გამოტოვების შიში

ავტორი: თინა კიკალიშვილი

19.05.21

წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ხართ სადილზე. წინასწარ შეთანხმდით რომ სმარტფონებთან წვდომას შეზღუდავდით, მაგრამ თქვენი სმარტფონი განუწყვეტლივ ანათებს. მართალია, ინტერნეტთან წვდომა შეგიძლიათ შეუზღუდოთ საკუთარ თავს, მაგრამ რამდენად შეძლებს თქვენი გონება მშვიდად და უშფოთველად გააგრძელოს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია? როგორ შეაფასებდით 1-დან 7-მდე შკალით იმ სტრესს, რომელსაც ამ დროს განიცდით? თუ თქვენც, როგორც ადამიანთა უმეტესობა, შფოთავს როცა არ იცის მისი მეგობრები რაზე ლაპარაკობენ ჩატში და ერთი სული აქვს როდის შეამოწმებს წითლად მოციმციმე შეტყობინებებს, დიდი შანსია, FOMO თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყოს. 

“გამოტოვების შიშს” (Fear-of-missing-out, FOMO) ვგრძნობთ იმ გამოცდილებებსა და შესაძლებლობებზე ფიქრისას, რომლებიც სხვებს აქვთ, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვაკლდებით. ეს შეგრძნება ასევე იწვევს მიკუთვნებულობის განცდის გამძაფრებას და ისეთი სივრცეების ძიებას, სადაც თავს ჯგუფის ნაწილად ვიგრძნობთ. სოციალური ქსელების ეპოქაში, ჩვენი შფოთვა კიდევ უფრო ძლიერი და ინტენსიურია.  რადგან სხვა ადამიანებზე ინფორმაციას რეალურ დროში ვაკვირდებით და მათ შესახებ სიახლეებსაც ადვილად ვიგებთ, ჩვენს ცხოვრებას, მიღწევებს, ყოველდღიურობას, ძალაუნებურად, მათსას ვადარებთ.  შედეგადად, ხშირად, უკმაყოფილოები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ. თავი ცოცხლად, ციფრული სამყაროს შვილად რომ ვიგრძნოთ, ჩვენ თავადაც ვცდილობთ ჩვენს ყოველდღიურობაში სხვები ჩავრთოთ. მაგალითად, განვიხილოთ Facebook-ის Story-ის ფუნქცია, რომლის იდეააა ბრენდთან, თუ ინდივიდთან უფრო ახლო და ფამილარული ურთიერთობის დამყარება. ის გიქმნის განცდას, რომ კონკრეტულ ადამიანსა თუ ბრენდს უკეთ იცნობ, მისი ყოველდღიურობის დამკვირვებელი ხარ და მასზე რეაქციით, თითქოს, კიდევ უფრო უახლოვდები. თუ ამ ფუნქციით დიდად დაინტერესბული არ ხართ, შესაძლოა, Facebook-მა თავად შემოგთავაზოთ Notification-ის სახით თქვენი ახლო მეგობრისა თუ პოტენციურად საინტერესო ადამიანის Story-ის შემოწმება. ამ შემოთავაზებებისა და სხვა ბევრი ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია. თუმცა, მუდმივი განახლებები უფრო დახვეწილია და ყურადღებასაც ადვილად მიგაქცევინებთ. როგორც “გუგლის” ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს: „თუ თქვენ არ იხდით პროდუქტში, მაშინ თქვენ თავად ხართ პროდუქტი“ და სწორედ ჩვენი ყურადღებაა სოციალური ქსელებისთვის ის პროდუქტი, რომელსაც აქტიურად ყიდიან. 

შესაძლოა, თავიდან უბრალოდ ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებდეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, კონტროლისა და თვალყურის დევნების უსასრულო ლუპში ვეხვევით. ჩემი პროექტი სწორედ ამ დაუცხრომელი ციფრული ცნობისმოყვარეობის შესწავლას ისახავს მიზნად, რომელიც FOMO-ს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს, რა ზეგავლენას ახდენს FOMO ქართველი ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა განცდებს უკავშირდება ის. კვლევის ფარგლებში შეირჩა 20-დან 30 წლამდე ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელს და შფოთავენ თუ offline არიან. 

ვფიქრობ, ამ თემის მიმართ ჩემი ინტერესი ციფრულ მედიაში მუშაობისა და ადამიანების ქცევაზე ზეგავლენის შესწავალამ განაპირობა. ჩვენი Newsfeed-ი უსაფრთხო ზონაა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო ადამიანებით, რეკლამებითა და იდეებითაა გაჯერებული. ეს ერთი მხრივ, ძალიან კომფორტულია და თავს მშვიდად ვგრძნობთ. თუმცა, მეორე მხრივ, როცა განსხვავებულ რეალობას ვეჯახებით, ჩვენი შფოთვა იზრდება და გარე სამყაროსთან ადაპტაციის უნარებში ეჭვი გვეპარება. შედეგად, იქ ვბრუნდებით, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და სადაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ვინ რას აკეთებს (Newsfeed,  Story). უფრო მარტივად მივაკუთვნოთ თავი იმ ჯგუფს, რომელიც მოგვწონს (private groups) და მუდმივი კომუნიკაცია შევინარჩუნოთ (messenger). 

Gif ფორმატი, ისევე როგორც სქროლვა, მოძრაობის და უსასრულობის ილუზიას გვიქმნის. სწორედ ამიტომ შევარჩიე ვიზუალური კომუნიკაციის ეს ფორმა.

 

მოჩვენებითი თავდაჯერებულობა

„როგორც კი ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს, ყველა სოციალურ ქსელში ვაქტიურდები და უფრო ინტენსიურად ვიწყებ ინფორმაციის გაზიარებას. მინდა რომ ყურადღება მომაქციონ, ინტერაქცია ჩემს თვითშეფასებას კვებავს და ეს მომწონს. შეიძლება ილუზორულია, მაგრამ იმ მომენტში მეხმარება, რომ ციფრული “მე”-ს გააქტიურებით რეალური “მე”-ს კრიზისი დავაბალანსო. ამ დროს სულ ვამოწმებ ვინ რა კომენტარი დამიწერა, ვინ რა დამიგულა, ციფრული პარანოიის ნაწილი ჩემი ნებით ვხდები. ჩემი ვირტუალური მეგობრებისთვის დაწერილ კომენტარებს არ ვითვლი, მაგრამ გონებაში რაღაც ზღვარი მეც მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აი ამ პოსტმა არ გაამართლა, მაგალითად. სასაცილოა, გეგონება რამე ბრენდი ვიყო და თუ დიდი გამოხმაურება არ მექნება, „უფროსობა“ მისაყვედურებს.”

 

დაუცველობის განცდა

„სმარტფონის შემოწმება ჩემი სხეულის იმდენად ორგანულ ნაწილად იქცა, ვერც კი აღვიქვამ რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს. დილით, პირველ რიგში, Facebook-ს ვამოწმებ და თუ წითელი Notification-ები მხვდება, თავს უფრო საჭიროდ ვგრძნობ, კმაყოფილი ვარ. დაკვირვებული ვარ, თუ ახლო მეგობრებთან ერთად ვარ, დიდად აღარ მაინტერესებს სოციალური ქსელები. მაგრამ როგორც კი მარტო ვრჩები, მინდა ისევ რაღაცის ნაწილად ვიგრძნო თავი. ეს განცდა განსაკუთრებით ძლიერი იყო, როცა შეყვარებული მყავდა და როგორც კი ერთად არ ვიყავით, მაინტერესებდა, სად იყო და რას აკეთებდა. თუ მეგობრებთან ერთად ერთობოდა, მათ Story-ებს ვამოწმებდი და განვიცდიდი, რომ მეც იქ არ ვიყავი; რომ იქ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა და მე ამის ნაწილი არ ვიყავი. ვფიქრობ, ყველაზე დაუცველი მაშინ მგონია თავი, როცა კონტროლის მექანიზმს ვკარგავ და ვერ ვამოწმებ ჩემს ციფრულ კედელზე, თუ პირად შეტყობინებებში რა ხდება.”

 

არაჯანსაღი მიჯაჭვულობა

“ერთი პერიოდი გამუდმებით მამატებდნენ ჯგუფებში და არსად არ ვრჩებოდი. ამ ბოლო დროს კი, მთელი დღე შემიძლია რამდენიმე ჯგუფის პოსტების კითხვაში გავატარო. ძირითადად, ისეთი ჯგუფები მიყვარს, სადაც პირად ისტორიებს აზიარებენ. ყველა სევდიან ისტორიას ვკითხულობ, ზოგჯერ ვტირი ხოლმე და თან, ეს პროცესი ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად ეგ ფაქტი მაშინებს, რომ ეს პროცესი მაზოხისტური სიამოვნებასავით მაქვს და ზოგჯერ ეჭვი მეპარება ჩემს გულწრფელ თანაგრძნობაში ამ ადამიანების მიმართ. კომენტარებსაც აქტიურად ვადევნებ თვალს და რჩევებსაც უხვად გავცემ. როცა ვმუშაობ და ახალ ისტორიებს ვერ ვამოწმებ, სულ მგონია, რომ ვიღაც ჩემს რჩევას ელოდება და ერთი სული მაქვს როდის გადავიკითხავ. მემგონი, ცოტა არაჯანსაღი მიჯაჭვულობა მაქვს სხვების პირად, ინტიმურ ისტორიებზე და ეს ყველაფერი ყოველდრიურ ცხოვრებაში ზედმეტად მგრძნობიარეს მხდის.”

 

იდენტობის პრობლემა

„ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი სოციალური ქსელი საკმარის ინფორმაციას აძლევდა ხალხს იმის შესახებ, თუ ვინ ვარ და რა ღირებულებები მაქვს. თუმცა, ერთხელ, ჩემმა Facebook მეგობარმა რეალურ ცხოვრებაში მითხრა, საერთოდ ვერ ვხვდები როგორი ტიპი ხარო. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო. თითქოს მითხრეს, რომ არ ვარსებობ. როცა რამის გაზიარება მინდა, ამ ადამიანის ნათქვამი მახსენდება სულ. მეგონა, აზრი არ ჰქონდა რას გავაზიარებდი. სინამდვილეში ძალიან ცოტა ადამიანი ნახავდა და ვერავინ გაიგებდა, როგორი ვარ. ამიტომაც მომწონს Story. შეგიძლია ნახო, რამდენ ადამიანს მიაწვდინე ხმა და უფრო მშვიდად იყო. პერიოდულად, როცა იმაზე მეტ ინფრომაციას ვიღებ, ვიდრე მინდა, ან მუდმივად რაღაცას ვამოწმებ, სოციალური ქსელებიდან ცოტა ხნით ვქრები. ვაუქმებ ანგარიშებს. ამ დროს თითქოს არსებობას ვწყვეტ. ეს შეგრძნება თავიდან უფრო სევდიანია, მერე ნელ-ნელა ვეჩვევი. თან ვიცი, რომ როცა მინდა მაშინ დავბრუნდები.“

 

სახლის ილუზია

“ფეისბუქზე მაქვს ჩემი სივრცე. თავიდან ბოლომდე მოვირგე და ისე აღვიქვამ, როგორც საკუთარ სახლს, რომელსაც ნელ-ნელა აშენებ, არემონტებ, ალამაზებ საყვარელი ნივთებით და გიხარია, როცა სტუმრები მოდიან. საკუთარი სახლი არ მაქვს და ამ დანაკლისს ეს ციფრული სახლი მივსებს. მხოლოდ ფეისბუქზე მაქვს ეს განცდა და არც ერთ სხვა სოციალურ ქსელზე სხვათაშორის. დროების მიხედვით ვათვალიერებ ხოლმე ფოტოებს, პოსტებს, ტექსტებს და ვაფასებ ჩემს თავს: როგორ გავიზარდე, რა შევცვალე... მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრება აქ მაქვს თავმოყრილი. სხვებიც თუ მაინტერესებს, მგონია, რომ მათი პროფილით ყველაფრის გაგება შემიძლია. ჩემი მეგობრები ხშირად წუწუნებენ, რომ ყველგან ლეპტოპით დავდივარ, ან სულ სმარტფონში ვარ შემძვრალი. რეალურად, საქმიდან გამომდინარე, სულ ონლაინ მიწევს ყოფნა, მაგრამ თან მსიამოვნებს. თავს კომფორტულად ვგრძნობ. წარმოვიდგენ, რომ ჩემი ციფრული სახლი ლოკოკინასავით შემიძლია თან ვატარო და ნებისმიერ სიტუაციაში უფრო შინაურულად ვიყო.“

 

წარუმატებლობაზე შფოთვა

„განცდა, რომ რაღაცას ვაკლდები, ყველაზე მეტად ზაფხულობით მიმძაფრდება, როცა ყველა სადღაც ისვენებს, ან ერთობა. სოციალურ ქსელებში ამ სიახლეებს რეალურ დროში ვხედავ. თითქოს ის, რასაც მე ვაკეთებ, დროის ფლანგვაა და უბრალოდ ველოდები იმ მომენტს, როცა გავიბრწყინებ. მგონია, რომ ამ გამოცდილებების გარეშე, ცხოვრებას ვაკლდები; არასრულფასოვნად ვარსებობ. თან, ჩვენთან, სოციალური გარემოს უთანასწორობის გამო, შესაძლებლობების სხვაობა უფრო მეტად იგრძნობა. არ მშურს, მიხარია სხვების წარმატება. უბრალოდ, საკუთარი თავის მუდმივად სხვებთან შედარება, მღლის და თავს „ლუზერად“ მაგრძნობინებს.“

 

ღირებულებების კრიზისი

„სოციალური მედიის მენეჯერად ვმუშაობ და ყველა ქსელში ვადევნებ თვალს ტრენდებს. მემგონი, ადამიანებზე უკეთ ბრენდებს ვიცნობ და როცა რომელიმე გვერდს აღარ ვმართავ, თვეების განმავლობაში მაინც ვამოწმებ, რას აზიარებენ ხოლმე. თავიდან ძალიან მომწონდა ეს პროცესი და ყველა ბრენდს, რომელსაც ვემსახურებოდი, ახლობლად ვთვლიდი. ახლა, პირიქით, საშინელი წინააღმდეგობის განცდა მაქვს. როცა ვიცი ბრენდი როგორი ნაგავია და მომხმარებელს უნდა ვუთხრა როგორ გააბედნიერებს, თავს უხერხულად ვგრძნობ. დღეს აღარავინ ყიდის მხოლოდ პროდუქტს, დამატებით ემოციურ ამბებს ვთხზავთ და ადამიანებს ვარწმუნებთ - აი, ეს გაკლია, ეს გაგრძნობინებს თავს უკეთ, ამიტომ უნდა იყიდო. თითქოს ჩვენ ვართ მაპროვოცირებლები ამ დანაკლისის და ადამიანებიც, უსასრულო სქროლვისას, გაუაზრებლად ამ დანაკლისის შემავსებლებს ეძებენ.”

ისტორია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. donation.stories.donate-text
გააკეთე დონაცია