16 min.

სტუმრად აფხაზებთან

ავტორი: ქეთი გიგაშვილი

12.04.17

სტუმრად აფხაზებთან

ლუკა პამბა, სკოლის შემდეგ, დამატებით გაკვეთილებს კვირაში ორჯერ ესწრება.  14 წლის ლუკა თავის წინაპართა ენასაფხაზურსსხვა კლასელებთან ერთად სწავლობს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი კლასი. გაკვეთილზე თითქმის ყველა ასაკის მოსწავლეს შეხვდებითყველაზე უმცროსი  შვიდი  წლის არის, ხოლო ყველაზე უფროსი, 70 წლის.  აჭარაში, სოფელ ფერიაში, სადაც აფხაზები და ქართველები 150 წელია ერთად ცხოვრობენ, ენის კურსები 2017 წლის იანვარში გაიხსნა. სწავლის მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მათ შორის მეზობელი სოფლებიდანაც.

ლუკა აჭარაში დაიბადა და გაიზარდა. სოხუმში არასდროს ყოფილა, თუმცა აფხაზეთს ბებიის ნაამბობით იცნობს. გარდაცვალებამდე, თინათინ პამბა ხშირად უყვებოდა შვილიშვილს თავის წინაპრებზე. მე-XIX საუკუნეში კავკასიაში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ლუკას დიდი ბებია-ბაბუის ოჯახი, ათასობით სხვა აფხაზთან ერთად, თურქეთში გადაასახლეს. ასე გახდნენ ლუკას წინაპრები მუჰაჯირები არაბულად, “გადასახლებულები”.

გადასახლებიდან მალევე (XIX საუკუნის მეორე ნახევარი), აფხაზების ნაწილი, თურქეთიდან აჭარაში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იმ პერიოდში დასახლდა აფხაზებით სოფელი ფეიზი დღევანდელი ფერია, სილიბაური დღევანდელი სალიბაური, ანკისი დღევანდელი ანგისა. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც მრავლად ცხოვრობენ რეგიონში საერთო ჯამში, დაახლოებით 1600 ეთნიკური აფხაზი.