მშვიდი სიკვდილის უფლება

რუსუდანისა და ანასთვის სიკვდილი ყოველდღიური რეალობაა. 46 და 29 წლის მედდები უკურნებელ პაციენტებს სულიერი და ფიზიკური ტკივილის დაძლევაში ეხმარებიან.

თბილისში, პატარა შენობაში განთავსებული, ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული პალიატიური ზრუნვის კლინიკა, 2003 წელს გაიხსნა, მაშინ როცა საქართველოში თითქმის არაფერი იცოდნენ პალიატიური მზრუნველობის შესახებ.

მას შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა, ადამიანებს რომელთაც პალიატიური მზრუნველობა სჭირდებათ და ასევე მათი ოჯახის წევრებს დაფინანსების, ინფორმაციის არქონის და საზოგადოების მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო ყველაფერთან გამკლავება მარტო უწევთ. ზუსტი სტატისტიკის არარსებობის გამო, რთულია პრობლემის მასშტაბზე საუბარი. 2008 წლის მონაცემებით, საქართველოში პალიატიური ზრუნვისთვის 45 ადგილია გამოყოფილი, რომელიც გულისხმობს სტაციონარულ პალიატიურ მზრუნველობასა და ბინაზე მზრუნველობას, თუმცა ჰოსპისებში ადგილების მცირე რაოდენობა და სპეციალიზებული პერსონალის ნაკლებობა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

მედდა და ექიმები უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს ტკივილს უმსუბუქებენ და მათ ასევე ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ თანადგომას უწევენ. გარდა ამისა, ისინი პაციენტის ოჯახის წევრებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოუარონ პაციენტს შინ. საქართველოში პროფესიონალი მომსახურე პერსონალის ნაკლებობა მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ამჟამად ქვეყანაში  მხოლოდ 40 ოფიციალურად სერტიფიცირებული პროფესონალია, რომელსაც პალიატიური მზრუნველობის გაწევა შეუძლია.

დიმიტრი კორძაია, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი, სახელმწიფოს მხრიდან ინტერესის არარსებობაზე საუბრობს, რაც პალიატიური მზრუნველობის სფეროს დაფინანსებაზე აისახება. ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად გლობალური ფონდი უზრუნველყოფს. ჰოსპისი, სადაც რუსუდანი და ანა მუშაობენ, ექვს პაციენტს იტევს და იგი შემოწირული თანხის საშუალებით ფუნქციონირებს.

როგორც დიმიტრი კორძაია აღნიშნავს, დღესდღეობით 1500 პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური პალიატიური ზრუნვა, როგორსაც ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისი უზრუნველყოფს. კორძაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტებს ხელმძღვანელობს. იგი 2011-2015 წლის, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული პროგრამის ერთ-ერთი ავტორია. პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, რადგან მის სრულ განხორციელებას 3 მილიონი ლარი სჭირდებოდა (2008 წლის მონაცემებით), რომელიც სრულად არ გამოყოფილა.