ფოტო ისტორია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.
იეთიმ გურჯის ქუჩაზე მდებარე, მეცხრამეტე საუკუნის სახლი კომუნალურ საცხოვრებელს ჰგავს. ეზოდან ხის აივნები, მოჩუქურთმებული თაღები, ხვეული კიბე და ერთმანეთში გადახლართული ელექტროსადენები მოჩანს. ხანდახან, ეს ადგილი სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანების ხმებით ივსება.
სახლში 18 ოჯახი ცხოვრობს და იგი ერთ-ერთია იმ 1,600 ისტორიული ძეგლიდან, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს. ერთ დროს ფილანთროპისა და ბიზნესმენის სახლი, საბჭოთა კავშირის დროს მრავალბინიან საცხოვრებელად იქცა. ზოგიერთმა ოთახმა, რომელიც მომსახურე პერსონალისთვის იყო გათვლილი საკუთარი პირვანდელი ფუნქცია დაკარგა.
70 წლის ნორა ჩიჩაქიანის ლოჯიას ფანჯრებიდან, 18-ე საუკუნის მიტოვებული სომხური ეკლესია სურბნიშანი მოჩანს. ნორა საბჭოთა დროს იხსენებს, როდესაც ეზოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობდა.
„ადრე მხოლოდ სამი ქართული ოჯახი ცხოვრობდა ამ სახლში. დანარჩენები სომხები იყვნენ. ჩვენი ბავშვები ერთად თამაშობდნენ ეზოში”, იხსენებს ჩიჩაქიანი. „იმ დროს ყველანი ერთნი ვიყავით. განსხვავება ჩვენს შორის არ არსებობდა. თუკი ერთ-ერთ ჩვენგანს სტუმარი ჰყავდა და სახლში საჭმელი არ ჰქონდა, მთელი სამეზობლო მას ეხმარებოდა.”
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელმა სავაჭრო გზებმა, თბილისი, 458 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა კულტურის გადაკვეთის ადგილად აქცია. ქალაქში სინაგოგები, მეჩეთები და ეკლესიები ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებულნი, რაც რელიგიურ მრაველფეროვნებაზე მიუთითებს.
ცირა ელისაშვილისთვის თბილისის ეზოები მულტიკულტურულ გარემოზე მიანიშნებენ და ასევე, ნათელს ხდიან ქალაქის სოციალურ წყობას.
ელისაშვილი ასოციაცია თბილისის ჰამქარის თანადამფუძნებელია, რომლის მიზანი თბილისის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა. „თბილისის ეზოებს შეცდომით იტალიურ ეზოებსაც უწოდებენ, თუმცა ასეთი ადგილები იტალიაში არ არსებობს. ისინი თბილისის ურბანული ცხოვრების ორგანული ნაწილია,” აღნიშნავს ელისაშვილი.
„ტერმინი იტალიური ეზო საბჭოთა ოკუპაციის წლებს უკავშირდება,” ამბობს ელისაშვილი. „სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, განსხვავებული სოციალური ფენისა და ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს ერთად უნდა ეცხოვრათ კომუნალურ საცხოვრებლებში. რატომღაც, ქართველებმა ეს განსხვავებული ენობრივი ქაოსი იტალიურ ენასთან დააკავშირეს.”
ზოგიერთი არქიტექტორი თვლის, რომ თბილისის ეზო, სპარსული ქარვასლას განლაგებასთან არის მიმსგავსებული. არასტანდარტული ფორმის ეზომ, ხის ფენებითა და რკინისა და შუშის კომბინაციით, ქარვასლას გეომეტრიულად ზუსტი, ოთკუთხედი ფორმა ჩაანაცვლა.
არქიტექტორის და ქალაქმგეგმარებლის ირაკლი ჟვანიას აზრით გეოგრაფია ბედისწერაა და იგი არქიტექტურასა და ურბანულ გარემოზე მოქმედებს. შენობები არა მხოლოდ კულტურას ასახავენ, არამედ ქალაქის კლიმატსაც.
„ჩრდილოეთით, ადამიანები სახლში უფრო დიდ დროს ატარებენ ცივი კლიმატის გამო. მაშინ როდესაც სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვასთან ახლოს მდებარე ქვეყნებში, ხალხი დროს ძირითადად გარეთ ატარებს და ერთმანეთთან უფრო აქტიური ურთიერთობა აქვთ.”
თბილისის რბილი ჰავა, კომფორტული გარემოა ისეთი სივრცისთვის, როგორიც ეზოა, სადაც საჯარო და კერძო თანაარსებობენ.
თუმცა, დღეს თბილისის ეზოები განადგურების პირასაა. ძველი თბილისი ისტორიულ ნაწილად 1975 წელს გამოცხადდა, თუმცა მისი შენარჩუნების გეგმა არ შემუშავებულა. დღეს ბევრი შენობა ნახევრად დანგრეულია. მრავალი წლის უყურადღებობის შედეგად, ეზოებში განლაგებული სახლები ნელ-ნელა იშლება.
„აქ ხალხი ნამდვილად ცხოვრობს?”, ხშირად ეკითხებიან ტურისტები ლევან გიორგაძეს, რომელიც დამთვარიელებლებს გიდობას უწევს. მისი თქმით, მას ხშირად რცხვენია იმის თქმა, რომ მთავრობას ამ შენობების შენარჩუნება არ აინტერესებს.
„ხანდახან ვამბობ, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ხშირად ამოწმებენ ამ სახლების მდგომარეობას. მე მათ ვუხსნი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დრო და ფული სჭირდება”, ამბობს გიორგაძე.
თუმცა, ეზოების დანგრევის მიზეზი მხოლოდ მთავრობის უყურადღებობა არაა. 1990-იანმა წლებმა უარყოფითი გავლენა იქონია, როგორც ქართულ საზოგადოებაზე, ასევე შენობა-ნაგებობებზეც. სამოქალაქო ომის დროს, კორუფციის, სიღარიბისა და დანაშაულის მაჩვენებელი იმ საცხოვრებელ სახლებზეც აისახა, რომელთაც გაფრთხილება სჭირდებოდათ.
გარდა ამისა, 2002 წლის ექვს ბალიანმა მიწისძვრამ, ასობით ისტორიულ სახლს მიაყენა ზიანი.
ძველი თბილისისა და სხვა არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაცია პოლიტიკური გეგმის ნაწილი არასდროს ყოფილა. მთავრობამ მხოლოდ 2010 წელს დაუთმო ყურადღება ამ საკითხს და თბილისის განვითარების ფონდი დააფუძნა - საჯარო დაწესებულება, რომელიც თბილისის ისტორიული ძეგლების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი. მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარკვეული დარღვევებით კლდისუბანში, რიყესა და აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა.
არქიტექტორები და ურბანისტები თბილისის განვითარების ფონდის შენობებისა და ქუჩების სარეაბილიტაციო გეგმას აკრიტიკებენ. მათი თქმით, სამუშაოების დროს ბევრი შენობა დაზიანდა.
თბილისის მერიამ, კომენტარისთვის ჩაიხანას წარმომადგენელი თბილისის განვითარების ფონდთან გადაამისამართა. მათ კი, კომენტარზე უარი განაცხადეს.
„ისინი ფიქრობენ, რომ აღდგენა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენობა სასიამოვნო შესახედი იყოს, მაგრამ რეაბილიტაცია შეიძლება იყოს, მხოლოდ კარგი ხარისხის ან ცუდი ხარისხის," ამბობს ცირა ელისაშვილი. „არსებობს პროცედურები, რომელსაც უნდა მიჰყვე იმისათვის, რომ ღირებული შედეგი მიიღო, მაგრამ ქალაქის წარმომადგენლებს ეს არ ადარდებთ.”
მაშინ როდესაც ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ძველი თბილისის ადგილებმა ისტრიული ღირებულება დაკარგეს, მაცხოვრებლები სახელმწიფოს დახმარებას მაინც ელიან.
„აივანი ინგრევა, მაგრამ თბილისის მერია გვიკრძალავს მის შეკეთებას. ისინი ამბობენ, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, მაგრამ მის შესაკეთებლად არავინ მოსულა,” ამბობს ჩიჩაკიანი. მისი თქმით, სახლი მეორე კატეგორიის დანგრევის პირას მყოფი შენობების სიაში შედის.
გულგრილმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეზოების არსზე. დიდი ხნის მაცხოვრებლები სოციალურად მძიმე პირობებში იმყოფებიან და ამის გამო სახლებს ყიდიან, შედეგად თბილისის ეზოები ცარიელდება.
56 წლის ელისო გეგეჭკორი თბილისის ერთ-ერთი ეზოში ცხოვრობს. „1990-იან წლებში, როდესაც ქუჩებში ისროდნენ, გასათბობად აივანზე ცეცხლს ვანთებდით” , იხსნებს იგი.
თუმცა, ამ გამოცდილების და მისი სახლის მდგომარეობის მიუხედავად, იგი სხვაგან წასვლას არ აპირებს.
სარედაქციო შენიშვნა: ზურა ბალანჩივაძე ძველი თბილისის გიდად მუშაობს.