ონლაინ დედა
ვირტუალური ურთიერთობები ათეული წლებია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. კოვიდ პანდემიამ მათი მნიშვნელობა უფრო კარგად დაგვანახა.
“ონლაინ დედა” ეს არის ფილმი ოჯახში ვირტუალურ ურთიერთობებზე, შვილებთან განშორებით გამოწვეულ განცდებზე. პოსტ-საბჭოთა საქართველოში ამ რეალობის ძირითადი მიზეზი სიღარიბეა.
რეჟისორმა ქეთევან ვაშაგაშვილმა მშობლობა დისტანციურად საკუთარ თავზე გამოსცადა. ფილმში ის, ერთწლიანი განშორების შემდეგ, შვილთან ბრუნდება საქართველოში. პარალელურად, ქეთი ოთხი ემიგრანტი ქალის ამბავს გვიყვება, რომლებიც შვილების გამოსაკვებად სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდნენ. მათი ისტორიები იმ დედების სინამდვილესაც აღწერს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ფულს შეაგროვებდნენ და მალე დაბრუნდებოდნენ სამშობლოში. უმრავლესობა რამდენიმე ათეული წელია უკვე უცხო ქვეყანაშია და ვერ ჩამოდის.
ეს მოკლე ფილმი იმ დედების მონაწილეობით შეიქმნა, რომლებიც შვილებთან შესახვედრად დღესაც ემზადებიან.