რა გვაკავშირებს ძველ იპოდრომთან

ავტორი: თამუნა ჩქარეული
06.01.22
გამოცემა: სამეზობლო

5 ოქტომბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის ცენტრში არსებული ძველი იპოდრომის ახალი გეგმა წარმოადგინა. 36 ჰექტარი მიწა, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ ფონდ “ქართუს” ეკუთვნოდა, ქალაქის ცენტრალურ პარკად გადაიქცევა. კალაძემ 26 ზონად დაყოფილი, ჰოლანდიური კომპანიის  LAP Landscape & Urban Design-ის მიერ დაპროექტებული თანამედროვე პარკის გეგმა გაგვაცნო. გეგმა მოიცავს იაპონურ, ფრანგულ და ბოტანიკურ ბაღებს. ასევე, სკეიტ-პარკს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს. გვპირდებიან, რომ მოეწყობა ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, რესტორნები, პარკინგის სივრცეები 500 მანქანისთვის.

ამ გრძელ ჩამონათვალს ერთადერთი რაც აკლია, ირგვლივ მცხოვრები ადამიანების  მოსაზრებებია. ძველი იპოდრომი მწვანე რეკრეაციული ზონა იყო ქალაქისთვის. 20 წლის წინ, როცა ამ ტერიტორიიდან ცხენები გაიყვანეს, ეს სივრცე ბუნებრივად გაიზარდა და განვითარდა. ჩვენ, ფაქტობრივად, გვქონდა ველური გარემო საბურთალოს ცენტრში, სადაც ყველას შეეძლო მისვლა, დასვენება და გართობა.

ბავშვობიდან დავდიოდი აქ. მთელი ეს ტერიტორია, მისი ლანდშაფტი, რელიეფი ისეთივე ნაცნობია ჩემთვის, როგორც ჩემი ხელისგულის ხაზები, ამიტომ, მეგზურობას გაგიწევთ. თამარაშვილის ქუჩიდან, ფეხით შევიდეთ. ბევრი შესასვლელია, მაგრამ რადგან მე მომყვებით, იქიდან დავიწყოთ, სადაც ვცხოვრობდი. ისე, შეგვეძლო პირდაპირ დიდი საცხოვრებელი კომპლექსის ავტოსადგომით გაგვევლო, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალ ათეულ კორპუსს შორის ბოლო წლებში იპოდრომის გარშემო რომ აშენდა, მაგრამ, მოდი, არ გვინდა. ბოლოს და ბოლოს, ქალაქს გამოვექეცით, ამიტომ მარჯვნივ, პატარა კიბეს ავუყვეთ. აქ ადრე საცხენოსნო მოედანი იყო; ცხენები ბარიერებს ახტებოდნენ. მათ მერე, ველომოყვარულები მოვიდნენ და ველოსიპედებისთვის ბორცვებიანი ტრეკი გააკეთეს, საკუთარი ხელით. აი ახლაც, პატარა ბიჭი დგას ბორცვის თავზე და გამბედაობას იკრებს, რომ დაბლა ჩამოგორდეს.

მას ჩავუაროთ და იპოდრომის სივრცეში მოსახვედრად, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდეთ.

დაახლოებით 10 წლის წინ აქ ტყეში სეირნობა შეგეძლო, მაგრამ ახლა პარკსა და დანარჩენ უბანს ერთმანეთისგან გზატკეცილი ჰყოფს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელმაც საჯარო მწვანე სივრცის ნაწილი შეიწირა.

ახლა უკვე იპოდრომის მთავარ შესასვლელთან ვდგავართ. აქედან მინდორს ვერ ვხედავთ, კვიპაროსის ბუჩქები გვეფარება, რომლებიც ჩემთან ერთად გაიზარდნენ. მინდორს გარშემო მოხრეშილი ბილიკი მიუყვება. ადრე მას ცხენები იყენებდნენ, მოგვიანებით კი, მორბენალებმა აითვისეს. მეც აქ დავრბოდი ხოლმე, სახეზე მზის პირველი სხივები რომ მეგრძნო და ჩემი ხმამაღალი გულისცემა გამეგო. იპოდრომის გარშემო წრე ჩემთვის გამოწვევა იყო, თუმცა ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც სწორ ზედაპირზე 2 კილომეტრამდე სირბილი შემეძლო.

ჩემ გარდა ბევრი დარბოდა, მაგრამ მაინც მქონდა განცდა, რომ ეს დილა მხოლოდ ჩემთვის იყო. მემგონი, ყველა ასე ვგრნობდით თავს. ახლა, როცა იპოდრომის ტერიტორიის ნახევარი შემოღობილია, ამის გაკეთება აღარ შეგვძლია. ყველაზე ჯიუტები მაინც ცდილობენ ირბინონ, მინდორი ჯერჯერობით მათ ხელშია.

მაგრამ ჯერ იქ არ მივდივარ. პირველ რიგში, ჩემს საყვარელ სკამებს უნდა ჩავუარო. იქ კითხვა განსაკუთრებით მიყვარდა. ძველ ფიჭვებს შორის, ვიღაცის დალოცვილმა ხელებმა ხის სკამები გააკეთეს, რომელზე მოკალათებულსაც არაერთი რომანის კითხვა დამიწყია და დამისრულებია. ეს, მგონი, ყველაზე მყუდრო ადგილია იპოდროზე, ამიტომ აქ ხშირად ნახავთ მოხუცებს, რომლებიც ყოველ დილით სავარჯიშოდ მოდიან; ძაღლებიც იქვე ხის ძირში წვებიან და ცნობისმოყვარე თვალებით ადამიანებს აკვირდებიან. მაგრამ ჩემს წარმოდგენაში, აქ ყოველთვის გვიანი ზაფხულის საღამოა, აი სწორედ ის დრო, ფიჭვის გრძელი ჩრდილები მტრედისფერ ბინდში ნელ-ნელა რომ ფერკმრთალდება და იკარგება. გამუდმებით მეფიქრება, რა იქნება მომავალში ამ ადგილას. ახალი პროექტის რუკაზე ის ჯერ მონიშნულიც კი არ არის.

აქედან ბილიკს ტყისკენ მივყვებით. ასე ვეძახდით ბორცვზე შეფენილ ხშირ ბუჩქებსა და ხეებს. ეს საიდუმლოების გაზიარების ადგილია. წყვილები ხელებჩაკიდებულები დადიან, მეგობრები ჭორაობენ, ბავშვებს ჰგონიათ, რომ ამ ტყეში იდუმალი, მისტიური მიწა უნდა აღმოაჩინონ. აქ ერთი სკამი იყო, მე და ჩემი მეგობრები მაშინ მივდიოდით, როცა რომელიმეს თმის შეჭრა გვინდოდა. სალონში ფულს ვზოგავდით და ერთმანეთს აქ ვჭრიდით ხოლმე თმას.  მერე ტრიბუნებზე ლუდით ხელში ავდიოდით და აღვნიშნავდით.

დღემდე ყველა “ტრიბუნებს” ეძახის ამ ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ნაწილები აქედან 2009 წელს გაიტანეს. ბეტონის კიბეები წლების განმავლობაში სულ უფრო იშლებოდა, მაგრამ  ეს ადგილი მთლიან სამეზობლოზე დაკვირვების საშუალებას გაძლევდა და საკუთარ შინაგან მდგომარეობაზეც ჩაგაფიქრებდა. განმარტოებისთვის, ფიქრისთვის უკეთესი ადგილი არ მეგულებოდა. ამიტომაც დღემდე ვერ ვეგუები ტრიბუნების გადათხრას. სადაც ოდესღაც ლეღვის ხეები და მაყვალი ველურად იზრდებოდა, სადაც ამდენი ბედნიერი წუთი გავატარე  მეგობრებთან, შეყვარებულთან, საკუთარ თავთან, ახლა ჭუჭყის და მტვრის გროვაა მხოლოდ. ამიტომაც აღარ მოვდივარ აქ. ზუსტად ისე ვერიდები ამის ნახვას, როგორც, ალბათ, ამპუტირებული კიდურის შეხედვას გაურბიან ხოლმე პირველად.

მაგრამ, მგონი, დროა წავიდეთ იქ, რისთვისაც საერთოდ აქ მოვედით. იპოდრომის გული და სული მისი მინდორია! ზოგჯერ ვფიქრობ, აქ გატარებულ წლებს რა წვლილი მიუძღვით ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ღია სივრცეების მიმართ; ან იმაში, როგორ აღვიქვამ საზოგადოებას; ჩემს ღირებულებებსა და გემოვნებაში? ეს არის ერთადერთი დიდი სივრცე, სადაც ამდენი განსხვავებული ადამიანი იყრის თავს და  თავისუფლად ყოფნა შეუძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ხასიათზე მოხვალ, იპოდრომი ყველასთვის ღიაა. აქ ადამიანები პიკნიკებს აწყობენ, მეგობრები და ოჯახის წევრები ფერადი პლედებით მოდიან, ერთამენთს იცნობენ და ვინ იცის, შეიძლება ცხოვრების ბოლომდე “იპოდრომის მეგობრებად” დარჩნენ. სპორტის მოყვარულებსაც შეხვდებით: კრიკეტი, ბადმინტონი, “ფრისბი” (მფრინავი დისკი) და იქვე ძაღლები, რომლებიც ბურთის ან თეფშის მიტაცების მომენტს ელოდებიან. ყველა ჯიშის ძაღლი გიჟივით დარბის.  სპანიელები, სეტერები, დალმატინელები, გერმანული ნაგაზები ერთმანეთს და ყვავების გუნდებს დასდევენ.

განმარტოება ვისაც უყვარს, აქ წიგნებით, სახატავებით ან ფოტოაპარატით მოდის და უყურებს  მაღალსართულიანი კორპუსების უკან როგორ ჩაცურდება ხოლმე მზე. აქ არ არის სპეციალურად გამოყოფილი ზონები ან საზღვრები, საერთო სივრცეს ყველა თანაბრად ვიზიარებთ. მაშინაც კი, როცა მინდორი ჯერ კიდევ დიდი იყო და მას ახალი პროექტი სანახევროდ არ მიიტაცებდა, ამ სივრცეში ერთმანეთის პოვნას მაინც ადვილად ვახერხებდით. 

ზუსტად აქ მინდა გასეირნება დავასრულო. ამ პროექტზე მუშაობაც იმიტომ დავიწყე, რომ ვგრძნობ, ეს მარშუტი მხოლოდ ჩემს მეხსიერებას არ შემოუნახავს. ვინც აქ თავისუფლების საპოვნელად მოდიოდა, ყველას გონებაშიც  იგივეა. მინდოდა, ეს სურათი ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღმედგინა. საერთო, კოლექტიური მეხსიერების მცირე ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებდით, სამუდამოდ შემენახა, რადგან ახალ პროექტს, რომლითაც “დაგვასაჩუქრეს,” მასთან არაფერი აქვს საერთო.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია