როცა საკუთარ სხეულს ვერსად გაურბიხარ

ავტორი: თინა კიკალიშვილი,

ფოტოგრაფი: სოფი მდივნიშვილი

19.05.20
გამოცემა: იზოლაცია

ბავშვობაში როცა თავს სევდიანად ვგრძნობდი, ოთახში ვიკეტებოდი, ფანჯარას ვაღებდი, იატაკზე ვწვებოდი და ღმერთს ველოდებოდი სალაპარაკოდ. ღმერთთან აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ეს ტრადიცია საკუთარ თავთან სალაპარაკოდ შევინარჩუნე. ბოლო დროს იმდენად ბევრი შეთქმულების თეორია მიტრიალებს თავში, რომ მიჭირს გავარჩიო რეალურად რას აქვს მნიშვნელობა ან რას უნდა მივაქციო უფრო მეტი ყურადღება. ამიტომ, უბრალოდ ჩუმად ვიღებ ჩემი ქვეცნობიერის ბიძგებს, მელანქოლიას, შფოთვებს და ყველა უსუსურ ფიქრს.

ჩემი პროექტი ეხება თვითიზოლაციაში საკუთარ თავზე დაკვირვებას და იმ მოგონებებზე თვალის გასწორებას, რომელსაც წლების განმავლობაში გავურბოდი. როცა მარტო ხარ და საკუთარ სხეულს ვერსად გაურბიხარ, ვერც საკუთარ მოგონებებს გაურბიხარ. სხეული შენი ცოცხალი მემატიანეა იმისა, რისგან გაქცევასაც ცდილობ.

მარტოობის პირველი წრე

გახსოვს, ზღაპრები ძილის წინ რომ გიკითხავდნენ მშობლები ტკბილად რომ ჩაგძინებოდა? ახლა როგორ გძინავს, ღამის დემონები ხომ არ გაწუხებენ კითხვებით? თავს დამნაშევად ხომ არ გრძნობ რომ შენ არაფერი გაქვს სათქმელი მშობლებისთვის არც ძილის წინ და არც მერე?

მარტოობის მეორე წრე

გახსოვს, ქართულის მასწავლებელს რომ უთხარი, რომ უბრალოდ გინდოდა კეთილი ადამიანი გამოსულიყავი. ახლა რას ფიქრობ, სამსახურიდან ამის გამო ხომ არ წამოხვედი?

მარტოობის მესამე წრე

გახსოვს, პირველი სახლი, რომელშიც მარტო გადახვედი საცხოვრებლად და მოუსვენარი შეგრძნება იმისა, რომ ვერასდროს იცხოვრებდი ერთ ადგილას ძალიან დიდხანს. ხომ არ გეშინია მიჯაჭვულობის და სახლის ილუზიის შექმნის?

მარტოობის მეოთხე წრე

გახსოვს, უცნაური შეგრძნება როცა ოცნება აგიხდა და მიხვდი რომ რაღაც დაიკარგა ასრულების პროცესში. რატომ არ საუბრობ ოცნებაზე, სანამ გეგმას არ იპოვი მასთან მისასვლელად?

მარტოობის მეხუთე წრე

გახსოვს, გაღიმება რომ გთხოვა მომხმარებელმა დილის 6 საათზე, როცა მწვანილებს ალაგებდი. რატომ გაუბრაზდი საკუთარ თავს, გგონია ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს?

მარტოობის მეექვსე წრე

გახსოვს, სიკვდილზე რომ ლექსი დაწერე და მერე შენს ძმას წაუკითხე, ვითომ გალაკტიონის იყო? ბებია რომ მოკვდა მაშინაც დაწერე რაღაც, მაგრამ მერე აღარავის წააკითხე. ახლა როცა მილიონი ადამიანი კვდება საკუთარი სიკვდილის უფრო გეშინია თუ სხვისი?

მარტოობის მეშვიდე წრე

გახსოვს, ზაფხულის ცხელი დღე ლისზე, პირველად რომ ხელი დაგარტყეს? რას გრძნობდი მაშინ, რატომ არასდროს გისაუბრია ამაზე? შენი აზრით ფანჯრების მიღმა ახლა რამდენი ქალი დუმს?

მარტოობის მერვე წრე

გახსოვს, ბედნიერი ოჯახების რომ გჯეროდა? გგონია მართლა გადახტებოდა ფანჯრიდან, შენ რომ არ დაგეკავებინა? შენი აზრით, რაღაცაზე ძალიან დიდხანს რომ დარდობ, რამდენი ხნის შემდეგ ხდება სულერთი?

მარტოობის მეცხრე წრე

გახსოვს, პირველად რომ იტირე სხვასთან? შეგვიძლია ერთმანეთთან გულწრფელები ვიყოთ, სანამ არ გვიტირია? ტირილის შემდეგ თავს უხერხულად როცა არ ვგრძნობთ, რეალურად გულწრფელები მაშინ ვართ?

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია