მეუფე ისაია ომის ინტერიერში

თეთრ ტილოს სუფრაზე, რომელიც ცხენების და ჩიტების ფორმის ნაჭრის აპლიკაციებით არის გაფორმებული, ორი ერთმანეთზე შემოწყობილი ხელი დევს. სუფრა ცოტათი წააგავს მიტკლის იმ ტილოებს, რომლითაც მისი ბავშვობის სახლის ინტერიერი იყო მორთული. დედის ხელით ნაქარგი ფარდები, სუფრები და  ხელსახოცები, მიტკალზე შესრულებული მერცხლებიანი, ჩიტებიანი და ყვავილებიანი ფიგურები ახლაც თავს ახსენებს. ,,თავი ბავშვური მოგონებებით მაქვს სავსე”- ამბობს მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი.

მეუფე  ისაიას (ზურაბ ჭანტურია)  ნიქოზის მონასტერში ვხვდები. ნიქოზი ცხინვალის  მოსაზღვრე სოფელია. საეპისკოპოსო რეზიდენციიდან კარგად ჩანს ცხინვალის წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები. მეუფე ისაია ოკუპირებულ ახალგორში მდებარე მონასტერში, ლარგვისში ცხოვრობს და ბოლო პერიოდში ძნელად თუ მოახერხებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, სპეციალური საშვია საჭირო, რომელსაც ცხინვალის ადმინისტრაცია გასცემს. საშვი სამი, ან ექვსი თვით გაიცემა. რუსული საკონტროლო პუნქტი ნიქოზიდან  500 მეტრში მდებარეობს, თუმცა სიახლოვე არაფერს ნიშნავს. ხანდახან თვეებია საჭირო იმისათვის, რომ მეუფემ ახალი საშვი მიიღოს.

მთელი მონოლოგი რეტროსპექტივაა ძველი მოგონებების; ბავშვობის, ბავშვობის სახლის წალენჯიხაში, მშობლების, იქაური მეგობრების, ერთად რომ  აპრიალებდნენ ქეჩებით სკოლის პარკეტს და იმ სივრცის, რომელსაც შემდეგ თავისი თავშესაფარი დაარქვა. ეს ხატვა იყო, რომელმაც თავისი თავი აპოვნინა ცხოვრებაში.

 


მეუფე ისაიას პროფესიული წლები თბილისში დაიწყო. ფერწერა აინტერესებდა, ის კი პროფტექნიკუმში კერამიკის ფაკულტეტზე აღმოჩნდა, მართალია ყველანაირი პროტექციის გარეშე, რაც იმ დროს უცნაურ იშიათობას წარმოადგენდა. რაიონიდან ჩამოსულ მეუფე ისაიას ქალაქურ ცხოვრებაში მძაფრად გაჩნდა უბნური ამბები, ჩამოსულების და ადგილობრივების დაპირისპირების მარადიული თემა.

სამხატვრო აკადემიისთვის მზადებამ შვიდი წელი შეიწირა. შემდეგ  ახლობელმა მიიყვანა ანიმაციის სტუდიაში, რომ სამსახური და ხელფასი ჰქონოდა. ანიმაციის სტუდიიდან კი ჩაირიცხა თეატრალურ ინსტიტუტში, კინო ფაკულტეტზე, გელა კანდელაკის ჯგუფში, რომელთან ერთადაც წლების შემდეგ ნიქოზში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი, კულტურული წამოწყების ინიციატორი გახდა.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე სოხუმში იყო. სოხუმი რომ დაეცა სხვა დევნილებთან ერთად საკენ-ჭუბერის უღელტეხილი გამოიარა, სადაც  ,,წითელ ჯვარს” ეხმარებოდა დევნილებისთვის საკვების დარიგებაში. ახალგაზრდა სასულიერო პირის თვალთახედვის ფოკუსში ომის სისასტიკე ერთ კადრში მოექცა. ,,ერთი ბოჩოლა იყო იქ მარტო დარჩენილი, რომელიც დედას დაეკარგა. მუხლი ჰქონდა გადატყავებული და არსად არ მიდიოდა, ერთ ადგილას იდგა და ხან ზევით გაიხედავდა, ხან ქვევით, ისე საწყლად იყო”- იხსენებს მეუფე ისაია ომის საშინელების სევდიან ფრაგმენტს.

აფხაზეთიდან თბილისში დაბრუნებული სასულიერო პირების დროებით სამყოფლად მარტყოფის მონასტერი იქცა, სადაც მეუფე ისაია ჯერ ბერად აღიკვეცა (1993), იქ იყო ბერ-დიაკონად, მღვდელ-მონაზონიც იქ გახდა და მონასტრის წინამძღვრობაც მას ჩააბარეს.  შემდეგ, ეპისკოპოსადაც აკურთხეს და ნიქოზის ეპარქიაში გაგზავნეს (1995). ნიქოზში მეუფეს დახვდა გალავანმორღვეული ეკლესია და ეკლესიის ეზოში ერთი წითელი ვაგონი, რომელიც ეპარქიის საკუთრება იყო. წითელი ვაგონი იყო შემოქმედებითი განტვირთვის ადგილი. აქ წირვის  შემდეგ ჩაის სვამდნენ ან წიგნს კითხულობდნენ.

,,ნელ-ნელა ჩვენც ვისწავლეთ კალატოზობა, ერთად მოვზილეთ ტალახი. ერთხელ სავსე მთვარის შუქზეც ვაშენებდით და მეორე დილას ძალიან მოგვეწონა. მერე ეკლესიის გვერდზე  სამრევლო სახლიც ავაშენეთ. დიდი ლიახვის ხეობის ახალგაზრდების გარეშე არაფერი გაგვიკეთებია. ფრონეს ხეობიდან, ავნევიდან, პატარა ლიახვის ხეობიდან მოდიოდნენ აქ ბიჭები  და ასე ვაშენებდით 1995 წლიდან 2008 წლამდე”- იხსენებს მეუფე ისაია მონასტრის აღმშენებლობის პირველ წლებს.

2008 წლის აგვისტოს თვეში მეუფე ისაიას თვალწინ დაიბომბა ეკლესია. რვა აგვისტოს ნაღმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი  შუაგულ სახურავზე დაეცა საეპისკოპოსო სასახლეს, მეორე ჭურვი ბაღებში ჩამოვარდა, მესამე ოთახს მოხვდა, სადაც არავინ არ იყო. 

,,მაინც, ცუდად არ მაგონდება ეს დრო. ომი სასურველი და სანატრებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ახლა როცა ეს ომი გავლილი გვაქვს, ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამ ომის დროს ერთმანეთის მიმართ სხვანაირი ახლობლები გავხდით, ფრონტელი მეგობრები, რაც ბევრს ნიშნავს თურმე”.... 

2008 წლის 11 აგვისტოს მონასტრის ეზოში 32 ბომბი ჩამოვარდა. საცხოვრებელ სახლში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა და შვიდივე გადარჩა.  14 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენილი სასახლეც რამდენიმე საათში დაიწვა. მეუფემ საკუთარი თვალით ნახა, როგორ განადგურდა მათ თვალწინ უზარმაზარი შრომის ნაყოფი. თუმცა, დაბომბვების შოკისგან  გამორკვევა იმის აღმოჩენა უფრო იყო, რომ გადარჩნენ, რომ ცოცხლები იყვნენ ყველანი და არავის არაფერი დაშავებია.

მონაზვნები ახალგორში იმ დროის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუშვეს. მეუფე ისაია  მამა ანტონ ჩაკვეტაძესთან ერთად დარჩა. „ვუყურებდით, როგორ იწვოდა სახლები” - იხსენებს მეუფე.


 


2008 წლის აგვისტოს  ომამდე , ნიქოზში მეუფე ისაიას ანიმაციური ფილმების პატარა სტუდია ჰქონდა, რომელიც ნაჩუქარი ტექნიკით იყო აღჭურვილი და რომელიც დაბომბვის დროს მთლიანად განადგურდა. აგვისტოს ომის შემდეგ  გაჩნდა იდეა , რომ გაკეთებულიყო ნიქოზის ანიმაციის სტუდიის აღდგენის პროექტი, რომელიც 2009 წელს პოლონეთის საელჩოს და პოლონეთის სახელმწიფოს დახმარებით განხორციელდა. 

ასე შეიძინეს სტუდიის აპარატურა, კომპიუტერები, მოლბერტები, სახატავები. ყოფილი ბაღის ადგილზე აშენდა ორსართულიანი შენობა  და დაფუძნდა წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა, სადაც დღესდღეობით 150-მდე ბავშვი სწავლობს სხვადასხვა წრეზე.

,,სახელოვნებო სკოლის არსებობამ, ბავშვებთან მუშაობამ ანიმაციაში, ჩრდილების  თეატრში და სხვა საგნებში, თანდათან დაბადა იდეა, რომ ნიქოზში ჩატარდეს ანიმაციური ფილმების  საერთაშორისო ფესტივალი. როდესაც, ამ ფესტივალის ჩატარებაზე ვფიქრობდი, მასენდებოდა ალიასკაზე ყოფნის დროს, სადაც სასულიერო აკადემიას ვსტუმრობდი, როგორ უკრავდნენ და ცეკვავდნენ  იქაურები და ვიფიქრე, რომ ჩვენს ანიმაციური ფილმების ფესტივალს ჰქონოდა კულტურული პროგრამაც. 2010 წელს 41 ადამიანი ჩამოვიდა ალიასკადან ფესტივალზე დასასწრებად.

იყო ასეთი პერიოდიც, როდესაც ორი წლის და შვიდი თვის განმავლობაში მეუფე ისაია ახალგორიდან   საშვის უქონლობის გამო ვერ გამოდიოდა. მისი სასულიერო ცხოვრება უცნაურად უკავშირდება კონფლიქტურ ზონებში მოღვაწეობას. ხან, ნიქოზში საოკუპაციო საზღვართან, ხან ოკუპირებულ  ახალგორში მდებარე მონასტერში ლარგვისში, მონაცვლეობს მეუფე ისაიას ცხოვრება და ომის ქრონიკების ფრაგმენტებს დაატარებს. 


 


სექტემბერი, 2018 რელიგიური მრავალფეროვნება