კოვიდს სამუდამოდ ვერ დავემალებით
Chai Khana აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდა ფოტოგრაფებს დაუკავშირდა და სთხოვა, პანდემიის პირობებში დედობის გამოცდილებაზე ქალების პორტრეტები მოემზადებინათ. გვაინტერესებდა იზოლაციის გავლენა ურთიერთობებზე, შეიცვალა თუ არა მათი, როგორც მშობლების იდენტობა. რა იყო მთავარი გამოწვევა, რა აღმოაჩინეს, რა გადააფასეს.
შედეგად, ძალიან პირადი და გულწრფელი პორტრეტები შეიქმნა. დავინახეთ, რას ნიშნავს დედობა ამ რთულ დროს, როგორი გავლენა ჰქონდა ოცთვიან შეცვლილ რეალობას მათსა და შვილების ურთიერთობაზე.
ზოგიერთისთვის ეს შვილებისგან, ან მშობლებისგან განცალკევებას ნიშნავდა, მხარდაჭერის დაკარგვას მათგან, ვისი იმედიც ყოველთვის ჰქონდათ; ზოგიერთისთვის იზოლაციის შიში ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ შფოთისა და დეპრესიის რისკები გაჩნდა. იღბლიანებიც ვიპოვეთ. ტრანსპორტით გადაადგილებაზე რეგულაციებმა ზოგიერთი ცხოვრების რიტმზე დააფიქრა და ნამდვილი მშობლობა ყოველგვარი გარე გამღიზიანებლის გარეშე გამოაცდევინა.
გვანცა მარგველაშვილი 29, ლიზა, 4, ნიკოლოზი, 15 თვის
გვანცა მეორე ბავშვს ელოდებოდა, როცა პანდემია დაიწყო მსოფლიოში. უსაფრთხოებისთვის, თავის ქმართან და ქალიშვილთან ერთად, იზოლაციაში გადავიდა.
“როდესაც პირველად გამოცხადდა ლოქდაუნი, ძალიან სერიოზულად არ მიგვიღია. გვეგონა, მალე გაივლიდა.”
ძალიან დავისტრესე. ყველაფერს ვასტერილებდი, საჭმლიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. სახლიდან ვმუშაობდი თან და საერთოდ დავკარგე დროის აღქმის უნარი. უკვე მეტისმეტი იყო. ღამე ვერ ვიძინებდი, სულ იმაზე მეფიქრებოდა, რა იქნებოდა და როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას.
ჩემი მშობიარობის დღე რომ მოახლოვდა, მაშინ მხოლოდ 19 კოვიდინფიცირებული იყო ქვეყანაში. ძალიან განვიცდიდი, რომ პანდემიის დროს მიწევდა ბავშვის გაჩენა. თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, კიდევ კარგი შარშან გავაჩინე და არა წელს. ბევრად გაუარესებულია ახლა მდგომარეობა. დაინფიცირების სტატისტიკა ძალიან მაღალია.
ნიკოლოზი 1 წლის არის უკვე. ადამიანებს მხოლოდ ნიღბებში ხედავს, სხვანაირად არც იცის. იცით, რა ადვილად ცნობს ხალხს ნიღბებში? ზოგიერთი ნიღბის გარეშე არც კი უნახავს. ეს მდგომარეობა ძალიან ბუნებრივია მისთვის. ლიზასთვის მაინც უცხოა, ვერ შეეჩვია.”
მაკუნა გოჩიაშვილი, 32, მიშო, 11, გაბრიელი, 9, პეტრე, 6
პანდემია რომ დაიწყო, მაკუნამ გაკვეთილების ჩატარება ონლაინ განაგრძო. ძალიან მალე მიხვდა, რომ თუ მუშაობის გაგრძელება უნდოდა, რაღაც გადაწყვეტილებები სწრაფადვე უნდა მიეღო.
პანდემია დამეხმარა გამეანალიზებინა, რომ თურმე ამდენ ხანს თვალს ვხუჭავდი ჩემს საჭიროებებზე; თურმე აუცილებლად გვჭირდება უფრო დიდი ბინა, ბავშვებს საკუთარი სივრცე. მეც მჭირდება ჩემი სივრცე. ბევრი რაღაც შევამჩნიე, რასაც მანამდე თითქოს გავურბოდი. კოვიდი დაეხმარა ადამიანებს უფრო რეალისტები გამხდარიყვნენ. მემგონი ბევრმა მათგანმა უკეთესად აღიქვა რეალობა. რა პრობლემებიც გვქონდა და ის დისკომფორტი, რასაც პატარა ბინაში ცხოვრება გვიქმნიდა, უფრო აშკარა გახდა ჩვენს შემთხვევაში. პირველი ლოქდაუნი რომ დასრულდა, მალევე გადავედით ახალ ბინაში. სამსახურიც შევიცვალე და ბავშვებსაც რეგულარულად ვუწყობდი ღია ცის ქვეშ, ბუნებაში კემპინგებს. ამიტომ, პანდემიის მეორე ტალღას და იზოლაციას ემოციურად გაცილებით ადვილად გავუმკლავდით. ახლა უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ.”
ხატია გურასპაშვილი, 29, თეკლა 4, მართა, წლის და 8 თვის
პანდემია ზუსტად მაშინ დაიწყო, ხატიას მეორე ბავშვი, მართა რომ გაუჩნდა.
მიუხედავად ამისა, ბოლოს ამ შიშმაც ძალიან დამღალა და ნელ-ნელა გარეთ გასვლა დავიწყე. მივხვდი, რომ სამუდამოდ ვერ დავემალებოდი ვირუსს. სასეირნოდ რომ გავედი, ისეთი საოცარი გრძნობა იყო. ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.”
ხატიამ გაიაზრა, რომ ახალი ამბების მოსმენა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა. ამიტომ ერთ დღესაც მან საერთოდ შეწყვიტა ტელევიზიით კოვიდდთან დაკავშირებული გამოშვებების ყურება.
“შეიძლება სულაც არ არის საუკეთესო გამოსავალი, როცა საერთოდ არ იცი რა ხდება, მაგრამ იმ მომენტში ეს ძალიან მჭირდებოდა.”
ქეთი ნიქაბაძე, 32, მურთაზ ჩიქოვანი, 30, და მათი ტყუპები: ლუნა და ნენსი, ორი წლის
ქეთიმ პანდემიის დროს ტყუპები გააჩინა. ამბობს, რომ მისი ქმარი მურთაზი ბავშვების მოვლაში თანაბარ მონაწილეობას იღებდა, რამაც ძალიან გაუადვილა ოჯახს სამთვიანი ჩაკეტილობა 2020 წელს.
პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა და პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ჩემი მდგომარეობა. ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რა კარგია პატარები რომ არიან და სკოლაში არ დადიან, ჯერ ვერ იაზრებენ ამ დროს და ამ პრობლემებს-მეთქი. სამაგიეროდ, დედებმა გამოვცადეთ ჩვენს თავზე ყველაფერი. იმედი მაქვს, სანამ ტყუპები წამოიზრდებიან, დასრულდება.
ახლაც რომ ვიხსენებ ჩემი მშობიარობის პერიოდს, ყველაფერი სიზმარში მგონია იყო. რეალობის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. ტყუპები ახლა 2 წლის არიან, პირველი წელი მაინც უმძიმესი იყო. დეპრესიის რთული ფორმა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თერაპიებზე დავდიოდი, მაინც მიჭირს გახსენება. ნამდვილი შეგრძნებები მხოლოდ ერთი წლის მერე დამიბრუნდა.
"ყველა მამა ასეთი უნდა იყოს. ორივე ძალიან დაღლილები ვბრუნდებით სამსახურიდან სახლში, ორივეს ბავშვებთან მოსვლა გვეჩქარება, რომ დაძინებამდე მათთან მეტი დრო გავატაროთ. ჩემი ქმარი რომ არა, მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი რამდენიმეთვიან ლოქდაუნს. საღ ჭკუაზე რომ დავრჩი, მისი დიდი დამსახურებაა. ბედნიერი ვარ ნამდვილად, რომ ჩემს შვილებს მისნაირი მამა ჰყავთ. მე თვითონ მამის გარეშე გავიზარდე და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა მათ ასეთ ურთიერთობას რომ ვუყურებ. თან საკუთარი თვალით ვხედავ, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა მამა ასე აქტიურად არის ჩართული შვილების განვითარებაში."
გააკეთე დონაცია