გლობალურ საფრთხეზე ჩაკეტილ საზღვრებში: დიალოგი ახლო მეზობლებთან

ჟურნალისტი: თამარა მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე,

ილუსტრატორი: ნათია კალანდაძე

23.06.20

დილით, მიშა აივანზე მოსაწევად გადის. ორთაჭალაში, კორპუსის ქვეშ, სურსათის მაღაზიასთან გრძელი რიგია. სიგარეტი კი უთავდება, მაგრამ რიგში მაინც არ ჩადგება. ეს ბევრად უფრო ორგანიზებული რიგია ვიდრე ის, ბავშვობაში რომ ტოვებდნენ ადგილის დასაკავებლად, მაგრამ მაინც. ეზარება. ბოლო დროს, ყველაფერი ბავშვობას ახსენებს: საგანგებო მდგომარეობა, რიგები სურსათის მაღაზიებთან და სახლში ჩაკეტილი თბილისი. ამ რეალობას თვალი რომ აარიდოს, სიგარეტისთვისაც გლოვოს გამოიძახებს. მიტანის სერვისია ის, რაც ამ დროს წარსულისგან განასხვავებს. გლოვოს ბიჭი ცელოფანს კედელთან მიაყუდებს, თვითონ კი, უსიტყვოდ მიუკეტავს კარს. 

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, ხუთი დღით გვიან, ვიდრე სომხეთში. ვირუსით გამოწვეული შეზღუდვები რეგიონში ყველაზე გვიან აზერბაიჯანში ამოქმედდა. თუმცა, აზერბაიჯანის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად, 24 მარტს ცხოვრების სპეციალური რეჟიმი დააწესა. 

ელშანე ერთი დღით ადრე თავის დასთან იყო სტუმრად. სხვა დროს საღამომდეც დარჩებოდა, მაგრამ ყველგან ვირუსი ეჩვენებოდა. ერთ საათში ადგა და წავიდა. პურის ფქვილის გარეშე დარჩენის შიშიც იმ დროიდანაა, საიდანაც აზერბაიჯანელებს, ქართველებივით, კრიზისში მოქცევის ჩვევები გამოჰყვათ. პანდემიამ პოსტსაბჭოთა ადამიანებში 90-იანების შიშები ამოატივტივა. ხალხმა ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, პურის ფქვილი და მაკარონი მოიმარაგა. საქართველოში მზის პანელებიც კი გაიყიდა, როგორც ჩანს, ვიღააცეებს ისევ სიბნელეში დაბრუნების შეეშინდათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, ოცდაათამდე ადამიანი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სახლებიდან გველაპარაკა. 

ზოგისთვის ეს პერიოდი საკუთარ თავთან დაბრუნების, ფიქრის, გადაფასების დროა. სხვებისთვის, თითქმის უცვლელი რუტინა. 

მათი სახლები, სადაც ორი  თვე უმეტესი დრო გაატარეს, ერთმანეთისგან შორს, სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში დგას. თუმცა ეს ყოველდღიური დაკვირვევები და აღმოჩენები ერთ დიდ სახლში განცდილ ისტორიას უფრო ჰგავს, საიდანაც სამხრეთ კავკასიის სამი მეზობელი ქვეყნის დღევანდელობა და მომავლის კონტურები ჩანს. 

ნინომ თავის უფროს ქალიშვილს, ძველ ბინაში მზა საჭმელი და პროდუქტი მიუტანა. მისი შვილი გერმანიიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაშია. სახლში შესვლა არც უცდია, საჭმელი აივანზე დატოვა და წავიდა. 

ნინომ პირველად მაშინ გაიაზრა რომ მართალია არ იცის რამდენ ხანს, მაგრამ ცხოვრების წესები შეიცვალა. 

გზად საყიდლებზე შეიარა, ხალხი მარაგებს სახლებში ეზიდებოდა.  იქ აღმოაჩინა, რომ ხუთი შვილიდან ერთის ბაღიდან გამოყვანა არ აგვიანდება, არც სკოლიდან დაბრუნებული ორი ბავშვი იწუწუნებს იმაზე, რომ სადილი არ დახვდათ და საერთოდ, არსად ეჩქარება. მისი ოჯახის ყველა წევრი შინაა და ისე იქცევიან, თითქოს ახლა აღმოაჩინეს სახლი. ჰოდა,  საუკეთესო დროა საყოფაცხოვრებო საქმეების გადასანაწილებლად. საერთოდ, ასეთი კონტროლი დროზე არასოდეს ჰქონია, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს გაჩერებულ ტრანსპორტში ზის და მშვიდად ელოდება როდის დაიძვრება. 

საღამოობით ქმარი მოუყვება რამდენი ახალი დაინფიცირებულია ქვეყანაში და მსოფლიოში; რამდენი გარდაიცვალა; რამდენი გადარჩა და გამოჯანმრთელდა; ვის რა სიმპტომები ჰქონდა; რას ამბობენ მეცნიერები. სტატისტიკას თვითონ პრინციპულად არ ადევნებს თვალს. 

აზერბაიჯანის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ კიდევ 105  (5.04.2020) ადამიანი გახდა კორონა ვირუსით ავად. ახალ ამბებში იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანა ინფიცირებულების რაოდენობით პიკისკენ მიდის. 

ელშანე ჩართული ტელევიზორის წინ ზის სამზარეულოში, მაგიდაზე ერთი კვირის წინ გამომცხვარი ორცხობილები უწყვია, რომელიც ახლადაქორწინებული ქალიშვილისთვის უნდა წაეღო. ახალი ამბების ყურებისას წნევა უწევს, მაგრამ ტელევიზორს მაინც ვერ წყდება. შიშისგან ფეხები მოეკვეთა, რძალი ეუბნება, რომ ნერვიულობამ შეიძლება კორონა ვირუსზე ადრე მოკლას. 

გვიანი შუადღეა და ელშანეს შვილს ისევ სძინავს. ალბათ ასე 10 საათზე გაიღვიძებს, კომპიუტერს მიუჯდება და დილის 6-7 საათამდე ვიდეოთამაშებს ითამაშებს. ღამეში რამდენჯერმე აღვიძებს მისი ხმაური, ხან იცინის, ხან ყვირის. 

საუზმე აღარ არსებობს ამ ოჯახში. ოთხივე შვილიშვილი სხვადასხვა დროს იღვიძებს და სხვადასხვა დროს ჭამს. ელშანეს რუტინაც მათზეა მორგებული. ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტოს ქმარს, რომელიც მთელი დღე სახლშია და მასთან ყოფნითაც გადაიღალა. რომ განმარტოვდება ნათესავებს და მეგობრებს ჩამოურეკავს და ყოველდღე ერთსა და იმავეს ეკითხება - როგორ არიან. 
უცნაურია მაგრამ ახლა, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლშია, კიდევ უფრო მარტოდ გრძნობს თავს. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, უფრო მეტად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე.
 

დაინფიცირებულების ახალ სტატისტიკასთან ერთად, ნინომ ქმრისგან შეიტყო, რომ ქალაქში მანქანით გადაადგილება აიკრძალა; ნინომ ლიტურგიაზე ფეხით გადაწყვიტა წასვლა. იმედი მიეცა როგორც კი გაიგო, რომ სასულიერო პირებს ეს აკრძალვა არ ეხებოდათ. ესე იგი, ლიტურგია არ ჩაიშლება. 

“ ახლა ვიცი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მეამაყება, რომ მართლმადიდებელ სამყაროში მარტო ჩვენი ქვეყანა შეხვდა აღდგომას ღია ტაძრებით. იტალიაში, სადაც ამდენი სიწმინდეა პირველი, რაც გააკეთეს, ტაძრები დაუხურეს ხალხს და არ მიუშვეს იქ, რაც ჩემი რწმენით, გადამრჩენელი შეიძლება ყოფილიყო.” 

შუადღეს მიშამ მენეჯერს დაურეკა და ათდღიანი შვებულება ითხოვა. კარანტინი რომ გამოცხადდა იმ დღეს, კლიენტს უნდა შეხვედროდნენ. კლიენტი თევზის კომპანიის დირექტორი იყო. მისთვის რეკლამის იდეა უნდა შეეთავაზებინათ, ამიტომ პირველი ეს კაცი გაახსენდა. შეხვედრა არ გადაუდიათ, მაგრამ მერე როგორც თვითონ ამბობს, რეკლამის გადაღება კი არა, ცხოვრება გადაიდო. 

ოთახში ცოლი კომპიუტერთან ზის, სამსახურშია. მისაღებ ოთახში მის მეორე კლასელ შვილს ეწყება გაკვეთილი, ბავშვმა უცბად ეკრანს მუშტები დაუშინა და ტირილი დაიწყო. ვერაფრით დააწყნარა, ბოლოს კომპიუტერი გამოურთო და მასწავლებელის გამოსახულებაც ეკრანიდან გაქრა… 

microsoft office 365-ის პროგრამაში ერთი წლის წინ ყველა მასწავლებელი დაარეგისტრირეს საქართველში. გიორგი  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია მარნეულში. ახლახანს მე-11 კლასთან გაკვეთილი დაასრულა და შესვენება აქვს. მაღაზიიდან დაბრუნებულ ცოლს უყურებს და უცნაური ფიქრები მოსდის თავში, პურთან და წყალთან ერთად კიდევ რამე ხომ არ შემოიტანა სახლში? მერე აკვირდება, ხომ დაიბანა ხელი, ტანსაცმელი გამოიცვალა თუ არა? ხომ არ დაავიწყდა? ნეტა რამდენ სახელურს შეეხო?

მერე თვითონვე გაიაზრა ამ ფიქრების აბსურდულობა და ისევ მაიკროსოფტს დაუბრუნდა. 

“განათლების სისტემაში აღმოჩნდა ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ოჯახში უსარგებლო ნივთივით იყო. თან ძვირფასი ნივთია, ისე არ გეგონოთ, მაგრამ არ გაგხსენებია. ამ რეალობაში ეს ყველაზე უყურადღებოდ დატოვებული ნივთი, უცებ ყველაზე საჭირო რაღაც  აღმოჩნდა. ასე იყო საგანმანათლებლო სისტემაში, microsoft office 365.

გიორგი:
  “ტექნოლოგიები ერთადერთია, რაც ბოლომდე გაჩერების საშუალებას არ გვაძლევს.”

არაზი:
“უცნარი უფრო ისაა, რომ სწორედ ტექნოლოგიების ეპოქაში მსოფლიო ვირუსს ისევ ყველაზე პრიმიტიული მეთოდით - აბსოლუტური იზოლაციით - უპირისპირდება. არადა, ეს პანდემია არც პირველია და არც უკანასკენლი, მილიონობით ადამიანი მოკლა შავმა ჭირმა ევროპაში.”

არაზი გიორგის აზრებაიჯანელი კოლეგაა, საერთო ჯამში ფიქროს რომ მშვენივრად ისარგებლა ამ უცნაური დროით. 

ბაქოში მარტო ცხოვრობს და ნაშრომის წერას სახლში განაგრძობს. კარგად დაემთხვა, კვირაში რამდენიმე გაკვეთილის გარდა ბიოლოგიაში, არაფერი შეუშლის ხელს. ახლა უკვე მოთმინებით ელოდება დროს, როცა ქარხნები ორმაგი სიმძლავრით ამუშავდებიან და ალბათ ორმაგად დააბინძურებენ გარემოს. ელოდება იმასაც, როდის გადაიღლება ხალხი გამძაფრებული სოლიდარობით აზერბაიჯანში, რადგან ნავთობის ეპოქის დასასრული მალე რიგითი აზერბაიჯანელების ოჯახებსაც დაარტყამს. 

ბახტიარი:
“წარმოვიდგინე რა მოხდებოდა სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო საფრთხის წინაშე რომ გაერთიანებულიყვნენ.”

აღასი:
“საქართველოსა და სომხეთს შორისაც ხომ არ არის კონფლიქტი, მაგრამ მაინც გაუცხოებულები ვართ.”

ბახტიარი  კიდევ კარგა ხანს ვერ ივლის აზერბაიჯანის რეგიონებში, მშვიდობის აქტივიზმი მთლიანად სათემო შეხვედრებზე დგას, თუმცა ახლა დღეში 12 საათს კომპიუტერთან ატარებს. აქტივიზმმა ონლაინ განზომილება შეიძინა და ცუდად არ მუშაობს. 

აღასი კულტურის ანთროპოლოგია სომხეთში, ინტერესით ელოდა მაინც რა ფორმით გადაწყვეტდა მისი ქვეყანა და საქართველო ურთიერთობას ამ კრიზისის დროს.  

“ჩვენ ერთმანეთს უცხოებივით ვექცევით და არა როგორც ახლობლებს. ამის მიზეზს მე ავტორიტარიზმში ვხედავ. პოლიტიკურ ავტორიტარიზმს კი არ ვგულისხმობ მხოლოდ, არამედ ავტორიტარიზმს, რომელსაც სოციალურ თანაცხოვრებაში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ვავლენთ. ჰუმანიზმი გვაკლია, ჩვენი რეგიონის საზოგადოებების თანაცხოვრება როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ ავტორიტარულ ეთიკაზეა დაფუძნებული. ძალიან ცუდია ეს. ამ პირობებში თითქმის შეუძლებელია ურთიერთობების უფრო შემოქმედებით გზებზე და საფრთხის დროს მაინც, ერთობლივ საპასუხო რეაქციებზე ვიფიქროთ.”  

საბოლოოდ, სომხეთში ინფიცირებულთა სტატისტიკა საგანაგაშოდ სწრაფად რომ გაიზარდა, საქართველომ 10 000 ტესტი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. 

დილით ლილიტი, როგორც წესი, სინჯების პასუხებს პროგრამაში ამოწმებს. პოლიკლინიკა ერევანში, ერებუნის რაიონულ ცენტრშია და უკვე ორი თვეა ვირუსის სიმპტომებით დღეში რამდენიმე პაციენტს იღებს. ლილიტი ძალას იკრებს, ემზადება და პაციენტებისკენ მიდის, იცის რა უნდა თქვას: ვირუსი განაჩენი არ არის; რომ ათასობით ადამიანმა უკვე დაამარცხა ეს დაავადება და გამოჯანმრთელდა. 

თუმცა, ლილიტი ამბობს, რომ ეს იმაზე იოლია, ვიდრე იმ ხალხის გადარწმუნება, ვისაც დღემდე  სჯერა, რომ ეს ასობით დაინფიცირებული ადამიანი ტყუის და მათ სახელმწიფომ ამ ტყუილისთვის ფული გადაუხადა. სინამდვილეში კი, სომხეთემდე ვირუსს არ ჩამოუღწევია და ის გამოიგონეს. 

არფი სოციოლოგია სომხეთში, მისთვის ეს ეჭვები და ირაციონალური აზროვნება სომეხი ხალხის პასუხია კრიზისზე - რეფლექსი, რითიც ადამიანები ამ რთულ და გაურკვეველ დროში ორიენტირებას ცდილობენ. 

“ჩვენ როგორც წესი ძალიან ახლოდან ვუყურებთ საკუთარ თავს. ისე თითქოს მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ მთელ ქვეყანაზე და არ არსებობს არც რეგიონი, არც სამეზობლო. არსებობს მხოლოდ სომხეთი და გარე სამყარო და საფრთხე, რომელიც ამ გარე სამყაროშია, ჩვენ არ გვემუქრება. დაცულები ვართ, საზღვრები დაკეტილია. ამ მდგომარეობამ დააფიქრა სომეხი საზოგადოება, რომ ჩვენც ამ დიდი სამყაროს ნაწილი ვართ და დიახ, ჩინეთის რომელიღაც პროვინციაში გაჩენილმა ვირუსმა ჩვენამდეც მოაღწია.” 

აპრილში ლილიტს დანამატი ჩაერიცხა. დოლარის კურსზე რომ დავიანგარიშოთ 62 დოლარი და 29 ცენტი გამოდის. სამჯერ ნაკლები, ვიდრე სახელმწიფო კლინიკების ექთნების საშუალო ხელფასია სომხეთში - 186 დოლარი. შემდეგ თვეს რა იქნება არ იცის. 

ლილიტი:
“ანაზღაურებაზე ლაპარაკის დროც არ არის. ახლა სრული დატვირთვით ვმუშაობ, შაბათ-კვირის ჩათვლით.”
 

ნონა:
“დილაობით ჩემი კლინიკის ერთ-ერთი მენეჯერი გამომივილის და სამსახურში მივყავარ ხოლმე. უკან ვზივარ ჩუმად, იშვიათად ვლაპარაკობთ და ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩემს ავტობუსში როდის ავეკვეხები.” 

ნონა 30 წელზე მეტია ექთანია, ცოტა ხნის წინ კერძო კლინიკაში გადავიდა სამუშაოდ. აპრილის ხელფასი დაუგვიანეს, ხელმძღვანელობამ უკვე გააფრთხილა ამ თვეებში ხელფასს გაგინახევრებთო. იმიტომ, რომ კლინიკის დამფუძნებლებს  ყველა სხვა ბიზნესი გაუჩერდათ. საავადმყოფო კი იმდენ შემოსავალს არ იძლევა, რომ მთელი მედპერსონალი შეინახონ. ჯერ არც აღჭურვილობას ყიდულობენ, იმედი აქვთ, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს არ მიიღებენ. თან პერსონალს ეუბნებიან, რომ ცხელებიანი პაციენტებიც უნდა მიიღონ. თუ რომელიმეს ვირუსი აღმოაჩნდება, გამოდის რომ საავადმყოფო, პირველ რიგში, ექიმებისა და ექთნების ჯანმრთელობას რისკავს. ნონა ახლა ხედავს იმას, თუ როგორ ცდილობენ კერძო კლინიკები თავიდან აიცილონ კოვიდ დადებითი პაციენტების მიღება და იცის რატომაც. ასეთ შემთხვევაში, კლინიკა იკეტება და ადმინისტრაცია ვალდებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლს დაექვემდებაროს. ესე იგი, მეტი გადაუხადოს პერსონალს, უზრუნველყოს მათი კვება, გადაადგილება, აღჭურვილობა, ეს კი  მათთვის მხოლოდ ზედმეტი ხარჯია. 

ნონა:
“აღმოჩნდა, რომ ამდენი საავადმყოფო არ უნდა გაასხვისო. აღმოჩნდა რომ, ერთხელაც  დადგება  დღე, როცა სამკურნალოდ იქ ვერ წახვალთ, სადაც გგონიათ, რომ უფრო მაღალი დონის მედპერსონალი გიმკურნალებთ; კმაყოფილი და გულისხმიერი ექთნები მოგივლიან. ერთხელაც შეიძლება ეს თქვენთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდეს, ისევე როგორც ბევრისთვის ამ ქვეყანაში. მაშინ მოგიწევთ იმ მედპერსონალს მიანდოთ საკუთარი ჯანმრთელობა, ვისაც 400 ან 500 ლარი აქვს თვეში ხელფასი და ვისაც დაბალი კვალიფიკაციის მედ-პერსონალად მოიხსენიებთ.”

ლალა:
“ფუზულიში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან, რამდენიმე კილომეტრში, სულ სამი რეანიმატოლოგია, აქედან ერთი მე ვიყავი და მთავარმა ექიმმა ჩემს თავს ტახტი არჩია.”

ფუზულის რაიონიდან ბაქომდე 300 კილომეტრს გადის ტაქსით, სანამ ღამე სახლამდე მიაღწევს ლალა. 

ხალხი კვდება აზერბაიჯანში და მთელ მსოფლიოში; ბევრი უმუშევარი დარჩა; ყველაფერი თავდაყირა დადგა და ამ ფონზე უხერხულად ახსენდება რამდენიმე საათის წინანდელი ინციდენტი მთავარ ექიმთან. მისი პრინციპულობაც თითქოს უადგილო იყო; შეეძლო მოეთმინა, ტახტის გარეშეც გაძლებდა, სამაგიეროდ, იმ ხალხისთვის იმუშავებდა, ვისაც ასე კარგად იცნობს და უყვარს.

ფუზულის საავადმყოფოში ხომ ამ განზრახვით დაბრუნდა, რომ ადამიანებისთვის ემკურნალა ყველაზე რთულ დროს. 

ლალა ახალგაზრდა რეანიმატოლოგია. ყოველ კვირა რამდენიმესაათიან გზაზე დადიოდა ფუზულიმდე, რომ იქ ღამის ცვლაში ემუშავა. ოთახში, სადაც ღამე რჩებოდა, არაფერი იდგა საწოლის გარდა. მისი ტახტი საავადმყოფოს მთავარ ექიმს გაუტანია და კლინიკის დერეფანში დაუდგამს.  
“საწოლზე ვიჯექი და ამ საწოლზევე ვჭამდი. ექიმს ვთხოვე, დროებით დაებრუნებინა ჩემი ტახტი, უარი მითხრა და თან დაამატა, რომ თუ მისი გადაწყვეტილება არ მაწყობს, შემიძლია წავიდე.” 

წამოვედი. 

ლალა ნაქირავებ ბინაში დაბრუნდა. ქმარს ხელფასი უკვე დაუგვიანეს,  შემდეგ თვეს შეიძლება საერთოდ არ ჩაურიცხონ. უფულოდ დარჩენის ეშინია, მაგრამ მაინც გააგზავნა სივი 

“აზერბაიჯანის სამედიცინო ტერიტორიული ერთეულების მართვის ასოციაციაში”და მიუთითა, რომ მზად არის ინფიცირებულ პაციენტებთან მოხალისედ იმუშაოს.

ლელა: 
“მიგრანტის ტრაგედია ძალიან იზრდება მოკლედ. დამაფიქრა, რა უნდა ვქნა მომდევნო წლებში.”

სონა:
“მგონი სულ ტყუილად ვაიმედებთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ ეს ყველაზე უარესია, რაც შეიძლება დაგვმართნოდა.”

აღასი:
“ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც უსაფრთხოებას, ჰუმანიზმს და თავისუფლებას ერთმანეთთან არ დააპირისპირებს.”

 ბოლო 10 წელია ლელას ცხოვრება უსასრულო მოძრაობაა ევროპის ქალაქებში. მისი სოციალური კავშირები საქართველოდან გერმანიამდე, გერმანიიდან უნგრეთამდეა გადაჭიმული. მისი მეგობრებიც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ერთი ინსტიტუციიდან მეორე ინსტიტუაციაში გადადიან სამუშაოდ. ესაა აკადემიური ცხოვრების მოთხოვნა, რომელიც ერთი მხრივ შესაძლებლობაა, მეორე მხრივ კი, შეზღუდვად და პრობლემად იქცა.

“ვიღლებოდი. მაგრამ ამასთან ერთად, ჩემი სტაბილური ცხოვრების შენარჩუნება სწორედ ამ მობილობას ეფუძნება. მე აქ რომ ვარ, ის სიმშვიდე მაქვს, რომ ხვალ დედაჩემი ან მამაჩემი ავად რომ გახდნენ, შემიძლია ვიყიდო თვითმფრინავის ბილეთი და გადავფრინდე საქართველოში.”  

კორონას დროს, მისი ეს მთავარი დაშვება ძალიან მყიფე აღმოჩნდა. იმიტომ რომ, დიდი შანსია ეს მობილობის ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კრიზისების ფონზე ჩამოიშალოს. ამას მეორე სახის შფოთვაც ახლავს, რადგან თუ წამოსასვლელად ექნება საქმე,  აღარ იცის უკვე რას ნიშნავს მისთვის საქართველოში ცხოვრება. 

სონას, როგორც ფსიქოლოგს,  ცხადია შეეძლო სამუშაოს ამდენი ახალი შესაძლებლობა გამოეყენებინა. მისი სოციალური ქსელი გაივსო ფსიქოლოგების ონალინ თერაპიებით. მისი კოლეგები რეალურ დროში პირდაპირ ფეისბუქზე იღებენ პაციენტებს, რჩევას რჩევაზე აძლევენ - როგორ მოერიონ სტრესს, მოწყენილობას, ოჯახურ კონფლიქტებს, როგორ გახდნენ უფრო პროდუქტიულები. სონა სტრესის მართვის იძულებით მარათონს თავიდანვე გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკოსი ფსიქოლოგია. 

ბოლო დროს უფრო და უფრო ნაკლები ოპტიმიზმით უყურებს მომავალს და განსაკუთრებით არ ეთანხმება მათ, ვინც ამ კონკრეტულ მომენტში ყველაფერს ძალიან დრამატულად აღიქვამს. სონა ახლა  უარესი სცენარისთვისაც კი ემზადება, რომელიც სჯერა, რომ არც ისე შორსაა. ამ მომავალში კი, ჩვენნაირი ქვეყნები, გადარჩენის რეჟიმს აირჩევენ თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

სონა:
“მგონია, რომ  სულ უფრო მეტი ქვეყანა მოგვბაძავს და  გაჰყვება ამ სტრატეგიას. ამას შესაძლოა ბევრი სამხედრო გადაწყვეტილება მოჰყვეს.” 

ამაზე აღასიც  ხშირად ფიქრობს და მომავლის ეს მოდელი ყველაზე საგანგაშო სცენარად ესახება. 
აღასი:
“რა მაშფოთებს იცი? 

ის, რომ მთელი მსოფლიოს ხალხები მზად არიან თავისუფლება უსაფრთხოებას დაუქვემდებარონ.” 

ლელა:
“მაგრამ იქნებ მომავალი რასაც უნდა ველოდოთ,  წარსულია, რომელსაც ხელისუფლებები პოსტპანდემიურ მომავლად შემოგვასაღებენ?”  

იმისათვის, რომ სახელმწიფოები და კორპორაციები ეკონომიკურ ხარჯებს გაუმკლავდნენ, რაც კორონას გამო დააწვათ, ორმაგად  მოგვთხოვენ, რომ ვიაროთ აქეთ-იქით და ვიყოთ კარგი ტურისტები. ვიფრინოთ, რაც შეიძლება მეტი. უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებენ, უფრო იაფად, რომ კიდევ უფრო “მომხმარებლური” მოქალაქეები ვიყოთ.  ჩემი პირველი შიში ის არის, რომ ყველაფერს იზამს ესთაბლიშმენტი, რომ „ნორმალურ მდგომარეობაში“ დაგვაბრუნოს. და ამ პროცესში მეხსიერებამ ისიც კი შეიძლება დაივიწყოს, რაც კრიზისს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის”.

 

 

ინტერვიუები ჩაწერეს:

დურნა საფაროვამ, Chai Khana-ს მედია მენეჯერი აზერბაიჯანში

სონა სიმონიანმა, Chai Khana-ს მედია მენეჯერი სომხეთში

რუზან გიშიანმა, Chai Khana-ს მედია მენეჯერი სომხეთში

რესპონდენტები:
 

მიშა ბახსოლიანი, კოპირაიტერი
ელშანე რაჰიმოვა, დიასახლისი
ნინო კვანჭიანი, დიასახლისი
გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი
არაზ ზეინიევ, მასწავლებელი
ბახტიარ ასლანოვ - მშვიდობის აქტივისტი
აღასი ტადევოსიან - კულტურის ანთროპოლოგი
არფი მანუსიან - სოციოლოგი
ლილიტ ტოვმასიან - ექთანი
ნონა ზანდარაშვილი - ექთანი
ლალა მუსაიევა - რეანიმატოლოგი
სონა მანუსიან - ფსიქოლოგი
ლელა რეხვიაშვილი - მკვლევარი 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია