ქალები ტირძნისიდან

ტირძნისი საზღვრისპირა სოფელია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ტირძნისელებმაც სამშვიდობოს შეაფარეს თავი. სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ადგილობრივმა მარიამ ბუჩუკურმა აღმოაჩინა, რომ გადატანილი კონფლიქტის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები გულგრილნი გახდნენ თავიანთი პრობლემების მიმართ და გადაწყვიტა თანამოაზრეები შემოეკრიბა და პრობლემების გადაწყვეტაზე ერთად ეზრუნათ. სანამ, ორგანიზაციად ჩამოყალიბდებოდნენ და ოფისსაც იქირავებდნენ, ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობდნენ.

,,შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის” ოფისი, ტირძნისიდან - დიცისკენ მიმავალ გზაზეა. ოფისში მარიამი და ორგანიზაციის წევრი ქალები ყოველდღიურად იკრიბებიან.

თავდაპირველად, ორგანიზაციის ოფისს ადგილობრივები “უქმრო ქალების” ოფისს ეძახდნენ, რადგან ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა დაუოჯახებელი იყო და ისინი ფიქრობდნენ, რომ დაუოჯახებელი ქალი სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა, სოფლის მაცხოვრებლები დღეს უკვე ამბობენ, რომ ქალები სოფლისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ და სხვა ქალებსაც ეხმარებიან.

მარიამი და ორგანიზაციის წევრი ქალები ადგილობრივ თვითმართველობასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა სოფლის და ქალების საჭიროებები დღის წესრიგში დააყენონ და პრიორიტეტები თავად განსაზღვრონ.