ანიმაციური სამყარო ნიქოზიდან

15 წლის ქეთი თედეევი, სოფელ ნიქოზში  საოკუპაციო ხაზიდან ორასი მეტრის მოშორებით ცხოვრობს და ანიმატორობაზე ოცნებობს. თედეევების მრავალშვილიანი ოჯახი ნიქოზში 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასახლდა, როდესაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწიათ სოფელ აჩაბეთში. აჩაბეთი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.

ქეთი ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლაში ანიმაციის შესწავლას ეუფლება. სახელოვნებო სკოლა, 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზის და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ უცხოელი მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით დააარსა და დღეს სკოლაში  150-ამდე ბავშვი დადის. ბავშვები სახელოვნებო სკოლაში თავიანთი ინტერესის შესაბამის საგნებს ირჩევენ და უსასყიდლოდ სწავლობენ ანიმაციას, ჩრდილების თეატრს, ხატვას, მუსიკას, ინგლისურს, რუსულს, კლდეზე ცოცვას, მუსიკას, ქარგვას  და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით არიან დაკავებული.

გარდა სახელოვნებო სკოლისა, რომელიც  სოფელს  დაცლისგან აკავებს, კიდევ ერთი კულტურული მოვლენა აცოცხლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის ცხოვრებას. ეს ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზია",  რომელიც ისევ მეუფე ისაიას თაოსნობით 2008 წლის ომიდან სამი წლის შემდეგ დაარსდა და ყოველ სექტემბრის თვეში ნიქოზი ანიმაციის მოყვარულ, მრავალ ადამიანს მასპინძლობს. ფესტივალი, ნიქოზელი  ბავშვების მიერ შექმნილი ანიმაციით  იხსნება და წლიდან წლამდე სახელოვნებო სკოლის ანიმაციის სტუდიის დამწყები ანიმატორები ფესტივალისთვის ახალ ნაშრომს ქმნიან.

ქეთი ანიმატორის პროფესიას საკუთარი მომავლის პროფესიად მოიაზრებს. ანიმატორის საკმაოდ მძიმე, რუტინული და შრომატევადი საქმიანობა მისთვის გამოწვევაა , ისწავლოს და შექმნას რაღაც ახალი, რითაც სხვებსაც გააოცებს.