ბერძნები საქართველოში, ორ სამშობლოს შუა
ახილეს ჩირაჰიდისის სახლზე აღმართული საბერძნეთის დროშა პატრონს მუდმივად ახსენებს წარმომავლობას. ამის მიუხედავად, 60 წლის ჩირაჰიდი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დიდ ირაგაში სეირნობისას, ისევე გრძნობს თავს ქართველად, როგორც სოფლის დანარჩენი 161 მაცხოვრებელი. მისთვის და თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დარჩენილი სხვა ბერძნებისთვის სამშობლო მარტივი ცნება არ არის.
"(მე ვარ ბერძენი) საქართველოა ჩემი სამშობლო, ჩემი სახლი ესაა" - ამბობს იგი.
ჩირაჰიდისის წინაპრები თურქეთიდან საქართველოში 1800-იან წლებში ჩამოვიდნენ, მაშინ როდესაც რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის კონფლიქტი მძვინვარებდა. 1886 წლისთვის საქართველოში 20 000 ბერძენი ცხოვრობდა. მომდევნო საუკუნის განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა, ცხოვრება კი გაუმჯობესდა. იმ დროს ქვეყანა უკვე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლები: დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ივანოვკა და ვიზიროვკა ბერძნებით იყო დასახლებული.
1990-იანი წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, საქართველოდან საბერძნეთში ბერძენთა მასობრივი მიგრაცია დაიწყო, სადაც ისინი მოქალაქეობას იღებდნენ და სამუშაოსაც ადვილად შოულობდნენ. დროთა განმავლობაში, სოფლები დაცარიელდა და მიჩუმდა. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ეთნიკური ბერძნები ქვეყანაში 5,544 ადამიანს შეადგენენ, მათგან უმრავლესობა (2113 ადამიანი), ქვემო ქართლში, სხვადასხვა სოფელში ცხოვრობს.
ჩირაჰიდისი მასობრივ გამგზავრებას შეუერთდა და საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, თესალონიკში გადავიდა საცხოვრებლად. მან და მისმა ოჯახმა ბერძნული პასპორტები მიიღეს. მისი ბაბუა დიდ ირაგაში დარჩა, იქამდე სანამ მარტო შეეძლო ცხოვრება და 1994 წელს ისიც თესალონიკში გაემგზავრა. იგი საბერძნეთში გარდაიცვალა, მაგრამ მისი თხოვნა საქართველოში დასაფლავება იყო.
"საქართველოში 2012 წელს დავბრუნდი, პაპაჩემი აქ გადმოვასვენე და დავკრძალე. ეს მისი სურვილი იყო. ჩემი სურვილიც ეგაა” - ამბობს ჩირაჰიდისი უზადო ქართულით.
ისინი, ვისაც მშობლიურ მიწასთან კავშირის გაწყვეტა არ სურთ, არდადეგებს საქართველოში ატარებენ ან მოდიან იმისათვის, რომ მამებისა და ბაბუების დატოვებული ქონება დაიმტკიცონ.
ჩირაჰიდისი წელიწადში ათ თვეს საქართველოში, დიდ ირაგაში ატარებს, დანარჩენ დროს კი რეგულარულად მიემგზავრება თესალონიკში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. იგი ყოფილი მძღოლია და ჯერჯერობით პენსიაზე გასვლას არ აპირებს. შიგადაშიგ ახლაც მუშაობს. გარდა ამისა, ოჯახი საბერძნეთიდან ფინანსურად ეხმარება. ბაღში ხილი აქვს და თავად ამზადებს ღვინოსა და ჭაჭას.
"მე ქვაზეც ვმუშაობდი, აქ ყველა ბერძენი ქვაზე მუშაობდა. ამიტომაცაა რომ ყველა ბერძნული სახლი ამ სოფელში ქვისაა” - ამბობს იგი.
დიდ ირაგადან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჯიგრაშენში ცხოვრობს სოფია პაპუნიდი, რომელიც ერთ-ერთი ბერძენია ვინც 100 კაციან სოფელში დარჩა. ჩირაჰიდისის მსგავსად ისიც საქართველოში დაიბადა, თუმცა ქვეყნის დატოვება არ სურს.
"ჩემი მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა. გადავწყვიტე აქ დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს სახლი ჩვენ ერთად ავაშენეთ, დიდი შრომა გავწიეთ. ჩემს გოგონას (რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს) ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი ამ სახლის მიტოვებას. როცა მოვკდები, შეუძლიათ გაყიდონ," – ამბობს 83 წლის სოფია, რომელიც საბერძნეთში 90-იანებში გაემგზავრა და რამდენიმე წელში უკან დაბრუნდა. "გაოცებული ვიყავი. ყველგან ასფალტი იყო, სოფლებშიც კი. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, რომ ის არ იყო ჩემი სახლი. მივხვდი რომ საქართველოში მინდოდა ცხოვრება. მე საქართველოში გავიზარდე. ესაა ჩემი სახლი, აქ უნდა დავიმარხო, სადაც ჩემი მეუღლეა დასაფლავებული".
ბერძენი ახალგაზრდები სოფელში თითზე ჩამოსათვლელად არიან. პატარა ირაგაში, სადან 173 ადამიანი ცხოვრობს, სულ რამდენიმე ბერძნული ოჯახია, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. ადგილობრივ სკოლაში ბერძნული წარმოშობის მხოლოდ ოთხი ბავშვი სწავლობს.
ხანდახან ადამიანები დინების საპირისპიროდაც მოძრაობენ. მარინა ცირიპიდი მშობლების მსგავსად საქართველოში დაიბადა და ვასილიზე დაქორწინდა, რომელიც საბერძნეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. 12 წლის შემდეგ ვისილისთვის საქართველო საკუთარი სახლი გახდა, სადაც მართალია ცხოვრება რთულია, მაგრამ მარინასგან განსხვავებით უკან წასვლა არ სურს.
"მას აქ მოსწონს ყოფნა, ტყეში მუშაობს, შეშაზე. მე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვმუშაობ დამლაგებლად, სადაც ჩემი შვილი, 12 წლის აფანასია სწავლობს” - ამბობს მარინა.
ჩირაჰიდისი მომავალს იმედით უყურებს, რაც მარტივი არ არის. მისი ცოლ-შვილი დროგამოშვებით სტუმრობს დიდ ირაგას. ძირითადად იმ დღესასწაულების დროს, რომელიც ქართველებსა და ბერძნებს ერთსა და იმავე დროს აქვთ, რაც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრების შედეგია.
ახილეს ჩირაჰიდისიმ კარგად იცის თუ სად მთავრდება მისი გზა და სასაფლაოსკენ იშვერს ხელს:
"ჩემი საბოლოო ადგილი იქაა. აქ მინდა მოვკვდე".
დეკემბერი, 2018 გზაზე
გააკეთე დონაცია