სახლში ვიდეოკამერით
სახლში ვიდეოკამერით
ავტორი: ანნა ძიაპშიპა
როგორ მარტო დარჩა ქალაქი
ხანდახან ვრწმუნდებით რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენს ფანტაზიებზე უფრო მრავალფეროვანი და მოულოდნელია. არქივი და დოკუმენტური კინოც ამიტომ არის განსაკუთრებული; ჩვენი რეალობა გაცილებით უფრო მრავალშრიანია, ვიდრე ის, რაც შეიძლება მასზე მოვიფიქროთ.
სახლში გამოკეტილი ყოველდღე ახალ, უფრო დისტოპიურ სამყაროში ვიღვიძებ. განუწყვეტლივ ვფიქრობ მარტოობაზე და ვხვდები როგორ მეცვლება წარმოდგენა ამ სიტყვაზე და იმაზე, რასაც ვგულისხმობდი მასში სულ რამდენიმე კვირის ან თვის წინ.
მახსენდება ჩემი პირადი არქივი. ერთგვარი მარტოობის დაფიქსირების ვიდეო და აუდიო მცდელობები. მარტო სხვადასხვა მედიუმის უკან, როგორც მარტოობის დამკვირვებელი და დამფასებელი.
ეს მოკლე ვიდეო პირადი აუდიოვიზუალური არქივისგან შედგება. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა წელს, სხვადასხვა განწყობით დაფიქსირებული წუთები ან წამები დღევანდელი სიმარტოვის პერსპექტივიდან არის დანახული.
როგორც ერთგვარი ხარკი წარსულის მარტოობას.
იზოლაციაში
ყოველდღიურად უამრავ ვიდეოს ვიღებთ, რომლსაც მერე, დიდი ალბათობით, აღარასდროს ვუბრუნდებით და სადღაც ვინახავთ.
ვპოულობ კადრებს ომიდან, სტიქიის ზონიდან, აქციებს ქალაქში, შიმშილს - ჩემ მიერ გადაღებულ მასალას გარეთ თუ სახლში და განვლილ წლებს ჩემსავე არქივში სტუმარივით ვათვალიერებ. ამ პროცესში ბევრი სევდიანი და თითქოს აბსურდული ემოცია მიცოცხლდება.
ავტორი: ანნა სარუხანოვა
ივნისის წვიმა
იზოლაციაში ყოფნა ფიქრისკენ გიბიძგებს. ამ დროს საკუთარ თავს ბევრ კითხვას უსვამ. შენს ანარეკლს სარკეში აკვირდები და თან, თითქოს ეჭვი გეპარება ნამდვილად შენ ხარ თუ არა. არ გტოვებს განცდა, რომ ვიღაც შენთან ერთად თანაარსებობს. ამ უცნაურ და გაურკვეველ დროს, იმედიანიც ვარ. ეს გრძნობა დაუსრულებელ სიყვარულს ან გაზაფხულს შემიძლია შევადარო, რომელსაც დღეს თითქოს ვემშვიდობები. მაგრამ ეს დასასრული არ არის, ახლის დასაწყისი უფროა. ჩემს ვიზუალურ არქივს ახალ კონტექსტში ვიაზრებ, ამიტომაც ეს ვიდეო ძალიან პერსონალურია, სიყვარულზეა, აღსარებაა ფაქტობრივად. მცდელობაა სარკის მიღმა ახალი პერსპექტივა დავინახო.