უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები: უხილავი გზა წარმატებისკენ
ავტორი: ლიკა ანთაძე , ნინო-ანა სამხარაძე
ფოტო ისტორია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
ტექსტის ავტორი ლიკა ანთაძე
ფოტოგრაფი ნინო-ანა სამხარაძე
თბილისის №202-ე საჯარო სკოლა წითელი აგურით ნაშენები, დახვეწილი სტილის შენობაა. შესასვლელს ჩუქურთმიანი ხის კარი უმშვენებს, ეზოში კი ორი ქვევრია მოთავსებული. თუმცა, ამ სილამაზეს სკოლის 45 მოსწავლიდან ვერცერთი ვერ ხედავს. 202-ე სკოლა საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას უსინათლო ადამიანთან პირველი და ხშირად ერთადერთი შეხება ნოდარ დუმბაძის ცნობილი რომანის „მე ვხედავ მზეს” საშუალებით აქვს. აღნიშნული რომანის მთავარი მოქმედი პირი 16 წლის უსინათლო ხატიაა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ საკუთარ შეყვარებულს, სოსოიას და მზეს ხედავს.
სამწუხაროდ, ხატიას პერსონაჟმა ვერ შეცვალა საზოგადოების წარმოდგენები ბრმა და მცირემხედველი ადამიანების შესახებ. მათ დღესაც ისევე აღიქვამენ ცალკეულ ჯგუფებად, როგორც საბჭოთა კავშირის დროს.
„როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა შეზღუდვებზე, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები გვავიწყდებიან. თითქოს ისინი არც კი არსებობენ,” - ამბობს შშმ პირების უფლებათა დამცველი ესმა გუმბერიძე. „ისინი ჩაკეტილი თემივით ცხოვრობენ და საზოგადოებაში გამოსვლას ერიდებიან”.
გუმბერიძე, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა და ამერიკაში გაემგზავრა, 202-ე სკოლის ყოფილი მოსწავლე და ახლა უკვე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ.
202-ე სკოლაში მოსწავლეებს წერა-კითხვას ბრაილის ანბანით ასწავლიან. ისინი ასევე სწავლობენ დამოუკიდებლად გადაადგილებასა და ტაქტილური (შეხებით) გზით საგნების ამოცნობას. გარდა ამისა, კომპიუტერის ხმის სინთეზატორის გამოყენება და კულინარია სასწავლო პროგრამის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია.
„აქ სწავლება არ ხდება მხოლოდ გაკვეთილზე,” ამბობს 63 წლის ფილოლოგიის მაგისტრი თამილა აბაშია, რომელიც 30 წელია სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. თამილას, როგორც სკოლის ყოფილ მოსწავლეს, კარგად ახსოვს თუ რა ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს უვითარებდნენ აქ სწავლისას. მისი თქმით, 202-ე სკოლამ მას ცხოვრება ასწავლა. „აქ ბავშვები ერთმანეთით სწავლობენ საყოფაცხოვრებო და ფუნქციურ უნარებს,” - აღნიშნავს თამილა.
202-ე სკოლა 1901 წელს გაიხსნა და დედაქალაქის ექვსი სპეცსკოლიდან ერთ-ერთია. საქართველოში 15 სპეციალიზებული სკოლაა, რომელთა პროფილი სხვადასხვა კონკრეტული ტიპის შეზღუდვებს მოიცავს. სპეცსკოლებში მოსწავლეები იღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ვერ მიიღებდნენ.
თუმცა, სამომავლოდ განათლების სამინისტროს მიზანი ყველა შშმ მოსწავლის საჯარო სკოლებში ინტეგრირებაა. ინკლუზიური განათლება 2006 წელს საქართველოს ზოგადი განათლების კანონში გამოჩნდა, ხოლო მისი აქტიური დანერგვა 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების შემდეგ დაიწყო. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 6,789 მოსწავლეა ჩართული.
განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფრო ეკა დგებუაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში სპეცსკოლები საჭიროა და ჯერჯერობით ინკლუზიური განათლება მათ ვერ ჩაანაცვლებს.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის 2016 წლის კვლევის მიხედვით, ფინანსური რესურსის არარსებობა და ვიწრო პროფილის სპეციალისტების ნაკლებობა ინკლუიზიური განათლების ერთ-ერთი გამოწვევაა.
როგორც ესმა გუმბერიძე აღნიშნავს: „არაპროფილური საჯარო სკოლა უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს საჭირო უნარ-ჩვევებს სათანადოდ ვერ უვითარებს”.
ბრაილის შრიფტის სწავლება სპეციფიკურ მეთოდს მოითხოვს, რისი გამოცდილებაც საჯარო სკოლის მასწავლებლებს არ აქვთ.
„ბრაილის შრიფტი თავიდან ყველასთვის რთულია, მაგრამ შემდეგ როდესაც შეეჩვევი, ამ სირთულეს ვეღარ გრძნობ,” - ამბობს 202-ე სკოლის მოსწავლე მერი პაპუნაიშვილი. მერი 17 წლისაა და მომავალ წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დაიწყებს. მომავალში იურიდიულ ფაკულტეტზე სურს სწავლა.
202-ე სკოლაში ბრაილის ნიშნები მთელს შენობაშია გაბნეული. ისინი, მოსწავლეებს დამოუკიდებლად გადაადგილებაში ეხმარებიან.
სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება. თუმცა, მოსწავლეებისთვის დამატებითი სპეციალიზებული გაკვეთილებიც ტარდება, მაგალითად რიტმიკა, რომელიც მუსიკისა და ცეკვის საშუალებით სმენისა და მოძრაობის უნარებს ავითარებს.
სკოლის 16 მოსწავლეს ოჯახიდან მოშორებით უწევს ცხოვრობა იმისათვის, რომ კვალიფიკაციური განათლება მიიღოს.
ასეთ შემთხვევაში, როგორც გუმბერიძე აღნიშნავს, ინკლუზიური განათლების სისტემა კარგად მუშაობს და სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მიღება საკუთარი ოჯახისგან მოშორებით არ უწევთ.
საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავჯდომარე რეზო მაისურაძე ფიქრობს, რომ ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რისთვისაც საჭიროა სპეცსკოლების არსებობა.
„მოსწავლეებს და მათ მშობლებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ. ინკლუზიური განათლება უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვისაც მუშაობს, მაგრამ სპეცსკოლა არ უნდა დაიხუროს.”
რეგიონებში მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვის განათლების სპეციფიკა და ასევე სკოლებს უნდა ჰქონდეს რესურსი იმისათვის, რომ მოსწავლემ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს.
განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც ფაქტობრივად ბავშვის საგანმანათლებლო ბედს წყვეტს, ყველა უსინათლო და მცირემხედველ ბავშვს 202-ე სკოლაში აგზავნის. მათ შორის ხვდებიან მენტალური და ფსიქო-ემოციური დარღვევის მქონე ბავშვები.
„ასეთი ტიპის დარღვევის მქონე ბავშვს სჭირდება სპეციალისტი”, - ამბობს აბაშია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მას არ აქვს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის კომპეტენცია.
ამ მიზეზით 2016 წელს სკოლის მენეჯმენტმა განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ სკოლაში არ ჩაერიცხათ ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობისა(IQ 30-ს ქვემოთ) და მძიმე ფსიქო-ემოციური აშლილობის დიაგნოზის მქონე მოსწავლეები. თუმცა, ამ თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია და უსინათლობა შეფასების ძირითად და ერთადერთ კრიტერიუმად დარჩა.
რეზო მაისურაძე აღნიშნავს, რომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების სწავლისადმი მონდომება ვლინდება უფრო მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში.
აღსანიშნავია რომ, უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სამსახურის შოვნა 202-ე სკოლისა და უმაღლესის დამთავრების შემდეგაც კი რთულია. სამთავრობო პროგრამა, რომელიც შშმ პირების დასაქმებას გულისხმობს, დღეს მხოლოდ 55 ადამიანს ასაქმებს. მათგან ერთ-ერთი აბაშიას დაა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. კერძო სექტორი კი შშმ პირების დასაქმებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.
გუმბერიძე იხსენებს, რომ მისმა მეგობარმა, ერთ-ერთ კომპანიას სპეციალური პროგრამის დაყენება შესთავაზა, რომელიც მას, როგორც უსინათლო ადამიანს მუშაობაში დაეხმარებოდა. შეთავაზებაზე კომპანიამ უარი განაცხადა.
აბაშია განმარტავს, რომ ბარიერების დასაძლევად, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციაა საჭირო. ბავშვი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველთან ერთად თამაშობს, იგი მას თანასწორად აღიქვამს.
აბაშია ამბობს, რომ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი მისგან დავალებას არ იბარებდა. „იგი მეუბნებოდა: შენ კარგი გოგო ხარ, ვიცი გეცოდინება,” - იხსენებს იგი.
„ეს ჩემთვის ტყვიაზე უარესი იყო. მე ხომ ვიცი რატომ ამბობდა ამას. იმიტომ, რომ არ უნდოდა ჩემი შეხედვა, დანახვა, მოსმენა. ზარავდა ჩემი უსინათლობა და მე სიკვდილი მინდოდა უკვე... რა, თქვენ გგონიათ ჩვენ ამას ვერ აღვიქვამთ? ”
იანვარი 2017, უხილავი საზღვრები