ანას პროცესი

42 min.

ანას პროცესი

03.03.23

ადამიანის უფლებების დამცველი და ადვოკატი, 36 წლის ანა, რომელსაც 30-მდე უიმედო საქმე აქვს სასამართლოში მოგებული, თავად ხდება დიდი პროცესის მონაწილე, რომელიც შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც მისი კარიერისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის.

თუ ქვეყანა კანონს ეფუძნება, მაშინ ჩვენი ქვეყანა ეფუძნება კანონებს, რომლებსაც დღიდან მისი დამოუკიდებლობისა, კაცები ქმნიდნენ. 

დაახლოებით ამდენივე ხანია სწორედ კაცების დარწმუნების ფასად ცდილობდნენ პარლამენტარი ქალები გაეტანათ ისეთი კანონები, რომლებიც  ქალებს ძალადობისგან, დისკრიმანაციისგან, ჩაგვრისგან დაიცავდათ. 

,,ანას პროცესი" გვიყვება ქალი ადვოკატის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ასეთი  კანონები იქცა ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად. მათი დახმარებით  ანა ახერხებს, რომ ათობით უიმედო საქმე სასამართლომდე მიიტანოს და მოიგოს კიდეც.   

თუმცა, ერთ წაგებულ საქმესაც თავისი ფასი აქვს და დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ასობით ქალს, ბავშვს, მოხუცსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ანა თავადაც უნდა გადარჩეს. 

როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა. 

ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება.