ჩემოდანი

„რა ნივთებს წაიღებდით თან, საზღვრის გადაკვეთისას?” შეიძლება თუ არა, უბრალო კითხვამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრას, იდენტობასა და ადამიანის ბუნების შესახებ?

ეს ისტორია ადამიანებზეა, რომლებმაც ერთხელ ან მეტჯერ გადაკვეთეს საზღვარი. მათგან ზოგიერთს, საზღვარზე გადასვლა ყოველდღე უწევს, სხვები კი ამაზე მხოლოდ ოცნებობენ.

ისინი ჰყვებიან, თუ რა ნივთები მიჰქონდათ, ან ჯერ კიდევ მიაქვთ თან, როდესაც საზღვარს კვეთენ. ჩამონათვალში, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, ხანდახან უცხო თვალისთვის უცნაური საგნებიც გამოერევა. საბოლოო ჯამში კი, მოგონებებით სავსე ჩანთა, ბევრ ემოციას იწვევს.

საზღვრებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ბევრი მათგანი გადავკვეთე - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. გარკვეულწილად ისინი ჩემს იდენტობას განსზაღვრავენ.  

დავიბადე თბილისში, 1988 წელს. დედაჩემი აფზახია, ხოლო მამაჩემი ქართველი. 1993 წლის ომის პერიოდში ოჯახმა საცხოვრებლად ბელგიაში გადასვლა გადაწყვიტა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. ბელგიაში 23 წელი ვიცხოვრე. მშობლებთან რუსულად ვსაუბრობდი, ხოლო და-ძმასთან ფრანგულად. ფრანგულად ვწერ, ვლაპარაკობ, ვფიქრობ და სიზმრებსაც ფრანგულად ვხედავ. უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებები ვისწავლე, თუმცა შემდეგ ფილმების გადაღება დავიწყე. მაინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ფილმი მშვიდობის იარაღი ყოფილიყო და თუ როგორ შეუძლია მას წაშალოს საზღვარი „ჩვენსა” და „სხვებს” შორის.

2015 წელს სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე, იმისათვის რომ მისი ფიზიკური საზღვრები კარგად შემესწავლა. საქართველო მოვიარე და ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდი, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ვეკითხებოდი, თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი მათ გარშემო არსებულ საზღვრებს.  

სუბიექტური წარმოდგენების გარდა, ობიექტური თვალსაზრისის ჩამოყალიბება მსურდა. ჩემი აფხაზი ოჯახის ნახვა მინდოდა. ისინი ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრობენ, თუმცა მათი მონახულება ადვილი არ იყო - ერთ-ერთი დაბკოლება ჩემი ქართული პასპორტი აღმოჩნდა. 1992 წლის შემდეგ, მხოლოდ 2015 წლის ზაფხულში შევძელი იქ ჩასვლა.

როდესაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ვკითხე საზღვრების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გამო წარმოიშვა, მათ გულღიად დაიწეს საუბარი.  

ზოგიერთი მათგანისთვის ეს მხოლოდ ომს ნიშნავს, ზოგისთვის კი დაუჯერებელ ამბავს. სხვებისთვის საზღვარი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. როდესაც ამ ადამიანებს მათ ბარგზე ვეკითხებოდი, ბევრმა მათგანმა პრაკტიკული პასუხი გამცა, თუმცა ეს მარტივი კითხვა ბევრ მოგონებას ააშკარავებს, რომელიც ადამიანებს აფიქრებს იმაზე, თუ რა დაკარგეს.

იქნება ეს დაკარგული ბავშვობა, თუ ოჯახის წევრები - ყველას ახსოვს, თუ რა, ან ვინ ენატრებათ. მათ დევნილებს, ან იძულებით გადაადგილებულ პირებს უწოდებენ, მაგრამ ეს მხოლოდ სემანტიკის საკითხია. საერთაშორისო დოენეზე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაღიარებული სახელმწიფოებია.

ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება და ადამიანები საკუთარ ისტორიებს ღიმილით ჰყვებიან. 

სარედაქციო შენიშვნა: მასალა შესაძლებელია შეიცავდეს ტერმინებს, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარე არ ეთანხმება. მასალაში გამოყენებული ტერმინები ეკუთვნის ავტორს და არა ჩაიხანას.