ელიავას ბაზრობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე

ავტორი: ელენე შენგელია, თამთა ჯიჯავაძე
22.06.19
გამოცემა: ჩვენ გარშემო

ტექსტი: თამთა ჯიჯავაძე

ფოტო: ელენე შენგელია

 

60 წლის მირიან ზირაქაძე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ლაბირინთში მუშაობს. მისი სამშენებლო მასალების მაღაზია ერთ-ერთია იმ ათასობით ობიექტიდან, რომელიც ელიავას ქაოსურ ბაზრობას ქმნის – მოუწესრიგებელ ადგილს, რომელიც გაცვეთილ ტურისტულ მარშრუტებში არ შედის, თუმცა შესაძლოა, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად ჩაითვალოს. ელიავას ბაზრობა, რომელსაც სახელი ერთ-ერთი ახლომდებარე ქუჩის მიხედვით დაერქვა, აღარ ჰგავს იმ ადგილს, სადაც ზირაქაძემ ვაჭრობა 23 წლის წინ დაიწყო. ეკოლოგიური პრობლემები ყოველდღიურად იზრდება, ბაზრობის სხვა ადგილზე გადატანის საკითხი კი კვლავ დღის წესრიგში რჩება. „რეალურ ალტერნატივას ვერ ვხედავ,“ – აღნიშნავს ზირაქაძე, – „აქ მომუშავეებს შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ. თანაც, ელიავას ბაზრობა უზარმაზარია! როგორ შეძლებენ მის გადატანას?!“

ლაბირინთი, სადაც ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი მაღაზიები მოყავისფრო თუნუქითაა გადახურული, 1995 წელს გაიხსნა. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველო ორ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მიწასთან გაასწორა, ხალხი კი პურის უსასრულო რიგში ჩააყენა. სასოწარკვეთილი თბილისელები ახალგახსნილ ბაზრობას მიაწყდნენ, რათა სააბაზანო ოთახებისა თუ სახლის სახურავების შესაკეთებლად მასალები იაფად ეყიდათ. მას შემდეგ, ყოველდღიურად, აქ ათასობით მოვაჭრე ყიდის საშხაპე მილებსა და ონკანებს, ქანჩებსა და ჭანჭიკებს, სახრახნისებსა და ჩაქუჩებს, კაბელებსა და შედუღების აპარატებს, საღებავებსა და ფუნჯებს – ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეს.

ელიავას ბაზრობა უკვე ისეთი გაზრდილია, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 15 ჰექტარს იკავებს. ალეკო კახიანი, ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრე, ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად 15 000 ადამიანი მუშაობს და 100 000-მდე მომხმარებელს ემსახურება.

ასეთი ტემპების ფონზე, დაირღვა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმები. 2018 წლის ოქტომბერში ხანძარმა ბაზრობის 800 კვადრატული მეტრი გაანადგურა, ერთი წლით ადრე კი იმავე მიზეზით 2300 კვადრატული მეტრი დაზიანდა. საგანგებო სამსახურებმა ორივე შემთხვევაში ორი მთავარი პრობლემა დაინახეს – სახანძრო ჰიდრანტების ნაკლებობა და ბაზრობიდან გასასვლელი წერტილების შეზღუდული რაოდენობა.

ის, რომ ბაზრობა უარყოფით გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე, უფრო და უფრო აქტიური განხილვის საგანი ხდება. „ავტოგასამართი სადგურებიდან გამოჟონილი ქიმიური ნივთირებები და გამონაბოლქვი ერთნაირად აბინძურებს ჰაერსაც, მიწის ზედაპირსაც და წყალსაც, ვინაიდან ბაზრობა ზუსტად მდინარის პირას მდებარეობს,“ – ამბობს ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია და აღნიშნავს, რომ სახიფათო შემადგენლობის მჟავები, რომლებიც ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროინდელი ავტომობილებიდან და აკუმულატორებიდან გამოიყოფა, პირდაპირ ნიადაგში ხვდება, შემდეგ კი საკანალიზაციო ქსელში იღვრება.

ბევრი მოვაჭრე თანახმაა, რომ ბაზრობამ ახალ ლოკაციაზე გადაინაცვლოს, სადაც ეკოლოგია და უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება, მაგრამ ისინი, სანაცვლოდ, ფინანსურ გარანტიებს ითხოვენ. ზირაქაძის მსგავსად, ელიავას ბაზრობა თამაზ ხელაშვილისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ორი შვილის მამა, რომელიც 61 წლისაა, თავიდან „დაშლილების ბაზრობაზე“ ავტონაწილებით ვაჭრობდა, დღეს კი თავისი მაღაზია აქვს, სადაც ავტომობილის მეორად ნაწილებს ყიდის.

„რა საჭიროა ბაზრობის სხვაგან გადატანა? აქ ხალხი შრომობს – ოჯახები ჰყავთ სარჩენი. ბაზრობას თუ გადაიტანენ, სხვა გზა არ გვექნება – ჩვენც გადავყვებით. თავის რჩენას მხოლოდ ასე თუ შევძლებთ,“ – ამბობს ხელაშვილი, რომელსაც, ზირაქაძის მსგავსად, ბაზრობის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებისას არავინ არაფერს ეკითხება.

როგორც თბილისის მერიაში პრესასთან ამბობენ, ბაზრობის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა და გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მათივე თქმით, არსებობს ორი ვერსია: ერთის თანახმად, არსებული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, მეორეს მიხედვით კი ელიავა სხვაგან უნდა გადავიდეს, თუმცა სად – ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. ბაზრობას ხუთი დიდი კომპანია ინაწილებს, ხუთამდე პატარა კომპანია კი ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილს ფლობს.

2019 წლის მაისში ძალაში შევიდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის განაშენიანების ყველა პარამეტრს განსაზღვრავს და, ელიავას ბაზრობის მომავალთან მიმართებაში, ხაზს უსვამს დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობას.

„გენგეგმის მიხედვით, უპირატესობა რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას ენიჭება, თუმცა ნაბიჯები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაიდგას, რაც კვლევა დასრულდება,“ – ამბობს მამუკა სალუქვაძე, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, რომელიც მერიასთან ერთად ქალაქის დაგეგმარებაზე მუშაობს, – „გარკვეული რეკომენდაციები უკვე გავეცით, თუმცა ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და საბოლოო გადაწყვეტილება მესაკუთრეებმა და ქალაქის მერიამ უნდა მიიღონ.“

ეს გაურკვევლობა ხელს არავის აძლევს. შპს „სავაჭრო ცენტრი დიდუბე“ ბაზრობის მესამედს ფლობს და 3 000-მდე მოიჯარესთან თანამშრომლობს. ნუგზარ იმნაიშვილი, კომპანიის ტექნიკური დირექტორი, ამბობს, რომ მესაკუთრეები საკუთარ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობენ: „წარმოდგენა არ გვაქვს, როდის და როგორ გადაწყდება ამ პროექტის ბედი, ამიტომ ბაზრობის კუთვნილი ნაწილების განვითარებაზე ზრუნვა ჩვენით დავიწყეთ. უკვე გვაქვს სტადიონი, სამომავლოდ კი გვინდა, ეს ადგილი ვაქციოთ სავაჭრო ცენტრად, რომელსაც თავისი პარკი და გამწვანება ექნება. თბილისის მერიას 2019 წლის აპრილში მივმართეთ, მაგრამ ჯერ არავის უპასუხია.“

ელიავას ბაზრობის არსებულ ტერიტორიაზე დარჩენისა და მისი განვითარების მომხრეა ალეკო კახიანიც, რომელიც შპს „ტატას“ ხელმძღვანელია. „სამომავლო გეგმებმა არავინ უნდა დააზიანოს – არც მესაკუთრეები და არც მოიჯარეები. თუ ბაზრობა, ვთქვათ, ავჭალაში გადავა, მომხმარებელთა უმეტესობას დავკარგავთ. მგონი, სჯობს, მხოლოდ ავტომობილის მეორადი ნაწილებით მოვაჭრეები გადაიყვანონ,“ – ამბობს კახიანი, რომელსაც 180-მდე მოიჯარე ჰყავს. ისინი ავეჯით ვაჭრობენ და 540-მდე ადამიანს ასაქმებენ.

„ელიავას ბაზრობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სავაჭრო სივრცე. მას სოციალური მნიშვნელობაც აქვს. ჩემთვის, ისევე, როგორც აქ მოვაჭრეთა უმეტესობისთვის, ის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.“ – თამაზ ხელაშვილი, 61 წლის.
„ბაზრობის მომავალზე კონკრეტული მოსაზრება არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პირობების გაუმჯობესება სურთ, მოვაჭრეებს ეშინიათ, რომ ადგილის ფასი გაიზრდება და ქირის გადახდას ვეღარ შეძლებენ.“
პრობლემურია ბაზრობაზე გასაყიდი საკვების მდგომარეობაც, რადგან ამ მხრივ არსებული პირობები ჯერ არავის გამოუკვლევია.
„ძირითადად, უშედეგოდ ვმუშაობ. საქონელს ვერ ვყიდი იმიტომ, რომ ხალხს ფული არ აქვს. ქვეყანაში უზარმაზარი ეკომონიკური პრობლემებია, რაც იმაზე გაცილებით უფრო მასშტაბური პრობლემაა, ვიდრე ელიავას ბაზრობის მომავალი.“ – მირიან ზირაქაძე, 60 წლის

პრესსამსახურის მტკიცებით, თბილისის მერია ელოდება პარლამენტის მიერ „თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებისა და რეალიზაციის წესების განსაზღვრის შესახებ კანონპროექტის“ დამტკიცებას. „ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტი მიიღებს რეგულაციებს, რომელიც ტერიტორიას დაბინძურებისაგან დაიცავს. რაც შეეხება განვითარებასა და მოდერნიზებას, თბილისის მერია და ელიავას ბაზრობის მესაკუთრეები საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ,“ – წერია „ჩაიხანასთვის“ გამოგზავნილ წერილში.   

ხმაური, სუნი და მტვერი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. „ზაფხული განსაკუთრებით აუტანელია. მერიას რამდენჯერმე მივმართეთ საჩივრით, მაგრამ ამაოდ,“ – გვიყვება 62 წლის ნაირა მესხი, რომელიც ახლა უკვე ძალიან ნანობს, 2009 წელს ბაზრობასთან ბინა რომ იყიდა, – „ფანჯრების გახსნა შეუძლებელია, გარეცხილი ტანსაცმელი კი სულ იმტვერება. ჩვენ კიდევ გაგვიმართლა – მეექვსე სართულზე ვცხოვრობთ, მაგრამ მათ, ვინც პირველ და მეორე სართულებზე ცხოვრობენ, ჩემი აზრით, სპეციალური ნიღბები უნდა ატარონ. როგორ გავუძლოთ ამ სიბინძურეს, როცა ხეებიც კი ჩვენ თვალწინ ხმებიან?“

ახალაიას თქმით, თუ ელიავა ამჟამინდელ ტერიტორიაზე დარჩება, ის სრულად უნდა გასუფთავდეს და შესაბამისად აღიჭურვოს. აუცილებელია, ყველგან იყოს ბეტონის სპეციალური წყალგაუმტარი ფილები, რომლებიც ნიადაგს დაბინძურებისაგან დაიცავს. ასევე, ავტოგასამართ ცენტრებში აუცილებელია გამწოვი სისტემების მონტაჟი, რათა მავნე ნივთიერებები გარემოში არ მოხვდეს. და, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია გამწვანება. ეკოტოქსიკოლოგის თქმით, „ბევრი ხე და გამწვანება ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია“.

ელიავას ბაზრობაზე მომუშავეთა ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაშია. ანტისანიტარიისა და სიბინძურის გამო, მათ უმეტესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ვიზუალურადაც მარტივი შესამჩნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ობიექტი მოწესრიგებული და კარგად მოწყობილია, ელიავას ბაზრობის ძირითადი ნაწილი მაინც დაბინძურებული რჩება. ამის მთავარი მიზეზი ავტოგასამართი ცენტრებიდან გამოჟონილი მომწამვლელი ქიმიკატებია.
ზაფხულის აუტანელ სიცხეში ელიავას ბაზრობაზე ჩრდილის პოვნაც კი შეუძლებელია, რის გამოც მოვაჭრეები მწველი მზისგან თავს ვერ იცავენ.
მტვრისა და ცხელი ლითონებიდან გამოყოფილი ნივთიერებების გამო, ელიავას ბაზრობაზე მუშაობა ზაფხულობით კიდევ უფრო გაუსაძლისია.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია