ადვოკატები უსამართლობის პირისპირ თემიდას სახელით

ადვოკატები უსამართლობის პირისპირ თემიდას სახელით ადვოკატები უსამართლობის პირისპირ თემიდას სახელით

პარლამენტის წინ, კიბეებთან, ტროტუარსა და გზის სავალ ნაწილს შორის ახალგაზრდა კაცი დგას ზურგჩანთით. მოპირდაპირე მხარეს მთელ ზოლზე პოლიციელები არიან ჩამწკრივებულები. მანქანები, ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები თავისუფლად მოძრაობენ. აქციის რამდენიმე მონაწილე დროშით ხელში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის ემზადება, მათგან ერთი, თვალშისაცემად პატარა, შეიძლება სკოლის მოსწავლეც, ზურგჩანთიან ბიჭთან მიდის და ხელის მაჯაზე დაწერილ მის ნომერს აჩვენებს. იცის, რომ ამაღამ მისი დაცვა დასჭირდება. 

პროტესტის მონაწილეთა მაჯებზე დაწერილი ტელეფონის ნომრები შეიძლება შეგიმჩნევიათ რუსთაველის გამზირზე. ეს ნომრები ეკუთვნით იმ ადვოკატებს, ვინც წელიწადზე მეტია უანგაროდ იცავს პროტესტისთვის დაკავებულებს, მათთვის სინდისის პატიმრებს, „ქართული ოცნებისთვის”კი კრიმინალებს და რადიკალებს.  

ქართულმა საზოგადოებამ ერთი წლის განმავლობაში ფილმივით უყურა საკუთარ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულებას. სინდისის პატიმრების პირველი ნაკადი 2024 წლის გაზაფხულზე გაჩნდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” ე.წ. „რუსული კანონი” შემოაბრუნა. შემოდგომაზე, როცა მმართველი გუნდის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას გამოუცხადა, რომ პარტია ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებდა, ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ამ პერიოდში კიდევ ათობით პატიმარი დაემატა დაკავებულებს.

დღეს ათეულობით პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში. პარალელურად, ოქტომბრის თვიდან, ახალი შემზღუდავი კანონების აღსრულებას იწყებს „ქართული ოცნება”.  რუსთაველის გამზირზე სახის დაფარვისთვის და გზის გადაკეტვისთვის ყოველ დღე აკავებდნენ ადამიანებს და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებდნენ. საქალაქო სასამართლოს ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ სხდომათა დარბაზებში შუაღამემდე სხედან უკვე ნაცნობი მოსამართლეები, მათი გვარები განაჩენის მომლოდინე მოქალაქეებმა უკვე ზეპირად იციან. სხდომათა დარბაზის გარეთ კი განსასჯელთა ახლობლები ერთმანეთს ეკითხებიან:

თქვენ ვინ შეგხვდათ? 

- ცაცუა.

- ჩაგუნავა.

- ცეკვავა.

- ქოჩქიანი.

- მელქაძე. 

სხდომათა დარბაზიდან სხდომათა დარბაზში გადადიან ადვოკატებიც, იციან, ამ დარბაზიდან მხოლოდ ორი შედეგით შეიძლება გამოსვლა: ან ჯარიმა, ან ციხე და ამის მიუხედავად, არ ტოვებენ განსასჯელებს. მათი გამოჩენისას დერეფანს ხშირად ჩურჩულით გადაუვლის ეს სიტყვები — სინდისის პატიმრების ადვოკატები არიან.

სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომების ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ” სასამართლოს ეზოშიც კი აკრძალა ფოტო/ვიდეოს გადაღება, მაგრამ ამ დროისთვის საზოგადოებამ უკვე გაიცნო და დაიმახსოვრა ამ ისტორიული პროცესის ყველა მთავარი და არამთავარი მონაწილე: ბრალმდებელი პროკურორები, გამომძიებლები, მოწმე პოლიციელები, მოსამართლეები, ბრალდებულები და მათი ადვოკატები. 

განაჩენის გამოცხადების დღეს სასამართლომ სხდომის კადრები გაავრცელა: 

ერთი თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი  ბრალდებულებთან ახლოს დგას, ჯერ საბრალდებო სკამის დარბაზისგან გამომყოფ ხის მოაჯირს ურტყამს მუშტს და შემდეგ ერთ-ერთ ბრალდებულს თავზე კოცნის. ვინ არის საბრალდებო სკამზე მჯდომი ადამიანი ამ თეთრპერანგიანი კაცისთვის —

დაცვის ქვეშ მყოფი თუ მეგობარი? 

გია ტერიშვილი იყო პირველი, ვისთანაც ომარ (ჩე) ფურცელაძე იზოლატორში შევიდა, მაგრამ ტერიშვილის ოჯახი უცბად ვერ ენდო დილის 4 საათზე მივარდნილ უცნობ ადვოკატს, მერე ჯანო არჩაიასთან შევიდა, რომ გამოვიდა, იზოლატორის შესასვლელთან კიდევ ერთი პატიმრის მშობელი გაიცნო. აღმოაჩინა, რომ ადვოკატი არ ჰყავდათ. მაშინვე შებრუნდა იზოლატორში და ასე გაიცნო გური მირცხულავა, რომელსაც უკვე 9 თვეზე მეტია იცავს.

„ყოველთვის გატუტუცებული კერძო ადვოკატი ვიყავი. წლის განმავლობაში 5 მაღალანაზღაურებად საქმეს ვიღებდი, ნაკლებად მიწევდა იზოლატორებში სიარული. სამაგიეროდ, მყავდა კონტრაქტორი, მათ შორის, სახელმწიფო კომპანიები. ვერ ვიტყვი რომ რაიმე მიჭირდა”.

ომარ (ჩე) ფურცელაძე

ეს კერძო ადვოკატი სხვადასხვა იზოლატორში ღამის შემოვლაზე 28 ნოემბრიდან აღმოჩნდა. ცუდად ახსოვს ეს პერიოდი, გარეთ დაკავებულების დაბნეული მშობლებისთვის უნდა ეთქვა, ნაცემია თუ არა მათი შვილი, თუ ნაცემია, რამდენად მძიმედ. თუ აღმოჩნდებოდა, რომ დაკავებულისთვის ხელი არ უხლიათ, ახლობლებს გახარებული ატყობინებდა — „არ არის ნაცემი, პატიმრობას მოევლება”.

ამ დროიდან ომარის დღის და ღამის ცხოვრება ერთმანეთს ემთხვევა. ამის ფასი კარგად იცის. ნელ-ნელა ძველი კლიენტები დარეკავენ, ზოგი სიტყვიერად გაამხნევებს, მაგრამ კულტურულად ეტყვის, რომ საქმე სხვა ადვოკატთან მიაქვს, ზოგი პირდაპირ მიდის, იმიტომ, რომ ძალიან დაუპირისპირდა მთლიან სისტემას, მაგრამ არიან ასეთებიც, ვისაც აინტერესებს: „ჩვენთვისაც ხომ მოიცლი, ომარ?”

„ვარდების რევოლუციის დროს 10 წლის ვიყავი, მახსოვს, რომ რაღაც სუფრას ვუსხედით, წამოვხტი, სკამზე დავდექი თურმე და დავიყვირე: ხალხო, რა გასმევთ აქ, ქვეყანაში რევოლუცია ხდება-მეთქი. ამ დროს მეზობლის ქალმა გამოყო თავი საიდანღაც — დაეგდე მანდ, შე პატარა ჩე გევარაო! — მაგ დღეს ავიკიდე მეტსახელი „ჩე”, მაინც რა უმწიფრობაა, ტელევიზორში უყურებდე ამხელა ცვლილებებს შენს ქვეყანაში, არა?”

ომარს რომ ჰკითხო, ასე ხილული მეგობრობა ადვოკატებსა და სინდისის პატიმრებს შორის ძალიან ბუნებრივად ჩამოყალიბდა, რადგან ეს ადამიანები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აღმოჩნდნენ საბრალდებო სკამზე, ამიტომ არცერთ ადვოკატს არ ტოვებს განცდა, რომ მათ ადგილას შეიძლება, თავადაც ყოფილიყვნენ:

„სასამართლომ რომ ამ ხალხის ნასამართლეობის არარსებობაზე და მათ ბიოგრაფიაზე თვალი დახუჭა, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მეც ვერ დავინახო, რომ როგორც ადვოკატი შევდივარ ექიმთან, მთარგმნელთან, ისტორიკოსთან, პროფესიონალ მსახიობთან. ამ ადამიანებთან ბევრი მაქვს საერთო, ეს იშვიათია კერძო პრაქტიკაში. ბოლოს და ბოლოს, გური მირცხულავა ბარში რომ გამეცნო, მაშინაც დავმეგობრდებოდი”, - ამბობს ომარ ფურცელაძე.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილიც იმ საბრალდებო სკამზე წარმოიდგენს ხოლმე თავს, რომელზეც გია ტერიშვილი ათ პატიმართან ერთად 9 თვე იჯდა. არადა, ეს ერთადერთი შემთხვევაა მის საადვოკატო პრაქტიკაში, როცა დაცვის მხარემ დაცვის ქვეშ მყოფთან თავი გააიგივა. უფრო მეტიც, ხმამაღლა და პირდაპირ ამბობდა, რომ ციხეშია თვითონაც, მისი ძმაც და მეგობრებიც.

ირაკლი ჩომახაშვილი

„ეს საქმე გამონაკლისი იყო. დღეს, მაგალითად, გია ტერიშვილთან შევედი ციხეში. ისე, უბრალოდ, მომენატრა და მოვინახულე. საქმე კი არ მქონდა”.

ლიტერატურის სიყვარულმა დიდწილად განსაზღვრა რეზოს და გუჯას მეგობრობა. როცა სინდისის პატიმარ, რეზო კიკნაძესთან, ადვოკატი ითხოვს შესვლას, ბადრაგს რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახელს ეუბნება. როდესაც ბადრაგი პატიმარს კოდურ სიტყვას გადასცემს, რეზო კიკნაძემ იცის, რომ მასთან ნამდვილად მისი ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი, ითხოვს შესვლას. ამ თამაშმა რეზო კიკნაძე გამოძიების ეტაპზე ბევრი რამისგან დაიცვა: „სისტემა გამოძიების ეტაპზე ხშირად სტუმრობს პატიმრებს და ცდილობს ბრალდებისთვის სასარგებლო ჩვენებების მოპოვებას, ამ დროს პატიმარს კონკრეტულად არ ეუბნებიან, ვინ არის მასთან მოსული. პატიმარი შეხვედრას თანხმდება იმ იმედით, რომ თავის ადვოკატს შეხვდება”, - გვიხსნის გუჯა ავსაჯანიშვილი.

 გუჯა ავსაჯანიშვილი

„ამაღელვებელია ღირებულებითი თანხვედრა იმ ადამიანებთან, ვისაც იცავ” - ამას უკვე მარიამ პატარიძე ამბობს და მისი თქმით ესაა, რის გამოც, უბრალოდ უარს ვერ ამბობს, რომ სინდისის მორიგი პატიმრის საქმე აიღოს. არადა, დრო საერთოდ აღარ აქვს, აღარც ენერგია და არც ფული.

მარიამი წლებია სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტია, ორგანიზაციის, რომელიც სახელმწიფომ დააყადაღა. ორგანიზაცია დაიხურა, მარიამის ოთახი დაშლილია, მისი სამუშაო მაგიდა მეორე სართულიდან ჩამოაქვთ, რადგან ცენტრმა ნივთების დიდი ნაწილი სხვა ორგანიზაციებს დაურიგა. გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობს. კოლეგებთან ერთად, 100- მდე საქმე აქვს და ყველა მათგანი აქციებთან არის კავშირში, მათ შორის, წამების, დაკავების, დაჯარიმების საქმეები. მარიამს სამსახური უკვე აღარ აქვს, მაგრამ ეს საქმეები მასთან რჩება, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმე.

მარიამ პატარიძე

„ვერაფერს ვერ ვაკეთებთ რეალურად, ხომ? მაინც აჯარიმებენ, მაინც აპატიმრებენ, სამართლებრივი თვალსაზრისით სულ წაგებულები ვართ, მაგრამ მთავარია, ამ მარცხმა ხელი არ აგვაღებინოს ჩვენს საქმეზე და არ გვათქმევინოს, რომ აზრი არ აქვს. აზრი აქვს ნამდვილად. სანამ ჯერ კიდევ ისმის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების ხმა, მე თავს დამარცხებულად ვერ ჩავთვლი მაინც. წინააღმდეგობაა ჩვენი საქმე. ამიტომ ჩემი მარცხი დიდ სურათში წინააღმდეგობის ნაწილია”.


მოვიგე, თუ წავაგე?

ადვოკატების პროფესიული არჩევანი იყო ის ადამიანები დაეცვათ, რომლებსაც მოსამართლე პატიმრობას მაინც მიუსჯიდა. ასე გაჩნდა გუჯა ავსაჯანიშვილის საადვოკატო პრაქტიკაში წაგებული საქმე, რომელიც მანამდე არ ჰქონია.

ახალგაზრდა ადვოკატი, რომელსაც უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით აქვს დამთავრებული, საზოგადოებრივ ადვოკატობაზე ოცნებობდა. წარმოიდგენდა კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც იმედიც კი არ აქვთ, რომ ადვოკატს დაიქირავებენ. „ამ დროს რა მაგარი იქნებოდა, კარგი ადვოკატი უფასოდ რომ შეგხვედროდა, არა?!” - გვეკითხება გუჯა და სახეზე ახლაც ვერ მალავს აღფრთოვანებას. ერთი თვე იყო სახაზინო ადვოკატი და წამოვიდა. საპროცესო შეთანხმებებზე, რაც პროკურორსა და ბრალდებულს შორის გარიგებას გულისხმობს, მუშაობა არ მოეწონა. გუჯა ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენისთვის იბრძვის, ან გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს იმ საქმეზე, რომელსაც ხელს მოკიდებს.

სინდისის პატიმრების საქმეში ის წაგებულია:

„ერთ მოჭადრაკეს აქვს ნათქვამი: მთავარია, ტაბლოზე რა დაეწერება: 1:0 თუ 0:1. მანამდე შენ რამდენი იწვალე, მნიშვნელობა არ აქვს”.

ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ბიჭებს ვერ დაუმტკიცა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ბრალსაც შესაბამისად კვალიფიკაცია შეუცვალა, ეს მაინც ვერ ანუგეშებს: „საბოლოო ჯამში, ისინი მაინც ციხეში არიან. თითოეული დღე, რომელსაც უდანაშაულო ადამიანი ციხეში ატარებს, ძალიან მტკივნეულია”.

სასამართლოსთვის ნიღბის ჩამოხსნა შვება არც შოთა თუთბერიძისთვის აღმოჩნდა.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ყოველი ახალი კვირა წინაზე უარესია, ადვოკატი არ ფიქრობს, რომ მხოლოდ დიქტატურის მხილება ვინმესთვის სარგებლიანია.

„მე ხომ ვიცი, რომ ციხეშია ის, ვინც უდანაშაულოა და უნდა დამეცვა. თუ გავიმარჯვე, ციხეში რატომ არის?”- ამ კითხვით ცდილობს შოთა 9-თვიანი სასამართლო პროცესები შეაჯამოს.

შოთა თუთბერიძე

შესაძლებელია 89 წუთი მოედანს შენ აკონტროლებდე, მაგრამ ბოლო წუთზე მოწინააღმდეგემ გოლი გაგიტანოს და დამარცხდე. ასე უხსნის ირაკლი ჩომახაშვილი სტუდენტებს: „ორი გუნდი თამაშობს. ანგარიში 0:0-ია. შეჯიბრებაა.

წარმოიდგინეთ, რომ ეს მსაჯი მოსყიდულია. არასწორ ანგარიშს აფიქსირებს. სწორედ ეს არის სამართლიანი სასამართლოს ნაწილიც. ჩვენს საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ გოლები გაგვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბურთსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, არც ერთი გოლი მსაჯმა, ანუ მოსამართლემ, არ ჩაგვითვალა და ყველა არასწორად გატანილი გოლი ჩაუთვალა ბრალდებას. და წავაგეთ. აი, ფეხბურთში როგორც ვიტყოდით: სახელოვნად წავაგეთ”,

პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, თუ შედეგი? როგორც ჩანს, ადვოკატების საქმეში ეს ორაზროვანი არ არის. განაჩენი გადამწყვეტია, რადგან თავისუფლებაა სასწორზე, მაგრამ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქართული მართლმსაჯულების ლუსტრაციის საუკეთესო შესაძლებლობაც იყო, ადვოკატისთვის ესეც მოცემულობაა — რასაც ბოლო წლებში თავად გამოცდიდნენ, ახლა საზოგადოებასაც დაანახეს.

„ამიტომ ვერ ვამბობ, რომ ჩვენ ეს პროცესები წავაგეთ. ძალიან მინდოდა, რომ ბიჭები გამემართლებინა, ძალიან მინდოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს მუშაობაზე არ იყო დამოკიდებული. სამართლებრივად რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ. რთული იყო. მაშინ შევატყვე, რომ თეთრი წვერი წამომივიდა”, იხსენებს ომარ ფურცელაძე.


დასკვნითი სიტყვა

წაგებულ სასამართლოში ადვოკატების უკანასკნელი ბერკეტი იყო მათი დასკვნითი სიტყვა, ერთგვარი მართლმსაჯულების პროზა, რომლითაც ამ საქმეების შესახებ სიმართლემ მომავალ თაობებამდე უნდა მიაღწიოს.

მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვა მზია ამაღლობელის საქმეზე 7 საათს გაგრძელდა.

მარიამ პატარიძის სიტყვა პოეტ ზვიად რატიანის სასამართლოზე ჟურნალ „ქართულ მწერლობაში” დაბეჭდეს:

„საზოგადოებრივ აღქმებში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება ერთგვარ მაგიას, ჯადოსნობას დაემსგავსა. მე ნამდვილად არ ვიცი, ამ საქმეზე სამართლიანობის მაგია შედგება თუ არა. მაგრამ რისიც მჯერა, არის ის, რომ ამ საქმეს გაიხსენებენ. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხვდებიან, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლოს ამ და სხვა დარბაზებში შემოვლენ, არამედ ყოველთვის, სანამ პოეზია [მაშასადამე, ზვიად რატიანის სახელი] იარსებებს“.

ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვა 648 გვერდია. 11 პირის საქმეზე თავისი დასკვნითი სიტყვა მან ასე დაასრულა:

„გამარჯვებულები ვართ მე და გური მირცხულავა, რადგან ჩვენი შრომით შევინარჩუნეთ დისციპლინა და წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოაცხადოთ იგი [მიმართავს მოსამართლეს]“.

ადვოკატებისთვის პოლიტიკურ საქმეებზე მხოლოდ მაღალკვალიფიციურად გაწეული შრომა არ იყო მთავარი. მაგალითად, შოთა თუთბერიძის მიზანი იყო, უსამართლობაზე ეჭვი გაეღვივებინა არა მხოლოდ სასამართლო პროცესის დამსწრეებში, ასევე პროკურორებისთვისაც და მოსამართლისთვისაც, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებელი არბიტრი კი არ არის, ამ საზოგადოების წევრიცაა ამავდროულად.

„თუ ყველაფერი შეიცვლება, მე მგონია, რომ ამ საქალაქო სასამართლოში სასამართლო აღარ უნდა იყოს. ამის ნაცვლად, უსამართლობის მუზეუმი უნდა შეიქმნას. უნდა ირთვებოდეს მოსამართლის ხმით უკანონო და უსამართლო განაჩენები“, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი საუბრის ბოლოს.

მაშინ ვინ არის ადვოკატის ადრესატი ამ სასამართლოში, ვის მიემართება მათი დასკვნითი სიტყვა, ვინ უნდა გაიგოს ის, ან რაზე უნდა მოახდინოს გავლენა? 

მინდა, რომ ყოვლისშემძლეობა გააცნობიერონ და დაკოჭლებულები არ იყვნენ”, - ამბობს ომარი ქართველ მოსამართლეებზე და აგრძელებს: თუნდაც 9 თვე რომ თავი მოიკატუნოს, მის საბოლოო გადაწყვეტილებას ხომ ვერაფერი შემოატრიალებს?

ცნობილი იქნას დამნაშავედ, ან უდანაშაულოდ  მას  შეუძლია ეს წინადადება თავისით თქვას, უნდა ჰქონდეს ამის ამბიცია”.

მართლაც, რა დევს სასწორის პინაზე, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს თავისი ყოვლისშემძლეობის მანდატი გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ვერ ბედავს იმის გადაწყვეტასაც კი, რომ დაუძლურებული და თითქმის დაბრმავებული მზია ამაღლობელი ადვოკატის გვერდით დაჯდეს მრავალსაათიანი პროცესის დროს?

„სასამართლოზე ილუზიას ნუ შეიქმნით, სისტემა უკვე გაფილტრულია, გამონაკლისი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოხდეს. ასეთ რეზონანსულ საქმეებამდე არც მიუშვებენ სინდისიერ მოსამართლეებს. მე ძალიან კარგად ვიცნობ იმას, ვინც ეს სისტემა ააშენა”, - ეს უკვე მაია მწარიაშვილმა გვითხრა, მზია ამაღლობელის ადვოკატმა.

მაია მწარიაშვილი

„მე იმაზე დიდი ვარ, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ამ სისტემას შევარდნაძის დროიდან ვიცნობ”, - გვეუბნება მაია. მისი კაბინეტი ადვოკატებზე გადაღებულ ფილმებში ნანახ ოფისს ჰგავს, მაგიდაზე ინგლისური სამართლის წიგნია გადაშლილი, თაროზე ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის, საიუბილეო ალბომი დევს, ამან ერთი რეზონანსული საქმე გაგვახსენა:

- ნეტფლიქსის საქმემ როგორ ჩაიარა?

- ძალიან სარფიანად - გვპასუხობს მაია.

საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ინგლისში მაგისტრის ხარისხის მოპოვება სისტემიდან სულ პირველად წამოსვლისას გადაწყვიტა, როცა წინა ხელისუფლების დროს, მოსამართლის მანტია გაიხადა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ზოგიერთ ღია წყაროებზეც იძებნება, მაგალითად, მაია მწარიაშვილის, როგორც მოსამართლის განსხვავებული აზრი ნასამართლევ კაცზე, რომელმაც მაღაზიაში ლუდი ნისიად ითხოვა, არ მისცეს და გამყიდველს ლუდი წაართვა, რომლის საფასურიც მოგვიანებით ამ კაცის მეგობრებმა გადაიხადეს. ეს საქმე მწარიაშვილთან სააპელაციო სასამართლოში მივიდა, მსჯავრდებულს 7 წელი ჰქონდა მისჯილი და პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვდა. ამ საქმეზე იძებნება მაია მწარიაშვილის განსხვავებული აზრი, რომ ეს არ იყო დანაშაულის შემადგენლობა.

მაიას ვერ ნახავთ აქციებზე, ქუჩის პერიპეტიების ხმა საერთოდ არ აღწევს მისი ოფისის დღის წესრიგში. ინტერვიუს დროს ოთახში რამდენჯერმე შემოიხედეს მაიას ახალგაზრდა კოლეგებმა — „ეს ჩვენი კომპანიის ახალგაზრდული ფლანგია, მათ განსაკუთრებით შემაგულიანეს როცა ვწყვეტდი ამეღო, თუ არა მზიას საქმე”.

როგორც ჩანს, გადაწყვეტილება სწრაფად არ მიუღია.

„დრო დამჭირდა, ყველაფერი უნდა გადამედო, მათ შორის ოჯახი, თანაც დიდი ხნით. მზიას აზრიც ხომ უნდა გამეგო? უნდოდა, თუ არა ქალაქის ყოფილი პროკურორი ადვოკატად”.

ქალაქის პროკურატურაში მაია მწარიაშვილი 2012 წელს მივიდა, ძალიან მკაფიო მისიით, რომლითაც თავის დროზე პარტია „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა — სამართლიანობის აღდგენა.

„იცით, რომ კოჯრის გზაზე სანდრო გირგვლიანის გარდა, სხვაც აუყვანიათ? აწამეს და დატოვეს”.

ეს გაუხმაურებელი საქმე ერთ-ერთია, რომელიც მაია მწარიაშვილმა ქალაქის პროკურორის რანგში გამოიძია, მაგრამ მის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იძებნება:

„ივ. მერაბიშვილმა არათუ დაარღვია სახელმწიფოს ვალდებულება, აღმოეფხვრა დაუსჯელობის უკანონო პრივილეგია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა შორის, არამედ თავისი მოქმედებით გამოიწვია მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობის პირდაპირი წახალისება პირადი მოტივებით, საჯარო და სხვა პირთა ინტერესის საწინააღმდეგოდ”.

ეს უმცირესი ამონარიდია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ბრალიდან, რომელსაც მაია მწარიაშვილი აწერს ხელს.

ქალაქის პროკურორობიდან გადადგა მანამდე, სანამ „ქართული ოცნება” ოთარ ფარცხალაძეს დანიშნავდა მთავარ პროკურორად, წავიდა მის მოსვლამდე, რომ მისი გადადგომის განცხადებაზეც კი არ ყოფილიყო ფარცხალაძის ხელმოწერა.

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მზიას საქმე პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც მწარიაშვილმა, როგორც ადვოკატმა აიღო: კოლეგების ნაწილი მეუბნებოდა ორ სიტყვას — და, აზრი?

„ამან გადამაწყვეტინა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რაც ჩემს ძალებში იყო”.

მწარიაშვილი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოში მისი მთავარი სტრატეგია იყო, რომ გამოძიების მიერ თეთრი ძაფით შეკერილი მტკიცებულებები გაებათილებინა.

რა განასხვავებს მწარიაშვილს სინდისის პატიმრების სხვა ადვოკატებისგან? წლები, გამოცდილებაც, მაგრამ მთავარი მაინც ხედვის კუთხეა. მწარიაშვილს შეუძლია ის, რაც სასამართლოს დარბაზში ხდება, მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის ხედვის კუთხიდან ერთდროულად დაინახოს.

„თავიდან ბრალდება თეთრ ცხენზე იჯდა, ეგონათ, რომ ყველაფერს დააბარალებდნენ მზიას, ქალს, რომელმაც სამართალდამცავ სისტემაზე ხელი აღმართა, ბოლოს გვეუბნებოდნენ, შეეშვით დგებუაძის ლოყაზე ლაპარაკს და რაც მთავარია, საჯაროდ ითხოვეს საპროცესო გარიგება”.

მწარიაშვილის დაცვის სტრატეგიაც ეს იყო: გაბათილება, მხილება და გადაკვალიფიცირება. თან ეს უნდა მოეხერხებინა იმ პირობებში, როცა ბრალდებამ მზია ამაღლობელის ადვოკატებს ყველა მტკიცებულება ამოურიცხა საქმიდან, მათ შორის, 18 მოწმე და 9 ვიდეო მტკიცებულება. რაც ნიშნავდა დაცვას შიშველი ხელებით.

მზია ამაღლობელი ერთი წლის განმავლობაში საათობით იდგა ფეხზე სასამართლო პროცესებზე. როგორც ადვოკატმა, მაიამ მხოლოდ ბოლოს გაიაზრა, რომ მზია უბრალოდ საბრალდებო სკამზე არ ჯდებოდა და ამას აკეთებდა უხმოდ, გაცხადების გარეშე.

„ეს პერიოდი ერთი წამითაც არ მიცხოვრია მზიას გარეშე, ამით ვიძინებ და ამით ვიღვიძებ, სულ მზიაა თავში”.


განაჩენი

სინდისის პატიმრების ცალკეული სასამართლო პროცესი ერთ დიდ პროცესს ჰგავს, რომლის დასკვნით სიტყვას ადვოკატები, საზოგადოებასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ელოდებიან.