უნიკალური გამოცდილება: სამშვიდობო ინიციატივები ციფრულ ფორმატში
საქართველოს ებრაულ მემკვიდრეობას და ჩვენს საერთო მეხსიერებას ვიკვლევდი შარშან პროექტისთვის, რომელიც ისრაელის საელჩოსა და Chai Khana-ს თანამშრომლობით მომზადდა. სამი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი ადამიანებს, რომლებსაც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დატოვება მოუწიათ. ზოგი 1993 წელს წავიდა მშობლიური ქალაქიდან, ზოგიც ომის დროს, თუმცა, ყველა მათგანი კონფლიქტის გამწვავებამ აქცია დევნილად. პანდემიის პირობებში, მათ ვირტუალურ სამყაროში ვხვდებოდი. მუშაობის პროცესში შევამჩნიე, რომ ბევრი ბარიერი მომეხსნა. Zoom-ის პლატფორმა არა მხოლოდ ჩვენს დროს ზოგავს, არამედ პოლიტიკურ გამოწვევებთან ერთად, დიდ გეოგრაფიულ დისტანციასაც ამცირებს.
ამ ფორმით კომუნიკაციამ ბევრი რამ მასწავლა იმ ადამიანების ცხოვრებასა და გამოცდილებაზე, რომლებიც ოცდარვაწლიანმა ემიგრაციამ კიდევ უფრო დაახლოვა.
ზოგიერთს ძალიან აინტერესებდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში დატოვებული მეზობლებისა და მეგობრების ამბავი. ზოგიერთს თურმე არც გაუწყვეტია ახლობლებთან კომუნიკაცია. ურთიერთობისთვის ინტერნეტს, სოციალურ მედიას იყენებენ. მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო ენას მათ ცხოვრებაში. საერთო საბჭოთა წარსულის გამო, რუსული მთავარი სასაუბრო ენაა დღემდე.
ტექსტზე მუშაობა როგორც კი დავასრულე, თავად მირჩიეს მისი რუსულ ენაზე თარგმნა და გამოქვეყნება. Chai Khana არც ისე ხშირად აქვეყნებს სტატიებს რუსულ ენაზე, თუმცა, ეს ისტორია ვთარგმნეთ. ადამიანები, რომლებიც მუშაობის პროცესში გავიცანი და ასეთი ახლობლები გახდნენ ჩემთვის, უფრო ბევრს უნდა გაეცნო.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტატიის რუსულენოვან ვერსიას ასეთი გამოხმაურება ექნებოდა. მე ბლოგებს ხშირად ვწერ, ამიტომ ინტერნეტის გავლენა და ძალა სიახლე არ ყოფილა. მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, რუსულ ენაზე ბლოგებს მაინც ის ხალხი კითხულობს ხოლმე, რომელიც ჩემს კვლევებს ინგლისურ და ქართულ ენებზეც ეცნობა. ამჯერად კი, ეს ტექსტი ჩემს სოციალურ წრეს გასცდა, პოლიტიკური ბარიერები გაარღვია და აფხაზეთში მოხვდა.
პროექტის გამოქვეყნებიდან მალევე, რამდენიმე დღის შემდეგ, აფხაზებისა და ოსებისაგან მესიჯები მივიღე. ტექსტი წაუკითხავთ და უფრო მეტი აინტერესებდათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ცხადად დავინახე, რომ არის ამბები, რომლებიც მავთულხლართების, გაყოფილი მდინარეებისა და მიწის მიღმაც აღწევს. ესე იგი, ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.
ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შეტყობინება სოხუმში მომუშავე მედია ორგანიზაციისგან მივიღე. უნდოდათ უფრო მეტი გაეგოთ იმ ებრაელებზე, რომლებმაც აფხაზეთი ომის დროს დატოვეს. ამ შეკითხვას რამდენიმესაათიანი კომუნიკაცია მოჰყვა ჩვენ შორის. რაც კი სოხუმში მცხოვრებ ებრაულ თემზე ვიცოდით, ყველაფერი მოვუყევით ერთმანეთს. შევთანხმდით, რომ შემდეგ ნამუშევრებს ჩვენს სოციალურ ჯგუფებში გავაზიარებდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი.
ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ერთდროულად უცხოც არის და თან ძალიან ახლობელიც, უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მომინდა, უფრო მეტი მეკვლია სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც ონლაინ სივრცეში შეიძლება ჩატარდეს. იქნებ, შესაძლებელია, უფრო გავლენიანი და შედეგიანი იყოს?
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე არ მიფქრია ამაზე. ახალი პერსპექტივის განცდა ბევრს გაუჩნდა.
ბოლო ათწლეულებს თუ გადავხედავთ, ქართული მედია ძალიან იშვიათად აშუქებს როგორ ცხოვრობენ დღეს სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ნაწილში. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მათ ყოველდღიურობაზე.
ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. სოციალურმა მედიამ კონფლიქტის მონაწილეებისთვის კომუნიკაციის ახალი საშუალებები გააჩინა. ურთიერთობის ახალი ფორმების ძიების პროცესიც დააჩქარა. მოგზაურობის აკრძალვამ, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვედრების ციფრულ ფორმატში გადატანა აიძულათ. ამ პროცესში არა ერთი მეთოდოლოგია გამოიყენეს, რომლის მთავარი მიზანი მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო. მოდერატორები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების აუდიო ინტერვიუებს იწერდნენ, რომლებიც ძირითადად, ომამდე და ომის შემდეგ ცხოვრებაზე ყვებოდნენ. მონაწილეები ეთნიკურად აფხაზები და ქართველები იყვნენ. ციფრული პლატფორმა მათ შესაძლებლობას აძლევდათ ერთსა და იმავე ისტორიაზე სხვადასხვა პერსპექტივიდან ემსჯელათ და თავიანთი შეხედულებები თამამად გამოეხატათ. ახალგაზრდებს ეს ფორმატი ომის მეხსიერებას უცოცხლებდა და ამავე დროს, უახლეს ისტორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.
მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში ახალმა გამოცდილებამ ბევრ საკითხზე დაგვაფიქრა. მათ შორის იმაზეც, რა არის გამოსასწორებელი. მართალია, ინტერნეტის ეპოქაში ჩვენ უკვე მივეჩვიეთ სრულ საჯაროობას, ადამიანები პირად ისტორიებს ხშირად დაუფარავად აზიარებენ, მაგრამ სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ისინი მაინც ფრთხილად იქცევიან. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობაა. მონაწილეები, ინტერვიუს დროს, ბევრს ფიქრობენ გამოხმაურებაზე, რომელიც მათ ნათქვამს შეიძლება მოჰყვეს. იქნებ, ვინმემ მათი ხმა იცნოს? იქნებ ამან პრობლემა შეუქმნას და მომავალში ცხოვრება გაურთულოს?
საკომუნიკაციო ენაც გამოწვევაა. ამ შეხვედრებში მონაწილე ადამიანების რელიგიური და ეთნიკური წარმოშობა განსხვავებულია. ინტერვიუს დროს სამუშაო ენა რუსულია. აფხაზებს ეს ენა კარგად ესმით, თუმცა ქართველებისთვის რუსულ ენაზე კომუნიკაცია კომფორტული ნამდვილად არ არის. გამოსავლად, ქართულ ენაზე სინქრონულ თარგმანსაც სთავაზობენ.
ურთიერთობის ციფრული ფორმატი ნამდვილად იძლევა საშუალებას გაცილებით დიდი აუდიტორია ჩართო სამშვიდობო პროცესში, თუმცა უფრო რთულია გავიგოთ, რა შედეგი მოაქვს ამ შეხვედრებსა და დისკუსიებს სინამდვილეში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანის პერსონალური ისტორია იმდენად ემოციური და ინტიმურია, რომ გულწრფელობისთვის მას მეორე ადამიანის მხარდაჭერა ფიზიკურ გარემოში სჭირდება. თუ ეს ემოციური კავშირი მან ვერ იგრძნო, შეიძლება საერთოდ უარი თქვას მონაწილეობაზე.
ერთი რამ მაინც ცხადი გახდა: პანდემიამ დაგვარწმუნა, რომ სამშვიდობო ინიციატივების მომავალი წარმოუდგენელია ციფრული ხელსაწყოებისა და რესურსების გარეშე. რა გზას მოვძებნით, როგორ განვავითარებთ და გარდავქმნით მას მშვიდობიანი თანაცხორებისთვის, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
გამოცემულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, COBERM-ის, ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ორგანიზაცია Chai Khana. გამოცემის შინაარსის ევროკავშირისა (EU) ან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად აღქმა დაუშვებელია.
გააკეთე დონაცია