სატირასა და ცენზურას შორის: პოლიტიკური კარიკატურები სამხრეთ კავკასიაში

ავტორი: სალომე აფხაზიშვილი, , მკვლევარი: ელა კანეგარიანი
06.01.21

პედოფილია სასულიერო პირებში, რუსეთიდან წამოსული საფრთხეები, არაეფექტიანი დასავლური დიპლომატია, განათლება და თანაბარი უფლებები ქალებისთვის - ამ თემებზე სტატიების კითხვა დღეს არავის უკვირს, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები არტისტები ამ საკითხებზე საუკუნის წინ სატირულ ჟურნალების გვერდებზე საუბრობდნენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკური კარიკატურა, რომლის ავტორები  1900-იან წლებში აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი არტისტები არიან, გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე ის ნამუშევრები, რომლებსაც თანამედროვე მედიაში შეხვდებით.

სინამდვილეში, ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა გავლენა ჰქონდა ან რამდენად პოპულარული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური კარიკატურები რეგიონში.  თუმცა, თვალის გადავლებითაც ცხადია, რომ ეს სატირული ჟურნალები და პოლიტიკური კარიკატურები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ღიად და თამამად აკრიტიკებდნენ.

მე-20 საუკუნის პირველ ორ ათწლეულში, სამივე ქვეყანამ, თითქმის ერთდროულად, მცირეხნიანი დამოუკიდებლობა მოიპოვა.  რუსეთის იმპერიაში რევოლუციებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნა თავისუფლების სურვილით ანთებული მოძრაობების გაჩენისთვის. ამავე პერიოდში დაიწყო მწვავე ეთნიკური და რეგიონალური დაპირისპირებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მეორე მხრივ, მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები: გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენების გადანაწილებას ცდილობდნენ. 

1920-იანი წლების დასაწყისში, რეგიონში რამდენიმე გამორჩეული ხელოვანი (შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, აზიმ აზიმზადე, გიგო ზაზიაშვილი, ოსკარ შმერლინგი) ცდილობდა სიმბოლოებისა და სიტყვების თამაშით აქტუალურ, თუმცა, იმ პერიოდში მკაცრად ტაბუირებულ თემებზე ელაპარაკა.  ისინი უძველეს ტრადიციას მიჰყვებოდნენ, თუმცა, ეს ტრადიცია ისე არასდროს ფასობდა, როგორც მაგალითად, ხატვა და მხატვრობა.

ეს მიმოხილვა რეგიონში მცხოვრები მკვლევარების დახმარებით მომზადდა, რომელიც არ ისახავს მიზნად  ამ სამ ქვეყანაში განვითარებული ისტორიული მოვლენები შეაფასოს. ის მხოლოდ ცდილობს გაარკვიოს, როგორ იყენებდნენ პოლიტიკურ კარიკატურას, როგორც ფორმას, მწავავე საკითხებზე სამსჯელოდ, პოლიტიკური ელიტების კრიტიკისთვის და კულტურული ნორმების გასააზრებლად. ამ დროს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ეროვნული თვითგამორკვკევის ეტაპზე არიან, რადგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ინტენსიურად განიცდიდნენ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ წნეხს.

 

დემოკრატიული ხელოვნების ფორმა

 

ვიქტორ ნავასკი, ავტორი წიგნისა „წინააღმდეგობის ხელოვნება: პოლიტიკური კარიკატურები და მათი უკვდავი ძალა“ ერთ საინტერესო დეტალზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ კარიკატურები ყოველთვის მიიჩნეოდა ღარიბთა ხელოვნებად, რადგან ისინი ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები იყო დაბალი სოციალური ფენისთვისაც. შესაბამისად, ადვილი იყო მათი გავრცელებაც ფართო მასებში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც წერა-კითხვაც კი არ იცოდა.

ამის მიუხედავად, ანიბალე კარაჩი, XVI საუკუნის სატირიკოსი და მხატვარი, ამბობდა, რომ  კარიკატურისტებსა და კლასიკურ ხელოვანებს, სინამდვილეში საერთო ამოცანა ჰქონდათ.

“ორივე მათგანისთვის ჭეშმარიტება გარეგანი გამოსახულების საფარქვეშ იმალება. ორივე ცდილობს, შინაგანმა ბუნებამ თავად აღასრულოს გეგმა. თუკი პირველი ცდილობს, სრულყოფილი ფორმების გამოსახვას და ამის ხორცშესხმას კონკრეტულ ნამუშევარში, მეორე მთლიანად საზრდოობს სრულყოფილებამდე მისული დეფორმაციით, რასაც, თავისთავად, მოსდევს ხასიათის თავისებურებების მთელი ძალით გამოვლინება. როგორც ყველა ხელოვნების ნიმუში, კარიკატურაც იმაზე რეალისტურად უყურებს ცხოვრებას, ვიდრე თავად სინამდვილეა”, ამბობდა კარაჩი.

თავად ტერმინი „კარიკა“ ნიშნავს „დატენვას“. როგორც კი დაიძრება, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და გავლენაც მყისიერი აქვს. 

რალფ სტედმანი, ცნობილი ბრიტანელი ექსცენტრული ილუსტრატორი, პოლიტიკურ კარიკატურებს „მკვლელობის ერთგვარ ფორმად“ მოიხსენიებს.

„ისე ხდება, რომ ადამიანისთვის ზიანის მიყენების სურვილი გიჩნდება, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ შედეგი ფატალური, ფიზიკური ზიანის სახით არ დგება. თუ გამოგივა და  ფსიქოლოგიურად გაანადგურებ ადამიანს, ღირებულს სწორედ ამ დროს შექმნი. ამის მტკიცედ მჯერა და იგივე შეიძლება ითქვას ყველა სერიოზულ სატირიკოსზეც,“ამბობს კარაჩი.

 

საზიარო იარაღი

 

პოლიტიკური კარიკატურა აღიქმებოდა, როგორც ბასრი იარაღი. ეს კარგად ჩანს იმ ჟურნალების დასასახელებებში, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოიცემოდა. მაგალითად,  „ეშმაკის მათრახი“, „მახათი“, „ფუტკარი“, „ლამპარი“, „სადგისი“„დარტყმა“, „სა-და-ნა“... 

სატირული გამოცემა, სათაურიდან დაწყებული სტატიებით დამთავრებული, ცდილობს შექმნას “ვიზუალით გამოსახული პრობლემა,“გვეუბნება ნავასკი. 

მე-20 საუკუნის დასაწყისის სამხრეთ კავკასიაში, პრესის გამოჩენამ შესაძლებელი გახადა პოლიტიკური იდეები ვიზუალური მედიით, კერძოდ კი,  კარიკატურებით გავრცელებულიყო. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ პოლიტიკურ გამოცემებში ილუსტრაციების გამოყენება სტრატეგიის ერთგვარი ნაწილი იყო. ეს ნიშნავდა უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლას.

„რუსეთის იმპერიაში თუ მასალა პოლიტიკურ გზავნილს შეიცავდა, ცენზორები მას მაშინვე აქრობდნენ. თუმცა, კარგად შეფუთულ კარიკატურაში გაცილებით რთული იყო რამე პოლიტიკურად მიუღებლად მიგეჩნია,“გვიხსნის ირაკლი ხვადაგიანი.

გარდა ამისა, განათლების დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალი იყო. სწორედ ამიტომ, მარტივი ნახატი, ტექსტის გარეშე, თითქოს გარანტია იყოს იმის, რომ სათქმელი აუდიტორიამდე აუცილებლად მივიდოდა. 

„კარიკატურა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გამოსახულება, ხალხს პირდაპირ ელაპარაკება. ნახატები პირდაპირი კომუნიკაციის ენაა,“ ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ტურალ ჰამიდი გვიყვება, რომ სოციალური და პოლიტიკური საკითხებისგან განსხვავებით, რელიგიური ფანატიზმისა და სასულიერო პირების კრიტიკის მიმართ, რუსეთის იმპერია გაცილებით უფრო შემწყნარებელი ყოფილა.

რელიგიური ლიდერები პოლიტიკური კარიკატურების სამიზნედ სამივე ქვეყანაში გვევლინებიან. ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ შედეგად, რედაქტორებს ემუქრებოდნენ და ზოგჯერ კონკრეტული პოლიტიკური კარიკატურის დაბეჭვდასაც უკრძალავდნენ. უკიდურეს შემთხვევებში, გამოცემებიც იხურებოდა. 

მოლა ნასრედდინი, 1907, N41 ავტორი: ოსკარ შმერლინგი

გულია ხაკიმ, „მოლა ნასრედდინის“ მკვლევარმა აზერბაიჯანიდან, მიაგნო კარიკატურას, რომელზეც გამოსახულია მუსლიმი. ვხედავთ, რომ  სანქტ-პეტერბურგის კომისიაში ვიზიტისას, ის მზად არის დათანხმდეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მუსლიმთა სკოლების თაობაზე.

მკვლევარი  იუსიფ ისმაილი გვეუბნება, რომ რუსი მმართველები წინააღმდეგები იყვნენ აზერბაიჯანელებსა და ადგილობრივ მუსლიმებს განათლება მიეღოთ. იმის მიუხედავად რომ აზერბაიჯანული ინტელიგენცია ყველანაირად ცდილობდა წიგნიერების დონე რამენაირად გაეუმჯობესებინა, რუსი მმართველები მათ, ხშირად, ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ. ისინი სასულიერო პირების გაძლიერებას, მათი გავლენის გაზრდას უფრო უჭერდნენ მხარს და სხვადასხვა ფორმით ახალისებდნენ კიდეც მათ.

„მოლა ნასრედდინი“, 1913, N20

- გილოცავ, ჯამალ! ანგელოზმა  ნიშანი მოგვცა. სულიწმინდა დიდებას ითხოვს.

- გადაეცით რომ შეხვედრას ხვალ შევძლებ. დღეს ნამდვილად არ მცალია. ღვთისმსახურებით ვარ დაკავებული.

 

ეს პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც სასულიერო პირს, აბდულ ბაჰაის პედოფილიაში სდებდა ბრალს, 1913 წელს არის დაბეჭდილი ჟურნალ „მოლა ნასრედდინში.“ როგორც მკვლევარი გულია ხაკი გვეუბნება, თბილისში მომუშავე პრესის კომიტეტმა, ამ კარიკატურის დაბეჭდვისთანავე ყველა ასლის   გავრცელება შეაჩერა. ისინი განსახილველად იმპერიის ცენტრალურ კომისიას გადაეგზავნა. გულია ამბობს, რომ ზუსტად იმავე თემაზე მაშინ პოემაც დაიწერა. პოემას „სკოლის მოსწავლე ბიჭი“ ერქვა. „ორივე მასალა, კარიკატურაც და პოემაც, სასულიერო პირის წოდებას აკნინებდა. ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ალიქულუ ნაჯაფოვი ამის გამო ციხეშიც ჩასვეს. მეორე რედაქტორი, ცნობილი სატირიკოსი და მწერალი, ჯალილ მამადგულუზადეჰი და რედაქციის სხვა თანამშრომლები, სასამართლოში რამდენჯერმე დაიბარეს. ამის მიუხედავად, ჟურნალი ცენზორებს 1914 წლამდე გადაურჩა. გამოცემამ მუშაობა 1917 წლიდან განაახლა.

რელიგიური ლიდერების შარჟები ქართულ სატირულ ჟურნალებშიც გვხვდება. ეს ორი პოლიტიკური კარიკატურა 1917 წელს არის გამოქვეყნებული იმ დროისთვის ცნობილ სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“. ორივე კარიკატურა ქართველი სასულიერო პირების მისწრაფებებს ამხელს.

ეშმაკის მათრახი, 1917 (N 13): „მომიწოდებენ ბრძოლად ერისთვის, გული მიმერჩის კარიერისთვის.“
ეშმაკის მათრახი, 1917 (№ 20) : ნორჩი მასწავლებელი: „ბაბუ, თუ შენ ეგრე იკოჭლე ქართული ანბანის გარჩევაში, წირვის წესებს სიკვდილამდე ვეღარ შეისწავლი.“

გამოცემები არც პოლიტიკურ თემებს ერიდებოდნენ, რისთვისაც, ხშირად, სიმბოლოებს იყენებდნენ. მაგალითად, გავლენიან ქვეყნებსა და იმპერიულ ძალებს ცხოველები განასახიერებდნენ. მათ შორის დათვსა და მგელს ყველაზე ხშირად ვხვდებით. დათვი რუსეთის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში დათვის სახით კარგად შეფარულ საფრთხეს გამოხატავდნენ.

მოლა ნასრედდინი, 1909. დათვის მეგობრობა
მოლა ნასრედდინი, 1906, N20

იუსიფ ისმაილი, რომელიც დამოუკიდებელი მკვლევარია აზერბაიჯანიდან, ამბობს, რომ „მამაც მუსლიმთა“ კარიკატურა უკმაყოფილო აზერბაიჯანელების ჯგუფს გამოხატავს. ისინი თეთრი დათვის მეტაფორით თავიანთ ძალას აჩვენებდნენ და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ამის საპასუხოდ, თავდამსხმელად „რუსული დათვი“ გვევლინებოდა, რომელიც მათ, შიშისა და უიმედობის გამო, უკან დახევას აიძულებდათ.

ეშმაკის მათრახი, 1920. „საქართველო დამოუკიდებლობაზე: მშვიდად ჩემო პატარა, მშვიდად! ხედავ? არ გესმის, რომ ის უკვე შუა ტყეში დაძრწის?“

ეს კარიკატურა, ბევრი სხვა კარიკატურის მსგავსად, მოსალოდნელ საფრთხეს გამოხატავს კომუნისტების მხრიდან.  1918-1921 წლებში საქართველოში შექმნილი თითქმის ყველა კარიკატურა კომუნისტებზე საუბრისას ბაღლინჯოს სიმბოლოს იყენებს, როგორც შავი ჭირისა და სიკვდილის წყაროს. 

ეშმაკის მათრახი, 1920. უზენაესი მმართველნი საბჭოთა რუსეთისა. შიმშილი, სახადი, სიცივე.

დათვს სომხეთის ყოველთვიურ სატირულ ჟურნალ „სარკეშიც“ ვხვდებით.

სარკე, 1918

ამ კარიკატურაშიც დათვის სიმბოლიკით რუსეთია გამოსახული. ჯარისკაცის სახით კი, გერმანია. მათ სისხლის მდინარე ჰყოფთ. ჯარისკაცს მტრედი უჭირავს ხელში და დათვს სთხოვს, თუ შეუძლია, მშვიდობის სიმბოლო გამოართვას და ამ ჟესტით მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ. ვხედავთ, რომ დათვი ზურგს უკან იარაღს მალავს.

კიდევ ერთი წამყვანი თემა, რომელიც სამივე ქვეყნის კარიკატურას აერთიანებს, გეოპოლიტიკური ომებია. აქ აზერბაიჯანელები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. ალბათ, იმიტომ რომ აზერბაიჯანში მუსლიმები ოსმალეთის იმპერიის მკაცრ კონტროლს ემორჩილებოდნენ. „მოლა ნასრედდინი“ მკითხველებს, ძირითადად, მათ საგარეო საქმეებსა და რეგიონალურ პოლიტიკურ კურსს აცნობდა.

- ადიუტანტი: გენერალო სანდერს, მეათე პოლკის მეოთხე ბატალიონში, თორმეტმა ჯარისკაცმა ფეხსაცმელები დახია. რას გვიბრძანებთ?

- სანდერს ფაშა: თუ შეიძლება, ამჯერად, ბერლინს დავეკითხები.

 

ეს კარიკატურა სტამბულში აია სოფიას მეჩეთს იყენებს ოსმალეთის იმპერიის ძალისა და გავლენის ხაზგასასმელად.

მოლლა ნასრედდინი, 1914, N20

- რატომ იცინი? –  „მათ ვაშინებთ.“

- კუდს რატომ აქიცინებ? - თავადაც გვეშინია.

 

საქართველოში პოლიტიკური კარიკატურები საკმაოდ სკეპტიკურად გამოსახავდნენ დასავლური დიპლომატიის ეფექტიანობას. ისინი აჩვენებდნენ დიდი ქვეყნების ლიდერთა გულგრილობას, რომლებიც ვერასოდეს იღებდნენ გადაწყვეტილებას მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.

„ეშმაკის მათრახი“, 1920, N2. ზევით: სამშვიდობო კონფერენცია ქვევით: ამაზე მყუდრო მშვიდობიანობა მხოლოდ სასაფლაოზე შეიძლება.

სომეხი კარიკატურისტები ყურადღებას ამახვილებდნენ ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომეხი მოსახლეობის სასტიკ ხოცვაზე (ამ ამბავს სომხეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, გენოციდი უწოდა). 1919 წელს, ყოველკვირეულმა სატირულმა ჟურნალმა „ჭკვიანმა დავითმა“ სომხეთში დაბეჭდა კარიკატურა, რომელზეც ჩანს როგორ ამოჰყავს ადამიანთა ჯგუფს ორმოდან ერთი კაცი. ერთმა მეორეს შეეკითხა, რას აკეთებსო? მას უპასუხია: ცდილობს სომხეთი ამ სისხლიანი ორმოდან ამოაძვრინოსო.

 

ჭკვიანი დავითი, 1919.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური კარიკატურების მდიდარი არქივია, თუმცა,      ზუსტად ძნელია იმის თქმა, რა გავლენა ჰქონდა ამ კარიკატურებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ან იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მართავდნენ.

მიუხედავად ამისა, ორი რამ ცხადია:

მას მკითხველზე გავლენა ნამდვილად ჰქონდა. ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, რომ მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა პოლიტიკურ ლიდერებზე ნახატების შექმნა. ხვადაგიანი იხსენებს, რომ 20-იანი წლების შემდეგ, რედაქტორებსა და კარიკატურისებს შეეძლოთ საბჭოთა ლიდერების ფოტოები გამოეყენებინათ, მაგრამ ვერავინ გაბედავდა რომელიმე მათგანის პორტრეტის საკუთარი ვერსია შეექმნა. მას შემდეგ, რაც ამ რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს, თითქმის ყველა სატირული ჟურნალი, რომელიც სტატიაში ვახსენეთ, დაიხურა ან იძულებული გახდა, სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეეცვალა.

უფრო მეტი ფაქტობრივი კვლევისა და ანალიზის გარეშე, ვერასოდეს გავიგებთ, სინამდვილეში, რა გავლენა ჰქონდა ამ კარიკატურებს; ან იმას, რა აიმედებდათ არტისტებს, რომლებიც სიცოცხლეს სწირავდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ნამუშევრებით საზოგადოება უკეთესობისკენ შეეცვალათ.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია