პანდემიის სიზმრის არქივები

ავტორი: თინა კიკალიშვილი

05.07.20

სიზმარი ერთგვარი თამაშია გონებისთვის, რომელიც გვაიძულებს მანამდე დავიჭიროთ და დავიმახსოვროთ დეტალები, სანამ ყველაფერი ბუნდოვანი გახდება. ჩემი პროექტიც ამ თამაშის ნაწილია და პანდემიის დროს, ცნობიერში შემორჩენილ სიუჟეტებს გვიყვება. ინტერვიუებით და ფოტოებით ვცდილობ გამოვიკვლიო როგორ უმკლავდება გონება პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს.
სიზმრები სხეულიდან, ფიზიკური სამყაროდან განდევნილი განცდებია, რომლებიც  გონებაში ილექება.
როგორ ახარისხებს სიზმრები ჩვენს ყოველდღიურ განცდებს, შიშებსა და მომავალზე ფიქრებს პანდემიისას? რა სურათ-ხატებს ირჩევს გონება ქვეცნობიერის არქივებიდან?  მილიონობით ადამიანი სიმბოლოებით დატვირთულ უჩვეულო სიზმრებს ხედავს, რომლებიც - ლიონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებების მკვლევარ პერინ რუბის აზრით - შეიძლება გონების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენდნენ ემოციური რეგულაციისთვის. 
კვლევის ფარგლებში 70-მდე  სხვადასხვა ასაკის, სქესის, პროფესიისა და გამოცდილების ადამიანს ველაპარაკე და სიზმრების გახსენება ვთხოვე. მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა გავლენა პანდემიას ძილზე მათ შემთხვევაში.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, სიმზრების მკვლევარი დიირდრა ბარეტი მიიჩნევს, რომ რადგან ვირუსი უჩინარია, სწორედ ამიტომ შეუძლია მას ბევრ განსხვავებულ მედიუმში შეღწევა და თუნდაც, სიზმრად ტრანსფორმირება.
ჩემი მთავარი ინტერესი პანდემიის დროს ქვეცნობიერის თავდაცვით მექანიზმებზე დაკვირვება და იმ დეტალების აღდგენაში მონაწილეობის მიღება იყო, რომელსაც ცნობიერი დროსთან ერთად კარგავს, ადვილად ივიწყებს.
სიზმრების შეგროვებისას აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს ამახსოვრდებათ განცდები, ფიქრები, სილუეტები და ის დეტალები, რამაც ყველაზე მეტად აღაფრთოვანა, დაამწუხრა ან შეაშინა, თუმცა, მთლიანი სიუჟეტის აღდგენა ძალიან უჭირთ.

გიორგი 7 წლის

თავისუფლება მომენატრა. ეს ჩაკეტილობა აღარ მინდა. კორონას დროს უფრო საინტერესო სიზმრებს ვნახულობ, სულ მულტფილმები მესიზმრება. სუპერგმირი ვარ და ვიღაცას გადავარჩენ ხოლმე. წუხელ დრაკულას შვილიშვილის ფორმა მეცვა და დავფრინავდი. მერე დავინახე ურჩხული, გოგონას ახრჩობდა. მე მივედი და წყალში ჩავაგდე. მერე იმ ურჩხულის თავი ნიანგებს ვაჭამე. მერე გოგოსთან ავფრინდი და მშვიდობით ჩამოვიყვანე ქვევით. კორონას დროს სულ დავფრინავ და სხვებს გადარჩენაში ვეხმარები.

ანასტასია 18

სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა მიყვარს და სიზმრებში ყოველთვის მიმყვება ხოლმე ეს განწყობა. ამ პერიოდში განსაკუთრებით დასამახსოვრებელ, ფილმივით სიზმრებს ვხედავდი, სადღაც სხვა პლანეტაზე გადავდიოდით საცხოვრებლად. ერთ-ერთ სიზმარში, სხვა პლანეტაზე ვიყავი უკვე, სადაც უამრავი ციცინათელა იყო. ვფიქრობდი, აი სად წამოსულან ციცინათელები მეთქი და მიხაროდა, რომ ცოცხლები იყვნენ. ბედნიერად მივსეირნობდი ტყეში, სადაც რატომღაც ქვიშა ეყარა და იმედი მქონდა ზღვამდე მიმიყვანდა. თითქოს შორიდან ტალღების ხმაც მესმოდა და ციცინათელები მასთან მისასვლელ გზას მინათებდნენ. რაღაც მომენტში ცას ავხედე და ვიგრძენი თითქოს ქილაში ვიყავი, ძალიან შემეშინდა და როგორც კი შემეშინდა, ყველა ციცინათელა ჩაქრა და გამეღვიძა.

Mikhail, 27
 

A dream by itself can provide some hope and be seen as a sign of irrational or unexplained support that evokes action. My girlfriend and I were sitting on a bus. The bus seemed to be the same I had seen in Berlin before, however the environment reminded me of something totally different. Suddenly we saw one Jewish man on the bus with long curly hair who was wearing a kippah. I exited the bus when it came to my stop. My girlfriend did not follow me. Later the entire space turned into an abandoned cabin and a wide-open field.

Instead of waiting room seats, there were bus chairs. My girlfriend was sitting on the chair and this Jewish man took a seat just next to her. The girl went away. While walking around we ended up at Delisi (Tbilisi Metro) station. We saw a long queue near one of the booths and people seemed to be very serious.  I do not really remember what was their response, but I guessed it right: on behalf of God they were selling or distributing human meat, saying it would save them from the virus. I cannot recall other details but I clearly remember the long queue and the sense that what was going on was a bit silly.  On the other hand I was trying to make it serious but I couldn’t. 

ანი 29 წლის

ყოველთვის, როცა ვშფოთავ, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება: დაახლოებით კოსმოსურ გარემოში, აი, ფოტოებზე და ფილმებში რომ არის ლურჯი ან მუქი მწვანე ფონით და წვრილი ვარსკვლავებით სავსე, ამ ფონზე ნელ-ნელა ორი ცალი მატრასი ჩნდება მწვანე, ლურჯ და ნაცრისფერ ზოლებში. მაშინვე მძაბავს, ვხვდები, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ჩემი ვალდებულებაა რომ ეს მატრასები ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანო და მე ეს არ შემიძლია; თან ამ მატრასებში ვიღაც არის მოქცეული და ოდნავ გაწევაც კი არ შემიძლია, რომ გადავარჩინო. ეს ყველაფერი უჰაერო სივრცეში ხდება. ეს განცდა სიზმარში  ყველაზე კარგად გამოგვიცდია, ალბათ, ყველას: მიდიხარ და ვერ აგრძელებ გზას, დაიძახებ და შენი არავის არ ესმის, გგონია რომ უკვე ახლოს მიხვედი, მაგრამ ის ისევ შორს არის. 

მე სიზმარში დასახმარებლად ყოველთვის დედას ვეძახი, როგორც ჩემს ერთადერთ იმედს. მერე ვიღვიძებ და სანამ ოდნავ მაინც მოვალ აზრზე, მაშინაც დედას ვეძახი. ყოველთვის როცა ამ სიზმარს ვხედავ უსიამოვნო შეგრძნებაა. ვერ ვხვდები კიდევ რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რასაც ვერ გავუმკლავდები. ბავშვობიდან მოყოლებული, დაახლოებით, ოცზე მეტ სახლს მოვითვლი სადაც მიცხოვრია. მე, დედაჩემი და ჩემი და ბინიდან ბინაში, მეზობლების და ნათესავების ნაჩუქარი ნივთებით გადავდიოდით. მათ შორის იყო მატრასები, ორი ცალი; მწვანე, ლურჯ და ნაცრისფერ ფერებში.  ეს სიზმარი ჩემთან მაშინ ჩნდება, როცა რაღაც ისეთი ხდება, რისი შეცვლის ძალაც არ მაქვს და გარშემოც სრული გაურკვევლობაა.

ნიკა 32 წლის


პანდემიის პერიოდში უფრო ხშირად მესიზმრება და ეს სიზმრებიც უფრო და უფრო სურეალისტურია. ერთი კვირის წინ ჩრდილოეთის ციალის მსგავსი პატარა ღრუბლები მესიზმრა. დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძისები იყვნენ. დაცურავდნენ. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, მაგრამ ცოცხლები არ იყვნენ. ფანჯრებშიც შეეძლოთ შემოსვლა და თავისთვის ლივლივებდნენ სივრცეში, დროის შეგრძნების გარეშე. მერე კი ბებიაჩემი მოვიდა და მისი დავალებით, ქაფით კუბოს სახელურების რეცხვა დავიწყე. რუდუნებით და მონდომებით შევუდექი საქმეს, მოგვიანებით, ხელების დასაბანად აბაზანაში შევედი. ღრუბლებით უფრო გაოცებული ვიყავი, ამიტომ უკეთესად დამამახსოვრდა. სიზმრის მეორე ნაწილიდან დეტალები გაღვიძებისთანავე დამეკარგა.

ქეთო 34 წლის

ჩემი სიზმრები ძირითადად, ჩემი ყოველდღიური ფიქრებისა და ემოციების გაგრძელებაა. მე და ჩემმა მეგობარმა სიზმარში აღმოვაჩინეთ, რომ ფრანგულად ლაპარაკის უნარი დავკარგეთ. მე ვტიროდი და მეგობარს ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, რაც კი შეიძლებოდა დაგვმართნოდა. ის კი იცინოდა და ამბობდა, რომ ფრანგულის ცოდნა მხოლოდ ტვირთი იყო მისთვის და ახლა ბედნიერია, რომ არ ტვირთისგან გათავისუფლდა.

რეზო 46 წლის

სიზმრებზე რაც დრო გადის უფრო მეტს ვფიქრობ. პანდემიის პერიოდში კი ჩემთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა. თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი. ბოლოს პარიზისა და თბილისის ნაზავი ქალაქი მესიზმრა. გარშემო ყველა ყველაფერი, კორპუსი, ადამიანები თბილისს მახსენებდნენ, მაგრამ სიზმრის მთავარი პერსონაჟი -მიტოვებული კათედრალი - პარიზიდან იყო. შენობა ინგრეოდა, ხავსი ეკიდა, სარკმლები ჩამტვრეოდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მნუსხავდა ეს მომაკვდავი შენობა. მერე მხარზე ხელი დამადეს, ვიღაც ბაბუ იყო, მე არ მიყურებდა, ისიც შენობას უყურებდა და მეუბნებოდა, რომ დამაგვიანდა. მერე კი უცნაური რამ მოხდა. უცებ ვიგრძენი რომ ეს ბაბუ მე ვიყავი და ჩემს თავს თვალებში ვერ შევხედავდი. როგორც კი ეს გავიფიქრე, გამეღვიძა. მეტი დეტალი არ მახსოვს, ვცდილობდი ეს ყველაფერი სიზმარშივე გამემეორებინა ჩემი თავისთვის, რომ არ დამვიწყებოდა; რამდენჯერმე მოვყევი კიდეც, მაგრამ დროსთან ერთად, სიზმრები მაინც მავიწყდება ხოლმე. ზოგჯერ კი, ალბათ, ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავთ. 

დალი 58 წლის

სიზმრებს ყოველთვის ვხედავ, განსაკუთრებით როცა პრობლემებია მომრავლებული. მაგალითად, თუ კბილის ამოღება და თმის შეჭრა დამესიზმრა, ვიცი, ვიღაცას დავკარგავ. ისიც ვიცი, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ფაქტია რომ ასე ხდება. ამ პერიოდში განსაკუთრებით მეშინოდა მსგავსი შინაარსის სიზმრების. პანდემიის დროს ბევრად უფრო გაურკვეველი და ჩახლართული სიზმრები მქონდა. ბოლოს ხვრელი მესიზმრა, რომლიდანაც გამოძრომას ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით ვახერხდები. მთელი სიზმარი გამოძრომის გზებზე ვფიქრობდი, ვემზადებოდი, სხვადასხვა მეთოდს ვსწავლობდი. თუ ეს არ გამომივიდოდა, შემდეგი გამოწვევა სიმაღლეზე ასვლა და ჩაჭიდება იყო. არც ის ვიცოდი ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო, ან ჩაჭიდება რას მიშველიდა. სხვა დეტალები არ მახსოვს, ყოველთვის შეშინებულს მეღვიძებოდა.

კახა 60 წლის

ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცი: თუ სიზმარში კბილი მომტყდა, ვინმე ძალიან ახლობელი აუცილებლად დატოვებს პლანეტას. უკვე გამოცდილი სიზმარია და ვიცი, რომ ეს ასეა. სხვა შემთხვევაში კი, სიზმარს, რომელიც მამახსოვრდება, არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს ემოციურ თუ სხვა სახის მდგომარეობასთან. არც მახსენდება შემთხვევა, როცა სიზმარი კავშირში ყოფილიყოს რეალობასთან ან მომავალთან. 

პანდემიის პერიოდში ტკბილად მეძინა და სიზმრის გახსენებაც ძალიან მიჭირს.

დარწმუნებული ვარ, რომ ვნახულობდი, მაგრამ ფაილები წაშლილია. მამაჩემი 2004 წელს გარდაიცვალა და ყველა სიზმარში, ხმალამოღებულიც რომ დავრბოდე მთელი ღამე, შანსი არ არის სადმე არ იდგეს, ან იჯდეს და არ მიყურებდეს.

დათო 72 წლის   

სიზმრებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ იზოლაციის დროს რამდენიმე კარგად დამამახსოვრდა. ღამე იყო და ვარსკვლავები, ერთ ადგილზე ყოფნის ნაცვლად, ცაზე ლივლივებდნენ. გავიფიქრე ახლა თევზაობისთვის კარგი დრო იქნება მეთქი და უცებ ანკესით ზღვისპირას გავჩნდი. თევზის კუდები ვარსკვლავებივით ანათებდნენ ზღვაზე და დავეჭვდი, ზღვა ვარსკვლავებს ხომ არ ირეკლავს მეთქი. მერე ჩამოვჯექი და თევზაობა დავიწყე, მაგრამ თევზს ვერაფრით ვიჭერდი. მეგონა წლები ვიჯექი, ისევ ისეთი ლამაზი ღამე იყო, მე კი თევზს ვერ ვიჭერდი და ძალიან ვდარდობდი. პანდემიის დროს 70 წელზე ზემოთ ადამიანებს, მეტი შეზღუდვა გვქონდა და ალბათ, ეს სიზმარიც ამის გამოძახილია.

ია 61 წლის

ახალგაზრდობაში სიზმრები სულ მამახსოვრდებოდა ხოლმე, მიყვარდა მათზე დაკვირვება; შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ცოტა რთული პერიოდი დადგა და სიზმრებსაც ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. ამ ბოლო დროს ისევ დამიბრუნდა.  როცა ვიღვიძებ, ყოველთვის მახსოვს რა სიზმარი ვნახე. ხშირად მესიზმრება დედაჩემი, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. ძალიან მხიარულად ვარ, ბედნიერად, დედა სადღაც წავიდა და წლებია არ გამოჩენილა. თუმცა, მე არ ვეძებ, ინიციატივაც კი არ გამომიჩენია. სიზმარშივე განვსჯი ჩემს თავს ამის გამო.  ვფიქრობ, იქნებ სადმე არის და ცოცხალია. სიზმრების ფესვები წარსულშია და რეალურად რაც იყო იმასთან კავშირშია. ჩემი სიზმრები ასეთია ყოველ შემთხვევაში. 

ამასწინათ დამესიზმრა პატარა ბავშვი, რომელიც სოფელში უნდა წამეყვანა. ისე მოხდა, რომ ჩემს მაგივრად სხვებმა წაიყვანეს. როცა გავაცნობიერე, ძალიან ვინერვიულე რომ პატარა უცხოს ვანდე. შემდეგ გამახსენდა, რომ დედა სოფელში იყო და ის მიხედავდა. ამ სიზმარზე ვფიქრობ და მჯერა, რომ ეს პატარა ბავშვი ჩემი დაკარგული მესამე შვილია, რომელიც მგონია ახლა დედაჩემთან ერთად არის.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია