ველო მერი

30.08.23

ფილმი აკვირდება ველო აქტივისტის, იგივე ველო მერის - მარ მიხელიძის წინააღმდეგობებს, რომელსაც ის გამუდმებით აწყდება და ასახავს იმ აბსურდს, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი ტრანსპორტის, ველოსიპედის გარშემო ვითარდება.

ველოსიპედიდან დანახული ქალაქი და გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, განსხვავებულია. ბევრად უფრო ბრუტალური და აბსურდული. თბილისში ველო ტრანსპორტით გადაადგილების კულტურა, ფაქტობრივად, არ არსებობს. თუმცა,  თბილისს უკვე ერთი წელია ველო მერი ჰყავს. ახალგაზრდა ქალი, მარ მიხელიძე, ყოველდღე თავისი ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილდება ქალაქში, სადაც ველოსიპედს სერიოზულად არც აღიქვამენ.
მანქანებით გადაჭედილ თბილისში ხშირია სატრანსპორტო კოლაფსი. ამ ქაოსსა და უთანასწორობაში, მარი ცდილობს, საკუთარი მაგალითით და თანამოაზრეთა ძალისხმევით, რაღაც შეცვალოს. ფილმი აკვირდება ენთუზიასტი ველოსიპედისტის გამოწვევებს დედაქალაქში და ამავდროულად, იმ პარადოქსულ სამყაროს გვაცნობს, რომელიც ველოსიპედების გარშემო, ქალაქის ურბანულ ლაბირინთში იქმნება.

რეჟისორის მოტივაცია:

საქართველოში ველოსიპედს როგორც ტრანსპორტს, ჯერაც არ აღიარებენ. ის უფრო გასართობ საშუალებად, საბავშვო ატრაქციონად აღიქმება. პერიოდულად ველოსიპედს თავად ვიყენებ გადაადგილებისათვის და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი მძღოლი არასერიოზულად უყურებს გზაზე მიმავალ ველოსიპედიან ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე საკმაოდ ფართე ტროტუარია,  ფეხით მოსიარულეთა ნაწილი მაინც ველო ბილიკებში დასეირნობს, ზოგან ნაგვის ურნებია ჩადგმული, ზოგან პატრულის ეკიპაჟები ისვენებენ, ზოგ ადგილებში კი სიგარეტის მოსაწევი კუთხე აქვთ მოწყობილი ახლომდებარე დაწესებულებებს. 

ტრანსპორტის პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებებთან. რაც უფრო  მეტადაა სისტემა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, მით მეტადაა განვითარებული ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტიც. ამ მხრივ თბილისი საკმაოდ ჩამორჩება. ის ავტომობილებზე მორგებული ქალაქია და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მოსწონს ევროპის ქალაქების საველოსიპედო ინფრასტრუქტურა, საკუთარ ქვეყანაში იგივე პრაქტიკის გადმოტანას მაინც არ ემხრობიან. ჩვენში არაერთი სტერეოტიპი არსებობს ველოტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ბევრი გეტყვით, რომ თბილისი მთაგორიანი ქალაქია და აქ ველო ტრანსპორტი ვერ განვითარდება. 

სინამდვილეში კი, თბილისის ბევრი უბანი ვაკეზეა გაშენებული და ველო ტრანსპორტით მოძრაობა სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, ცალკეულ რაიონში. ქალაქის ყველაზე განაპირა რაიონიდან - დიდი დიღმიდან  ქალაქის ცენტრამდე (იუსტიციის სახლის ტერიტორია) ერთი აღმართიც კი არ შეგხვდება. გარდა ამისა, კიდევ ბევრი უბანია, სადაც ველო ტრანსპორტი იდეალურად განვითარდებოდა. ამგვარი გადაადგილების საშუალება უფრო იაფიც არის და ჯანსაღიც.  თუმცა, თბილისი კარგა ხანია საცობებში და ავტომობილების გამონაბოლქვში იხრჩობა. ეს პირდაპირ კავშირშია მემარჯვენე ეკონომიკის პოლიტიკასთან, რომელსაც 30 წელია ალტერნატივა არ აქვს და ჩვენს ქვეყანაში ყველა მთავრობა ერთნაირად ატარებს. პოლიტიკა განაპირობებს ავტო ტრანსპორტზე დამოკიდებულებას, ის აჩვევს ადამიანებს ავტომობილების მოხმარებას და შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრავს კიდეც მოქალაქეების ქცევას. ველო ტრანსპორტის განვითარებას დღეს ბევრი ქომაგი არ ჰყავს. თუმცა, ბოლო დროს, საინფორმაციო სივრცეში, მოქალაქეების ცნობიერების ცვლილებაც შეიმჩნევა.


ფილმი მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.