გამოტოვების შიში
წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ხართ სადილზე. წინასწარ შეთანხმდით რომ სმარტფონებთან წვდომას შეზღუდავდით, მაგრამ თქვენი სმარტფონი განუწყვეტლივ ანათებს. მართალია, ინტერნეტთან წვდომა შეგიძლიათ შეუზღუდოთ საკუთარ თავს, მაგრამ რამდენად შეძლებს თქვენი გონება მშვიდად და უშფოთველად გააგრძელოს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია? როგორ შეაფასებდით 1-დან 7-მდე შკალით იმ სტრესს, რომელსაც ამ დროს განიცდით? თუ თქვენც, როგორც ადამიანთა უმეტესობა, შფოთავს როცა არ იცის მისი მეგობრები რაზე ლაპარაკობენ ჩატში და ერთი სული აქვს როდის შეამოწმებს წითლად მოციმციმე შეტყობინებებს, დიდი შანსია, FOMO თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყოს.
“გამოტოვების შიშს” (Fear-of-missing-out, FOMO) ვგრძნობთ იმ გამოცდილებებსა და შესაძლებლობებზე ფიქრისას, რომლებიც სხვებს აქვთ, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვაკლდებით. ეს შეგრძნება ასევე იწვევს მიკუთვნებულობის განცდის გამძაფრებას და ისეთი სივრცეების ძიებას, სადაც თავს ჯგუფის ნაწილად ვიგრძნობთ. სოციალური ქსელების ეპოქაში, ჩვენი შფოთვა კიდევ უფრო ძლიერი და ინტენსიურია. რადგან სხვა ადამიანებზე ინფორმაციას რეალურ დროში ვაკვირდებით და მათ შესახებ სიახლეებსაც ადვილად ვიგებთ, ჩვენს ცხოვრებას, მიღწევებს, ყოველდღიურობას, ძალაუნებურად, მათსას ვადარებთ. შედეგადად, ხშირად, უკმაყოფილოები ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ. თავი ცოცხლად, ციფრული სამყაროს შვილად რომ ვიგრძნოთ, ჩვენ თავადაც ვცდილობთ ჩვენს ყოველდღიურობაში სხვები ჩავრთოთ. მაგალითად, განვიხილოთ Facebook-ის Story-ის ფუნქცია, რომლის იდეააა ბრენდთან, თუ ინდივიდთან უფრო ახლო და ფამილარული ურთიერთობის დამყარება. ის გიქმნის განცდას, რომ კონკრეტულ ადამიანსა თუ ბრენდს უკეთ იცნობ, მისი ყოველდღიურობის დამკვირვებელი ხარ და მასზე რეაქციით, თითქოს, კიდევ უფრო უახლოვდები. თუ ამ ფუნქციით დიდად დაინტერესბული არ ხართ, შესაძლოა, Facebook-მა თავად შემოგთავაზოთ Notification-ის სახით თქვენი ახლო მეგობრისა თუ პოტენციურად საინტერესო ადამიანის Story-ის შემოწმება. ამ შემოთავაზებებისა და სხვა ბევრი ფუნქციის გათიშვა შესაძლებელია. თუმცა, მუდმივი განახლებები უფრო დახვეწილია და ყურადღებასაც ადვილად მიგაქცევინებთ. როგორც “გუგლის” ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს: „თუ თქვენ არ იხდით პროდუქტში, მაშინ თქვენ თავად ხართ პროდუქტი“ და სწორედ ჩვენი ყურადღებაა სოციალური ქსელებისთვის ის პროდუქტი, რომელსაც აქტიურად ყიდიან.
შესაძლოა, თავიდან უბრალოდ ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებდეს, თუმცა, დროთა განმავლობაში, კონტროლისა და თვალყურის დევნების უსასრულო ლუპში ვეხვევით. ჩემი პროექტი სწორედ ამ დაუცხრომელი ციფრული ცნობისმოყვარეობის შესწავლას ისახავს მიზნად, რომელიც FOMO-ს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს, რა ზეგავლენას ახდენს FOMO ქართველი ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა განცდებს უკავშირდება ის. კვლევის ფარგლებში შეირჩა 20-დან 30 წლამდე ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელს და შფოთავენ თუ offline არიან.
ვფიქრობ, ამ თემის მიმართ ჩემი ინტერესი ციფრულ მედიაში მუშაობისა და ადამიანების ქცევაზე ზეგავლენის შესწავალამ განაპირობა. ჩვენი Newsfeed-ი უსაფრთხო ზონაა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო ადამიანებით, რეკლამებითა და იდეებითაა გაჯერებული. ეს ერთი მხრივ, ძალიან კომფორტულია და თავს მშვიდად ვგრძნობთ. თუმცა, მეორე მხრივ, როცა განსხვავებულ რეალობას ვეჯახებით, ჩვენი შფოთვა იზრდება და გარე სამყაროსთან ადაპტაციის უნარებში ეჭვი გვეპარება. შედეგად, იქ ვბრუნდებით, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ და სადაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ვინ რას აკეთებს (Newsfeed, Story). უფრო მარტივად მივაკუთვნოთ თავი იმ ჯგუფს, რომელიც მოგვწონს (private groups) და მუდმივი კომუნიკაცია შევინარჩუნოთ (messenger).
Gif ფორმატი, ისევე როგორც სქროლვა, მოძრაობის და უსასრულობის ილუზიას გვიქმნის. სწორედ ამიტომ შევარჩიე ვიზუალური კომუნიკაციის ეს ფორმა.
მოჩვენებითი თავდაჯერებულობა
დაუცველობის განცდა
არაჯანსაღი მიჯაჭვულობა
იდენტობის პრობლემა
სახლის ილუზია
წარუმატებლობაზე შფოთვა
ღირებულებების კრიზისი
გააკეთე დონაცია