ნეტა მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ | სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის, ოჯახი

ნეტა მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ | სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის, ოჯახი ნეტა მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ | სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის, ოჯახი

ერთი წელია, ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. 2024 წლის 28 ნოემბერს მოქალაქეები „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, ქუჩაში მასობრივად გამოიყვანა. მომდევნო დღეებიდან იწყება დემონსტრანტების სისხლის სამართლის წესით დაკავებებიც. 

დაკავებების, ჯარიმის თანხის გაზრდის, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, წინააღმდეგობა ერთი წლის თავზეც არ შეწყვეტილა.

Chai Khana აგრძელებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გადაღებას. ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

28 ნოემბერი, თბილისი, 2025

მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია თბილისში

19 ნოემბერი, თბილისი, 2025

უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

28 ნოემბერი, თბილისი, 2025

,,ჩემს გაკეთებულს სხვას არასდროს დავაბრალებ, როგორც არ უნდა დამემუქრონ, ან რასაც არ უნდა შემპირდნენ. ჯერ ერთი, ქვეყნის სიყვარულის ჩემი წილი სხვას რატომ უნდა გავუყო და ვთქვა, ვინმეს დავალებით მიყვარს ქვეყანა-მეთქი. ან უდანაშაულო ადამიანს მოგონილი დანაშაული როგორ ჩავუწერო? ჩემთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ვთქვათ, ამით ციხეს გაექეცი, მაგრამ საკუთარ თავს სად გაექცევი?! ციხე მეტი  სასჯელი რატომ გგონიათ, ვიდრე საკუთარი სინდისი?” - ფრაგმენტი რევაზ კიკნაძის დასკვნითი სიტყვიდან.

27 წლის რევაზ კიკნაძე 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. ის ერთ-ერთია 11-კაციანი ჯგუფიდან, რომელსაც  თბილისის საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამრთლე ნინო გალუსტაშვილმა ამ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა [226-ე მუხლი] და თითოეულ ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

რევაზ კიკნაძე 3 სექტემბერს განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.

მაია ლეკიშვილი, რევაზ კიკნაძის დედა, 52 წლის, მედდა

ილია კიკნაძე, რევაზ კიკნაძის მამა, 59 წლის
რუსთავის ე.წ. სტამბულის ბაზარში მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი


ილია კიკნაძე, რეზო კიკნაძის მამა

პირველად ბოჭორიშვილის კლინიკაში რომ გვყავდა, ჯერ გამართულად ვერც დადიოდა, დაბობღავდა და პირველი სიტყვა იქ რაც თქვა, წინგი იყო. მაშინ ექიმმა გვითხრა, ნეტა ახლა რასაც პირველს წარმოთქვამს, რომ გაიზრდება, თუ შეუყვარდებაო. გაიზარდა და რეზოს წიგნის გარეშე მართლა არ შეუძლია სიცოცხლე.

ახლაც ყველაზე დიდი საჩუქარი მისთვის ციხეში წიგნის შეგზავნაა.

სკოლაში ათოსანი იყო. კარატეშიც მაგარი გამოდგა. ვერ დადიოდა სისტემატურად ვარჯიშზე, უცდებოდა ხოლმე, სავარჯიშო დარბაზი არ გვქონდა რუსთავში, თორემ არავისზე ნაკლები მომავალი არ ექნებოდა კარატეში. 
დედასთან ყოველთვის უფრო ახლოს იყო. ჩემთან ყველაფრის თხოვნა ერიდებოდა. 

უსამართლობას პატარაობიდანვე ვერ იტანდა. ყველას გამოესარჩლებოდა. ისე მოვიდა აქამდე, არასოდეს რეზოზე ჩემთვის საყვედური არ უთქვამთ.

გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა რუსთავში. მე-9 კლასში კარგი აკადემიური მოსწრებისთვის კლასში მარტო მას მისცეს ლეპტოპი საჩუქრად. თავმდაბალია, თავის გამოჩენა არ უყვარდა. გლეხური, წესიერი ოჯახი გვაქვს.

19 ნოემბერი, თბილისი, 2025

მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია

19 ნოემბერი, თბილისი, 2025

მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია

19 ნოემბერი, თბილისი, 2025

მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია

მაია ლეკიშვილი, რეზო კიკნაძის დედა

რუსთავში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ჩემი მშობლების ბინაა. საავადმყოფოში ექთნად ვმუშაობდი. თანამშრომელმა გამაცნო ილია. თავიდანვე კარგი თვალით შევხედეთ ერთმანეთს. ალბათ, ბედისწერა იყო. რეზო ჩვენი პირველი შვილია. ერთი წლის შემდეგ, გოგო შეგვეძინა. 

რეზოს სწავლა უნდოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტეზე ჩააბარა 50%-იანი სახელმწიფო გრანტით. მალევე დაანება თავი, ჩემგან ბიზნესმენი არ გამოვაო. მოგვიანებით ჟურნალისტიკაზე ჩააბარა ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაშინაც გრანტი აიღო, მაგრამ რადგან მანამდე უკვე ჰქონდა დაფინანსება, სწავლა მეორედ აღარ დაუფინანსეს. მერე პანდემია დაიწყო. ონლაინ სწავლება აღარ მოეწონა, ფინანსურადაც გაგვიჭირდა, ამიტომ აკადემიური შვებულება აიღო. 

***
აქციებზე აქტიურად დადიოდა 2024 წლიდან. პარალელურად მუშაობდა. სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა. რომ დაიჭირეს, მივმართეთ უნივერსიტეტს და ადვილად აღუდგინეს. ახლა ციხიდან სწავლობს. ორი წიგნი და კონსპექტები შევუგზავნე. ბადრაგებმაც იციან და ახლა შუალედური გამოცდებისთვის ემზადება. 

ბეჯითად მეცადინეობს. რომ გამოვა ციხიდან, სწავლას აუცილებლად გააგრძელებს, სპორტული კომენტატორობა უნდა. ციხეში ითხოვდა, სპორტული არხები დაემატებინათ ტელევიზორში. წერილი მისწერა ციხის დირექტორს თხოვნით და ჩაურთეს. მახარა ეს ამბავი და მთხოვა, ყოველ თვე 18 ლარი ჩვენი გადასახდელი იქნებაო. უარს როგორ ვეტყოდი. 

რეზო ძალიან აქებდა ციხის წინა უფროსს. ტელევიზორი აჩუქა. რომ შიმშილობდა, შეხვედრია და მამასავით დალაპარაკებია, რჩევა მიუცია, შიმშილობის შეწყვეტა უთხოვია. ახლა, ახალი უფროსის პირობებში, ბლოკნოტი და კალამი ვერ შემქონდა. მერე ფოსტით გავუგზავნე კონვერტში. ერთი მიიღო, ერთი არა.

დაკავებამდე რეზო კიკნაძე კომპანია „ევოლუშენში” მუშაობდა და მშობლებთან, მაია ლეკიშვილთან და ილია კიკნაძესთან ერთად რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ერთ-ერთ რვასართულიან კორპუსში ცხოვრობდა.

აქციიდან არ დაუკავებიათ. სახლში რომ ბრუნდებოდა, მეტროსთან დახვდნენ და აიყვანეს. ლისის ტბაზე წაიყვანეს და პოლიციელები ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ. უნდოდათ ეთქმევინებინათ, რომ, თითქოს, ოპოზიციური პარტიები აქციებისთვის ოჯახს ფულს ურიცხავდნენ. სახლის ჩხრეკაზე რომ მოვიდნენ, კი ვუთხარი, შეხედეთ, სად ვცხოვრობთ, გვეტყობა რამე, რომ ვინმე ფულს მირიცხავს-მეთქი?! 

რეზო ტყუილს არ იტყოდა. ვერც გატეხეს, ვერ ათქმევინეს, რომ აქციისთვის ვინმე ფულს უხდიდა. კი შეეშინდებოდა მუქარის, მაგრამ ტყუილი მაინც ვერ თქვა. ქვის სროლის ბრალდებით დაიჭირეს. ვის მოხვდა ეს ქვა და ვინ დაზიანდა, ვერ დაუმტკიცეს ოღონდ. აქციაზე ვინც ჰყავდათ დაჭერილი, მათგან არავის არ იცნობდა მანამდე, ჯგუფური ძალადობა როგორ იქნებოდა?! სასამართლო დარბაზში გაიცნო ყველა.

რეზო 27 წლის ციხეში გახდა.

რესტორანში ვმუშაობდი, სამსახურში დამირეკეს და იქ გავიგე რეზოს დაჭერის ამბავი. აქციიდან დაბრუნებულს, გამთენიისას, კარს ყოველთვის მე ვუღებდი ხოლმე.  შუა დღეს ეძინა და საღამოს ისევ აქციაზე გადიოდა, ან ჯერ სამსახურში და მერე გვიან რუსთაველზე. დილას მესიჯი მომწერა, დედა არ ინერვიულო, ცოტა დამაგვიანდება, ბიულეტენი უნდა წამოვიღოო. ახლაც იმ ჩანთაში დევს ეს ბიულეტენი, დალუქულია. რომ მომწერდა, დედა, სახლში ვარ, ვიძინებ, დამშვიდებული ვაგრძელებდი მუშაობას. იმ დილას რომ აღარ შემეხმიანა, არც ჩემს ზარებს უპასუხა, ცოტა შემეშინდა, მაგრამ დაჭერაზე არც კი მიფიქრია. ვიცოდი, რომ აქციაზე აღარ იყო, სახლში მოდიოდა დასაძინებლად. 

რომ აღარ გამოჩნდა, დავურეკე. ვიღაცამ ძალიან უხეშად მიპასუხა: აქ აღარ დარეკოო. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. საღამოს, 5-6 საათისთვის დამირეკეს, სახლში მობრძანდით და აგიხსნით სიტუაციას, რა ხდებაო. მაშინ კი ვიეჭვე უკვე დაჭერაზე. 

არასოდეს მითქვამს ჩემი შვილისთვის, აქციაზე არ გახვიდე-მეთქი, მაგრამ სულ ვთხოვდი, ფრთხილად ყოფილიყო.

ეზო სავსე დამხვდა კრიმინალური პოლიციით. გამომძიებლის ტელეფონის ნომერი დამიტოვეს, ის გაგარკვევთ საქმის ვითარებაშიო. ტყუილს ვერ ვიტყვი, უხეშად არ მოგვქცევიან. რეზოს კარადები გვანახეო. ადვოკატი გვჭირდებოდა. გუჯა ავსაჯანიშვილი გამოგვეხმაურა, ის დაელაპარაკა გამომძიებელსაც და იზოლატორში წავედით. 

6 დეკემბერს დაიჭირეს, პროტესტის ნიშნად იმ დღესვე შიმშილობა დაიწყო. მეც დავიწყე. ვუთხარი, თუ არ დაანებებ თავს, მეც ვიშიმშილებთ-მეთქი. ცუდად გავხდი, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი. ისედაც გული მაწუხებს. ღამეც ვერ ვიძინებდი. პირველი რამდენიმე თვე განსაკუთრებით გამიჭირდა. მის ციხეში ყოფნას ვერ ვეგუებოდი. სასამართლო რომ გაიმართა, პირველად მაშინ ვნახე. 

ერთი თვის შემდეგ უკვე ბარათი ჰქონდა და ტელეფონით გვირეკავდა. ვთხოვდი, ყოველ დღე დამირეკე, უბრალოდ შენი ხმა გამაგებინე, ერთი სიტყვა მითხარი, მეტი არაფერი მინდა-მეთქი.

რეზომ მთხოვა, ტელევიზიიდან რომ მოვლენ და ინტერვიუს მისცემ, მხოლოდ ჩემზე არ ილაპარაკო, სხვა სინდისის პატიმრებიც ახსენეო. და ნურც გმირს ნუ დამიძახებთ, არ ვარო.

რევაზ კიკნაძის სახლი რუსთავში

,,გულით მინდა ამ ბრძოლამ სასიკეთო შედეგი გამოიღოს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ჩემს შვილს მადლობას ვეუბნები", ილია კიკნაძე.

ყველა სამუშაო უცდია ჩემს შვილს, არაფერს თაკილობდა. თავიდან აეროპორტში მუშაობდა, ბენზინგასამართ სადგურში ბენზინსაც ასხამდა. მანამდე ერთ-ერთ მაღაზიაში კაფელს და მეტლახს ცლიდა. ფიზიკურად შრომობდა. შემეშინდა ამ სიმძიმეების აწევაზე ხერხემალი არ დაზიანებოდა და ვთხოვე, წამოდი-მეთქი. გაყინული პროდუქტების მაცივრებშიც უმუშავია. საზღვარგარეთ ცხოვრებას ვერ უხსენებდი. აქ ყოფნა ურჩევნია დღესაც ყველაფერს.

კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულის დიპლომი

რეზო კიკნაძის დიპლომები, სერთიფიკატები და მედლები

ილია კიკნაძე, რეზო კიკნაძის მამა

მეც სულ პატიოსნად ვშრომობ. ყველა კაპიკი ოჯახში ოფლით მაქვს შემოტანილი.

22 წლის ჩამოვედი საბჭოთა კავშირის ჯარიდან. პოლიტპატიმარი ვინ იყო, ისიც კი არ ვიცოდი. მაშინ არც მერაბ კოსტავა გამეგო და არც ზვიად გამსახურდია. 25 კაცით აჭარიდან დაიწყო მიტინგი. ამ ტალღამ თბილისში გადმოინაცვლა და ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომელსაც მეც შევუერთდი. 9 აპრილს გადავრჩი. იმ დროიდან ვიბრძვი. რა არ გავიარე. ჩემი შვილიც მებრძოლი გაიაზრდა. ორივე თაობამ ერთად უნდა მივიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს.

მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია

19 ნოემბერი, თბილისი, 2025

უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

28 ნოემბერი, თბილისი, 2025

უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

28 ნოემბერი, თბილისი, 2025

ერთხელ სასამართლოში რომ მივდიოდით დიდუბიდან, ტაქსის მძღოლმა გვიცნო, რეზო კიკნაძის მშობლები ხართო და ფული არ გამოგვართვა. ასე მითხრა: სიმართლის მხარეს მეც მინდა, ჩემი პატარა აგური დავდოო.

ჩემს გოგოსაც ერთხელ მაღაზიის გამყიდველმა ფული არ გამოართვა. 

ერთ დღესაც სამსახურში მითხრეს, დირექტორი გიბარებსო. ავნერვიულდი: შვილი პატიმარი მყავს, მე აქციებზე დავდივარ, ალბათ, უნდა გამათავისუფლოს-მეთქი. 
მეკითხება: რეზო კიკნაძე თქვენი შვილიაო.
კი-მეთქი. 
ყოჩაღ, საამაყო შვილი გაგიზრდიაო. 

ეს დამოკიდებულება გვამხნევებს, თორემ ამ ტკივილს სხვანაირად ვერ გავუძლებდით.

უცხო ხალხს გავუჩერებივარ ქუჩაში და ფული უჩუქებია, რეზოს ჩვენს სახელზე რამე შეუგზავნეთ ციხეშიო. სახელი და გვარიც კი არ უთქვამთ თან. 

რეზოც ციხიდან ამბობს ხოლმე, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს ოჯახს გვერდით უდგას, თორე დედაჩემი ამ ამბავს ვერ გადაიტანდაო. 6 წელი რომ მიესაჯათ, მაია, ალბათ, მოკვდებოდა. ეს ერთი წელი ჩვენთვის ჯოჯოხეთი იყო. რეზო აქეთ გვამხნევებს.

მინდია შერვაშიძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი ნადირაძის და რეზო კიკნაძის ერთობლივი განცხადება

38-ე საკნიდან

რეზო კიკნაძე დასთან და დედასთან ერთად

,,ზვიად კვარაცხელია [გამომცემლობა ,,ინტელექტი] მუშაობს რეზოს წიგნზე ახლა. ციხეში დღიურების წერა დაიწყო, რომელიც წიგნად აიკინძება", მაია ლეკიშვილი

მაია ლეკიშვილი, რეზო კიკნაძის დედა

ერთი წელია, შვილს ვერ ვეხები. შუშის მიღმა ვუყურებ. 11 დეკემბერს გვექნება პირველი 24-საათიანი პაემანი. მოვისიყვარულებ ჩემს შვილს. დატოვება კი გამიჭირდება. ძალიან მენატრება. მასაც ვენატრებით. ეს ზამთარი ისე გაიწელება ჩვენთვის. არც წინა ახალი წელი მქონია.