იზოლაცია, როგორც ცხოვრების წესი - სექსუალური უმცირესობები კავკასიაში
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები სექსუალური უმცირესობებისთვის, სახლი სულაც არ ნიშნავს სამოთხეს. მშობლები და ოჯახები, რომლებიც მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას, ალბათ, პირველ რიგში უნდა უზრუნველყოფდნენ, ამას ხშირად ვერ, ან არ აკეთებენ. სწორედ ამის გამო, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები სექსუალური უმცირესობები იზოლირებულები და დაუცველები რჩებიან და აღარც ძალა ჰყოფნით იმისათვის, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულსა და დისკრიმინაციას ებრძოლონ. საფრთხე ბევრი ფორმით ვლინდება – იქნება ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძალადობა ოჯახში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, თუ შევიწროება სამსახურში.
სამივე ქვეყანაში სექსუალური უმცირესობები მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ ისინი საკუთარ იდენტობას არ უარყოფენ. ევროპულ ქვეყნებს შორის, ყველაზე გაუსაძლისი მათი ცხოვრება აზერბაიჯანშია. იქ გეი და ტრანსგენდერ მოქალაქეებს პოლიცია უკანონოდ აკავებს და ზოგჯერ აწამებს კიდეც.
სომხეთში კი, მოსალოდნელი დისკრიმინაციისა და ჰომოფობიური დანაშაულისაგან თავდაცვის მიზნით, სექსუალურ უმცირესობებს საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრება უწევთ. კანონებისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სომხეთში აზერბაიჯანზე უკეთესი სიტუაციაა, თუმცა დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. ამასთანავე, მედიასივრცე სავსეა სიძულვილის ენითა და ჰომოფობიური თავდასხმებით.
მიუხედავად მიღებული კანონებისა, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს შესაძლოა მხოლოდ ზედაპირულად იცავს, საქართველოში ჰომოფობია მაინც მძვინვარებს. პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს ადამიანები უსაფრთხოდ თავს მაინც ვერ გრძნობენ, შედეგად კი ვიღებთ მოძალადე პოლიციას, სიძულვილის ნიშნით ჩადენილ მზარდ დანაშაულსა და დაუცველობის შეგრძნებას. ხშირია დისკრიმინაციის შემთხვევებიც. აქტივისტები განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმას, რომ სექსუალური უმცირესობებს სამსახურის დაკარგვის ძალიან ეშინიათ. მათთვის რთულია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თავშესაფარში მოხვედრაც, ან სამედიცინო დახმარების მიღება.
ეს ყველაფერი მათ ხმის ამოღების ძალას ართმევს. სამივე ქვეყანაში სექსუალური უმცირესობებისთვის ძალიან ცოტა საჯარო სივრცეა, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ამიტომ მათ აქტიურობა ძირითადად დახურულ ფეისბუკ ჯგუფებში უწევთ.
ამ პროექტის მიზანია, სექსუალურ უმცირესობებს საჯარო პლატფორმა მისცეს, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, შიშებსა და იმედებზე ღიად ილაპარაკებენ.
მაგალითად, ნორას, რომელმაც მედდის საქმიანობა შეისწავლა, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს საკუთარი პროფესიით იმუშავებს და იძულებული აღარ იქნება, თავი სექსმუშაკობით ირჩინოს. უმიდს კი, უბრალოდ, ძალიან უნდა, რომ საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად იგრძნოს. რაც შეეხება ანას, ის იმ დღეზე ოცნებობს, როცა შეყვარებულთან ერთად ხალხში ხელჩაკიდებული გაივლის.
ეს მათი ამბებია, იმ სივრცეებიდან მოყოლილი, სადაც თავს მშვიდად და რაც მთავარია ისე გრძნობენ, როგორც სახლში.
საქართველო
6 წელია საქართველომ “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი მიიღო. წესით ამ ცვლილებას იმ ადამიანების უფლებებიც უნდა დაეცვა, რომლებიც ქვეყანაში სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა, რეალობა დღემდე განსხვავებულია. მათზე ძირითადად სიძულვილის ენით საუბრობენ და მათი ყველა შეკრებაც ბოლოს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების, ან რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან მუქარით სრულდება. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ამის გამო, ადამიანები იძულებულები არიან საშინელი ჩაგვრა, დამცირება აიტანონ. ხშირად ისინი ძალადობის მსხვერპლებიც ხდებიან.
ანი 18 წლისაა. 14 წლის იყო, როცა პირველად გაიაზრა, რომ გოგოები იზიდავდა.
“ბავშვობიდანვე ქალებს ვხატავდი და არა კაცებს. მსიამოვნებდა მათი სხეულის თოთოეული ნაწილის ფუნჯით ასახვა. შესაძლოა მაშინ ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ მოგვიანებით, მივხვდი, რომ ქალებთან გაცილებით მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რა მინდოდა სინამდვილეში. ამიტომაც გადავწყვიტე ურთიერთობა ორივე სქესთან მეცადა.”
იხსენებს როგორ გაანდო ეს ამბავი მაშინ თავის რამდენიმე ახლო მეგობარს, მაგრამ ვერ გაუგეს. დღეს იმ მეგობრებიდან არც-ერთთან ურთიერთობა აღარ აქვს.
ლიკა, 21 წლის. 13 წლის იყო, როცა მშობლებს პირველად გამოუტყდა, რომ ლესბოსელი იყო. საშინლად გაბრაზდნენ და არ აღიარეს. “ყველა მეგობარს ჩამომაშორეს, ტელეფონი წამართვეს, სკოლაში ჩემი კონტროლი დაიწყეს. საშინელი დეპრესია დამეწყო. ოთახში ჩავიკეტე და აღარ გავდიოდი, არც საჭმელს ვჭამდი. მამა როცა დათვრებოდა, სულ მცემდა”.
წლების შემდეგ, ძალადობასთან ერთად, შელოცვას უკითხავდნენ.
“მხოლოდ სიკვდილზე მეფიქრებოდა, თავის მოკვლაც ვცადე, ბევრი წამალი დავლიე ერთად, მაგრამ ჩემი და მიხვდა და მაშინვე საავადმყოფოში გადამიყვანეს.”
18 წლის იყო, როცა სოფელი დატოვა და დახმარების საძებნელად თბილისში ჩამოვიდა. “თანასწორობის მოძრაობიდან” აქტივისტები დაუდგნენ მხარში. პრინციპში, ისინი დაეხმარნენ რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა.
“გერმანია ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. რომელ ქვეყანაში წავიდოდი პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა, მთავარი იყო საქართველო დამეტოვებინა. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ გერმანიაში უფრო ადვილად ჩავიდოდი.”
დღეს ლიკა გერმანიაში ცხოვრობს, დევნილის სტატუსს ელოდება. სტუდენტი გახდა და საქართველოსკენ გამოხედვაც არ უნდა.
მარიამი არასრულწლოვანია, 17 წლის. სამი წლის წინ ერთი გოგო ქუთაისის ტორპედოს სტადიონზე, ქალთა ფეხბურთის გუნდის თამაშის დროს გაიცნო და მოეწონა.შარშან სრულიად შემთხვევით მეტროში კიდევ შეხვდა. მას შემდეგ ერთად არიან. მარიამმა დედასთან გულწრფელად დალაპარაკება სცადა, მაგრამ დედამ კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი, უთხრა, რომ ასაკის ბრალი იყო, რომ გაიზრდებოდა, გადაუვლიდა და აუცილებლად მოეწონებოდა ბიჭები. მას შემდეგ მარიამს დედასთან ამ თემაზე აღარ ულაპარაკია. ვერც სხვასთან ბედავს გამხელას.
“დღე არ გავა რაღაცნაირი ცივი და საშინელი მზერა არ ვიგრძნო ხალხისგან. მათ შორის ჩემი ჩაცმის სტილისა და გემოვნების გამოც. იმას თითქოს შევეგუე, რომ ჩემს ქვეყანაში, ორიენტაციის გამო, საფრთხე ყოველდღიურად მემუქრება. ამიტომ საჯაროდ ჩემს გრძნობებს არასოდეს გამოვხატავ. არასოდეს მიცდია ჩემი შეყვარებულისთვის ქუჩაში მეკოცნა. ეს ჩემს თავს ავუკრძალე.”
სალომე 21 წლისაა. 11წლის იყო, როცა პირველად გოგო მოეწონა. ამის აღიარებამ მას მშობლებთან და უცხოებთანაც კი, ძალიან გაუმწვავა ურთიერთობა. ერთხელ სახლიდანაც კი გაიქცა, მაგრამ მშობლებმა ძალით დააბრუნეს. “შემპირდნენ რომ უკეთესად მომექცეოდნენ, მაგრამ როგროც კი სახლში მოვედით, ეკლესიაში წამიყვანეს. ვკარგავდი ჩემს თავს, სხეულს ვისახიჩრებდი, ღამეებს ვათენებდი ნერვიულობაში. ვერც ვერავის ველაპარაკებოდი გულწრფელად, რატომ ვიტანჯებოდი.”
Აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში საზოგადოება ძველ ტრადიციებს იცავს. სექსუალური უმცირესობების მიმართ საყოველთაო სიძულვილის ენას, გულგრილობა და სრული დაბნეულობაც აძლიერებს. პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ქალისა და მამაკაცის როლი მკაცრად გამიჯნულია, ყველა სხვა დამოკიდებულება მიუღებელია. ამის შედეგია ის, რომ ადამიანები იძულებულები არიან დამალონ იდენტობა, ან მზად იყვნენ სასტიკი მოპყრობისთვის, კრიტიკისთვის, რომელსაც მშობლებისგანაც კი ვერ გაურბიან. განსაკუთრებით, ქალაქისგან შორს, რეგიონებში. საკუთარი იდენტობის საჯარო აღიარება, უმეტესად, ძალადობით, ყველასგან უარყოფით და შეურაცხყოფით სრულდება. ამის გამოა, რომ ადამიანები ორმაგი ცხოვრებით განაგრძობენ ცხოვრებას და ზოგჯერ, საშინლად რცხვენიათ საკუთარი თავისაც.
უმიდი 21 წლისაა, ტრანსგენდერი. ის როგორც გოგო ისე გაიზარდა ძალიან ტრადიციულ და კონსერვატორულ ოჯახში, დებთან და ძმებთან ერთად. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა თავი არაკომფორტულად იგრძნო საკუთარ კანში, თითქოს უჭირდა როგორ გოგო ისე ეცხოვრა.
ვერ გაბედა მშობლებისთვის ეთქვა, ამიტომ ნუგეში “სალამ სინემაში” იპოვა. ეს არტისტების გაერთიანებაა ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალქში. ძველი შენობის კედლებში, რომელიც ხელოვნების მოყვარულებს, შემოქმედებით და პროგრესულ ადამიანებს აერთიანებს, უმიდმა სახლი იგრძნო.
ნიგარი 32 წლის არის და ლესბოსელია. პირველად ეს მე-9 კლასში გაიაზრა. დიდი ხანი ჰყავდა ერთი პარტნიორი, რომელიც ინტერნეტში, წყვილების გაცნობის ერთ-ერთ საიტზე გაიცნო. სამწუხაროდ, შვიდწლიანი ურთიერთობა დასრულდა. ნიგარი დღეს ისევ მარტოა.
როგორც მის მდგომარეობაში ბევრი სხვა, ნიგარიც ფიქრობს, რომ ერთ დღესაც სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად. საკუთარი მომავალი აზერბაიჯანისგან შორს წარმოუდგენია, თავისი პატარა მაღაზიით, სადაც სახლის მცენარეებს გაყიდის.
აიდა 21 წლის არის და თავს ლესბოსელად მიიჩნევს. იხსენებს რომ პირველად 12 წლის ასაკში მოეწონა სკოლის მეგობარი გოგო და ძალიან, ძალიან შეეშინდა ამ გრძნობის. დაიბნა. ამ დისკომფორტის მიზეზი მისი ტრადიციული ოჯახი იყო.
უნივერსიტეტში სწავლის დროს შეეცადა გარკვეულიყო და დაფიქრებულიყო თავის გრძნობებზე. ინტერნეტში ბევრს კითხულობდა ლგბტ ადამიანებზე, 2019 წელს უკვე “Y-peer” ორგანიზაციის წევრი გახდა ბაქოში. ეს ორგანიზაცია სექსუალური უმცირესობების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და აიდაც მათი აქტიური წევრია.
სომხეთი
კავკასიის რეგიონში არც სომხეთია გამონაკლისი. სექსუალური უმცირესობები აქაც იჩაგრებიან. ძალადობის შიში ადამიანებს აიძულებთ იზოლაციაში იყვნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ იაქტიურონ. სინამდვილეში, მათი ყოველდღიურობა უფლებებისთვის ბრძოლაა. სხვანაირად ბედნიერები ვერ იქნებიან. ისინი, ვინც სიჩუმე დაარღვიეს და საჯაროდ თქვეს საკუთარ ორიენტაციაზე, სხვების სახელითაც იბრძვიან. მათი მხრიდან ეს მცდელობაა, სხვებმაც შეამჩნიონ მათი მტკინვეული გამოცდილება.
20 წლის ნორა ბიგენდერია (ადამიანი, რომელიც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთდროულად ორი გენდერით იდენტიფიცირდება).18 წლის იყო როცა იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო, ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას გამოექცა. სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და ექთნობაზე ოცნებობს. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ ამას თითქოს შეუძლებლს ხდის. როგორცკი სახლიდან გამოიქცა, ნორამ მუშაობა მიმტანად დაიწყო, მაგრამ სამსახურიდან მალევე დაითხოვეს: “ჩვენს კლიენტებს ჰომოსექსუალი მიმტანი არ უნდათ,”უთხრა ბარის მეპატრონემ. სხვა გზა არ დარჩა, სექს მუშაკი გახდა. მან სიმშვიდე თავის პარტნიორთან იპოვა და კიდევ რამდენიმე მეგობარი აბედნიერებს, რომლებმაც ისეთი მიიღეს, როგორიც არის.
მო 35 წლის არის და ამბობს, რომ ქვიარ, ასექსუალია. ორი წლის წინ მშობლების სახლიდან წამოვიდა. ტრადიციულ საზოგადოებაში მოლოდინია, რომ ახალგაზრდა ადამიანები, მით უმეტეს გოგოები, მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ, ამიტომ მოს გადაწყვეტილებას გამბედაობა სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოს მშობლებთან თავის ინდეტობაზე გულწრფელად არასოდეს ულაპარაკია, ის თავის ვნებებსა და სექსუალურ გამოცდილებაზე საჯარო დისკუსიას სოციალურ პლატფორმებზე არასოდეს ერიდება. მისი ძმა და მშობლები ამ თემაზე მასთან ლაპარაკს ყოველთვის გაურბიან, თუმცა მო მზად არის მათ შეკითხვებს უპასუხოს.
ელვირა 29 წლის არის და ქალაქ ვანაძორში ცხოვრობს. ის არც-ერთ ორიენტაციას არ აკუთვნებს თავს. “ადრე ხან ვამბობდი რომ ჰეტეროსექსუალი ვარ, ხან ბისექსუალი, ხან პანსექსუალი და ზოგჯერ ქვიარი, მაგრამ ეხლა ეს სახელდებები არ მჭირდება.” ელვირას გაუმართლა, რომ ძალიან მეგობრული ოჯახი ჰყავს. თუმცა, ძალიან რთულია სომხეთში ცხოვრება მაშინ, თუ არ იზიარებ ტრადიციულ გენდერულ როლს, მით უმეტეს რეგიონში, სადაც ძალადობა, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები გაცილებით ძლიერია.
გააკეთე დონაცია