რა არის სახლი? ის, რასაც დეველოპერები გვპირდებიან, თუ ადამიანების გაერთიანება, რომელიც ჩვენ გარშემო ცხოვრობს? თუ რამე უფრო ხელშესახები? ის, რაც უსაფრთხოებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას გვაგრძნობინებს?
,,პროფესიონალ მშენებლებს შეუძლიათ საცხოვრებლის აშენება, მაგრამ ისინი ვერასდროს ააშენებენ სახლს.’’ თუმცა, საქართველოს დიდ ქალაქებში, ნახევრად დანგრეულ სახლებსა და კორპუსებში მცხოვრებ ხალხს, დეველოპერები სწორედ ამ სახლის აშენებას ჰპირდებიან. სინამდვილეში, განვითარების ამ ცალმხრივ პროცესში, ადამიანების ნამდვილი საჭიროებები უთქმელი რჩება, არ გვესმის მათი ხმა. მშრალი სტატისტიკური მონაცემებიც კი არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად, ისეთი დიდი ქალაქების ავარიულ შენობებში, როგორიც ბათუმი და თბილისია.
ოქტომბერში, ბათუმში, ხუთსართულიანი კორპუსის ჩამონგრევისას 9 ადამიანი დაიღუპა.
ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღე მედია უწყვეტად აშუქებდა სახელმწიფო საბინაო პოლიტიკის სოციალურ ასპექტებს. თუმცა, ამ დისკუსიაში, მთავარ დამნაშავეებად ცალკეული ადამიანები დასახელდნენ, რომლებმაც სამშენებლო რეგულაციები დაარღვიეს. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ბუნდოვანი დაპირებები გასცეს, რომ ყველას უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფენ. მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” პირობა დადო, რომ თბილისში, 10.000 დაზიანებული კორპუსიდან მოქალაქეებს მალე გაიყვანენ და ახალ სახლებს შესთავაზებენ. ხაზგასმით ითქვა, რომ ამ ავარიულ კორუპუსებს კი არ შეაკეთებენ, არამედ, ახლით ჩაანაცვლებენ.
როდის და როგორ მოხდება ეს? რა სჭირდებათ, ან რა უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ? ეს კითხვები შეიძლება დაისვა, მაგრამ უპასუხოდ დარჩა.
ისტორია და გამოცდილება გვეუბნება, რომ ადამიანები კიდევ დიდ ხანს გააგრძელებენ გაურკვევლობაში ცხოვრებას: მთავრობისგან ბოლო დაპირება მათ თითქმის 20 წლის წინ მიიღეს, რომელიც 2002 წელს თბილისში მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდა და რომელმაც 20 438 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
მაშინ თბილისის მერიამ დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების ფონდი შექმნა. მათგან უმრავლესობა დღესაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და უსაფრთხო სახლს ელოდება.
სოციოლოგები და ანთროპოლოგები გვეუბნებიან, რომ სახლი მყუდრო თავშესაფარი უნდა იყოს; უსაფრთხო სივრცე, რომელიც მუდმივობის განცდას გაგვიჩენს.
ანთროპოლოგი თამთა ხალვაში გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ ვცხოვრობთ დაცულ, გამძლე შენობაში, მყარი საძირკვლით და კედლებით, ფუნქციური ფანჯრებით, თუ ჩამონგრეულ კორპუსში, ვენტილაციის გარეშე, იატაკზე ნახვრეტებით და ავარიული, დაბზარული კედლებით, სახლი მაინც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ, ფიზიკური სივრცე.
ყველაფერი, რასაც ჩვენი მსხვრევადი ჭერის ქვეშ მოვიაზრებთ და სახლს ვეძახით, თურმე განსაზღვრავს იმას, ვინ ვართ ჩვენ, ან ვინ შეიძლება, ვიყოთ. თამთა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დავინახოთ კავშირები სახლის, როგორც ფიზიკურ სივრცესა და მეორე მხირვ, სახლის, როგორც შინ-ის გაგებას შორის ლოკალურ კონტექსტში. მაგრამ როგორც საზოგადოება ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ იმ ემოციებსა და გრძნობებზე, რომლებსაც ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანები განიცდიან.
იმისთვის რომ გაგვეგო, რა ემოციურ, სხეულებრივ გამოცდილებებთან არის კავშირში დაზიანებულ და ავარიულ შენობებში ცხოვრება ურბანულ სივრცეეში, თბილისის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ადამიანებს გავესაუბრეთ.
“სახლი ჩემთვის არის უსაფრთხო სივრცე, სადაც შემიძლია საკუთარ თავთან და ფიქრებთან განმარტოება. როცა არ გიყვარს ის ადგილი, სადაც ცხოვრობ, ის ადამიანებიც გაღიზიანებენ, ვინც ამ მდგომარეობას შენთან ერთად იზიარებენ.”
“ადამიანების დამოკიდებულება სახლის მიმართ ხშირად განსაზღვრავს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებასაც,” გვეუბნება თამთა ხალვაში. “შინ წარმოსახვითი სივრცეა, რომელიც “ფესვგადგმულობისა” და “დაცულობის” განცდებს იწვევს ადამიანში, მაშინ, როცა სახლი მატერიალურია. მან შესაძლოა ადამიანები გააუცხოოს, შფოთვისა და არასტაბილურობის შეგრძნებები გაუჩინოს, სირცხვილის გრძნობაც კი.
“თქვენ კიდევ აქ ცხოვრობთ? აქ ვინმე ცხოვრობს? - სულ მესმის ეს კითხვები, როცა ფანჯრიდან ვიყურები. ამ დროს მინდა გავუჩინარდე, გავქრე, დავიმალო.”
სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი თავის წარდგენის საშუალებაც არის. როცა ადამიანებს კონკრეტულ გარემოში ყოფნა რცხვენიათ, საკუთარი თავის მიმართაც უფრო კრიტიკულები ხდებიან. ინტერვიუებმა დაგვანახა, რომ ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებსა და ერთიანობის განცდას ეჭქვეშ აყენებენ, როცა სახლში სიმშვიდეს, სტაბილურობასა და უსაფრთხო გარემოს ვერ პოულობენ. როცა თავშესაფარი არ გაქვს, იმატებს ფრუსტრაციისა და უსამართლობის შეგრძნება. ადამიანები ხედავენ, რომ ვიღაცას აქვს ფუფუნება საკუთარ თავთან და ფიქრებთან განმარტოვდეს, პირადი სივრცე ჰქონდეს და ვიღაცას ეს უფლება საერთოდ წართმეული აქვს.
“ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მყარად და დაცულად გრძნობს თავს იქ, სადაც ცხოვრობს.”
სახლი მხოლოდ ინდივიდუალური უსაფრთხოების გარანტი კი არ არის, არამედ სივრცე, სადაც სხვების სიმშვიდეც შენი პასუხისმგებლობაა. დაცული სივრცის არარსებობა ხშირად გავლენას ახდენს ადამიანებს შორის ურთიერთობაზე, მის განვითარებასა და კავშირებზე.
“არ მინდოდა ჩემი მეგობრები ჩემს დაბადების დღეზე სახლში მოსულიყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვინმე ჩემთან ერთად არის, თავს კარგად გრძნობდეს. ჩემი სახლი კი ამის გარანტი, ნამდვილად, არასოდეს ყოფილა.”
ოჯახის შემთხვევაში, სახლი ერთიანობისა და ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის ხარისხსაც განსაზღვრავს. როცა ფიზიკურ გარემოში ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ერთმანეთის მიმართ ნდობაც შეიძლება დაეკარგოთ.
“აქ ცხოვრება ისე გვძაბავს, რომ ვეღარც ვლაპარაკობთ, თითქოს ერთმანეთს ვაბრალებთ ამ პირობებს.”
თამთა ხალვაშის თქმით, სწორედ გრძნობები, განცდები და ურთიერთობები აყალიბებს ადამიანებსა და სახლს შორის კავშირს. თანაცხოვრებისას ისინი იზიარებენ ფიზიკურ სივრცეს, საკვებს, ზრუნავენ ერთმანეთზე. სწორედ ამ დროს იქმნება ნათესაური კავშირებიც.
როცა ოჯახის წევრები ამ სირთულეებზე, საფრთხისშემცველ გარემოში ცხოვრების გამოწვევებზე არ ლაპარაკობენ, მათი კომუნიკაცია უარესდება. შედეგად, ეს საცხოვრებელი გარემო აგრესიული ქცევისა და არაჯანსაღი ურთიერთობის ხელშემწყობი ხდება. ამავე დროს, როცა ავარიულ შენობაში ცხოვრობ, ოჯახის სტრუქტურა კიდევ უფრო ამძაფრებს დაუცველობის შეგრძნებას.
“წინასწარ უკვე ვშფოთავ ბავშვი რომ წამოიზრდება და სირბილს დაიწყებს, ამ სახლში როგორ უნდა ვიყოთ. უფრო გამიმძაფრდება შიში, რომ რამე შეიძლება ჩამოინგრას.”
პანდემიის დროს, როცა ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები ჰქონდათ, მშობლებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ.
“სახლში ფონად ისეთი კედელი უნდა მომეძებნა, რომელსაც ბზარი არ ჰქონდა.”
საცხოვრებელთან შეგუების პროცესში, იმისთვის, რომ გადარჩნენ და საზოგადოებაში ფუნქციონირება შეძლონ, ადამიანები გამოწვევებთან გასამკლავებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ზოგჯერ შფოთისგან თავის დასაღწევად, პრობლემას საერთოდ არ აღიარებენ. გაურბიან იმაზე ფიქრს, რომ ცუდმა საცხოვრებელმა პირობებმა, შესაძლოა, გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს მათ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
“მე და ჩემი და 18 კვადრატულ მეტრში ვცხოვრობდით. ფანჯარამდეც კი ვერ აღწევდა მზის სხივები. პერიოდულად ბინის კედლები შავდებოდა და ნესტისგან იჟღინთებოდა. დღეები ვანდომებდით კედლების ხეხვას. ჯანმრთელობა, სავარაუდოდ, ამან დაგვიზიანა. მაგრამ, ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა. მოცემულობად მიმეღო. ფიქრით ვერაფერს შევცვლიდი, მაინც აქ უნდა გვეცხოვრა.”
“ნახევრად დანგრეულ სახლებში ცხოვრებამ ერთი დიდი შიში დამიტოვა - სახლის არქონის შიში. სიყვარულიც, მუშაობაც, ჯანმრთელობა, თვითგანვითარება - ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნებოდა, ჩემი საკუთარი, უსაფრთხო სახლი რომ მქონოდა.”
მუდმივი საფრთხის განცდა უფრო მწვავდება, როცა ბინას სხვა მეპატრონე ჰყავს. არასოდეს იცი, რა შეიძლება მოხდეს, როცა შენობა ავარიულია. მესაკუთრემაც იცის ის რისკები, რომლებიც ახალ მდგმურს ნაქირავებ ბინაში ხვდება, მაგრამ ზიანზე პასუხისმგებლობას მაინც დამქირავებელი იღებს. მან ბინა ისეთ მდგომარეობაში უნდა შეინარჩუნოს, როგორიც ჩაიბარა.
“ყოველთვის ყველა ბინის მეპატრონის მეშინოდა. მათთან კომუნიკაცია სულ შფოთვებს იწვევდა. რატომ იცით? ვიცოდი, რომ ავარიულ სახლში შევდიოდი და არ ვიყავი დაზღვეული, ჩემდა უნებურად მეზობლისთვის რამე არ გამეფუჭებინა. კარზე კაკუნი რომ მესმოდა, უკვე წარმოვიდგენდი, როგორ მსაყვედურობდნენ. მაგალითად, როგორ ჩადიოდა წყალი დაჟანგებული მილებიდან და როგორ ფუჭდებოდა მეზობლის ახალი რემონტი. ერთხელ უნივერსიტეტში ვიყავი, ჩემმა დამ დამირეკა და მეუბნება, კარზე ვიღაც აკაკუნებს, მაგრამ შიშით ვერ ვაღებო. ვერც კი დავუშვი, რომ შეიძლებოდა, ვინმე უბრალოდ მოსულიყო და მოვეკითეთ. ამ შიშს ისიც ამძაფრებდა, რომ თავს “უცხოებად” მივიჩნევდით, რეგინიდან ჩამოსულები ვიყავით.“
ზოგიერთი ოჯახი დღემდე იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც წლების წინ უკონტროლო, ქაოსური მშენებლობების, ე.წ. მიშენებების გამო ჩამოინგრა. ერთ-ერთი ასეთია ნუცუბიძის პლატოზე, მე-10 კორპუსი.
“დილის 8 საათზე ნგრევის ხმამ გამაღვიძა. პირველი ჩემი 8 თვის ორსული მეზობელი გამახსენდა. წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ძირითადად, სულ საძინებელში იყო ხოლმე. იმდენ ხანს ვუკაკუნე კარზე, ხელები დამისისხლიანდა. კარს არავინ მიღებდა. მერე, როგორც გავარკვიე, დირექტორს დაუბარებია სკოლაში ბავშვის გამო და იქ წასულა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა ნგრევის დროს. ამ ამბის შემდეგ, ჩვენს კორპუსს “ბიგ-ბენს” ეძახდნენ. ჩამონგრეულ ადგილას ყველას საძინებელი ჰქონდა და წლების განმავლობაში კედელზე რამდენიმე საათი დარჩა ჩამოკიდებული.”
“კორპუსში რომ შედიხარ, კიბის უჯრედს განსაკუთრებით ეტყობა ბზარები. ჩემს სახლშიც ბევრი ბზარია და ამბობენ ხოლმე “კორპუსი დაჯდაო”. ესეც მითია, როგორ შეიძლება ბზარი საშიში არ იყოს? თან როცა, ყოველ წელს ახალ-ახალი ემატება?!”
მუდმივად გაურკვეველ მდგომარეობაში ცხოვრება ისეთი მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაზეც კი ახდენს გავლენას, როგორიც ბინაში ავეჯის ცვლილებაა, ან კოსმეტიკური რემონტი.
“როცა ჩემი შვილი გაჩნდა, კედელზე რადმენიმე თაროს დაკიდება მინდოდა. მაგრამ ზედმეტი ჩარევის სულ მეშინია. ავეჯის გადაადგილებასაც კი ვერიდები ხოლმე.”
ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ავარიულ და დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ, ნელ-ნელა კარგავენ შინ-ის განცდას.
“ზიგმუნდ ფროდის მიხედვით, შინ ყოველთვისაა დანაღმული არაშინის, არამშობლიურის, ან არასახლურის მნიშვნელობით და განცდით. ის რაც ყველაზე ნაცნობია, მხოლოდ უცნობის, დამზაფრავის, ან არამშობლიურის გავლით შეიცნობა და განიცდება. ამიტომ ამ მიდგომით, ყველა სახლი თავიდანვე შეიცავს არაშინას.’’
ზოგ შემთხვევაში, ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მძაფრი და რადიკალურია. მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დავალიანებულ სახლებში ცხოვრობენ და შეიძლება გაასახლონ.
შინ შეგრძნების დაკარგვა სხვა სივრცეების აღქმაზეც ახდენს გავლენას. ანთროპოლოგი თამთა ხალვაში ამბობს, რომ კოვიდ-19 პანდემიის პირობებში, როცა ადამიანები დისტანციურ სწავლებასა და მუშაობაზე გადავიდნენ, პრემოდერნულ პერიოდში დავბრუნდით თითქოს. დროში, როცა სახლი, როგორც სამუშაო, ისე დასვენების ფუნქციას ითავსებდა. ადამიანები მაინც მიჩვეულები არიან ამ სივრცეების ერთმანეთისგან გამიჯვნას, ამიტომ ავარიული სახლებიდან მუშაობამ მათში სტრესი და შფოთვა გაზარდა.
ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები, დროთა განმავლობაში, თავიანთ ყოფასთან შეგუების გზებს მაინც პოულობენ. “ასეთ სახლებში მცხოვრებლებს ნანგრევებში ცხოვრებისა და მისი მოშინაურების უამრავი სტრატეგია და მექანიზმი გააჩნიათ, რომ ისევ დაიბრუნონ “შინის” განცდა და სუბიექტური აღქმა დაცულობისა და სტაბილურობის,” გვეუბნება თამთა ხალვაში.
გააკეთე დონაცია