ეთნიკურ ქართველებს გალში მშობლიური ენის დაკარგვის ეშინიათ

ავტორი: ანონიმი,

ილუსტრატორი: მანანიკო კობახიძე

25.12.19

აი ია,

თითქმის 150 წელია, ეს არის პირველი წინადადება, რომელსაც ქართველი ბავშვები სკოლაში შესვლისთანავე სწავლობენ. ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, “აი ია” სასწავლო კურიკულუმიდან შეიძლება საერთოდ ამოიღონ. დღეს ქართული ენის სწავლების საათები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მას შემდეგ რაც, 1993 წელს საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი დაკარგა, გალში დარჩენილი 30 000-დან 40 000-მდე ეთნიკური ქართველისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობა ამ პოლიტიკას აპროტესტებდა, თუმცა არსებითად ვერაფერი შეცვალა. დღეს ბავშვები ბაღიდან დაწყებული მე-11 კლასის ჩათვლით რუსულ ენას ინტენსიურად სწავლობენ. ენას, რომელიც  სრულიად განსხვავებულია მშობლიური ენისგან. როგორც იკვეთება, ახლო მომავალში სკოლებში საერთოდ აღარ იქნება ქართულ ენაზე სწავლება.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია ფორმალურად აღიარებს და იცავს უმცირესობების უფლებას ისწავლონ მშობლიურ ენაზე ( მაგალითად, ეთნიკურმა სომხებმა, იქ სომხურენოვანი სკოლები გახსნეს), გალში მცხოვრები ქართველებისთვის ეს შეუძლებელია.

2015 წლის ანგარიშში  “ენისა და განათლების სამართლებრივი მხარე მულტი-ეთნიკურ დე ფაქტო რეგიონებში: აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის მაგალითი” ვკითხულობთ: “მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება გარანტირებულია. თუმცა, ფაქტს, რომ ქართველებს სპეციალურად უქმნიან ხელოვნურ ბარიერს ვერ შეძლონ ქართულად სწავლა, სხვადასხვა ანგარიში და წყაროც ადასტურებს.”

1994 წლიდან 2015 წლამდე ქართულენოვანი სკოლების რიცხვი აფხაზეთში სტაბილურად იკლებდა. თუ 1992-93 წლებში, ომამდე,  50-ზე მეტი ქართული სკოლა იყო, 2015 წელს ეს რიცხვი 11-მდე შემცირდა. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის მთავრობამ გამოაცხადა, სკოლები ნელ-ნელა სრულად უნდა გადავიდნენ რუსულ ენაზე სწავლებაზეო.

2015 წელს, ეს ცვლილება ძირითადად დაწყებით კლასებს შეეხო. გეგმის მიხედვით, ყოველ მომდევნო წელს კიდევ ერთი კლასი ემატებოდა, რომელსაც რუსულად უნდა ესწავლა. საბოლოო ჯამში, 2022-2023 აკადემიური წლისთვის, სკოლაში უკვე არც-ერთი კლასი აღარ იარსებებს, რომელიც ქართულ ენაზე ისწავლის.

მთლიანი სისტემა, სკოლამდელი განათლებით დაწყებული (საბავშვო ბაღები), რუსეთში მომზადებული წიგნებით ხელმძღვანელობს - ამბობს ქართული მხარე.

გარდა იმისა, რომ რუსული არც ბავშვებისთვის, არც მათი მშობლებისთვის და არც მასწავლებლებისთვის არის მშობლიური ენა, განათლების ეს პოლიტიკა სხვა მიზანსაც ემსახურება: ეთნიკური ქართველები ისტორიისა და გეოგრაფიის იმ ვერსიას სწავლობენ რუსულ ენაზე, რომელიც აფხაზურ ნარატივს კარგად ემთხვევა. როგორც მედიაში გავრცელებულ ანგარიშებში მიუთითებენ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა ისტორიისა და გეოგრაფიის საგნებში.

სათაური: აფხაზი ერის სამამულო ომი 1992-1993 წლებში. 1992 წლის აგვისტო, ომის დაწყების თარიღი. 1992 წლ ...
სათაური: აფხაზი ერის სამამულო ომი 1992-1993 წლებში. 1992 წლის აგვისტო, ომის დაწყების თარიღი. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველომ აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. ამ დღეს აფხაზეთის პარლამენტი საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებების პროექტს განიხილავდა. აფხაზეთი საქართველოსთან არსებული პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ ისწრაფვოდა. თუმცა ხუთ მილიონიანმა საქართველომ 100-ათასიანი აფხაზეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ამ პრაქტიკით  ეთნიკური ქართველების ინტეგრაციას ცდილობს  აფხაზებთან, თუმცა როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი სპეციალისტები, რომლებსაც კონფლიქტის თემაზე მუშაობის გამოცდილება აქვთ ამბობენ, რომ მსგავსი პოლიტიკა კიდევ ერთი ზეწოლის ფორმაა გალში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ.

შალვა ტაბატაძე, რომელიც “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ეს პრაქტიკა ყოვლად მიუღებელია. ის საქართველოს მთავრობას  ერთ-ერთ გამოსავლად სთავაზობს აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის ონლაინ კურსები და დისტანციური სწავლების მოდულები შექმნას.

“ეს ფაქტობრივად ეთნიკური დისკრიმინაციის ტოლფასია,” ამბობს ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვების 98% და მასწავლებლების 90% გალის რაიონში ეთნიკური ქართველია.

ქეთევან ციხელაშვილი გალში მცხოვრებლების “რუსიფიკაციის პროცესზე” მიუთითებს, რაც მომავალში ცხადია, მათ ქართულ იდენტობაზეც აისახება.

სინამდვილეში, ეს პოლიტიკა, ბევრ ოჯახს უბიძგებს იქითკენ, რომ ვეღარ ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე. რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე, რომლებიც პრაქტიკულად ვეღარ მიიღებენ განათლებას ქართულად. დღეს მოცემულობა ასეთია: ეთნიკურად ქართველმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ და ილაპარაკონ იმ ენაზე, რომელიც კარგად არ ესმით.

გარდამავალი პერიოდი არანაკლებ რთული აღმოჩნდა მასწავლებლებისთვისაც. არც მათ იციან რუსული ენა სრულყოფილად.

“ჩემი თვალით ვხედავ როგორ უჭირთ მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა,” გვეუბნება 59 წლის ნინო*, რომელიც გალის რაიონში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელია.

ის აღიარებს, რომ არც მასწავლებლებისთვის არის ადვილი რუსულ ენაზე სწავლება. “საბოლოოდ, გამოდის, რომ ბავშვები ისე ამთავრებენ სკოლას არც ქართული იციან კარგად და არც რუსული,”გვიხსნის ნინო.

61 წლის მანანა*, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, იხსენებს, როგორი ძნელი იყო ბავშვებისთვის სწავლის პროცესი. ვერც თვითონ ეხმარებოდა შვილებს გაკვეთილების მომზადებაში.  ასე კარგად არც მან იცის რუსული.

“საბჭოთა კავშირის დროს, მასწავლებლების უმრავლესობასაც ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, შესაბამისად, მათაც უჭირთ მაგალითად, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია რუსულად ასწავლონ ბავშვებს,”გვიხსნის მიზეზს მანანა.

“მე მაგალითად, შემიძლია რუსულად მათემატიკა, ქართული და რუსული ვასწავლო ბავშვებს, მაგრამ ფიზიკას რუსულ ენაზე ნამდვილად ვერ ავუხსნი.”

ბევრი წლის განმავლობაში ზოგიერთი მშობელი გვერდს უვლიდა ამ პოლიტიკას  და შვილები სკოლაში  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეჰყავდათ. თუმცა, მოგვიანებით, აფხაზებმა კონტროლი გაამკაცრეს, რასაც ადმინისტრაციული საზღვრის ხშირად ჩაკეტვაც დაემატა და მოსწავლეებს ამ პირობებში უკვე ძალიან გაუჭირდათ ყოველდღიურად  სკოლაში სიარული. შესაბამისად, იმ მოსწავლეების რაოდენობაც, რომლებიც გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადმოდიოდნენ სასწავლებლად, 2011 წელს 120 ბავშვიდან 18-მდე შემცირდა.

შალვა ტაბატაძე (“სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე) ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩართოს პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც აიძულებენ აფხაზებს უკეთესი პირობები შეუქმნან ეთნიკურ ქართველებს გალის რაიონში.

შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ვერც საქართველოს მთავრობამ და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს ამ პროცესის შემობრუნება სკოლის ასაკის მოსწავლეების ინტერესების სასარგებლოდ. იყო მცდელობა, რომ ქართული სახელმძღვანელოები შეეტანათ სასწავლო პროცესში, თუმცა, არ დათანხმდნენ. ამის ძირითადი მიზეზი, ქართული კურიკულუმის შესაბამისად, ისტორიისა და გეოგრაფიის სრულიად განსხვავებული ვერსიით სწავლება იყო, რომელიც არ ემთხვეოდა აფხაზურ ნარატივს.

განსხვავებით სასკოლო განათლებისა, უმაღლესი განათლების მიმართულებით უკეთესი შედეგი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური ქართველები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსულენოვან დეპარტამენტებში განაგრძობენ, ან რუსეთში მიდიან განათლების მისაღებად, მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობა გვყავს მოსწავლეებისა, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და უნივერსიტეტში აქ აბარებენ.

2019 წელს მაგალითად,  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გალიდან  482 ბაკალავრისა და 64 მაგისტრატურის სტუდენტი ჩაირიცხა.

ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი  აქვს ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, პირდაპირ განაგრძოს სწავლა ოთხწლიანი ბაკალავრიატის საფეხურზე ან შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში, კვლავ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სახელმწიფო გრანტი, წელიწადში 150 სტუდენტისთვის გამოყოფილი ქვოტის პირობებში.

საქართველოს მთავრობას სამეგრელოში გახსნილი აქვს ქართული ენის სწავლების ცენტრიც, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოსაა. ეს პროგრამა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ქართული ენის  ერთწლიან ინტენსიურ კურსს სთავაზობს, ფაქტობრივად მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებთ.

მოსამზადებელი ცენტრები  სამეგრელოს გარდა, გახსნილია ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისშიც.

მსგავსი მცდელობების მიუხედავად, სასწავლო პროცესის მთლიანად რუსულ ენაზე გადასვლა, მაინც დიდი დაბრკოლებაა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ჰქონდა გადაწყვეტილი.

“მართალია ყველა ჩემმა მოსწავლემ შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, მაგრამ იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებმაც სკოლაში ქართულ ენაზე ისწავლეს, მათ ძალიან გაუჭირდათ,”ამბობს მანანა.

დღეს გალის რაიონის სკოლებში ქართული, როგორც უცხო ენა ისე  ისწავლება. როგორც მოსწავლეები გვეუბნებიან ქართული ენის სწავლებას სკოლაში  კვირაში ერთი ან ორი საათი ეთმობა.

“როცა ქართულს ვსწავლობდით, მასწავლებელი ყოველთვის ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეწოდებინა ჩვენთვის, მაგრამ მაინც არ იყო ეს საკმარისი. ძალიან ცოტა დრო ეთმობა ქართულ ენას საბოლოო ჯამში და ამიტომ,” გვეუბნება ელენე, 18 წლის. მან წელს დაამთავრა სოფელ საბერიოს საჯარო სკოლა (გალის რაიონში) და საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდებიც ჩააბარა.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია