საზიარო წყლები

ავტორი: , ილკინ ჰუსეინოვი, დარო სულაკაური, მონიკა ელენა

23.02.18
გამოცემა: სივრცე

მტკვარ-არაქსი საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა სამხრეთ კავკასიის მაცხოვრებლებს და იგი არსებობის წყაროს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილი საზღვრების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდნენ. თუმცა, როდესაც სახელმწიფოების ინეტრესები თანხვედრაში არ მოდის, მოუგვარებელი რჩება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის  წყლის დაბინძურება. ასეთი უყურადღებობის შედეგად, უფრო და უფრო მძიმდება ცხოვრება მათთვის, ვისი არსებობაც ამ მდინარეებზეა დამოკიდებული. ეს ისტორია ასახავს ამ ორი მდინარის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების  ყოფის ხილულ კავშირებს ერთმანეთთან, მათ  ბრძოლასა და გამძლეობას.

მასალა შესაძლებელია შეიცავდეს ტერმინებს, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარე არ ეთანხმება. მასალაში გამოყენებული ტერმინები ეკუთვნის ავტორს და არა ჩაიხანას. 

შესავალი 

ტექსტისავტორი: მონიკა ელენა

საბირაბადში მეთევზეები ადრე დგებიან. განთიადამდე ბევრად ადრე, მამაკაცთა მცირე არმია მდინარისკენ მიემართება. ბაც შუქში მათი მზისგან გარუჯული სახეები ძლივს  მოჩანს. დაკუნთული ხელებით ისინი ბადეებს   ორი მდინარის შერწყმის ადგილას  ისვრიან. აქ, სამხრეთ აზერბაიჯანში, სამხრეთ კავკასიის ორი მძლავრი მდინარე  - მტკვარი და არაქსი - ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება.  

მდინარე იქაურ მიწას კვებავს და ადგილობრივები მას  “დედა მტკვარს” ეძახიან, მაგრამ კავკასიაში ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ მისი მასაზრდოებელი როლი.  

მდინარეები საზღვრებს არ ცნობენ, თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე მტკვრის და არაქსის გასწვრივ  მცხოვრებმა ადამიანებმა საზღვრები გაავლეს, წყლის რესურსები გადამეტებულად გამოიყენეს, დააბინძურეს და კონფლიქტში ჩაითრიეს მდინარეები.  შედეგად, არ არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იამრთოს  უზარმაზარი მდინარის აუზი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის საზღვარს კვეთს. ასეთი მდგომარეობა  ხელსაყრელი არავისთვისაა.

 ---

მტკვარ-არაქსის აუზი, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიაში მიედინება, ემსახურება და აღაფრთოვანებს მის ნაპირებზე მცხოვრებ მილიონობით ადამიანს. ორივე მდინარე სათავეს თურქეთში იღებს და აღმოსავლეთისკენ მიედინება.  ჩრდილოეთით, მტკვარი 1515 კილომეტრს გადის საქართველოში, შემდეგ კი აზერბაიჯანში,  სადაც ის ჯერ არაქსს უერთდება და შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაედინება. 

არაქსი სამხრეთით 1072 კილომეტრის მანძილზე მიედინება. მისი ძირითადი ნაწილი ბუნებრივ საზღვარს ქმნის ჯერ თურქეთსა და სომხეთს, შემდეგ სომხეთსა და ირანს, და ბოლოს, ირანსა და აზერბაიჯანს შორის. 123 000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ მდინარის აუზსს, მთელ ამ მანძილზე ათასობით შენაკადი კვებავს. თუმცა, მისი ნაპირის გასწვრივ მოგზაურობა ადვილი როდია. მსოფლიოში წყლის რესურსები ხშირად გამხდარა დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ კავკასიის მსგავს კონფლიქტურ რეგიონში,  ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას.

---

საბჭოთა პერიოდში წყლის მართვა კრემლის მიერ განსაზღვრული ცენტრალური პოლიტიკის ნაწილი იყო. გიგანტური ქვეყნის მასშტაბით, ეს პოლიტიკა აბსურდულად ერთგავროვანი იყო. გაფორმდა ორმხრივი შეთანხმებები თურქეთთან და ირანთან, რაც მდინარე არაქსის რესურსებით თანაბარ სარგებლობას გულისხმობდა. 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა წყლის ზედაპირის ხარისხის ზოგადი სტანდარტები, მაგრამ არ არსებობდა  კონკრეტული  მითითებები, ან მართვის პრაქტიკა, რომელიც მდინარის დაბინძურების დონეს გააკონტროლებდა და ასევე წყლის ხარისხის მონიტორინგს გასწევდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მემკვიდრეობით სწორედ ასეთი რეგულაციების ნაკლებობა ერგო.  იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ნულიდან იქმნებოდა და სატელეფონო კოდებით დაწყებული, ახალი ვალუტის ადაპტაციის ჩათვლით, უამრავი საკითხი იყო გადასაჭრელი, სახელმწიფოს წყლის მართვისათვის ნაკლებად ეცალა.  ამასთან ერთად, ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება მათ შორის თანამშრომლობას გამორიცხავდა.

1990-იანი წლების დასაწყისში, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა სასტიკი ტერიტორიული კონფლიქტების ასპარეზი გახდა, რაც მტკვარსა და არაქსზეც აისახა. მაგალითად, 1991-1994 წლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა შეუძლებელი გახადა რაიმე თანამშრომლობა წყლის მართვის საკითხებზე სომხეთს, აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთს შორის. პრობლემას ასევე ამწვავებდა მდინარეების მახლობლად მდებარე, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებებიდან გადაყრილი ნარჩენებიც. 

მდინარე არაქსი


 

სოფელ ბაგარანში აღმართული ჯვარი, თურქეთისა და სომხეთის დახურული საზღვრის ერთ-ერთ მხარეს მდებარე თურქულ სოფელ ჰალიკიშლაკის მეჩეთის მინარეთს გაჰყურებს. ორი დასახლება ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. მათ მხოლოდ მდინარე ახურიანი ყოფს, მაგრამ  მათ შორის საზღვარი უკვე ათწლეულების მანძილზე დახურულია. მდინარის გადაკვეთის ერთადერთი საშუალება მარტივად მომუშავე ბორანია, რომელიც იშვიათად გამოიყენება მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენლების მიერ,  სასაზღვრო დავების შემთხვევებში

 

1. მდინარე ახურიანის და თურქეთის სასაზღვრო სოფელ ჰალიკიშლაკის ხედი ბაგარანიდან. ახურიანი მდინარე არაქსის (თურქეთში ეწოდება არასი) მარცხენა შენაკადია. იგი არაქსს ბაგარანის მახლობლად უერთდება და სომხეთისა და თურქეთის საზღვრის გასწვრივ მიედინება.
2. ბაგარანელი ოჯახი მწვადის შესაწვავად კოცონს ამზადებს. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ეთნიკური სომხების დახოცვის შემდეგ (რასაც სომხები გენოციდს უწოდებენ) და 1920 წელს თურქულ-სომხური კონფლიქტის დროს, ათასობით სომეხი იძულებული იყო დაეტოვებინა დასავლეთ სომხეთის ისტორიულ მიწები და გადაეკვეთა არქსი.
3. ოჯახური ქეიფი. ბაგარანი, სადაც 600-მდე მოსახლეა, 1920-იან წლებში დაარსდა. მას სახელი ძველი სომხეთის ერთ-ერთი ისტორიული დედაქალაქის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

არაქსი ერთ-ერთია იმ მრავალი სოფლიდან, რომელსაც თურქეთის საზღვრის გასწვრივ  ჩამომავალი მდინარის სახელი ჰქვია. სოფელი 1940-იან წლებში შეიქმნა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ამ ადგილას დიდი კოლმეურნეობა დააარსა. არაქსი წყლის ქრონიკულ დეფიციტს განიცდის და ბევრი მოსახლე საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და საქაონლისათვის წყალს, მდინარე ახურიანიდან ტუმბავს  და ცისტერნებში აგროვებს. წყლის ხარისხი დაბალია, მაგრამ ღარიბ მოსახლეობას  სუფთა წყლის შეძენის  საშუალება არ აქვს.

 

არაქსში 62 წლის ავიკ მკრტიჩიანი საკუთარ აუზთან თევზს ასუფთავებს. მისი თევზსაშენი ტურისტული ღირშესანიშნაობაცაა. სტუმრებს შეუძლიათ ითევზაონ და შემდეგ შეიძინონ, ან წყალში დააბრუნონ დაჭერილი თევზი.
აშოტ აიდინიანი, 49 წლის (მარცხნივ) და სერგეი ორდიანი, 17 წლის (მარჯვნივ) ამზადებენ მასალას ახალი სათბურისათვის არაქსში. აიდინიანი ექვს სათბურს ფლობს სოფელში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. წყალი ქრონიკული პრობლემაა, ვინაიდან სარწყავი არხები და მილები ან სავალალო მდგომარეობაშია, ან საერთოდ არ არის.
არაქსში ქალები ვაგონში ისპანახს ასუფთავებენ. ისპანახი, მწვანე ხახვი, ქინძი და კამა, ადგილობრივი სოფლის ეკონომიკის ძირითადი პროდუქტია და ის მთელი წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი სათბურების მეშვეობით მოყავთ.

ოდესღაც ეს დასახლება,  რომელიც  ქალაქ მეგრის გარეუბანს წარმოადგენს, ერევანთან რკინიგზით იყო დაკავშირებული. ლიანდაგი  რამდენიმე კილომეტრის მანძილზე არაქსის პარალელურად არის გაყვანილი, ხოლო თავად მდინარის კალაპოტი სომხეთისა და ირანის საზღვრის მეორე მხარეს მდებარეობს. რკინიგზა საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. მატარებლები ჩრდილოეთის მიმართულებით აზერბაიჯანის კუთვნილი ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მიდიოდა, მაგრამ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და სსრკ-ს დაშლის  შემდეგ აზერბაიჯანმა საზღვარი ჩაკეტა. ის ახლაც ჩაკეტილია, ვინაიდან ფორმალურად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ ომია. რკინიგზა აღარ მუშაობს, ამან კი მუნიციპალიტეტს მთავარი სასიცოცხლო წყარო მოუსპო  და იგი კიდევ უფრო იზოლირებული გახადა.

 

მიტოვებული რკინიგზის სადგური არაქსაშენში. რკინიგზა, რომელიც ემსახურებოდა მახლობელ ქალაქ მეგრის 3500 მოსახლეს, 90-იანი წლებიდან აღარ ფუნქციონირებს. „აქ სიცოცხლე ჩქეფდა და ჩვენ ადვილად ჩავდიოდით ერევანში”, - იხსენებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
რუსეთის ჯარები არაქსის მიმდებარე საზღვარს აკონტროლებენ, მაგრამ ხანდახან აქაური მაცხოვრებლები მაინც ახერხებენ გადასვლას ირანის ტერიტორიაზე, სადაც, გავრცელებული აზრის თანახმად, მდინარეში უამრავი თევზია. არაქსში თევზაობა რომ ნებადართული იყოს, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ადგილობრივ ეკონომიკას.
არაქსაშენში, ბაბუის ბინაში 9 წლის ანი ბეგლარიანს არაქსის ნახატი უჭირავს. მდინარის შესახებ ჩვენი საუბრის მოსმენის შემდეგ, მან მდინარის დახატვა გადაწყვიტა.

ქალაქი  ჰორადიზი, რომელსაც 4000-მდე მოსახლე ჰყავს, მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ საზღვრთან და მდინარე არაქსთან მდებარეობს. მდინარე ირანის საზღვარის გასწვრივ მიედინება. 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს ქალაქის დიდი ნაწილი დაინგრა და არაქსის ხიდი ნაღმსატყორცნი ჭურვებით განადგურდა. Human Rights Watch-ის მონაცემებით,  ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა გაქცევისას მდინარის გადაცურვა სცადეს და მათგან ბევრი დაიხრჩო. დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა დევნილია.  გორაკზე, რომელიც ირანის საზღვრს გადაჰყურებს, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დიდი პორტრეტია აღმართული.

 

ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ეს ორი სოფელი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც მდინარე არაქსი ირანიდან აზერბაიჯანში მიედინება.  ბამბა და თეთრი ოქრო, ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი მასაზრდოებელია, რისთვისაც საბჭოთა პერიოდში სოფლებში დიდი სარწყავი სისტემა მოეწყო. წლების განმავლობაში იგი უყურადღებოდ იყო მიტოვებული, მაგრამ ხელისუფლება ამჟამად ბამბის წარმოების აღორძინებას ცდილობს. ფოტოზე (ქვემოთ) ასახულია ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარი, აზერბაიჯანის მხრიდან.

 

სამხრეთ აზერბაიჯანში მდებარე ორი მეზობელი სოფელი -  საათლი და იმიშლი - ნახევრად უდაბნო და ძალიან მშრალ ადგილას მდებარეობს.  მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ხოლო სოფლებში ბამბის წარმოება იზრდება. 2010 ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა და ამის  შედეგად რაიონი ძლიერ დაზარალდა. ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, ასობით სახლი და პლანტაცია განადგურდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი.

 

მიტოვებული ბეტონის ქარხანა.
ქვიშის კარიერი არაქსზე იმიშლიში.
ქვიშის კარიერი არაქსზე საათლიში. სოფელი ზღვის დონიდან 28 მეტრზე მდებარეობს.

სამხრეთ აზერბაიჯანში მდებარე ორი მეზობელი სოფელი -  საათლი და იმიშლი - ნახევრად უდაბნო და ძალიან მშრალ ადგილას მდებარეობს.  მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა ადგილობრივი ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ხოლო სოფლებში ბამბის წარმოება იზრდება. 2010 ადიდებული მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა და ამის  შედეგად რაიონი ძლიერ დაზარალდა. ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, ასობით სახლი და პლანტაცია განადგურდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი.

დღესდღეობით, რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების გარდა, ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება  ტრანსსასაზღვრო წყლის მართვის კუთხით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკვარ-არაქსის აუზში მდებარეობს. ყველა ამ ქვეყანას  გააჩნია საერთაშორისო მითითებებთან შესაბამისობაში მყოფი ეროვნული წყლის კოდექსი, მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმატა მდინარის დაბინძურებამ, უპირველეს ყოვლისა, დაუმუშავებელი საკანალიზაციო წყლებისა და მაღაროების, ქარხნებისა და გადამამუშავებელი საწარმოების სამრეწველო ნარჩენების ჩადინების შედეგად. სოფლის მეურნეობა კი კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს. მთელ რეგიონში სარწყავი არხები არაეფექტურია. მაგალითად  აზერბაიჯანში, ბამბის მარცვლები დიდი ოდენობით წყალსა და პესტიციდებს საჭიროებს. ქალაქებში წყალზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად რეგიონში წყლის დონე მცირდება.

წყლის დიდი რაოდენობის მოხმარების შედეგად, აუზის მრავალი პატარა შენაკადი უკვე ვეღარ აღწევს მტკვარამდე და დაბლობებში უჩინარდება. მტკვარის დინება ორი უზარმაზარი წყალსაცავის - მინგეჩაურისა და შამქორის - ტყვეობშია. შამქორის წყალსაცავში შედინების შემდეგ, ამ მდინარის დონე მნიშვნელოვნად ეცემა. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი, ნატო, გაეროს განვითარების პროგრამა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ცდილობდნენ საკუთარ თავზე აეღოთ ამ საკითხის მოგვარება, რადგან პოლიტიკოსები ამ სფეროს უგულებელყოფდნენ. ამ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ წყლის  რესურსების მოხმარების საკითხებში ტექნიკური თანამშრომლობა მშვიდობის მშენობლობის პოტენციალსაც შეიცავს. ამიტომაც მათ მტკვარ-არაქსთან დაკავშირებული არაერთი პროექტი დააფინანსეს, მაგრამ ამაოდ. სახელმწიფოები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ წყლის დაბინძურებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ მტკვარ-არაქსის აუზის ქვეყნების ზოგიერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლონ. 2005 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში, 30-მა წყლის რესურსების მენეჯერმა, მკვლევარმა და ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ასეთმა თანამშრომლობამ მართლაც შეიძლება რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და სოციალურ კეთილდღეობას შეუწყოს ხელი. თუმცა, რეაგირების  გარეშე ზიანი კვლავ გარდაუვალია.

 ---

აზერბაიჯანში, როდესაც მზე ორი მდინარის შერწყმის თავზე ამოიწვერება, მეთევზეები შინ მიემართებიან. მათ გარშემო, ფუმფულა ბამბით დაფარული მიწის ნაკვეთები ისედაც გაღარიბებულ „დედა მტკვარს“   დაბლობში დაგროვებულ ძვირფას წყალს ართმევენ.


 

მდინარე მტკვარი

საქათველოს მთიან სოფლებში წლების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებლობების ნაკლებობა სოფლების დაცარიელების მიზეზია.  ახალდაბა, სადაც 900 მოსახლე ცხოვრობს, ერთ-ერთი ასეთი ადგილია სამხრეთ საქართველოში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  ეს სოფელი მდებარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მარშრუტზე, რომელიც ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა, ჩინეთის მიერ წამოწყებული „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში. იგი მიზნად ისახავს საგარეო ინვესტიციების მოზიდვას და აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

 

მარიამ ლომაძე, 11 წლის, შობა დღეს ცეკვავს საკუთარ ოთახში. მისი ოცნებაა, გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე. მისი ცეკვის გაკვეთილების საფასურს ბებია საკუთარი პენსიიდან იხდის. "ეს ჩემს მიერ ყველაზე უკეთ დახარჯული ფულია", ამბობს იგი.

უძველეს დროში ურბნისი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ქალაქი იყო, რომელიც მე-8 საუკუნეში არაბებმა გაანადგურეს. დღეს ეს პატარა სოფელია, რომელიც ძირითადად  აქ არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვანი ცენტრის - წმინდა სტეფანის მონასტრის გამოა ცნობილი. 1977 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მტკვარზე ააშენა დიდი ხიდი ამ სოფლის სკრის რკინიგზის სადგურთან დაკავშირებისა და მისი ინტეგრაციის მიზნით.  იქამდე,  მეორე ნაპირზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება ბორანი იყო. 

 

10 წლის ანი მტკვრის ხიდზე დგას. საქართველოში ბევრი იცნობს ამ სოფელს, რადგანაც 1970-იან წლებში სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი სატელევიზიო ფილმი „დათა თუთაშხია“. წლების წინ ანის მამა ფილმის ერთ-ერთ სცენაშიც მონაწილეობდა.
36 წლის ეთერი აბრამიძე სამი შვილითან ერთად. იგი 17 წლის ასაკში დაქორწინდა და ექვსი შვილი ჰყავს. სკრისგან განსხვავებით, ურბნისი მდინარის დონიდან შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და გაზაფხულის სეზონური წყალდიდობა მას არ ეხება.
ჯემო ხიდის ერთ-ერთ ბაგირზეა ჩამოკიდებული. ურბნისში დროის გატარების ბევრი საშუალება არ არსებობს და ბავშვები თავად ცდილობენ მონახონ გართობის გზები.

სოფელი სკრა საქართველოს შუაგულში, მტკვრის ნაპირზეა განლაგებული. მდინარე წყლით სოფლის 1300 მაცხოვრებელს უზრუნველყოფს, რომელთა უმეტესობა მცირე ფერმერია. გაზაფხულის სეზონზე სოფელში ხშირია წყალდიდობები. ყოველ მაისს მდინარე მის ნაპირებზე განლაგებული დასახლების ნახევარს ტბორავს. მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია ითხოვს ნაპირების გამაგრებას გაზაფხულის წყალდიდობისაგან თავის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ. სკრაში ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული  პირები ცხოვრობენ. 

 

სკოლისკენ მიმავალი ბავშვები სარკინიგზო ლიანდაგთან მირბიან. სოფელში არ არის სასკოლო ავტობუსი, ამიტომაც ბავშვები ხშირად გზის შესამოკლებლად დატვირთულ რკინიგზას კვეთენ.
მარიკა ლაფაჩია თავის ქალიშვილს სკოლაში წასვლის წინ თმას უვარცხნის. მათი სახლი, ისევე როგორც მრავალი სხვა სახლი სოფელში, ყოველ მაისს იტბორება, მაგრამ ოჯახები არც კომპენსაციას ღებულობენ და არც ალტერნატიულ თავშესაფარს.
მარიკა და მისი ქალიშვილი ისვენებენ. მარიკას და მის მეუღლეს პაატა მთიულიშვილს ორი შვილი ჰყავთ. რეგულარული წყალდიდობის დროს ისინი თავიანთ სახლში რჩებიან, მაგრამ თუ წყლის დონე ძალიან მაღალია, ისინი შვილებს ახლოს მდებარე გორში აგზავნიან.

უფლისციხეში რამდენიმე ასეული მოსახლე ცხოვრობს. კლდეში გამოკვეთილი ანტიკური ქალაქის გამო, იგი  ცნობილი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. ქალაქის უძველესი ნაწილი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. თანამედროვე სოფელს და ისტორიულ ადგილს ერთმანეთისგან მტკვარი ყოფს.

 

ადგილობრივი ბავშვები მტკვარზე გადებული ხიდიდან თევზაობენ. მარჯვნივ ბავშვი იხრება, რომ მეგობრის მოქნეული ანკესი აიცილოს.
ადგილობრივი ბიჭები სტუმრის ფოტოკამერისათვის პოზირებენ.
მტკვარი სოფლის ორივე მხარეს მიედინება.

სოფელი გრაკალი, თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, მტკვართან ახლოსაა განლაგებული. აქაური ნიადაგი მეტისმეტად ნესტიანია სოფლის მეურნეობისათვის. სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობა აქ მხოლოდ იმ მიზეზით რჩება, რომ დედაქალაქში გადასვლის სახსრები არ აქვს.

 

დიდი ფარა გრაკალის მახლობლად ბალახობს.
4 წლის ლუკა, დედის ხელზეა ჩახუტებული. მისი ოჯახი მტკვართან ცხოვრობს და მიწის ნაკვეთს ფლობს, მაგრამ ასათვისებლად ის მეტისმეტად ნესტიანია.

მინგეჩაურის წყალსაცავი, რომელიც 1953 წელს მდინარე მტკვრის ბოზდაღის მთის გამავალ მონაკვეთზე აშენდა, უდიდესია კავკასიაში. წყალსაცავის სიგრძე 70 კილომეტრია და იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონის სოფლის მეურნეობის წყალმომარაგებაში.  მინგეჩაურს „სინათლის ქალაქს“ უწოდებენ, აქ არსებული  ჰიდროელექტროსადგურის გამო, რომელიც აზერბაიჯანში ყველაზე დიდია.

ძველი საბჭოთა ტურბაზის საპირფარეშო (ფოტო ქვემოთ). ასეთი სასტუმროები გადაკეთებულია კოლექტიურ საცხოვრებელ ცენტრებად მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის. თავშესაფრად გადაკეთებულ ყოფილ საბჭოთა სასტუმროში მცხოვრები ორი იძულებით გადაადგილებული პირი (ფოტო ქვემოთ). იმის გამო, რომ კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელი რჩება, დროებითი საცხოვრისი გრძელვადიანი საცხოვრებლი გახდა.

 

მამაკაცი დგას მინგეჩაურის ნაპირზე, იქ სადაც მდინარე დამშრალია. წყალსაცავის ნაპირის ამ მონაკვეთს ყიზილ ყუმს ეძახიან, რაც აზერბაიჯანულად ოქროს ქვიშას ნიშნავს.
ლტოლვილთა დასახლებაში სადილად თევზია. მტკვრის ნაპირზე მაცხოვრებლებისათვის თევზაობა ძირითადი საქმიანობაა.
მინგეჩაურის კაშხალი მტკვარზე. მიწის კაშხლის ჯებირის სიგრძე 1.5 კილომეტრს აჭარბებს და მის მშენებლობას რვა წელი დასჭირდა.

მთელ სამხრეთ კავკასიაში მოგზაურობის შემდეგ, მტკვარი და არაქსი საბირაბადში ერთმანეთს უერთდება - ადგილობრივები ამ ადგილს suqovuşan-ს ან qovşaq-ს  უწოდებენ, რაც აზერბაიჯანულად მდინარეების შერწყმას ნიშნავს.  გარკვეულ მონაკვეთზე მდინარეები ერთმანეთს არ არევა და საერთო კალაპოტში გვერდიგვერდ მიედინება. ამ მოვლენის მიზეზი მათი ტემპერატურის, სიჩქარის და შემადგენლობის სხვაობაა.

ბიჭი დგას სასტუმროს აუზთან, რომელიც 2010 წლის ძლიერი წყალდიდობის შემდეგ მიტოვებულია. წყალდიდობის დროს ევაკუირებული იყო დაახლოებით 10 000 ადამიანი და დაინგრა 500 სახლი.

ნეფთჩალა ბაქოს  სამხრეთით მდებარეობს. ამ ქალაქის გავლით, სადაც 20 000  მოსახლეა,  მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება. ქალაქის სახელწოდება მოდის სიტყვებიდან  “neft”  და “chala”,  რაც აზერბაიჯანულად ნავთობსა და ჭაბურღილს ნიშნავს. ნავთობის ინდუსტრია რეგიონის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგი იყო. პირველი ჭაბურღილი აქ 1872 წელს გაბურღეს. ამ ადგილის ჰორიზონტი უხვადაა დასერილი ნავთობის კოშკურებით, მაგრამ დღეს ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა სოფლის მეურნეობა და თევზაობაა.

ზუთხსაშენის თანამშრომელი აუზებთან. დაბინძურებამ, გადამეტებულმა თევზაობამ და კონტრაბანდამ კრიტიკულ დონემდე შეამცირა ზუთხის რაოდენობა.
მწყემსი ნეფთაჩალაში ხიდზე გადადის, იმ ადგილის მახლობლად, სადაც მტკვარი კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თანამშრომლები ასუფთავებენ ზუთხსაშენი მეურნეობის განახლებულ აუზებს. კასპიის ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნების პრეზიდენტები ზუთხის ჭერის აკრძალვაზე შეთანხმდნენ და შედეგად ზღვის ნაპირებზე ზუთხსაშენი მეურნეობები შეიქმნა.
ზუთხის კვება თევზსაშენ მეურნეობაში.

 

განსაკუთრებული მადლობა Forset-ს მათი დიზაინისთვის. 

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია