ვინ დგას ბირჟაზე?

ავტორი: მარიამ ნატროშვილი, , ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა
21.01.22
გამოცემა: სამეზობლო
თემა: ქალაქი

თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებსა და ეზოებში, ცენტრშიც და გარეუბნებში ხშირად შენიშნავთ კაცების თავშეყრას. ხან უბნის ფანჩატურში (ბესედკაში), ხან სადარბაზოსთან თავმოყრილ ბიჭებს სახელი აქვთ - ბირჟა. 

ბირჟა ახალგაზრდა, უმუშევარი კაცების თავშეყრის ადგილია, ხშირად უბნის ერთი და იგივე ტერიტორია. ყველა ბირჟა სხვადასხვანაირია. ის ცვალებადია, ბევრი სხვადასხვა ადამიანისგან შედგება, რომლებსაც უბანი და უმუშევრობა აერთიანებთ; ზოგჯერ კრიმინალური გაგება, ქუჩა.

ზოგ უბანში ბირჟა მეზობლების შეკრების სივრცეა. ასეთი ბირჟა უფრო მრავალფეროვანია. მოხუცებიც აგორებენ კამათელს, ან დომინოს თამაშობენ. ბავშვებსაც თავიანთი გასართობი აქვთ. დაღლილი ქალებიც ჩამოსხდებიან ხოლმე ერთმანეთისთვის ამბების მოსაყოლად.

ბირჟა, რომელსაც ახლოდან გაგაცნობთ, თბილისის გარეუბნის ბირჟაა და მრავალფეროვანია. თუ კარგი ამინდია, უფრო მეტი  ხალხია ხოლმე. ზაფხულის დღეებში, საღამოს, კიდევ უფრო მეტი.

ბირჟაზე დგომის მიზეზები ხშირად ერთი და იგივეა. ქალაქის ნაპირებზე, გარეუბნებში გატარებული დღეებიც ერთმანეთს ჰგავს. 

რა არის ბირჟა და რა გავლენა აქვს მას მთლიან უბანზე? კრიმინალურ კონტექსტაც ირეკლავს დღეს ბირჟა? რა წესები აქვს? როგორია ბირჟაზე გატარებული დღეები?

გიორგი

ბირჟა შენი ძმაკაცების თავშეყრის ადგილია. გამოდიხარ, ერთი ადგილი გვაქვს არჩეული და იქ ვიკრიბებით. ეგ არის ბირჟა. რა არის იცი კიდევ? ურთიერთობა.

ყველა უბანს ერთი ადგილი უეჭველი აქვს არჩეული.

ბირჟა შეხვედრის ადგილიც არის. რომც არ დაურეკო შენს ძმაკაცს, ბირჟაზე ნახავ. ტელეფონი ბევრჯერ არ მქონია, ან გამფუჭებია, ან კარტა აღარ მქონია და რო მივდიოდი, კაცის პოვნა არ მიჭირდა.

ბირჟა იცი, რატომ ასწორებს? იქ ყველა მართალი ადამიანია, ეზოში ცუდს არავინ არავის გაუკეთებს, ბირჟაზე ბიჭები თუ არიან, ის ტერიტორია  დაცულია.

ბირჟის არეალიც ისეთ ადგილას უნდა იყოს, რომ ყველაფერს ხედავდე და აკონტროლებდე.

 

ირაკლი

ბირჟა საერთო ჯამში ქუჩაა. ქუჩაში დგახარ.

ქუჩაში რაც შეიძლება მოხდეს, ბირჟაზეც ხდება. ვინმეზე დამოკიდებული არ არის. ცოცხალი ორგანიზმივითაა. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დგას იმ მომენტში იმ კონკრეტულ ბირჟაზე. სულ ცვალებადია. არიან ტიპები, რომლებიც მთელი დღე უსაქმურად ბირჟაობენ, არიან კრიმინალებიც.

ვინც ქუჩის ბიჭია ან ძველი ბიჭია, მაგათ ქუჩის ცხოვრება აქვთ. თუ სულ ქუჩაში ხარ და უბრალოდ კი არ ბირჟაობ, ქუჩის კანონებით ცხოვრობ, ქუჩიდან შემოსავალიც უნდა გქონდეს. მაგით ცხოვრობ, ქუჩა გაჭმევს. ისე უბრალოდ რო დგახარ, შემთხვევით  საქმის გარჩევას შეესწრები, ეგ არ ნიშნავს, რომ შენც კრიმინალი ხარ. შეიძლება იქვე იდექი და რაღაცები იცი, მაგრამ არაფერ შუაში ხარ.

ყველა ბირჟავიკი ქუჩის ბიჭი ვერ იქნება.

დათო

ბირჟა რაღაც ეტაპია, რომელიც უნდა გაიარო. ჩემს ბავშვობაში სკოლას ადარებდნენ, ბევრ რაღაცას ისწავლი, ცუდსაცო, კარგსაცო და მოგეხმარებაო. აქ ისეთებს ნახავ, სხვაგან ვერსად ნახავო.

კარგისა და ცუდის გარჩევას სწავლობ. ადამიანებს იცნობ. გამოცდილებას იძენ. ისეთი რაღაც  შეიძლება შეგემთხვას, რომ ცხოვრებაში გამოგადგეს, მაგალითი იყოს შენთვის. ყველაფერი უნდა ნახო და კარგს და ცუდს ადვილად გაარჩევ მერე. 

 

ლევანი

ბირჟა? ბირჟა უსაქმურების სასტავია. მაგრამ, სინამდვილეში, თან ბევრ ხალხს ეხმარები. დროის მოკვლაა ბირჟა. ბოდიალი. ერთი 10 წელი მთელ სამეზობლოს ელექტროენერგიას ვურთავდი. აი რო უჭრიდნენ, ვიცოდი, როგორ უნდა ჩამერთო და მეც ვურთავდი. დასახმარებლადაც შეკრებილა ფული, გააჩნია ვის რა დასჭირვებია. ნებისმიერ გაჭირვებაზე ერთმანეთის გვერდით ყველა დადგება.

ადრე თავშეყრის ადგილი ქალაქის მოედნები და სკვერები იყო. სალაყბო - ასე ერქვა თბილისის ერთ-ერთ მოედანს. აქ ახლო-მახლო მცხოვრებნი იკრიბებოდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, ახალ ამბებს უყვებოდნენ. ლაყბობა - უშინაარსო, უაზრო ლაპარაკს ნიშნავს და მოედნის სახელიც აქედან გაჩნდა. 

დრო გავიდა, ქალაქი გაიზარდა. საბჭოთა კავშირში აღმოსავლური მოედნები, ბაზრები და ქუჩაში თავშეყრის ადგილები გაქრა. საბჭოთა კავშირში უსაქმურობა დანაშაულად იქცა, უსაქმურებს, ანუ მუქთახორებს იჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ.

50-60-იან წლებში ბირჟაზე სტუდენტები და უფროსკლასელები იკრიბებოდნენ; ლაპარაკობდნენ, დრო გაჰყავდათ. მაშინდელ ბირჟას კრიმინალური სარჩული არ ჰქონია და არც ისე ხშირად შეხვედებოდით, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

კრიმინალური კონტექსტი ბირჟაზე გვიან საბჭოთა კავშირში გაჩნდა. მაშინ ბირჟას შრომაზე პრინციპული უარის თქმის კონოტაციაც ჰქონდა. თითქოს ბირჟაზე დგომა რაღაც ტიპის წინააღმდეგობად იქცა.

საბჭოთა კავშირი დაიშალა. დაიწყო ომები, არეულობა, გარჩევები. ქალაქში შავი იარაღი, წამალი გაჩნდა, რომელსაც არავინ აკონტროლებდა. ომიდან ზოგი ვერ დაბრუნდა; ზოგი დაბრუნდა და ჭრილობები ღია დარჩათ. ქალაქების ქუჩებს კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. უბნები ერთმანეთს გავლენებისა და კაპიტალის გადასანაწილებლად უპირისპირდებოდნენ. 

ქუჩიდან მანქანებს იპარავდნენ, სახლებს ტეხავდნენ, ჩაბნელებულ სადარბაზოებში ადამიანებს აყაჩაღებდნენ. უბნებს კრიმინალები აკონტროლებდნენ. ბირჟა ერთგვარ საკონტროლო პუნქტად გადაიქცა.

90-იან წლებში განათლების სისტემა ჩამოიშალა. დიპლომები იყიდებოდა, ფასი პროფესიის პრესტიჟულობიდან გამომდინარე იცვლებოდა. იურისტის დიპლომი   25 000 დოლარი ღირდა.  დიპლომი და გავლენიანი ნაცნობობა კარგი სამსახურის პოვნისა და მომავალში უზრუნველი ცხოვრების გარანტია იყო. ვისაც არც ფული ჰქონდა და არც “პატრონი” ჰყავდა, ანუ სოციალური კაპიტალი ვერ დააგროვა, ქუჩაში დარჩა.


ირაკლი:

მოკლედ, როცა არ იცი რა გააკეთო, დგახარ ბირჟაზე. ან პროფესია არ გაქვს, ან არ იცოდი, რომ შენც შეგეძლო გაგეკეთებინა ცხოვრებაში რაღაცები… სულაც არ არის აუცილებელი ქუჩის ბიჭი იყო. ვიღაც შეიძლება მუშაობდეს და საღამოს, სამსახურის მერე, სულ ეზოში იყოს. არსად არ გაქვს წასასვლელი. დავუშვათ, სადღაც ევროპაში შეგიძლია საღამოს კაფეში, ან კინოში, ან პარკში წახვიდე. მეგობრებთან ერთად გაერთო. 90-იანებში აქ მაგის შანსი არ იყო. არც ახლა არის, პრინციპში. თუ არის კიდევ, ძალიან ძვირია.. გარეუბნიდან კინოში წასვლა მთელი მოგზაურობაა. ვერსად ურთიერთობ ადამიანებთან, არ არის ეგეთი ადგილები. მერე ეჩვევი და შენ თვითონ იქმნი სოციალიზაციისთვის გარემოს. შეიძლება სულ არ გინდოდა სადღაც გარეუბანში მდგარიყავი მთელი ცხოვრება, მაგრამ ეჩვევი.


ე.წ. ქურდული გაგება ყველას და ყველაფერს მოედო. პატარა ბიჭები კრიმინალურ კარიერაზე ოცნებობდნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევამ საზოგადოება ამოაყირავა. გავლენა, ფული და ავტორიტეტი მათ მოიპოვეს, ვინც ამ სამოქალაქო არეულობით ბოროტად ისარგებლა. უშუქობაში, ქაოსსა და პურის რიგებში გაზრდილი თაობისთვის ეს ადამიანები უნებლიეთ მისაბაძ ადამიანებად იქცნენ. 

2003 წელს ვარდების რევოლუციამ ახალი წესრიგი დაამყარა. კრიმინალს პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა. ე.წ. კანონიერი ქურდები,  წვრილი თუ მსხვილი კრიმინალები დაიჭირა. 2012 წელს არჩევნების წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი  სწორედ ციხეში პატიმრების მიმართ გამოვლენილი სისტემური ძალადობა გახდა. 


ირაკლი:

მიშას [სააკაშვილი] დროს თვითონ ბირჟავიკები ალაპარაკდნენ სხვანაირად. მაგალითად, მანამდე ყველას პირზე ქურდები რო ეკერა, მათ ისტორიებს ყვებოდნენ, მიშას დროს მე რომ ქურდი ვახსენე, ტიპებმა - ჩუმად, ჩუმად, არ თქვა, არ დაგვიჭირონო. ანუ ეს ბირჟავიკებიც შეიცვალნენ. ნახევარი უბანი დაჭერილი იყო და ეშინოდათ. ვინც არ დაიჭირეს, ისინიც ძალიან შეშინებულები იყვნენ.

სხვადასხვა მიზეზით დაიჭირეს - ძარცვა, ნარკოტიკები, ქურდული მენტალიტეტი, იარაღის ტარება, ძირითადად ეგეთი რაღაცეები. ვისზეც იცოდნენ რომ ურევდნენ, ისინი დაიჭირეს. საერთო ჯამში, ფაქტზე არც ერთი დაუჭერიათ, ნარკოტიკები ჩაუდეს. როგორც ხდებოდა მიშას დროს, რა. ძაან კარგად ვიცით, როგორც ხდებოდა და ეგრე დაიჭირეს ყველა.

დღეს ბირჟა ნაკლებად არის კრიმინალური, თუმცა არ გამორიცხავს კრიმინალს. მის არსებობას ქალაქში საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეების დეფიციტი, ან მათზე ხელმიუწვდომლობაც განსაზღვრავს. გარეუბნების კინოთეატრები დიდი ხანია კაზინოებად ან სუპერმარკეტებად გადაკეთდა; სკვერებში ეკლესიები ან რესტორნები აშენდა; საგამოფენო თუ საკონცერტო დარბაზები კი, სავაჭრო ცენტრებად იქცა.

ნარკოტიკები და თამაში თანამედროვე ბირჟის ნაწილია. მას შემდეგ, რაც კაზინომ ტელეფონში, ანუ ჩვენს ჯიბეში გადმოინაცვლა, თამაშობს ყველა. ბიჭებს ცივი და სუსხიანი დღეების გაყვანაში, ხშირად, ფსიქოტროპულ აფთიაქებში ნაყიდი ტაბლეტები, პროგრამიდან პირით გამოტანილი და მერე 40 ლარად გაყიდული სუბუტექსი, ან სხვა მსუბუქი ნარკოტიკი ეხმარებათ.


ლევანი

აი, ბირჟა რა არის. გუშინ მირეკავს ვიღაც გოგო, გამარჯობა, საქართველოს ბანკიდან გირეკავთ და შეგვიძლია ტელეფონი დაგიმტკიცოთო. რაღაც ფული ჩამერიცხა და ეტყობა ნახეს, რომ ჩაირიცხა. საქართველოს ბანკის კლიენტების რამდენიმე კაცში მოხვდით და მოგცემთ მობილურსო. სტაბილური  ხელფასი არა მაქვს-მეთქი და ეგ არ არის პრობლემაო. მეც დავთანხმდი.

დღეს ბირჟაზე გამოვედი. ვიღაც კურიერი მირეკავს, მოდით ამ მისამართზე, ხელი მოაწერეთ, ტელეფონი აიღეთო. მივედი. მერე ეგრევე ლომბარდში წავედი და სანამ აქ ამოვედი, წავაგე. ეს ტელეფონი ეხლა  ლომბარდშია. 550 ლარი უნდა გადავიხადო ბანკში. 130-ად დავალომბარდე. გზაში ვითამაშე, მანქანაში, მობილურით, წავაგე.

აი, ესაა ბირჟა. ეგ არის ყოველდღე.

გიორგი

როგორია ბირჟის ერთი დღე. დილით ესე 10-ის ნახევარზე, 9-ისკენ მეღვიძება. ავდგები, პარიადკაში მოვალ, ჩაის დავლევ, ვისაუზმებ, 12 საათზე გავდივარ უკვე. ქვევით მივდივარ, ჩემს დოზა წამალს ვჩალიჩობ, სუბუტექსს. ყოველდღე მჭირდება.

იმ დოზის მერე ერთი ნაპასი პლანის ჩალიჩს ვიწყებ. ხან ვყიდულობ, ხან მჩუქნიან. უფრო მჩუქნიან. მერე ისევ უბანში, ბირჟაზე ვბრუნდები. ატხოდი მეწყება, ჩავდივართ საცხობში და ხაჭაპურს ვყიდულობთ. სახლშიც არ გადავდივართ, გვეზარება. მერე თავიდან ვიწყებთ პლანის დათრევას…ესე ვარ 2000 წლიდან. ეხლა ვანებებ თავს, უნდა დავწვე უეჭველი!


როდის ახსენდებათ პოლიტიკოსებს ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, მხოლოდ არჩევნების წინ. ამ დროს ბირჟები, ხშირად, უბანაში ხმების მობილიზების ინსტრუმენტი ხდება.


დათო

არჩევნებზე რა ხდება და ნაცნობები მოდიან ხოლმე სათხოვნელად. კლასელი, ნათესავი, მეზობელი. შენ დგახარ უსაქმურად, ის მუშაობს. გეუბნება, სამსახური მაქვს და ძმურად, დამეხმარეო. შენ მაინც არაფერს აკეთებ, პოლიტიკა გკიდია. გპირდება, დამეხმარე და რაღაცას გიკისრებო. ისიც არ არის, რომ შენ მაინცდამაინც რაღაც სარგებელი გექნება. ვიღაცები დაეხმარებიან, ვიღაცები არა.

სააკაშვილის დროს, დაჭერილები რომ იყვნენ, იმათით ვაჭრობდნენ - ამ უბანში მომაგებინეთ და ამას და ამას გავუნახევრებთ სროკსო. ვინც იჯდა, იმის ძმას ეუბნებოდნენ. თუ არადა, იმასაც დაჭერით ემუქრებოდნენ.

თან ზუსტად იცოდნენ, რამდენი ვცხოვრობდით, რამდენი აძლევდათ მათ ხმას და რამდენი სჭირდებოდათ რომ უბანში გაემარჯვათ. ეს ნაცების [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ბოლო არჩევნებზე იყო, 2012-ში.

ასეთია ბირჟა დღეს. უბნის ნაცრისფერი ზონები, სადაც დგანან კაცები, რომლებმაც სხვაგან საკუთარი თავი ვერ იპოვეს. 90-იანი წლების არეულობამ, ომებმა და გაძარცვულმა საჯარო სიკეთემ ქვეყანას სახსოვრად სიღარიბე და უთანასწორობა დაუტოვა. შესაძლოა, ქალაქების უბნებში გაბნეული ბირჟების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის: უმუშევრობა, უპერსპექტივობა, მოშლილი სოციალური სისტემა.

არის, თუ არა ბირჟა არჩევანი? შეიძლება იყოს. საინტერესოა, რა განაპირობებს ამ არჩევანს? როგორია ბირჟა დღეს? როგორ და რატომ შეიცვალა ბირჟა? ვინ დგას დღეს ბირჟაზე? ამ კითხვებით ორ მკვლევარს მივმართეთ. ერთი მათგანი სოციოლოგი, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ კეკოშვილია. მეორე - პირობითი სახელით ლაშა, რომელმაც ანონიმურ რესპონდენტად დარჩენა არჩია.


ლაშა, აქტივისტი:

პირველ რიგში, ბირჟას უმუშევრობა განაპირობებს. საქსტატის საიტზე რომ შევიდეთ და ახალგაზრდებში უმუშევრობის სტატისტიკა ვნახოთ, გავიგებთ ვინ დგას ბირჟაზე. ეს არის ახალგაზრდა ქართველი კაცი. უმუშევარი ქართველი კაცი, რომელიც ამ რეალობის პირისპირ მარტოა: თუ რამე გამოგივა, გამოგივა, თუ არადა, შენ თავს დააბრალე, და მიდის ბირჟაზე. სხვა რა უნდა ქნას. ეს არის ყოფიერებით განსაზღვრული მდგომარეობა ახალგაზრდებისა.

შეხედეთ უმუშევრობის სტატისტიკას ახალგაზრდებში, შეხედეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობას, შეხედეთ განათლების დონეს, შეხედეთ დასაქმებისა და ხვალინდელი დღის პერსპექტივას და კითხვაზე თუ ვინ და რატომ დგას ბირჟაზე, პასუხს მივიღებთ.

თბილისური ბირჟები რაღაც ტიპის ტერიტორიის მონიშვნას წარმოადგენს. ბირჟა არის ის, რაც უბანს ამაგრებს. ვინც ბირჟას ამაგრებს, ის უბანს ამაგრებს. აქ ერთად დგომას ერთად ყოფნის სიხარულიც აქვს. ეს გაძლებინებს. ამ ერთიანობაში შეიძლება ვიპოვოთ დადებითი ასპექტები. ბირჟაზე ერთად დგომა რაღაც ტიპის ურთიერთდახმარების ვალდებულებას წარმოშობს. ხელის გაწვდენის, დახმარების, ერთმანეთის ოჯახების ან ახლობლების დაცვის, გულშემატკივრობის და ასე შემდეგ.

 

ვახტანგ კეკოშვილი, სოციოლოგი:

ქალაქში ბირჟები განსხვავდება ერთმანეთისგან. გააჩნია სად არის და ვინ ლაპარაკობს ამ ბირჟაზე. მარცხენა სანაპირო განსხვავდება მარჯვენა სანაპიროსგან; ნახალოვკის ბირჟა ვაკის ბირჟისგან. სხვადასხვა ინტერესებია, სხვადასხვა ტიპის სოციალიზაციის ადგილი.

90-იანი წლების ბირჟები განსხვავებული იყო. 90-იანებში ეს იყო გზა კრიმინალური ცხოვრებისკენ. ბირჟაზე ხდებოდა გადარჩევა:  ვინ დაადგებოდა კრიმინალურ გზას და ვინ აირჩევდა ცხოვრების სხვა გზას. ბირჟას მაშინ უბნის დაცვის ფუნქციაც ჰქონდა, სახელმწიფო ვერ გიცავდა. მანქანები უნდა დაეცვათ, ბინები არ უნდა გატეხილიყო, სიბნელეში გადაადგილება უსაფრთხო უნდა ყოფილიყო. ჩანთების ატანაში მეზობელ ქალებს ეხმარებოდნენ. ზოგიერთ საძმაკაცოს და ბირჟას უფრო მეტი ავტორირეტეტი ჰქონდა სამეზობლოში, ვიდრე, მაგალითად, პროფესორს ან მასწავლებელს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სააკაშვილი დაუპირისპირდა ქუჩას. დაუპირისპირდა პატრულირებით, კრიმინალების დაჭერებით და მერე სტადიონებით. უბნები გაანათა, სადარბაზოები გაანათა. კრიმინალის პერსპექტივა ბირჟიდან ქურდობამდე ბუნდოვანი გახდა. ქურდულ ტრადიციას აღარ ჰქონდა ძალაუფლება. კარიერა თუ აღარ არსებობს და არ გაქვს დასაქმების პესრპექტივა, ინტერესიც ნაკლებია. ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო. არც ერთი ბირჟავიკი სააკაშვილის მხარდამჭერი არ ყოფილა. დღესაც ასეა.  უპირისპირდებიან და არჩევნებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

უბნების კონფიგურაციაც შეიცვალა, ახალი კორპუსები შენდება, ახალი სამეზობლოები იქმნება. ბირჟებიც შეიცვალა. ზოგადად, ბირჟის ტრადიცია ნელ-ნელა დავიწყებისკენ მიდის. მნიშვნელოვანია, რომ ბირჟავიკებიც ტრანსფორმირდნენ ზოგიერთ შემთხვევაში და უბანში ზოგი ფრილანსერია, ზოგი რეივერია, თავი დაანება ბირჟავიკობას, მოსაწევს ახარებს, გირჩის წევრია.

ბირჟა მაინც ახალგაზრდობის დროა. თვითდამკვიდრების, საკუთარი შესაძლებლობების გაგების, ძმაკაცობის, შიშების დაძლევის, მამაკაცურობის გამოვლენისა და თავის გამოჩენის ადგილია. ბირჟა არის ერთგვარი რიტუალი, სადაც ბავშვის დაკაცება ხდება. ეს უნარჩუნებს, ალბათ, ბირჟას მიმზიდველობას.


*სახელები შეცვლილია. ინტერვიუები ჩაწერილია ბირჟაზე.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია