ღმერთის ანაბარა დარჩენილები

63 წლის გენადი ბოსიკოვი, 67 წლის მეუღლესთან, სვეტლანასთან ერთად ცდილობს მამაპაპისეულ მიწა–წყალს მოუაროს. შრომას არ იშურებს, მოჰყავს მოსავალი და გულუხვად უნაწილებს ყველა სტუმარს. თუმცა, სტუმარი ძალიან იშვიათად ჰყავთ, ისინი ხომ სოფელი ყობის ერთადერთი მკვიდრნი არიან. გენადის და სვეტლანას შვილები ავსტრიაში ცხოვრობენ და სოფელში იშვიათად ჩამოდიან.

ყობი, სამხრეთ ოსეთის სადავო ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გენადის საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა ყველაზე მეტად აშინებს, ყოველ დღე იმის ფიქრი აქვს, რომ ერთ დღეს მის სოფელსაც ოკუპანტები დაეპატრონებიან.

მას ძალიან ენატრება ის დრო, როცა სოფელი სავსე იყო, ენატრება შვილები, ნათესავები, მაგრამ ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, მამამისის ხსოვნის საპატივცემულოდ სოფელს არ მიატოვებს.