მრავალსნეული 

უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ მე და შენ შეშლილობის ცნება ერთად გამოვიგონეთ

ავტორი: გიორგი ვაჩნაძე, , ფოტოგრაფი: ნინო-ანა სამხარაძე
20.01.21
გამოცემა: უცხო

წამოდი გავისეირნოთ. გზა ცოტა ტალახიანი იქნება, მაგრამ არც ისე გრძელი. ეს ბილიკი ხვეულია. ალბათ, ამ გზაზე არაერთხელ დაეჭვდები,  მიმართულებაც შეიძლება აგერიოს, თუმცა, თუ აიტან და მომთმენი იქნები, საინტერესო მიგნებებს აღმოაჩენ. კერძოდ, შეშლილობის არსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხს. წამოდი, წამოდი! დაივიწყე ყველაფერი, რაც კი ოდესმე გსმენია სიგიჟის შესახებ და ერთად აღმოვაჩინოთ, რას გულისხმობს.  უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ შეშლილობის ცნება მე და შენ ერთად გამოვიგონეთ. 

როგორ დავსვათ ეს კითხვა? ის უშუალოდ სხვას ეხება. სხვას, როგორც გასხვისებულს, მოკვეთილს, დამცირებულს, ან უჩინარს. მოდი ასეთი ავადმყოფური თამაში წარმოვიდგინოთ: „ვინ არის ჩვენში ყველაზე უცხო, უცნაური და შემზარავი?“ რომელი არსება ატარებს ყველაზე საძაგელ ნიღაბს? გეტყვი: არა ერთხელ მოხვედრილა ის საკანში მკვლელთან, ქურდთან, ან სხვა პატიმართან ერთად. ხშირად ერთმანეთშიც გვერეოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზარელი ჯილდო მხოლოდ გიჟებს ეკუთვნით.   

რისთვის ვნერვიულობთ? რისთვის ვღელავთ? რისთვის ვწუხდებით? რა არის ეს, რომ გვაწუხებს? ბოლოს და ბოლოს, რის ახსნას ვცდილობთ? ჯერჯერობით, მემგონი ჯოჯოხეთის კლდეკარის გარდა, არაფერი აგვიხსნია... 

ჯოჯოხეთში ჩახედვას არაუშავს. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ ნამდვილად საჭირო და გარდაუვალია. დანამდვილებით შეგიძლია მითხრა, რომ იცი,  რას ნიშნავს შეშლილობა? შესწავლილი გვაქვს! სხვა თუ არაფერი, ვრცელი ენციკლოპედიური კრებული და „სულის ავადმყოფობაზე“ უხვი თეორიული მასალა კი დაგვიგროვებია. აქ მედიცინა ავტორიტეტია. ავადმყოფობების შესახებ დღე და ღამე, დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ზოგჯერ მას მოვალეობის, პასუხისმგებლობის პერსპექტივიდანაც ვუყურებთ. თითქოს გვევალება კიდეც ასე ლაპარაკი. მოდი ვაღიაროთ, სხვა რა მიზანი ამოძრავებს ამ ხალხს დერეფნებსა და რესტორნებშიც რომ ქირქილიბენ?  როლებს ვირგებთ, ჩვენივე თავისუფლებისთვის ვირჯებით, ვთამაშობთ. ყოველდღე ერთი და იგივე. ჩვენი საერთო, ყოველდღიური სინამდვილე.      

საკვანძო და ბასრი სიტყვა: სინამდვილე. ვუახლოვდებით კითხვას: „რა გვაწუხებს?“  რაც გვაწუხებს, არის სინამდვილე, მისი არყოფნა. ის გვიპირისპირდება ჩვენ, სანამ ჩვენ ვუპირისპირდებით აშლილობას. უთანაბროდ გადანაწილდა სინამდვილე. შეშლილობის ნამდვილი „საფრთხე“ მისი წინააღმდეგობრივი ბუნებაა. დღის სინათლეზე ფხიზელ გონებას, ულმობელი ღამე მოსდევს, რომელსაც ანარეკლად გიჟის დამანგრეველი, მავნებლური ბუტბუტი დაჰყვება. 

კეთილი. იმედია დაითრგუნე. ალბათ,ზიზღის შეგრძნებაც დაგეუფლა და მზად ხარ,  ჩვენი შემდეგი ნაბიჯი გაამართლო. მტკიცედ! თანაბრად! თანმიმდევრულად! საქმეს შევუდგეთ. დასავლურ ნახევარსფეროში ჰიგიენა კარგად ესმით. ჰიგიენა ჯანმრთელობის საწინდარია. როგორც სხეულის, ასევე ფსიქიკის. აბა რა! „სულის      ჯანმრთელობა!“ სულიერი ჯანმრთელობა კი, სულიერ ჰიგიენას მოითხოვს. ადამიანის სულს ზოგჯერ ჩარევა სჭირდება. თანამედროვე მეცნიერება კვლავ “ობიექტურ” ბიოლოგიურ პროცესებს დაუკავშირებს ყველა იმ გონებრივ სნეულებას, რომელიც ადამიანის სულში ჩარევით გამოვლინდება. ასე მოხდება: ჯერ „პიროვნული ნაკლის,“ ან „კომპლექსების“ ამოცნობა, შემდეგ სხეულის გაჯანსაღება და ბოლოს, ისევ პიროვნების „განკურნება.“ ადამიანი დროსა და სივრცეში გაიყინება. დავიწყოთ.              

მანძილი! ჯანმრთელი, სუფთა და კეთილგონიერი უნდა ჩამოშორდეს ავადმყოფს, შემზარავსა და შეშლილს. პრინციპში, არაფერი დაუშავებიათ. ამიტომ, მათი გასამართლება უადგილო იქნება. მათი ავადმყოფობა სპეციფიკურია, ის უბრალო საავადმყოფოშიც არ განიკურნება. მოდი,  დროებით გამოვკეტოთ, იქამდე, სანამ მათი პათოლოგიის ნამდვილი არსი გამომჟღავნდება. სანამ გავარკვევთ რა სჭირთ, პროფესიულ ჟარგონთან ერთად, მორალისტურ ტონს გავამძაფრებთ. ამასობაში, „ნამდვილ“ მიზეზსაც მივაკვლევთ და მაინც უკუღმა ავხსნით ყველაფერს. 

ალაპარაკეთ. დააძალეთ, რომ ისაუბრონ. თუ აღიარებენ, განიკურნებიან. რა ვათქმნევინოთ? სიმართლე! აუცილებლად უნდა აღიარონ საკუთარი იდენტობა,       ათქმევინეთ საკუთარი სახელი, ოჯახის წევრებისა და მეგობრების სახელებიც, ასაკი, გარეგნული მახასიათებლები, თანამდებობები, პროფესიები და ა.შ. პაციენტის      იდენტობა აუცილებლად უნდა აისახოს მათსავე ქცევაში. ასწავლეთ კვირის დღეები, თარიღებისა და საათის ცნობა.  სინამდვილე ნაწილ-ნაწილ, ლუკმა-ლუკმა უნდა მივაწოდოთ.   

ზედამხედველობა. ავადმყოფის გამოსაკეტად და სათვალთვალოდ, მუდმივი დაკვირვების არქტიტექტურა გვჭირდება. ნებისმიერი დაწესებულება სრულ გამჭვირვალობას ითხოვს. ექიმები და სამედიცინო პერსონალი პაციენტებს სულ უნდა ხედავდნენ. ციხე შესაფერისი მოდელია. გამჭვირვალობა და სიმართლე. ექიმის მზერას არაფერი უნდა გამოეპაროს!   

დისციპლინა. პაციენტები უმკაცრეს რეჟიმში უნდა ვამყოფოთ განთიადიდან დაბნელებამდე. ვარჯიში, სეირნობა და კვების რაციონი - ყველაფერი განრიგის მიხედვით და ზომიერად. ვინც უფრო მორჩილი აღმოჩნდება, შეღავათს გავუწევთ და საბოლოოდ, მუშაობის უნართან ერთად, შრომის სურვილსაც გამოვუმუშავებთ. მათი საზოგადოებაში ინტეგრირება ამით დასრულედება. სანამ სარგებელს ვუპოვით, ღარიბებს უფასოდ ვამუშავებთ და მდიდარი ოჯახებიდან მოსულებს, ფულის გადახდას მოვთხოვთ.     

მოკლედ, შეეცადე, მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებით, გაამრთლო მათ ცხოვრებასა და სულში ჩარევა. ნუ იფიქრებ იმაზე რამდენად უცნაურია, რომ მკურნალობის პროცესში ამ  ცოდნას საერთოდ არ ვიყენებთ. გახსოვდეს, რომ მათ (!) მორალური განკურნება სჭირდებათ. უნდა იმუშაონ! საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და საკუთარი თავი გადააფასონ.

რაც მთავარია, სიმართლე უნდა აღიარონ... ჩვენი სიმართლე, რა თქმა უნდა.  

გვეყოფა, საკმარისია. ხედავ? შეშლილობა “ობიექტურად” და მიუკერძოებლად განხილული, უბრალოდ, უსაქმურობაა საზოგადოების თვალში. ეს სნეულება არ არსებობს! მხოლოდ განდგომაა.  ხალხში დამკვიდრებულ შეხედულებებზე უარის თქმა. საზოგადოება არ პატიობს განდგომას და შეშლილობას სრული გაუცხოებით პასუხობს. კერძოდ, სხეულის მედიკალიზაციით. 

ოთხმაგი მექანიზმი ირთვება: 1. გამოკეტვა  2. ობიექტური რეალობის თავს მოხვევა 3. მუდმივი თვალთვალი 4. სხეულის წვრთნა. შედეგად, შეშლილობა, ერთდროულად, კონსტრუქტია და ყალბი პათოლოგია.  არც სიგიჟე არსებობს და არც მისი შესაფერისი დიაგნოზი. უხეშად რომ ვთქვათ, მე-19-ე საუკნემდე, განსაკუთრებით რენესანსის ეპოქის დაწყებამდე, შეშლილობა მხოლოდ დემონიზებას განიცდიდა. შუა საუკუნეებში შეშლილობის მართვა და მისი მენეჯმენტი ეკლესიის განკარგულებაში იყო. ეკლესია კი, როგორც ვიცით, სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. „გიჟები“ ცოდვილთა კონკრეტულ ტიპს წარმოადგენდნენ და მათი არსებობა, ტანჯვა, ღვთაებრივი რისხვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი და გამოხატულება იყო. 

ფრანგი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი პოლ-მიშელ ფუკო, მითურ-რელიგიური აზროვნებიდან მეცნიერულ-სამედიცინო აზროვნებაზე გადასვლას, როგორც ჰუმანურობის, თუ პროგრესულობის ნიშანს, სრულად უარყოფს. ფუკო ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ძალაუფლების მეორეთი ჩანაცვლება მოხდა. ჩანაცვლების მიზეზი კი, აღმოჩნდა არა მორალური პრინციპები, არამედ ხალხის მართვის უფრო ეფექტიანი, პრაქტიკული და მომგებიანი მეთოდი. ამავე მეთოდს იზიარებს მეცნიერება, ფსიქიატრია, ჰუმანიტარული დარგები და მედიცინა.    

დღეს ფუკოსეული „პასტორალური ძალაუფლება“ (თუმცა, ის დღემდე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში) მართვის ცენტრში აღარ არის. უცვლელად რაც დარჩა შემდეგია: “უსაქმური” და “განსხვავებული” ხალხის მუდმივი მოკვეთა/გამოკეტვა და „სხვად“ წარმოჩენა. ეს სახელმწიფოსთვის და მსხვილი კაპიტალის მეპატრონეებისთვის სერიოზულ ინტერესს წარმოადგენს. უფრო მეტიც, სეკულარული სახელმწიფოს დაფუძნებით, ისეთ ისტორიულ მომენტს ვუახლოვდებით, სადაც ობიექტურობა, სიმართლე, თუ გონიერება რეპრესიულ ძალად გადაიქცა. ძალაუფლება გახდა რაციონალური, მეთოდური და მეცნიერული. მეცნიერება კი, თანდათან უფრო არადემოკრატიული ხდება. მეცნიერებისა და პოლიტიკის წარმატებული ნაზავის მაგალითს, ისტორია, ნაცისტური გერმანიის სახით გვთავაზობს. 

ფსიქიატრიული დაწესებულების მოდელი ყველაზე სრულყოფილი ძალაუფლების სურათს ქმნის. ის ნიუანსურია და ამავდროულად, ერთგვარ პარაზიტ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც სამართლებრივი აპარატის გარეშე ვერასოდეს მოიპოვებდა ლეგიტიმაციას. ფსიქიატრიის ჭეშმარიტი “სოციალური სარგებელი”, კანონით შემოსაზღვრული სუვერენული ძალაუფლების გაფართოებაში მდგომარეობს. კანონის დარღვევა აღარ არის თავისუფლების აღკვეთის ერთადერთი საბაბი. დღეს “ნორმის” დარღვევა უკვე საკმარისი პირობაა ადამიანის უფლებების შესალახად და მის გამოსაკეტად. ფსიქიატრიის ცოდნა კარგი ნიმუშია, ვინაიდან მსგავსი მაკონტროლებელი ‘მოწყობილობები’  ფსიქიატრიული დისკურსის მიღმაც გვხვდება. „სხვა,“ „უცხო“ მუდმივი გაყალბებისა და რეპრესიის მსხვერპლია. ის, ერთდროულად, გამოგონილია და მოკვეთილი; შეთხზული და სიმახინჯედ წარმოჩენილი. ფუკომ ძალაუფლების მწარმოებლური მხარე ამოიცნო. ლიბერალური მმართველობის რეპრესიული მექანიზმები,  მწარმოებლური და მომხმარებლური საზოგადოების სახეს ატარებენ. ერთი შეხედვით არავინ არაფერს გვიკრძალავს. თუმცა, რესურსები შეზღუდულია და შესაბამისად, ალტერნატიული შეხედულებები, იდეები და ცხოვრების წესი უგულებელყოფილია. თითქოს მისთვის სივრცე აღარ რჩება. აგრესიული წარმოება ზუსტად იმავე დანიშნულებას ასრულებს, რასაც ნებისმიერი ცენზურა, ან პირდაპირი აკრძალვა.    

ფუკო მეინსტრიმული, მომხმარებლური კულტურის ათვისების სანაცვლოდ, საკუთარ თავზე ექსპერიმენტს გვთავაზობს. „სიმართლეზე“ უარის თქმა, ჩვენი საკუთარი სიმართლის მოპოვების პირობაა. ის მეცნიერული ცოდნის კრიტიკისკენ, საკუთარი დაკვირვებებისთვის ადგილის გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს. კრიტიკულად უნდა შევხედოთ მედიის მიერ ფაქტების არაკეთილსინდისიერ ინტერპრეტაციას, ეკონომიკური მართვის ამა თუ იმ ფორმას, ნებისმიერი კერძო, თუ ვიწრო ჯგუფის ინტერესებს. სანაცვლოდ, პოლიტ-ეკონომიკურ დღის წესრიგს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მეინსტრიმს გავემიჯნოთ და ალტერნატიული ცხოვრების წესები ვაღიაროთ. ფუკოს ეთიკა თავის მოვლას, როგორც ცხოვრების წესს, ისე წარმოგვიდგენს, სადაც ჩვენი ცხოვრება და სხეული მუდმივი გაწრთვნის, ზედამხედველობისა და დისციპლინისგან გათავისუფლებულია და შემოქმედების საგნად იქცევა. ფუკოსთან თავის მოვლის ეთიკა, ზღვრულ გამოცდილებებს ეფუძნება, სადაც ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სხეულთან და ცხოვრებასთან, არა ნევროზულ სისუფთავესა და მუდმივად ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არამედ ექსპერიმენტებს, რისკებსა და ცხოვრების ალტერნატიულ წესს ეფუძნება. სწორედ  ეს შექმნის ურთიერთობის ახალ ფორმას, რომელიც არ დაემორჩილება ინსტიტუციურ ნორმას და „სხვასთან“ ახალ კავშირებს დაამყარებს.

უცნაურ დროში ვცხოვრობთ. ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება „შეშლილობასთან“ უცვლელი რჩება. ფარისევლურია. მეცნიერებასა და სახელმწიფოს შორის ახალმა ალიანსმა, რელიგია ახალი რელიგიით ჩაანაცვლა. პრიმიტიული და მითოსური მართვის ხელსაწყოს დღეს იპოქონდრიით დაავადებული ადამიანები ანაცვლებენ. ახალი რელიგია დამკვიდრდა: ჯანმრთელობის, სამედიცინო ნიღბებისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების  საერთაშორისო დიქტატურა. ვინც სხეულის გაჯანსაღებასა და სულის დიაგნოსტირებაზე უარს ამბობს,  ვინც ექიმისა თუ თერაფევტის მზერას ერიდება, სწორედ ის არის დღეს „გიჟი“. ის არის დღეს „სხვა.“     

დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, ბიოპოლიტიკურია. ბიოპოლიტიკა (ხალხის სამართავად ბიოლოგიის გამოყენება) ინდივიდუალურ თავისუფლებას,  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით უგულებელყოფს და სწირავს. სწორედ ეს „მოსახლეობის“ სრულიად აბსტრაქტული ცნება დომინირებს დღევანდელ საჯარო დისკუსიებში. სტატისტიკური მონაცემების სუბიექტური ინტერპრეტაციით, მიკერძოებული, ცალმხრივი სურათი იქმნება. შედეგად, ის ზედამხედველობის, პოლიციური ჩარევის ან სხვაგვარი ძალაუფლების მექანიზმების გამოყენებას ამართლებს. მედიასაც სხვა არაფერი სჭირდება: რაც უფრო ხმამაღლა დაიყვირებ, მით უფრო კარგია - ეს არის ჟურნალისტიკის ოქროს წესი. პოლიტიკური, ეკონომიკური და მედიის ინტერესები ერთმანეთს კვებავს და ამის შედეგად იქმნება ძალაუფლების ისეთი მორევი, რომელიც იმ სიმართლეს აწარმოებს, რაც  მმართველ კლასს აწყობს. 

ადამიანის ცხოვრება არ დაიყვანება ბიოლოგიურ ცვლადებამდე და ბიოლოგია, ისევე როგორც სოციალური მეცნიერებები, უაღრესად პოლიტიზირებული სფეროა.  ყალბი უსაფრთხოების შეგრძნება ვერ გადაწონის თავისუფლებას. თვალთვალისგან, მუდმივი ზედამხედველობისგან თავისუფალი საჯარო სივრცე უნდა გავიზიაროთ.     

სხვასთან დაახლოებისთვის, ჩვენც უნდა გავხდეთ „სხვა.“     

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია