8 min.

როცა ლოცვა ვეღარ ითქმის

სიმონ შიმშილაშვილი ცარიელ შენობას უვლის. 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული მას აბარია საქართველოს სიდიდით მესამე სინაგოგა, რომელიც რაჭაში, ქალაქ ონში მდებარეობს. 1895 წელს ეკლექტურ სტილში დასრულებულ ამ უზარმაზარ ტაძარში დღეს იშვიათად თუ შევა მლოცველი, რადგან ერთ დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ებრაული მოსახლეობიდან დღეს მხოლოდ 12 ადამიანია დარჩენილი. იუდაზმის მიხედვით, მინიმუმ 10 კაცი უნდა იყოს სინაგოგაში, რათა ღვთისმსახურება ჩატარდეს. შესაბამისად, სინაგოგა, როგორც წესი, დაკეტილია. სიმონი მხოლოდ დროდადრო მიდის, თვალის შესავლებად.

სიმონის ნათესავები ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად. თავადაც ხშირად ფიქრობს ხოლმე ორ ქვეყანას შორის ცხოვრებაზე. მაგრამ ყველას არ უნდა ამ მთებით მოცული ქალაქის დატოვება. სულიკო შიმშილაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წასვლას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ მისი შვილები და შვილიშვილები წლებია ისრაელში არიან. 76 წლის სულიკოს კარგად ახსოვს 1960-იან წლები, როდესაც ონში ებრაელები ეთნიკურად ქართველებსაც კი სჭარბობდნენ. 1970-იან წლებში საქართველოში 80 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი წავიდა ისრაელში. 2002 წლის მაჩვენებლით, საქართველოში სულ 3541 ებრაელი იყო შემორჩენილი. ეს რიცხვი ახლა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებია.

49 წლის ისმაილ ამშიკაშვილს, რომელიც ადგილობრივი წყლის მომარაგების კომპანიაში მუშაობს, ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი სად იცხოვრებს თავის სამი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად. “ისრაელში ქართველებს გვეძახიან. აქ [საქართველოში],  კი ებრაელებს,” - აღნიშნავს ისმაილი.