქო ისტორიის მშენებელობის პროცესია ჩემთვის”, ამბობს რაბილი.
ნდობისა და თანამშრომლობის შენებას რეგიონში წლები მოანდომეს, თუმცა შემზღუდავმა გარემომ ის იმაზე სწრაფად ჩამოშალა და მოარღვია, ვიდრე ელოდა:
„2024 წელს შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობების 95% აღარ არსებობდა.
ხალხს, რომელსაც სოციალური პრობლემების მოგვარებაში ვეხმარებოდით და მათი წარმომადგენლები ვიყავით მერიაში თუ სხვა უწყებაში, ასეთი რამ უთქვამთ ჩემთვის: მე მირჩევნია ვიყო ხელისუფლებასთან, ვიდრე შენთან ერთად. გვირჩევნია, მშვიდობა იყოს, ომი არ იყოს”, იხსენებს რაბილი. ურთიერთობების გახლეჩისა და გაუცხოების პარალელურად, რაბილი როგორც ამბობს, გუნდიც დაიშალა. „სალამის” წევრებიდან ერთი ემიგრაციაში წავიდა ოჯახთან ერთად, მეორემ ამერიკაში განაგრძო სწავლა, სხვა ორი კერძო სექტორში დასაქმდა.
თავის გადასარჩენად რაბილ ისმაილმაც დროებით სხვა საქმე იპოვა: ტურისტებს დაჰყვებოდა გიდად, ტაქსაობდა, მარკეტინგშიც მოსინჯა თავი. მშობლებიც ეხმარებოდნენ. ახლა მოხალისეობრივად საკუთარ მედია პლატფორმაზე მუშაობს, პოდკასტებს წერს.
ემოციური წნეხი, გაურკვევლობა, შიშისა და საფრთხის განცდა არა მხოლოდ თანამშრომელთა სამსახურიდან წასვლის მიზეზი გახდა, არამედ ხშირად ორგანიზაციის დისფუნქციურობას და დროებით პარალიზებასაც კი იწვევდა.
კვლევიდან ეს ამონარიდიც ადასტურებს პატარა ზომის სათემო ორგანიზაცია „სალამის” გამოცდილებას. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ უნდობლობაზე მეტად, მოქალაქეები ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ასოცირებას გაურბოდნენ შიშისა და სიფრთხილის გამო. შიში კი საჯარო სამსახურებიდან მათი ან მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებას უკავშირდებოდა. კვლევის მონაწილეები მიუთითებდნენ ადგილზე დაზიანებულ სოციალურ, ნათესაურ და პერსონალურ კავშირებზე, რაც პატარა ქალაქებსა და სოფლებში კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა, ვიდრე დედაქალაქში.
2026 წლის თებერვალში ორგანიზაციის სრულად გაჩერება მოუწია პანკისში იზა ბექაურს, რომელსაც რეგიონში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს. ადგილობრივი თვითმართველობის თანამშრომლებს ქცევის ცვლილებას ის 2023 წელს ამჩნევს, როცა ისინი დღეში რამდენჯერმე აზიარებენ თავიანთ სოციალურ გვერდებზე გამჭირვალობის შესახებ კანონზე ინფორმაციას. ნელ-ნელა იზა გრძნობს, რომ თავსაც არიდებენ. ამის გამო ის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსაც ტოვებს.
„მერიის ცალკეული თანამშრომლები ამ შინაარსის პოსტებს დებდნენ: არასამთავრობოები ლგბტ თემის პროპაგანდისტები არიან, ომი უნდათ მაგათ. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს და რამდენიმე წევრს პირადადაც მივწერე. მაშინ დაიწყო უკვე გაუცხოება ჩვენ შორის”, ასე იხსენებს ჯერ კიდევ 2023 წელს იზა ბექაური.
,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი'' (KRDF) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ რეესტრში პროტესტის ნიშნად არ დარეგისტრირდა. თანამშრომლებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. აგენტის სტატუსით ვერ ვიცხოვრებდითო, მეუბნება იზა ბექაური.
KRDF-ს ჯამში 53 თანამშრომელი ჰყავდა. კახეთის გარდა, მუშაობდნენ ქვემო ქართლში და მცხეთა-მთიანეთში. პანკისში არაფორმალური განათლების ცენტრები ჰქონდათ. სკოლის შემდეგ მოსწავლეები მიდიოდნენ და ქართულს, ინგლისურს, კომპიუტერულ პროგრამებს სწავლობდნენ. პანკისელ ქალებს პროფესიულ განათლებას სთავაზობდნენ: ჭრა-კერვას, ქსოვას, კულინარიას.
2024 წლის დეკემბერში სოფელ დუისის სასწვალო ცენტრს, რომელსაც ორგანიზაცია მუნიციპალიტეტისგან იჯარით იღებდა, ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. გაგრძელებაზე იზას უარი უთხრეს. მერიისაგნ წერილი მიიღო, დაცალეთ ეგ შენობა, ჩვენ გვჭირდებაო.
მერიისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ელოდა, ახლაც ვერ მალავს გულისწყვეტას:
„ახმეტაში დავბერდი. მერიაში სულ ჩემი თაობა ან ჩემი შვილების თაობა მუშაობს. ისე გაფუჭდა ამდენწლიანი ურთიერთობა, რომ ბოლოს ასეთი რამ ვუთხარი: რომ გაიგებთ, იზა ბექაური მოკვდა, არ მოხვიდეთ სამძიმარზე, მკვდარი ავდგები-მეთქი. რეგიონში ეს ურთიერთობები უფრო რთულია. ყველა ყველას იცნობს. ბოლოს ტრენინგზე რომ ვეპატიჟებოდით ქალებს: ვეღარ მოდიოდნენ, ან ჩუმად მოდიოდნენ, არავინ გაიგოსო. ფოტოში არ გამოგვაჩინოო. ბაღის გამგემ რომ გაიგოს, სამსახურიდან გამათავისუფლებსო, ასეთი რამეც უთქვამთ”, მეუბნება იზა ბექაური.
ახლა ყველა თანამშრომელი უმუშევარია.
„ქართული ოცნების“ სტრუქტურული რეფორმების პირველი ერთგვარი „ბუნებრივი“ სამიზნეები აღმოჩნდნენ პატარა ზომის რეგიონული, უმეტესად სათემო ორგანიზაციები და ინიციატივები, რომელთა დიდმა ნაწილმა არსებობა შეწყვიტა ან მინიმალურად და შეცვლილი ფორმით აგრძელებენ საქმიანობას - ვკითხულობთ კვლევის დასკვნაში.
არადა, „ქართული ოცნების“ ლიდერების ნეგატიური რიტორიკა უფრო ხშირად დიდი რესურსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიემართებოდა ხოლმე. 2021-2022 წლებში ისინი აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების, სასამართლოსა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკითხებზე. მაგალითად, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ 2022 წლის 21 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლის აღდგენას ცდილობენ.
„ეს ე.წ. „ენჯეოები“ რომლებიც გამოდიან კამპანიით სასამართლოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივ საბჭოურ მეთოდს იყენებენ, კლიშეების მოფიქრების [...] სინამდვილეში ერთადერთი კლანი ვიცი მე გამოკვეთილი, ეს არის „ენჯეოების“ კლანი. არის რამდენიმე ენჯეო და იქ ვერავინ შეჰყოფს ცხვირს“, - აცხადებს ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
„მდიდარი ენჯეოების“ ნარატივი უკვე 2023 წელს ჩნდება. ხელისუფლების რიტორიკაში ე.წ. „უცხოური აგენტების” კანონპროექტის განხილვისას შემოდის უცხოური დაფინანსების საკითხი, როგორც პოლიტიკური გავლენის წყარო. 2023 წლის 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე ამბობს:
„მდიდარი ენჯეოები ემსახურებიან „გლობალური ომის პარტიას“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა“. 18-წუთიან ბრიფინგზე ის 9-ჯერ იყენებს სიტყვა „მდიდარს“ ენჯეოებთან მიმართებით.
2024 -2025 წლებში ეს რიტორიკა კიდევ უფრო მკაცრდება. ამ ტერმინს ემატება: „გარედან მართული ორგანიზაციები”, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები”, „აგენტურა”.
„ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა - “FARA”-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! ” - წერს 2025 წლის 24 მარტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევაში ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი ვარაუდობდა, რომ ხელისუფლების ამოცანას უფრო დიდი ზომისა და რესურსების, ძირითადად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოების განეიტრალება წარმოადგენდა და ამ პროცესში პატარა ზომის რეგიონული ორგანიზაციები შემთხვევით მოყვნენ. თუმცა, კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს:
კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლებისთვის დიდი და რესურსული ორგანიზაციების განეიტრალების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია შედარებით პატარა რეგიონული ორგანიზაციების სრული განეიტრალებაც. არაერთი ორგანიზაციის შემთხვევაში ჩანს ამ მიზნით გაწეული საგანგებო „ძალისხმევა“, რამაც პატარა რეგიონული ორგანიზაციები დახურვის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა [...] კვლევა ცხადს ხდის, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელია არსებობდნენ ავტონომიური და დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტორები, მათი ზომის, გეოგრაფიული განვრცობის არეალის, ძალისა თუ გავლენის მიუხედავად.
13-წლიანი მუშაობის განმავლობაში ყველაზე გარიყულად თავი თომა კაკაბაძემ აჭარაში 2024-2025 წლებში იგრძნო. კეთროვანებივით გავხდით არასამთავრობო სექტორში მომუშავე ხალხი, არავინ გვეკარებოდაო, მეუბნება ინტერვიუში. გარდა ეგზისტენციალური კრიზისისა, თომა და მისი თანამშრომლები ფიზიკურადაც არ გძნობდნენ თავს უსაფრთხოდ. ეშინოდათ ვინმეს ოფისის ფანჯრები არ ჩაელეწა, ან არ გაექურდათ. ამიტომაც დაამონტაჟეს გარეთ სამეთვალყურეო კამერები. ეს ის პერიოდია, როცა მათ მეგობარ ორგანიზაციებს სადარბაზოებში წარწერებს უტოვებენ: აგენტები, მოღალატეები.
„ერთ დღესაც აგენტები გავხდით. გაუმჭვირვალე ორგანიზაციები, რომლებიც რაღაცებს ვმალავთ. კომენტარებს გვიწერდნენ. საშინელებებს გვეძახდნენ.
დავფიქრდით ჩვენც. რა აზრი აქვს ჩვენს საქმიანობას? ამდენი ვიშრომეთ, ამდენი ვიბრძოლეთ, თუ ამ ხალხს არ ვჭირდებით, რა აზრი აქვს მუშაობას? ვისთვის უნდა ვიმუშაოთ? ეს დილემაც გვქონდა რაღაც ეტაპზე”, გვიყვება თომა.
გადაწყვეტილება ორგანიზაციის გადარჩენის სასარგებლოდ მიიღო მაინც. ვისთვის შრომობდა ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”? თომა ეტლით მოსარგებლეა. მთავარი მოტივაცია მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა იყო. მათ ხან ვიღაც ხურდას აძლევდათ მოწყალების მიზნით, ხან ინვალიდს ეძახდა, ხან მათ გვერდით დაჯდომას არ კადრულობდა. ამ რეალობის გარდასაქმნელად თავიდან სამმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. როგორც თომა ამბობს, დასაწყისში რესურსიც არ ჰქონდათ. ბულვარში იკრიბებოდნენ, გამგეობის სხდომებს სკვერებში მართავდნენ:
„უკომპრომისო ბრძოლა დავიწყეთ პირველ რიგში ტერმინებთან. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფრასტრუქტურა იყო ჩვენთვის. იმით გამოვირჩეოდით, რომ ადვოკატირების კამპანიას რასაც დავიწყებდით, ბოლომდე მიგვყავდა. არ ვეშვებოდით. [...] ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო, რომელსაც ვერ გავექცეოდით და არც გავექცეოდით.
თანამოაზრეები გვინდოდა გაგვეჩინა. არადა, რთული იყო. ტრანსპორტი არ იყო ადაპტირებული. პირობითად, ქობულეთიდან ბათუმში ვინმეს ჩამოყვანაც პრობლემა იყო. გულების ანთებას ვცდილობდით. ვიღაცამ თუ შეძლო, აი, შენც შეძლებ”, იხსენებს მუშაობის პირველ წლებს თომა კაკაბაძე.
გამოვლენილი სიჯიუტის მაგალითად შეიძლება გაგვახსენდეს თომას ძალისხმევით ბათუმის სანაპიროზე მოწყობილი ადაპტირებული საშხაპეები, გამოსაცვლელები, საპირფარეშოები და ზღვაში ჩასასვლელი ტივტივა ეტლები. 2014 წელს დაიწყო ამ პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკი, შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის კი ფული ქალაქის ბიუჯეტში 2019 წელს გაითვალისწინეს.
„თეა და ლალი შევიდნენ ზღვაში პირველად, ორივე ეტლით მოსარგებლეა, თეა 18 წელი საერთოდ არ იყო ზღვაში ჩასული. ეს წარმატებული კამპანია იყო”, მეუბნება თომა.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” არ დარეგისტრირებულა. ეს გამგეობის წევრების ერთობლივი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო. 2024-2025 წლებში მათი თანამშრომლების დიდი ნაწილი NGO სექტორიდან საერთოდ წავიდა. დღეს ორგანიზაცია ადვოკატირების კამპანიებს ვეღარ ატარებს. აღარ აქვთ არც სოციალური კაფე, რომელსაც ძველ ბათუმში ამუშავებდნენ.
ორგანიზაცია შეცვლილი ფორმით განაგრძობს არსებობას. ორი პროგრამა აქვთ: პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის, რომლებსაც ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებს სერვისის სახით აწვდიან. ცოტა ხნის წინ დაამატეს ხულოსა და ხელვაჩაურის რეგიონებიც. ამ პროგრამებს ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოს დაფინანსებით მართავენ.
კვლევა აჩვენებს რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც ასახავს ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ე.წ. რუსული კანონისა და ე.წ. FARA-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე. გამოკითხული ორგანიზაციების უმეტესი ნაწილი (73%) არ დარეგისტრირებულა არც ერთი კანონის მოთხოვნის ფარგლებში. მხოლოდ 2%-ია რეგისტრირებული ორივე კანონის თანახმად. მხოლოდ რუსული კანონის მოთხოვნის თანახმად, გამოკითხული ორგანიზაციების 14% დარეგისტრირდა [...] ეს მონაცემები ასახავს როგორც სამართლებრივი გარემოსადმი უნდობლობას, ისე ორგანიზაციების რთულ არჩევანს რეგისტრაციის, როგორც გადარჩენის სტრატეგიის არჩევასა და პრინციპულ პოზიციას შორის.
რეგისტრაციის მიუხედავად, ცალკეული ორგანიზაციისთვის ადამიანური რესურსის დანაკარგი, შემცირებული სამუშაო, ბუნდოვანი მომავალი მაინც გარდაუვალი რეალობა აღმოჩნდა.
„ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. მორალურად, ფსიქოლოგიურად განადგურებულები ვიყავით სრულიად. საერთო წევრთა კენჭისყრით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. უმრავლესობა მაინც მიემხრო მუშაობის გაგრძელებას. მივყევით ამ გზას და დავრეგისტრირდით. მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი იყო წინააღმდეგი. რადგან ჩვენ მაინც რეგისტრაცია გადავწყვიტეთ, რამდენიმე თანაშრომელმა დატოვა ორგანიზაცია. ზოგმა იმ მოტივით, რომ არ მინდა, აგენტი ვიყოო”, გვიზიარებს თავის გამოცდილებას ერთ-ერთი დიდი ისტორიის მქონე არასამათვარობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც სტატიაში ანონიმურად დარჩენა ითხოვა. ეს ორგანიზაცია ათასობით ბენეფიციარს ყოველწლიურად ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებს აწვდიდა.
კანონს დამორჩილების მიუხედავად, ორგანიზაციამ თანამშრომელთა ნაწილის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო. რამდენიმე ადამიანი კანონის ამოქმედებამდე საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან, რამდენიმემ ემიგრაცია გადაწყვიტა.
2026 წელს „გრანტების შესახებ კანონში” ბოლო ცვლილების შემდეგ, რომელმაც კიდევ უფრო გაამკაცრა უცხოური დაფინანსების მიღების წესი და ის სახელმწიფოს კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააწესა, ორგანიზაციას მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში უჭირს. მას ახალი დაფინანსება აღარ მიუღია.
„ამ გადმოსახედიდან, საერთოდ დავრეგისტრირდებოდით თუ არ დავრეგისტრირდებოდით, განსხვავება არ ჰქონდა. ასე გამოვიდა. მით უმეტეს, ამდენ ნერვიულობად არ ღირდა”, ასკვნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
შემზღუდველ საკანონმდებლო კლიმატს არქმევს 2024 წლიდან დღემდე შექმნილ გარემოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ორგანიზაცია, რომელმაც 32 წლის წინ პირველმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს უფასო სამართლებრივი დახმარება. ესენი იყვნენ სოციალურად დაუცველი ჯგუფები; ადამიანები, სისტემის წინაშე მარტო რომ გრძნობდნენ თავს; მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ქალები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები. დღეს საია სამართლებრივ კონსულტაციას მოქალაქეებს ვეღარ უწევს. ეს პროგრამა დროებით შეჩერებულია.
ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდი რეპრესიების პირობებში, საია დროებით გადადის საქმიანობის კრიზისულ რეჟიმზე - 2026 წლის 14 მარტს საიამ განცხადება გაავრცელა.
„კრიზისული სამუშაო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მხოლოდ სტრატეგიულ სამართალწარმოებას. აქ იგულისხმება ის საქმეები, სისტემური ცვლილების შექმნის შესაძლებლობა რომლებსაც აქვთ. მაგალითად, დემონსტრაციების კონტექსტში ნაწამები ადამიანების საქმე. სტრასბურგში რა საქმეებსაც ვაწარმოებთ: რუსულ კანონთან მიმართებით, FARA-ს კანონთან მიმართებით, არჩევნებთან დაკავშირებული დავა, პოლიტიკური პატიმრების საქმეების მონიტორინგი. ამ კრიზისულ რეჟიმში მნიშვნელოვანია დოკუმენტირება, ანუ მტკიცებულებების შეგროვება”, გვიხსნის საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი.
ორგანიზაციის ოფისს, სადაც ადამიანები უფლებების დასაცავად მიდიან, ორი წლის თავზეც აწერია: „აგენტები”.
P.S. 2026 წლის ივნისის თვის მონაცემებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში სულ 385 ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი 1 300-ს არ აღემატება.
25 ივნისს ევროპულმა სასამართლომ ხუთი სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. ამის გარდა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საჩივრის საფუძველზე, არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში დაწყებულია FARA-სა და ,,გრანტების შესახებ კანონთან" დაკავშირებითაც. თუ კი ევროპულმა სასამართლომ დარღვევები დაადგინა, მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა, საპასუხოდ განსაზღვრავს ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს. ესენი შეიძლება იყოს: კომპენსაციის გადახდა, ზიანის ანაზღაურება, ყადაღის მოხსნა, კანონმდებლობის ცვლილების რეკომენდაცია.